02 აპრილი 2019 - 01:41

ვის სჯერა პოლიტიკოსების ტყუილების?

ფოტო: shutterstock.com

ადამიანებს ბავშვობიდანვე ასწავლიან, რომ ტყუილი ცუდია, თუმცა ეს საკითხი არც თუ ისე სწორხაზოვანია. ფაქტია, რომ ტყუილი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ის ყველგანაა: სახლში, სამსახურში, ქუჩაში, თეატრში თუ მაღაზიაში. ტყუილი იწყება პასუხით მარტივ კითხვაზე „როგორ ხარ?“ და გრძელდება მეგობრის ან თანამშრომლის ახალი ვარცხნილობისა თუ ნივთის შეფასებით. ბევრ ჩვენგანს უჭირს იმის ამოცნობა, თუ როდის გვატყუებენ. თუმცა საინტერესოა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ ადამიანები ტყუილს მარტივად შიფრავდნენ?

როდის ისწავლა ადამიანმა ტყუილი?

ადამიანები ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ იმ როლს, რომელსაც ტყუილი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ასრულებს. მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადამიანებმა ერთმანეთის მოტყუება დაიწყეს მაშინვე, როგორც კი ლაპარაკი შეძლეს. ეს მათ ძალაუფლების ან ზეგავლენის მოპოვებისთვის სჭირდებოდათ. გარდა ამისა, კაცობრიობის არსებობის განმავლობაში ტყუილი ადამიანისთვის იყო „ამა თუ იმ საფრთხისგან საკუთარი თავის დაცვის ევოლუციური აუცილებლობა“.

რაში მჭირდება ტყუილი?

ამერიკელი ფსიქოლოგების განმარტებით, ბევრად მარტივია ტყუილით სხვისი ფულის ან ქონების მოპოვება, ვიდრე ბანკის გაძარცვა. სპეციალისტთა აზრით, ადამიანს მოულოდნელად ნებისმიერი ტყუილის გაშიფვრის უნარი რომ აღმოაჩნდეს, ეს ზოგიერთ ქვეყანაში ცხოვრებას ძალიან გაართულებდა. მაგალითად, იქ, სადაც ღალატი, ჰომოსექსუალიზმი ან გარკვეული რელიგიური რწმენა უკანონოდ ითვლება.

თუმცა ხშირად ტყუილი ნაკლებ სახიფათო სიტუაციაშიც მომგებიანია. მაგალითად, სამსახურში. თუ თქვენს უფროსს პირდაპირ ეტყვით იმას, თუ რას ფიქრობთ მასზე ან რეალურად რატომ ვერ შეასრულეთ დაკისრებული მოვალეობა, ამას, შესაძლოა, თქვენი თანამდებობრივი დაქვეითება ან სულაც სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვეს. ადამიანი ტყუის მაშინაც, როცა კოლეგების თვალში უნდა იმაზე უკეთესი გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია. სამსახურში დაგვიანების მიზეზად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცუდი მუშაობის დასახელება უფრო მომგებიანია, ვიდრე იმის თქმა, რომ საკუთარი დროს არასწორად ანაწილებთ.

არა და, არის სიტუაციები, როცა, უმჯობესია, სიმართლე იცოდეთ. მეცნიერთა აზრით, იდეალური იქნებოდა საზოგადოება, რომელშიც ადამიანს ეცოდინებოდა სიმართლე იმ თემებზე, რომლებიც უშუალოდ მას ეხება. ამ შემთხვევაში ნაკლები დისკრიმინაცია და მეტი თანასწორობა იქნებოდა, თუმცა ამავდროულად, ბევრი რამ ტკივილს მოგაყენებდათ.

ფსიქოლოგების შეფასებით, სიმართლის სამყაროში ცხოვრება ნიშნავს, რომ თქვენ მოგიწევთ იყოთ უფრო გულწრფელი, სამსახურში სიმართლეს პირდაპირ გეტყვიან, მეგობრები, ნაცნობები ან უბრალო გამვლელები ღიად მოგახსენებენ როგორი ადამიანი ხართ მათ თვალში, რას ფიქრობენ თქვენს ჩაცმის სტილზე ან ქცევის მანერებზე და საბოლოოდ, თქვენ გაიგებთ, რომ მათ თვალში დიდს არაფერს წარმოადგენთ. მაგრამ, მეორე მხრივ, აბსოლუტურად გულწრფელი შეფასება, შესაძლოა, დაგეხმაროთ, ბევრად უკეთესი და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული გახდეთ. თუმცა ღირს თუ არა ეს, ამაზე ფსიქოლოგებს საერთო აზრი არ აქვთ. ისინი ამ საკითხთან მიმართებით ძალიან ფრთხილობენ, რადგან ეს უნდა დაიწყოს მაშინ, როგორც კი ბავშვი ლაპარაკს იწყებს. თუმცა თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი, რთული სათქმელია.

უნდა მოვატყუო თუ არა ბავშვი?

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ბავშვი მირბის მშობლებთან და აღფრთოვანებული თავის ნახატს აჩვენებს, პასუხად კი მათგან შეულამაზებელ შეფასებას იღებს: „ეს საშინელია!“ ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ აისახება ეს სიტყვები პატარა არსების ფსიქიკაზე. სინამდვილეში ხომ არც თოვლის ბაბუა არსებობს. არადა, სანტა კლაუსი, ჯადოქრები და მსგავსი ბავშვური სიხარულები გარკვეულ ასაკში ყველა ადამიანს სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი ადრეულ ასაკში ეცნობა სამყაროს სიმკაცრეს და ეს არც თუ ისეთი აუცილებელია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტყუილის თქმის ცოდნა ბავშვს სამყაროს შეცნობაში გარკეულ უპირატესობასაც ანიჭებს.

რამდენად ხშირად და როდის ვტყუი?

1996 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სოციალური კონტაქტის დროს სტუდენტები სამიდან ერთ შემთხვევაში ტყუიან, უფროსი ასაკის ადამიანები კი ასე ხუთიდან ერთ შემთხვევაში იქცევიან.

ამავდროულად, ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში იმაზე პოზიტიურად ცდილობენ თავის წარმოჩენას, ვიდრე სინამდვილეში არიან. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ „ტყუილი აბსოლუტური აუცილებლობაა იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც მიჩნეულია, რომ თქვენ სხვისი გრძნობების შეურაცხყოფის უფლება არ გაქვთ.“ აქ ყველას თავისი როლი აქვს - ტყუილის მთქმელსაც და სიცრუის ობიექტსაც. მაგალითად, როდესაც მასპინძელს ემშვიდობებით, მას ეუბნებით, რომ მშვენიერი საღამო იყო, თუმცა სინამდვილეში, მოწყენილობისგან რა გექნათ აღარ იცოდით. მასპინძელმაც იცის, რომ ატყუებთ, მაგრამ ეს ვერსია მისთვის გაცილებით მისაღებია, ვიდრე სიმართლე. მსგავსი ტყუილების არ არსებობის შემთხვევაში, ბევრი მეგობრობა, პირადი თუ პროფესიული ურთიერთობა ძალიან სწრაფად დასრულდებოდა.

ტყუილის გარეშე არც რომანტიკული ურთიერთობები არსებობს. ჯერ კიდევ 1989 წელს, ილინოისის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით 390-დან მხოლოდ 33-მა ადამიანმა ვერ გაიხსენა სიტუაცია, რომელშიც ისინი საყვარელ ადამიანთან „ბოლომდე გულწრფელები“ არ იყვნენ. მოგვიანებით, 2013 წელს კანზასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კი აღმოაჩინეს, რომ 67-დან მხოლოდ 2 ადამიანი არ ატყუებდა თავის პარტნიორს სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში. ორივე კვლევის მონაწილეთა განმარტებით, ტყუილს ამბობდნენ იმისათვის, რომ საყვარელ ადამიანს გული არ სტკენოდა და ამას მათ ურთიერთობაზე უარყოფითად არ ემოქმედა.

ფსიქოლოგთა თქმით, ძალიან საეჭვო იქნებოდა ბევრი ურთიერთობის მომავალი, ადამიანებმა ერთმანეთის შესახებ სრული სიმართე რომ იცოდნენ. თუმცა სპეციალისტები იმასაც დასძენენ, რომ არის ცხოვრებისეული სფეროები, სადაც სიმართლისა და ტყულის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან სასარგებლო იქნებოდა.

პათოლოგიური მატყუარებიც ხომ არსებობენ?

პათოლოგიური მატყუარები ხშირად არიან ნარცისები, რომელთაც აქვთ საკუთარი თავის მოტყუების ქრონიკული მოთხოვნილება და მას სირცხვილის განცდის აბსოლუტური უქონლობა უწყობს ხელს. ამ ადამიანებს თავადაც სჯერათ თავიანთი ტყუილის, თუნდაც ეს საყოველთაოდ ცნობილ ინფორმაციას ან მათ მიერ ადრე გამოთქმულ მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდეს. ამის კლასიკურ მაგალითად ამერიკელი მეცნიერი მაიკლ ლუისი დონალდ ტრამპს მიიჩნევს. „მისი მიდრეკილება მოატყუოს საკუთარი თავი იმდენად დიდია, რომ ის უბრალოდ ვერ აცნობიერებს თავის ტყუილს,“ - ამბობს მკვლევარი. ვებგვერდ PolitFact-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცახდებების 70%-ი იყო ტყუილი, ჰილარი კლინტონის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 32%-ს შეადგენდა.

რატომ ტყუიან პოლიტიკოსები?

მეცნიერების განმარტებით, პოლიტიკოსები რომ ტყუიან, ამაში ახალი არაფერია. ჯერ კიდევ პლატონი აღიარებდა „კეთილშობილურ ტყუილს,“ ნიკოლო მაკიაველი კი თავის ნაშრომში „მთავარი“, პოლიტიკურ მმართველობაში ტყუილს მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა. თუმცა მეცნიერები იმასაც დასძენენ, რომ ბოლო დროს ტყუილმა პოლიტიკა უბრალოდ წალეკა. მათივე თქმით, ტყუილი არც საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის არის უცხო. მაგალითად, „Vote Leave”, რომელიც Brexit-ის მომხრე იყო, არაერთგზის ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის წევრობა გაერთიანებულ სამეფოს კვირაში 350 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი უჯდებოდა. მოგვიანებით ბრიტანეთის სტატისტიკის სამმართველომ ამ მონაცემებს „ოფიციალური სტატისტიკის ღია დამახინჯება“ უწოდა. სპეციალისტებმა კი ეს კამპანია „მიზანმიმართულ ტყუილად“ შერაცხეს.

ვის სჯერა პოლიტიკოსების ტყუილების?

სამეცნიერო კვლევების თანახმად, ადამიანი მიდრეკილია დაჯეროს ის, რაც ამართლებს სამყაროზე მის წარმოდგენას. ამიტომ, თუ სიცრუეს ავრცელებს ის პოლიტიკური ძალა, რომლის მიმართაც ის სიმპათიით არის განწყობილი, ამ ადამიანის გადარწმუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ფსიქოლოგები დამატებით პრობლემად მიიჩენევენ იმასაც, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა პოლიტიკაში კერპს ეძებს. ადამიანებს რომ შეეძლოთ ტყუილის გაშიფრვა, ეს მათ მოთხოვნილებას „მხსნელის“ არსებობის შესახებ ბოლოს მოუღებდა. ამავდროულად, საერთაშორისო ურთიერთობასა და დიპლომატიაში ქაოსს შექმნიდა, სამაგიეროდ პოლიტიკაში გულწრფელ ადამიანებს მოიყვანდა.

როგორი იქნებოდა სამყარო ტყუილის გარეშე?

შეუძლებელია იმის დადებითი და უარყოფითი შედეგების ზუსტად განსაზღვრა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ატმოსფეროს, სადაც არანაირი შელამაზება და ტყუილი არ არის, გარდა იმისა, რომ ეს იქნებოდა სამყარო, რომელიც არსებულისგან აბსოლუტურად განსხვავდება.

წყარო: BBC

სხვა თემები