19 მარტი 2019 - 21:32

ნაზარბაევის გადადგომა პრეცედენტია. რა მოხდა ყაზახეთში?

ნურსულთან ნაზარბაევი

ნურსულთან ნაზარბაევი

ფოტო: shutterstock.com

19 მარტს ნურსულთან ნაზარბაევმა სატელევიზიო მიმართვაში მოსახლეობას აცნობა, რომ პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს, რომელიც მას 1990 წლის აპრილიდან ეკავა. სახელმწიფოს მეთაური სენატის (პარლამენტის ზედა პალატა) თავმჯდომარე კასიმ-ჟომარტ ტოკაევი გახდა. საინტერესოა, რომ ყაზახეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს არ აქვს უფლება თავისი სურვილით დატოვოს თანამდებობა, მაგრამ ნაზარბაევმა ეს საკითხი წინასწარ მოაგვარა.

ყაზახეთის კონსტიტუციაში პრეზიდენტის გადადგომის შესახებ რა წერია?

სახელმწიფოს მთავარ დოკუმენტში ცხადად არის აღწერილი ოთხი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი უფლებამოსილებას კარგავს. ესენია, 

- პრეზიდენტის სიკვდილი;

- პარლამენტის მიერ პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლება, როდესაც ამ უკანასკნელს დადასტურებულად არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება ავადმყოფობის გამო;

- პარლამენტის მიერ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება სახელმწიფო ღალატის გამო;

- ახალი პრეზიდენტის არჩევა (ყაზახეთში პრეზიდენტის ბოლო არჩევნები 2015 წლის აპრილში ჩატარდა, მორიგი კი - 2020 წელს იგეგმება)

როგორც ჩანს ამ შეზღუდვის გათვალისწინებით, 2019 წლის თებერვალში ნურსულთან ნაზარბაევმა პირდაპირ მიმართა ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭოს იმის გასარკვევად - აქვს თუ არა პრეზიდენტს გადადგომის უფლება საკუთარი სურვილით. რაზეც საკონსტიტუციო საბჭომ დაადგინა, რომ  

კონსტიტუციაში არ არის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტის საფუძვლების სრული ჩამონათვალი; რომ პრეზიდენტიც ადამიანია და მას აქვს „შრომის თავისუფლება, საქმიანობის და პროფესიის არჩევის თავისუფლება“; ამიტომ ახლა (საკონსტიტუციო საბჭოს განმარტების შემდეგ) ყაზახეთის პრეზიდენტს თანამდებობიდან გადადგომის უფლება აქვს. საბჭომ გადაწყვიტა, რომ ამ უფლების ამოკითხვა შეიძლება სიტყვათა შეთანხმებაში „ასევე ვადამდელი გათავისუფლების შემთხვევაში.., პრეზიდენტის თანამდებობიდან...“ ყაზახეთის კონსტიტუციის 42-ე მუხლის, მე-3 პუნქტში.

წავიდა და წავიდა? ძალაუფლებას არ ინარჩუნებს?

სატელევიზიო მიმართვისას, ნაზარბაევს არ დაუმალავს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას შეინარჩუნებს. ის რჩება მმართველი პარტიის „ნურ ოტანის“ თავმჯდომარედ, რომელსაც ქვეყნის პარლამენტში ხმათა უმრავლესობა აქვს და რომლის როლიც, საონსტიტუციო რეფორმის წყალობით, კიდევ უფრო გაიზრდება.

გარდა ამისა, ნაზარბაევი სიცოცხლის ბოლომდე დარჩება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს მეთაურად და საკონსტიტუციო საბჭოს წევრად. ყაზახეთში ეს ორგანო საკონსტიტუციო სასამართლოს როლს ასრულებს, წყვეტს კონფლიქტებს ხელისუფლების შტოებს შორის და კანონებზე ვეტოს დადების უფლება აქვს. 

ნაზარბაევი 79 წლისაა. ერთ-ერთი ვერსიით, ის სერიოზულად არის ავად, ამიტომ მის გადადგომას ელოდნენ და ამზადებდნენ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. ის, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება აღარ შეეძლო, თავადაც გრძნობდა.

ანალიტიკოსები საგულისხმოდ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ თავის მემკვიდრედ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მან კასიმ-ჟომარტ ტოკაევი აირჩია და არა თავისი ქალიშვილი, არადა ამის საფრთხე არსებობდა. დარიგა ნაზარბაევა ყოველთვის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, მისი მეუღლეც - გავლენიანი ადამიანია. ეს სცენარი ბევრად ცუდი იქნებოდა და ის რომ ნაზარბაევმა არჩევანი ტოკაევზე შეაჩერა, ეს ნიშნავს რომ ის ჯერ კიდევ საღად აზროვნებს, უბრალოდ სახელმწიფოს მართვა აღარ შეუძლია, - ამბობენ ექსპერტები.   

ნაზარბაევის აზრს გაითვალისწინებენ მანამ, სანამ ის ცოცხალი იქნება. მას აქვს პრეზიდენტის და ნაციის ლიდერის კონსტიტუციური თანამდებობა, ამიტომ ვიდრე ის ცოცხალია მისი სიტყვა იქნება ყველაზე წონიანი ყაზახური ავტორიტარიზმის პირობებში.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ვინ არის?

პროფესიონალი დიპლომატი. 1994-1999 წლებში და 2002-2007 წლებში ის ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა, 2011-2013 წლებში კი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე იყო. ტოკაევი ყაზახეთის პრემიერმინისტრიც იყო და მას გონიერ, შესაძლოა ყველაზე გონიერ, კეთილსინდისიერ და ჭკვიან ადამიანადაც კი მიიჩნევენ ყაზახეთის მთელ პოლიტიკურ სპექტრში.

ყაზახეთის კონსტიტუციის თანახმად, ტოკაევი იქნება პრეზიდენტის მოვალეობის არა დროებითი შემსრულებელი, არამედ სრულფასოვანი პრეზიდენტი მორიგ არჩევნებამდე, რომელიც 2020 წელს ჩატარდება. მის სტატუსთან დაკავშირებული ერთადერთი ფორმალური შეზღუდვა არის ის, რომ არჩევამდე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების უფლება არ ექნება. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ტოკაევი დიდი ალბათობით ყაზახეთის მომავალი პრეზიდენტია.

პრაქტიკაში, ტოკაევის ძალაუფლება შეზღუდული იქნება თავის წინამორბედთან მუდმივი კონსულტაციების აუცილებლობით. ანალიტიკოსების თქმით, ახლა ცხადი გახდა, რომ ბოლო წლების საკონსტიტუციო რეფორმის მიზანი პრეზიდენტის თანამდებობიდან ნაზარბაევის ვადაზე ადრე წასვლა იყო, მხოლოდ გავლენის დაკარგვის გარეშე. 

2017 წელს, ნაზარბაევმა მნიშვნელოვნად შეზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები და გაზარდა მთავრობის პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე. თუმცა ეს ნორმები ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ამოქმედდება.

ნაზარბაევის გადადგომა პრეცედენტი რატომ არის?

1986 წელს ყაზახეთში „პერესტროიკის“ წლების განმავლობაში ნაციონალურ ნიადაგზე პირველი სერიოზული არეულობები დაიწყო. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მოსკოვმა დაარღვია უსიტყვო შეთანხმება და ტრადიციის წინააღმდეგ რესპუბლიკის კომპარტიის პირველ მდივნად რუსი ეროვნების კაცი დანიშნა. სამი წლის შემდეგ ეს თანამდებობა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წარმატებულმა ფუნქციონერმა და ძირძველმა ყაზახელმა ნურსულთან ნაზარბაევმა დაიკავა. 1990 წელს ის როგორც უალტერნატივო კანდიდატი ყაზახეთის საბჭოთა რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს.  

სსრკ-ს არსებობის ბოლო თვეებში ნაზარბაევს საკავშირო მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატადაც ასახელებდნენ. მაგრამ ის არ დაუნიშნავთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის იქცა ერთ-ერთ იმ პარტიულ ხელმძღვანელად, რომელმაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ერთპიროვნული ძალაუფლება მიიღო.

ყაზახეთის მართვის პირველ წლებში ნაზარბაევმა ძალაუფლება საკუთარ ხელში მოაქცია და ოპოზიციური პარლამენტი დაითხოვა, რის შემდეგაც ახალი შეკრიბა - მნიშვნელოვნად შეზღუდული უფლებამოსილებით. 2000-იანი წლების დასაწყისიდან, საპარლამენტო არჩევნები რესპუბლიკაში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ტარდება. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ ის არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს. ბევრჯერ გაუხანგრძლივეს უფლებამოსილება თავად ნაზარბაევსაც, ბოლოს კი საპრეზიდენტო ვადებზე შეზღუდვა საერთოდ მოხსნეს. ყაზახეთის ლიდერს მუდმივად ადანაშაულებდნენ განსხვავებული აზრის დევნასა და ჩახშობაში.  

თავის ბოლო გამოსვლაში ნაზარბაევმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტი ეკონომიკის და ღარიბი მოქალაქეების პირობებში ვერ აშენდებოდა, ამიტომ თავისი საქმიანობის მთავარ მიზნად ეკონომიკური განვითარება და მოქალაქეების კეთილდღეობა აქცია. მისი თქმით, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა 15-ჯერ, ხოლო მოსახლეობის შემოსავლები - 9 ჯერ (დოლარში გამოხატული) გაზარდა, რამაც სიღარიბე თითქმის 10-ჯერ შეამცირა. თავის მიღწევად დაასახელა მან ასევე ქვეყნის გადაყვანა აგრარული ეკონომიკიდან წარმოებასა და სერვისზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე. 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნაზარბაევის მიერ პრეზიდენტის პოსტის საკუთარი სურვილით დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელისუფლებიდან სრულყოფილი წასვლა არ არის, მნიშვნელოვანი პრეცედენტია. მათი თქმით, სხვა ავტორიტარი ლიდერები პოსტსაბჭოთა სივრცეში თანამდებობებზე ან სიკვდილამდე რჩებოდნენ, როგორც თურქმენეთში საფარმურატ ნიაზოვი ან უზბეკეთში ისლამ კარიმოვი, ან იძულებულნი იყვნენ მასობრივ პროტესტს გაქცეოდნენ, როგორც ყირგიზეთში ასკარ აკაევი. აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევმა ძალაუფლება შვილს ფაქტობრივად მემკვიდრეობით გადასცა. ნაზარბაევი კი ხელისუფლების გადაცემის სხვა ვარიანტის შეთავაზებას შეეცადა.

სხვა თემები