09 აპრილი 2019 - 17:00

როგორ დავიცვა შვილი სექსუალური ძალადობისგან, როგორ ველაპარაკო მას ამ თემაზე?

მშობელი

ფოტო: shutterstock.com

ძალადობა არის ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების გამოყენება სხვა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის წინააღმდეგ იმის მისაღწევად, რაზეც ისინი თავისი ნებით არ თანხმდებიან. ამ ქმედების შედეგი შეიძლება იყოს სიკვდილი, სხეულის დაზიანება, ფსიქოლოგიური ტრავმა. ძალადობის პოტენციური მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანია, თუმცა ყველაზე ხშირად სამიზნეები ქალები და ბავშვები არიან. საქმე ეხება შემთხვევებს, როდესაც ზრდასრული ადამიანი სექსუალურ კავშირს ამყარებს არასრულწლოვანთან, სარგებლობს მისი სისუსტითა და დაუცველობით, აშინებს, ემუქრება ან ატყუებს მას. ბევრმა მშობელმა არ იცის, როგორ მიაწოდოს ამ თემაზე ინფორმაცია შვილს სწორად და შესაბამისად, დაიცვას ის მოძალადისგან. ფსიქოლოგებს დიალოგი ძალადობის პრევენციისთვის აუცილებელ ნაბიჯად მიაჩნიათ. და მაინც, რა ასაკიდან და როგორ უნდა ველაპარაკოთ ბავშვებს შესაძლო საფრთხეზე?

ძალადობა ნამდვილად ასე ხშირია?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის 1200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 12% სექსუალური ძალადობა იყო.

ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 80% ფიქრობს, რომ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ქვეყანაში პრობლემაა. მათგან ყოველი მესამე კი ამას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს. საქართველოს მოსახლეობის 42%-ის აზრით, ყველაზე დიდი ალბათობით, ბავშვზე შესაძლო სექსუალურ ძალადობაში „ეჭვმიტანილები“ არიან უცხო პირები, ხოლო მეორე ადგილზე არიან - ოჯახის მეგობრები და ნაცნობები (35%). რესპონდენტების თითქმის 30%–ს სჯერა, რომ ზოგჯერ ქალები თვალს ხუჭავენ, როდესაც მათი პარტნიორები სექსუალურ კონტაქტს ამყარებენ მათ ბავშვებთან.

როგორ დავიცვა ჩემი შვილი?

ამის გარკვეული მეთოდები არსებობს, მაგრამ დაცვის სრული გარანტია, რა თქმა უნდა, - არა. პირველ რიგში, არასწორია ბავშვი დაარიგოთ, რომ „მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდნეს“. ეს ხომ მათზე დამოკიდებული არ არის. მთავარია, მათ აუხსნათ სექსუალური უსაფრთხოება, რა არის დასაშვები და რა - არა.

აუცილებელია ამის გაკეთება? ბავშვი დამოუკიდებლად ვერ გაიგებს ამ ყველაფერს?

ამის გაგება შეიძლება საკუთარი გამოცდილებით, რაც, რა თქმა უნდა, სჯობს არ მოხდეს, ან მშობლებისგან, ან ბავშვმა ეს შეიძლება საერთოდ ვერ გაიგოს. ბავშვები, როგორც წესი, გადატანილ ძალადობას ან შევიწროებას ერთმანეთთან არ განიხილავენ, ამიტომ დედ-მამასთან საუბარი ბევრად უსაფრთხო და სწორი გზაა. 

საუბრით მოძალადისგან დაცვა შესაძლებელია?

დაცვა, სამწუხაროდ, რთულია. შესაძლებელია ბავშვი გახადოთ უფრო თავდაჯერებული და მისცეთ ცოდნა, რომელიც მას დაეხმარება გარკვეულწილად საშიში სიტუაციების სწორად შეფასებასა და მათგან თავის არიდებაში. მან ასევე უნდა იცოდეს, თუკი საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდება, სწორად როგორ იმოქმედოს. 

მოსალოდნელი სექსუალური ძალადობის შესახებ ლაპარაკით არ შევაშინებ?

საუბარი არ ააგოთ ძალადობის იდეაზე, აქცენტი გააკეთეთ უსაფრთხოებაზე. ყველაფერს ერთბაშად ნუ მოუყვებით, რაც იცით და გსმენიათ. მოილაპარაკეთ მეორე მშობელთან წინასწარ (თუ ის არსებობს), რაზე ისაუბრებთ. თუკი თქვენ თავად გაქვთ სექსუალური ძალადობის გამოცდილება და ფიქრობთ, რომ ეს ხელს შეგიშლით საუბრისას, მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.

რამდენი წლის ბავშვთან შეიძლება ამაზე საუბრის დაწყება?

2 წლიდან უკვე შეიძლება. ეს არის ზუსტად ის დრო, როდესაც უნდა დაიწყოთ საუბარი იმაზე, რომ სხეული შედგება სხვადასხვა ნაწილებისგან და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებულია. ამ ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია გაიაზროს თანხმობისა და უარის საერთო იდეა. ცოტა ხნის შემდეგ კი შეიძლება თემის განვრცობა და მოყოლა, რისი გაკეთება შეუძლია უფროსს მასთან ერთად და რისი - არა.

ერთჯერადი საუბარი საკმარისია?

რა თქმა უნდა, არა. უსაფრთხოების თემა, ისევე როგორც კითხვა „მე საიდან გავჩნდი?“, უნდა განიხილებოდეს სისტემატურად. ოღონდ არა უცხო ადამიანების გარემოცვაში. უნდა ესაუბროთ ბავშვს პერიოდულად და გარკვეული ინტერვალებით.

რა სიტუაციაშია უფრო მიზანშეწონილი საუბარი?

იდეალური ვარიანტი არის დრო, რომელსაც შვილთან ერთად ყოველგვარი პარალელური საქმის კეთების გარეშე ატარებთ. ეს შეიძლება იყოს ნახევარსაათიანი სეირნობა, დაძინებამდე პერიოდი ან ბანაობა. მთავარია, არ დააჩქაროთ ბავშვი და მას მიეცეს საშუალება დასვას კითხვები, რომლებზე პასუხებიც მას აინტერესებს.

კონკრეტულად რა უნდა ვთქვა?

არის თემები, რომლებზე საუბარიც სავალდებულოა. საჭიროა სხეულის ინტიმური ნაწილების დასახელება, ჩვენება - სად მდებარეობს, ახსნა, რომ ეს მხოლოდ მისი კუთვნილებაა, ამიტომ სხვებს მათი ნახვა ან შეხება მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციებში შეუძლიათ. ამის შემდეგ შესაძლებელია უკვე ამ გამონაკლისებზე საუბარიც: ეს კონკრეტული სიტუაციები შეიძლება იყოს უსაფრთხო და საფრთხის შემცველი.

როგორ ვასწავლო ბავშვს სწორად მოქცევა?

აქ ძალიან მნიშვნელოვანია თანხმობისა და უარის იდეის ახსნა, ასევე პირადი სივრცისა და სხეულის საზღვრების განმარტება. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ არავის აქვს უფლება მისი თანხობის გარეშე შეეხოს, როცა რაღაც არ მოსწონს, აუცილებელია, თქვას: „არა!“ აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს იდეა უნდა მუშაობდეს თქვენსა და ბავშვს შორისაც - ის ვერ ისწავლის უარის თქმას, თუ ამის შესაძლებლობა ოჯახში არ ეძლევა.

არის სხვა ნიუანსებიც?

დიახ. მოძალადეები ხშირად მანიპულირებენ ბავშვებით. ამისათვის ისინი იყენებენ საიდუმლოს შენახვის იდეას. ამ დროს მოძალადე აშინებს მსხვერპლს, რომ საიდუმლოს გამჟღავნების შემთხვევაში რაღაც ცუდი მოხდება, ან ქმნის „საერთო საიდუმლოს“ იმიტაციას, რაც მისი შენახვის აუცილებლობას გულისხმობს. ბავშვებს ამის სჯერათ. ამიტომაც საჭიროა მშობელმა აუხსნას შვილს, რომ ყველა საიდუმლოს შენახვა საჭირო არ არის, განსაკუთრებით კი იმ საიდუმლოსი, რომელიც ბავშვს ცუდ ხასიათზე აყენებს. ცუდი საიდუმლოები უნდა უამბონ უფროსს, რომელსაც არასრულწლოვანი ენდობა.

როგორ უნდა ვესაუბრო ბავშვს, თუ მან სექსუალური ძალადობის ან შევიწროების შესახებ მიამბო?

პირველ რიგში, მიიღეთ უსაფრთხოების აუცილებელი ზომები: მიმართეთ პოლიციას, დარწმუნდით, რომ ბავშვს აღარაფერი ემუქრება. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და აჩვენეთ, რომ თქვენ ნებისმიერ მონათხრობს გაუძლებთ. აუცილებელია, ბავშვი დაარწმუნოთ, რომ ის მომხდარში დამნაშავე არ არის. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაუსვათ მარტივი და მოკლე კითხვები ან უბრალოდ მოუსმინოთ. თუ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ბავშვი ტრავმირებულია, სასურველია, საბავშვო ფსიქოლოგს მიმართოთ.

სხვა თემები