27 მარტი 2019 - 19:38

სახლში ჩრჩილი შემომესია. რა ვქნა?

ჩრჩილი

ფოტო: shutterstock.com

ჩრჩილი - პატარა პეპლების რამდენიმე ასეული სახეობის კრებითი სახელწოდებაა. ის სხვადასხვა ადგილზე ბინადრობს. ნაწილი სოფლის მეურნეობის კულტურას აზიანებს, სხვები - ქურქს (Tinea pellionella) ან ტანსაცმელს (Tineola bisselliella). მიუხედავად იმისა, რომ ჩრჩილისთვის ყველაზე ხელსაყრელი ბუნებრივი გარემო ის ადგილია, სადაც ის მკვდარი ცხოველების ქსოვილით, მატყლით თუ ბეწვით იკვებება, ეს პეპლები ჩვენს კარადებში ხშირად ბინადრობენ. საიდან ჩნდება ჩრჩილი ჩვენს საძინებელში და როგორ უნდა დავიცვათ მისგან ტანსაცმელი?

როგორ აღწევს ჩრჩილი ჩემს სახლში?

ჩრჩილს შეუძლია თქვენს სახლში ფანჯრიდან შეფრინდეს ან ვენტილაციის სისტემის მეშვეობით შეაღწიოს. თუმცა ყველაზე ხშირად ადამიანს თავად მიჰყავს ეს მწერი სახლში - ტანსაცმლით ან მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტებით. ჩრჩილი, შესაძლოა, ქუჩაში სეირნობიდან დაბრუნებულ ძაღლსაც მოჰყვეს.

ჩრჩილი ყველაფერს ჭამს?

ეს ჩრჩილის სახეობაზეა დამოკიდებული. ბუნებრივ პირობებში ეს პატარა პეპლები სოკოებით და მცენარეებით იკვებებიან ან სხვა მწერებზე ნადირობენ. სახლის ჩრჩილი კი ნატურალურ ქსოვილს ამჯობინებს. ეს არის შალი, ბამბა ან სელი, ასევე პროდუქტები: პური, ფქვილი, თხილი და ა.შ.

სისტემატურად ვხოცავ ჩრჩილებს, მაგრამ ამაოდ. რას არ ვაკეთებ სწორად?

ყველა მფრინავ ჩრჩილს თქვენ მაინც ვერ დახოცავთ. მას ადამიანის თვალი ყველგან ვერ შეამჩნევს. გარდა ამისა, უნდა განადგურდეს პეპლის ჭუპრიც, რადგან სწორედ მისგან წარმოქმნილი მატლი აზიანებს ქსოვილს.

მატლის თავიდან მოცილება რთულია?

კი, ეს არც ისე ადვილია. ჭუპრის ზედაპირი კარგად იცავს მას ქიმიკატებისგან, ამიტომაც ჩრჩილის წინააღმდეგ მიმართული საშუალება ძალიან ძლიერი უნდა იყოს. მომწამლავი საკვები ნივთიერებები ამ პატარა პეპლის წინააღმდეგ არ გამოიყენება, რადგან ტარაკნებისგან განსხვავებით, ისინი მხოლოდ კონკრეტული ნივთიერებებით იკვებებიან.

და რა გავაკეთო?

მოწამლეთ. ჩრჩილის მომწამვლელი საშუალებების ორი ჯგუფი არსებობს: რეპელენტები და ინსექტიციდები. პირველი მწერებს სუნით აფრთხობს, მაგრამ არ კლავს, ამიტომაც მას პროფილაქტიკის მიზნით ხშირად იყენებენ. ინსექტიციდები კი შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ჩრჩილს კლავს - როგორც ზრდასრულ პეპელას, ასევე ჭუპრს. მათი შერჩევისას ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ამა თუ იმ საშუალების შემადგენლობა და დასახელება.

ეს ნივთიერებები მთელ ბინაში ვასხურო?

არ არის აუცილებელი. ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებებს სხვადასხვა ფორმით აწარმოებენ. იქნება ეს აეროზოლი, ფირფიტასა თუ ტომსიკაში განთავსებული წამალი. ყველა მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. აეროზოლი მწერს სწრაფად კლავს, მაგრამ სუნს ტოვებს და თუ ინსტრუქციას სწორად არ შეასრულებთ, ტანსაცმელზე, შესაძლოა, ლაქა დატოვოს. თანაც თუ სათანადო მოცულობით არ შეასხურებთ კარადაში, შეიძლება ჩრჩილი გადარჩეს. ყუთები და ტომსიკები კი კვალს არ ტოვებს, მაგრამ უფრო ნელი ეფექტი აქვს.

ეს საშუალებები ჩემთვის სახიფათოა?

არა, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ. ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებები სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს. ჩვეულებრივ გამოიყენება ინსექტიციდები, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, საშიშ ნივთიერებათა მეორე კლასს განეკუთვნება. ისინი ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობას არ აზიანებს, თუ ინსქტრუქციის მიხედვით მოიხმართ. მთავარია, მწარმოებლის მიერ მითითებული უსაფრთხოების ნორმები დაიცვათ. მაგალითისთვის, ინსექტიციდების უმრავლესობა ადამიანის ლორწოვან გარსში არ უნდა მოხვდეს!

სხვა თემები