10 აპრილი 2019 - 16:11

სხვა ქვეყანაში მინდა საცხოვრებლად გადასვლა. როგორ მოვემზადო?

ფოტო: shutterstock.com

თუ თქვენ სერიოზულად აპრებთ საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლას, ამისთვის დეტალური გეგმა უნდა შეიმუშავოთ. მთავარია, ზუსტად განსაზღვროთ ხარჯები, რათა უცხო ქვეყანაში უფულოდ არ დარჩეთ და პრობლემები არ შეგექმნათ.

რა უნდა გავითვალისწინო პირველ რიგში?

პირველ რიგში, უნდა დაფაროთ ფინანსური ვალდებულებები თქვენს ქვეყანაში, რათა საზღვრის გადალახვისას პრობლემა არ შეგექმნათ. პარალელურად თქვენი უძრავ-მოძრავი ქონება სანდრო ადამიანს უნდა ჩააბაროთ, რადგან მთელ თქვენს ქონებას თან ვერ წაიღებთ.

ამავდროულად, სანამ ბილეთს იყიდით, მოაწესრიგეთ ყველა ის დოკუმენტი, რაც საელჩოში ვიზისთვის დაგჭირდებათ. სასურველია ხარჯები წინასწარ დაიანგარიშოთ: იქნება ეს იჯარა, ტრანსპორტი, სამედიცინო დაზღვევა და ა.შ. ასევე სასურველია შეისწავლოთ მასპინძელი ქვეყნის ფინანსური კანონმდებლობა - გადასახადებისა და სოციალური შენატანების სისტემა. შესაძლოა, სავალდებულო იყოს ადგილობრივ ბანკში ანგარიშის გახსნა, რაც ზოგიერთ ქვეყანაში არც ისე მარტივია.

კონკრეტულად, რა რაოდენობის თანხა დამჭირდება?

თქვენი ხარჯები დამოკიდებულია ქვეყანაზე, სადაც მომავალში ცხოვრებას გეგმავთ. ამიტომ, სჯობს იქ არსებული ფასები შეისწავლოთ და ზუსტად გაწეროთ ბიუჯეტი იქამდე, სანამ ახალ სამსახურს არ იშოვით.

აშშ-ში საშუალო ყოველთვიური იჯარა გასული წლის ივნისში 1.405 დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.9%-ით მეტი იყო. ერთ-ოთახიანი ბინა ნიუ-იორკში ან ლოს-ანჯელესში კი გაცილებით ძვირი იქნება (ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ).

გერმანიაში ყოველთვიური იჯარა 600-დან 1000 ევრომდე მერყეობს, რაც ქალაქების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, ლაიფციგში ბინის დაქირავება ბევრად ძვირია, ვიდრე ჰალეში, ისევე როგორც მიუნჰენში იჯარა გაცილებით მაღალია, ვიდრე ბერლინში (მონაცემები მოყვანილია აქ). ბანგკოკში კი ბინის დაქირავება 135 დოლარიდან არის შესაძლებელი.

ხშირად, ბინის ქირას შუქისა და სხვა საყოფაცხოვრებო გადასახადები ემატება, ამიტომ ეს ფაქტორი გამქირავებელთან თავიდანვე უნდა დააზუსტოთ. მაგალითად, გერმანიაში არსებობს იჯარის 2 ფორმა: Warmmiete, რომელიც გადასახადებსაც მოიცავს და Kaltmiete, რომელიც მხოლოდ ბინის ქირას ითვალისწინებს.

სანამ ბინას იქირავებთ, უმჯობესია დარწმუნდეთ, რომ საცხოვრებელი ფართი და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია წესრიგშია. ამისათვის პირადად უნდა შეხვდეთ გამქირავებელს, გაესაუბროთ მას და დარწმუნდეთ, რომ თაღლითობის მსხვერპლი არ იქნებით. ისევ გერმანიის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბინის გაქირავების ვებგვერდებზე ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს თუ ის პირი არარსებულ ფართს აქირავებს, ითხოვს თანხის წინასწარ ჩარიცხვას იმ მიზეზით, რომ საზღვარგარეთ არის და გეუბნებათ, რომ გასაღებს ფოსტით გამოგიგზავნით. ასეთ სიტუაციაში იცოდეთ, რომ თაღლითობასთან გაქვთ საქმე და არ უნდა მოტყუვდეთ. გაცილებით უსაფრთხოა ბინის ონლაინ-დაქირავება შვედეთში ან სკანდინავიის სხვა ქვეყნებში, სადაც ინტერნეტის უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა დაცული.  

რა თანხა დამჭირდება კვებისთვის?

ევროპულ ქვეყნებში მცხოვრებთა ყოველთვიური შემოსავლის დაახლოებით 15% საკვებზე იხარჯება. აშშ-ის საშუალოსტატისტიკური მოქალაქე თვეში საჭმელზე დაახლოებით 600 დოლარს ხარჯავს, აქედან 337 დოლარი სახლის პროდუქტებზე იხარჯება, დანარჩენი კი - რესტორნებსა და კაფეებში. რიგითი ტაილანდელი კი თვეში საკვებზე დაახლოებით 200 დოლარამდე ხარჯავს

რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, გერმანიაში კვება გაცილებით იაფია, ვიდრე შვეიცარიაში ან სკანდინავიის რომელიმე ქვეყანაში. სატრანსპორტო ხარჯების განსაზღვრა კი შესაძლებელია მეტროს, ავტობუსისა და მატარებლის ფასებით, ბენზინისა და მანქანის შენახვის ღირებულებით.

კიდევ რა ხარჯები მელის?

თქვენ დაგჭირდებათ გარკვეული თანხა ენის კურსის დასაფინანსებლად, თუ არ იცით სახელმწიფო ენა იმ ქვეყნისა, სადაც ცხოვრებას აპირებთ. შესაძლოა, გაგიჩნდეთ დამატებითი ხარჯები სხვა საჭიროებებისთვისაც: ამა თუ იმ დოკუმენტის სათარგმნელად, ადგილობრივი იურისტის მომსახურებისთვის და ა.შ. ასევე, შესაძლოა, გაგიტყდეთ უთო ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და მოგიწიოთ მისი შეცვლა.

რა მოხდება თუ ყველაფერს წინასწარ ვერ გავთვლი?

ასეთ შემთხვევაში შეიძლება ოჯახის წევრების ან ახლობლების დახმარება დაგჭირდეთ. მათ თანხის გადარიცხვა შეუძლიათ ინტერნეტ-ბანკით დედამიწის ნებისმიერ წერტილში შესაბამის ანგარიშის ნომერზე.

სხვა თემები