15 აპრილი 2019 - 13:36

რა უნდა იცოდეთ თბილისის ტაქსის რეფორმის შესახებ. დეტალები

თბილისის ტაქსი

თბილისი, იუსტიციის სახლი

ფოტო: shutterstock.com

2019 წლის ოქტომბრიდან თბილისში მოძრავ ყველა ავტომანქანას, რომელსაც ტაქსის მანათობელი ექნება, გავლილი უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია და ტექნიკური ინსპექტირება. ამავდროულად ის უნდა იყოს თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი. ახალმა რეგულაციამ ტაქსისტების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი რეფორმის გადავადებას ითხოვენ, განსაკუთრებულ აქცენტს კი ავტომანქანების საერთო სავალდებულო ფერზე აკეთებენ. დედაქალაქის მერიაში მიიჩნევენ, რომ სიახლე სოციალური მდგომარეობის სრული გათვალისწინებითა და ეტაპობრივად ინერგება. რას ითვალისწინებს ეს რეფორმა, რას სთავაზობს მერია ტაქსისტებს და რა იწვევს მათ უკმაყოფილებას?

რას გულისხმობს თბილისის ტაქსის რეფორმა?

დედაქალაქის ტაქსების რეფორმა სატრანსპორტო რეფორმის შემადგენელი ნაწილია. 2018 წლიდან დედაქალაქის მერიამ დაიწყო ტრანსპორტის რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს გულისხმობს. ეს ინიციატივა რამდენიმე წელზეა გათვლილი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სეგმენტს მოიცავს.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის განმარტებით, 2019 წელს იგეგმება ყვითელი ავტობუსების სრული პარკის ჩანაცვლება და 2020-დან მისი მოცულობის გაზრდა. დაგეგმილია მეტროპოლიტენისთვის 4 მატარებლის შეძენა, პარალელურად კი ვაგონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 2018 წელს გაფორებული ხელშეკრულების თანახმად, ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ ივნისის ბოლომდე უნდა შეიმუშავოს ახალი სამარშრუტო სქემა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სად რა მარშრუტი უნდა მოქმედებდეს, თითოეულ მარშრუტზე რა ტიპის და რა რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებამ უნდა იმოძრაოს, როგორ უნდა მოხდეს მიკროავტობუსებისა და მეტროს თანხვედრა-სინქრონიზაცია. დედაქალაქის მერიის განმარტებით, ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთიან სისტემაში უნდა მოექცეს, რაც საბოლოო ჯამში მგზავრთა მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს თბილისს არ ემსახურება იმ დონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორიც მას სჭირდება და უფრო მეტიც, დღევანდელი რეალობა ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტებისგან ძალიან შორს არის.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ახალი რეგულაციები ეხება M2 კატეგორიასაც (მიკროავტობუსებს), რომლებიც კერძო საკუთრებაა, მაგრამ მათი მარშრუტებიც იმ საერთო სქემის მიხედვით განისაზღვრება. მათი მფლობელი კომპანია ვალდებულია განაახლოს ავტოპარკი, რადგან სხვა შემთხვევაში, ისინი ახალ, ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსებს კონკურენციას ვეღარ გაუწევენ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სწორედ ამ ჭრილში განიხილება M1 კატეგორიის ანუ ტაქსების რეფორმაც, რომლის მიზანიც არის მგზავრის უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურება, რადგან აქამდე ეს სფერო აბსოლუტურად უკონტროლო და დაურეგულირებელი იყო.

რას ითხოვს თბილისის მერია ტაქსისტებისგან?

2018 წელს მერიის მოთხოვნა იყო, რომ ტაქსისტებს რეგისტრაცია გაევლოთ. ამას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმით ხსნიან, რომ ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის დასაგეგმად საჭირო იყო დედაქალაქში მოძრავი ტრანსპორტის რაოდენობის ცოდნა. დღეის მონაცემებით კი, ტაქსის 28 700-მდე ოფიციალური ნებართვაა გაცემული და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. რეგისტრაციის შემდეგი ეტაპი იყო ტექნიკური ინსპექტირება, რომელიც წელიწადში ორჯერ არის სავალდებულო როგორც ტაქსისთვის, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მათ შორის ავტობუსისა და მიკროავტობუსისთვის. ტაქსის მძღოლების უკმაყოფილებას ეს პუნქტიც იწვევს. ისინი თვლიან, რომ შემოწმების სიხშირე ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ გადაწყვეტილებას მერიაში იმით ხსნიან, რომ ტრანსპორტის ზემოთ ჩამოთვლილ სახეობებს გაცილებით დიდი დატვირთვა აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ მანქანებს. ამიტომაც ტაქსის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა ბევრად მაღალია, ვიდრე კერძო მანქანის. ტექნიკური ინსპექტირების წელიწადში ორჯერ ჩატარებას მხარს უჭერს არასამთავრობო სექტორიც. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ მგზავრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს პრაქტიკა აუცილებლად უნდა დაინერგოს, რადგან ტაქსების დატვირთვა ყოველდღიურად ძალიან მაღალია და შესაბამისად, ტექნიკური ხარვეზების რისკიც ბევრად მეტია.

რატომ მხოლოდ ოთხკარიანი და მარცხენასაჭიანი ტაქსები?

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ამ რეგულაციის მიზანი არის მგზავრის უსაფრთხოების დაცვა და მისთვის კომფორტული პირობების შექმნა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, ცვლილების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 1 წლის წინ დაიწყო, შესაბამისად, ამ კატეგორიის მანქანების მფლობელებს ჰქონდათ შესაძლებლობა შესაბამისი ზომები მიეღოთ. მერიაში აცხადებენ, რომ გასაგებია დამატებითი ხარჯების სიმძიმე, მაგრამ ამოსავალი წერტილი მგზავრის უსაფრთხოება უნდა იყოს. მარჯვენასაჭიანი მანქანის შემთხვევაში ხომ ტრანსპორტში ჩაჯდომა მოქალაქეს გზის სავალი მხრიდან უწევს, რაც უსაფრთხო სულაც არ არის. მძღოლების უკმაყოფილების მიზეზი რეფორმის ეს პუნქტიცაა. ისინი თვლიან, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანის შეცვლა მათ დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს აკისრებს, რაც არსებულ სოციალურ მდგომარეობას უფრო ართულებს.

საკითხისადმი კატეგორიულ მიდგომას ემხრობიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თავინთ არგუმენტს კანონით ამყარებენ. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის 24-ე მუხლის თანახმად, „მგზავრი ვალდებულია: სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდეს და გადმოვიდეს ტროტუარის ან გვერდულის მხრიდან ტრანსპორტის სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო თუ ეს შესაძლებელია- სავალი ნაწილის მხრიდან, თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.“ ამ შემთხვევაში კი ტაქსის მგზავრი იძულებულია, მოუაროს მანქანას და გზის სავალი მხრიდან ჩაჯდეს ტრანსპორტში, რაც უსაფრთხოების ნორმებსა და ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, არასამთავრობო სექტორის წევრები მარჯვენასაჭიანი მანქანების ტაქსის მომსახურების სფეროდან ამოღებას ეთანხმებიან.

რატომ არის სავალდებულო ტაქსისთვის თეთრი ფერი?

დედაქალაქის მერიის განმარტებით, ვიზუალური მხარე ქალაქის იერსახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ესთეტიკურად მოწესრიგებული და მწყობში მყოფი ტაქსი კი სასიამოვნოა როგორც ადგილობრივი მგზავრისთვის, ასევე ტურისტისთვის და ის ქალაქის იმიჯის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მათი განმარტებით, სწორედ ამას ემსახურება გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები, ტაქსის მანათობელი ნიშნების უფასოდ გადაცემა და თეთრი ფირის გადაკვრის ალტერნატივა.

ტაქსისთვის ფერის შესაცვლელად მძღოლი მიდის აუქციონზე გამარჯვებულ კომპანიაში, იღებს ვაუჩერს, შემდეგ მიმართავს ნებისიერ სამღებროს, რომელიც ოფიციალურად რეგისტრირებული უნდა იყოს, შეღებავს მანქანას, გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც საწარმოს რეკვიზიტები იქნება მითითებული და ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამ ხარჯებს ანაზღაურებს. ამის სანაცვლოდ კი კომპანიას შეუძლია გადაღებილ მანქანაზე რეკლამის 2 წლით განთავსება, რის შემდეგაც თავისი სარეკლამო პოლიტიკას ტაქსისტი თვითონ განსაზღვრავს. იგივე პრინციპი იქნება თეთრი ფირის გადაკვრის  შემთხვევაშიც. რეფორმის სწორედ ამ პუნქტმა გამოიწვია ყველაზე დიდი აჟიოტაჟი.

რას აპროტეტსტებენ ტაქსის მძღოლები?

უკმაყოფილო მძღოლების განცხადებით, გადაღებილი და თუნდაც ფირგადაკრული მანქანის საბაზრო ღირებულება ეცემა და მათ თავიანთი კუთვნილი ავტომობილის გაყიდვა უფრო იაფად მოუწევთ. ამ მოთხოვნის საპასუხოდ დედაქალაქის მერმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ „ფირის გადაკვრა ინახავს საღებავს, იცავს კენჭებისგან, გაფხაჭნისგან, დაზიანებებისგან“.

საერთო სავალდებულო ფერთან მიმართებით ასეთ კატეგორიულ მოთხოვნას არ ეთანხმებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, უსაფრთხო სატაქსო მომსახურების სისტემაზე საუბრისას იმდენი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომ ფერის გამო ამხელა აჟიოტაჟის ატეხა არ ღირს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განმატავენ, რომ საერთო ვიზუალი კარგია, მაგრამ დათმობა შეიძლება, რადგან საკითხი არ არის პრინციპული რეფორმისთვის, რომლის ამოსავალი წერტილი მგზავრის უსაფრთხოება უნდა იყოს. თუმცა ეს შეიძლება გადამწყვეტი იყოს მძღოლებისთვის, თუნდაც ფინანსური კუთხით. მათი განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ტაქსი იყოს გამართული, არ იყოს მარჯვენასაჭიანი, მძღოლი იყოს კვალიფიციური, ჯანმრთელი, ის არ უნდა იყოს აღრიცხვაზე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე დანაშაულზე ნასამართლევი. მართალია, ჯერჯერობით ბოლო კომპონენტი არ განიხილება, მაგრამ რეფორმის მომდევნო ეტაპებზე, სავარაუდოდ, მძღოლის კვალიფიკაციის საკითხიც დაისმევა. სწორედ ამიტომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ რეფორმის პირველ ეტაპზე ამ მოთხოვნის დათმობა შესაძლებელია.

მანქანას თუ თეთრად არ გადავღებავ, მას ტაქსის დანიშნულებით ვეღარ გამოვიყენებ?

გამოიყენებთ. ტაქსები იყოფა „ა“ და „ბ“ კატეგორიებად. ორივე მათგანისთვის საერთო წესია ის, რომ მანქანა უნდა იყოს ოთხკარიანი, მარცხენასაჭიანი და ტექნიკური ინსპექტირება ჰქონდეს გავლილი. თეთრი ფერის ტაქსის („ა“ კატეგორია) შეუძლია ატაროს შესაბამისი მანათობელი ნიშანი, აიყვანოს მგზავრი ქუჩიდან და ისარგებლოს უფასო პარკინგით, რომლისთვისაც მერიამ 70-ზე მეტი ლოკაცია გამოყო.  „ბ“კატეგორიის ტაქსის, რომელიც არ იქნება თეთრი ფერის, არ აქვს უფლება ტაქსის მანათობელი ნიშანი ატაროს, მაგრამ შეუძლია მგზავრებს სატელეფონო გამოძახებით ან აპლიკაციების მეშვეობით მოემსახუროს. იმ კომპანიებს, რომლებიც ამ სისტემით მუშაობენ, ამავე რეჟიმში შეუძლიათ განაგრძონ.

აღსანიშნავია, რომ დღეის მონაცემებით, თბილისში 500 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება. იმპორტირებული მანქანების რაოდენობა ყოველწლიურად 6-7%-ით იზრდება. დედაქალაქში მოძრავი ავტომობილების 80% კი ექსპლუატაციის 20 წელზე მეტ ხანს ითვლის, რაც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულად აზიანებს. 

სხვა თემები