29 აპრილი 2019 - 11:28

კაცობრიობის ისტორიაში პირველად, მსოფლიოში უფრო მეტი მოხუცია, ვიდრე ბავშვი. რას ნიშნავს ეს პლანეტისთვის?

ფოტო: shutterstock.com

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წლის ბოლოს 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე პატარების საერთო მაჩვენებელს გადააჭარბა. ამ დროისთვის დედამიწაზე პირველი კატეგორიის 705 მილიონამდე წარმომადგენელი ცხოვრობს. 5 წლამდე ბავშვების საერთო რაოდენობამ კი 680 მილიონი შეადგინა. მეცნიერთა განმარტებით, ეს ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ 2050 წლისთვის არსებული სხვაობა უფრო თვალშისაცემი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 წლამდე ასაკის 1 ბავშვზე 65 წელს გადაცილებული 2 ადამიანი მოვა. დემოგრაფიის ეს ტენდენცია უკვე კარგა ხანია დაფიქსირდა. მეცნიერთა თქმით, ქვეყნების უმრავლესობაში ადამიანები უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ და ამავდროულად, სულ უფრო ნაკლები შვილები ჰყავთ.

როგორია შობადობის კოეფიციენტი?

გაეროს მონაცემებით, 65 წელს გადაცილებული ადამიანები იაპონიის მოსახლეობის 27%-ს შეადგენენ. ეს მაჩვენებელი იტალიაში 23%-ია, აშშ-ში - 14.1%, ჩინეთში - 10.6%, ბრაზილიაში - 8.5%, ინდოეთში - 5.9%, ირანში - 5.4%, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში - 4.9%, საჰარის უდაბნოს სამხრეთით კი - 3%-ს. ამერიკელ მეცნიერთა ვარაუდით, მთელი მსოფლიოს ქვეყნების თითქმის ნახევარში შობადობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1960 წელს შობადობის მაჩვენებელი 1 ქალზე 5 ბავშვს გულისხმობდა. თითქმის 60 წლის შემდეგ კი ეს კოეფიციენტი დაახლოებით 2-ჯერ შემცირდა - დღეს უკვე 1 ქალზე 2.4 ბავშვი მოდის.

რაც შეეხება საქართველოს, აქ შობადობის ზოგადი კოეფიციენტი, რომელიც ყოველ 1000 კაცზე დაბადებულთა რიცხოვნობას ასახავს, 2017 წლის მონაცემებით, 14.3%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი რეგისტრირებულ მონაცემებს ეყრდნობა.

საინტერესოა, რომ საზოგადოებრივ-ეკონომიკური წინსვლა დადებითად აისახა იმ ადამიანების ცხოვრებაზე, ვინც ჩვენს დროში დაიბადა. 1960 წელს დაბადებულები საშუალოდ 52 წელს ცოცხლობდნენ, 2017 წლის მონაცემებით კი, ამ მაჩვენებელმა 72 წელს მიაღწია. ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის პარალელურად ადამიანის მოთხოვნა ბუნებრივ რესურსებზე გაიზარდა. შესაბამისად, საპენსიო და ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლაც მეტია.

მსოფლიო მოსახლეობა ბერდება?

მოსახლეობის დაბერების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ განვითარებულ ქვეყნებში დგას. აქ, როგორც წესი, შობადობა დაბალია, რაც ეკონომიკური განვითარების შედეგია. ამ ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობა დაბალია, შობადობის კონტროლის მექანიზმები ყველასათვის ხელმისაწვდომი, ბავშვების აღზრდა კი - საკმაოდ ძვირი. ასეთ ქვეყნებში ქალები გვიან მშობიარობენ და ნაკლებ შვილს აჩენენ.

ცხოვრების მაღალი სტანდარტი ნიშნავს, რომ ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ. ამის საუკეთესო მაგალითია იაპონია, სადაც ცხოვრების მოსალოდნელი ხანგრძლივობა 84 წელია (მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი) და სადაც მოსახლეობის 27% 65 წელს არის გადაცილებული. გაეროს მონაცემებით, იაპონიაში 5 წლამდე ბავშვები მოსახლეობის 3.85%-ს შეადგენენ. ეს პრობლემა იაპონიის ხელისუფლებას დიდი ხანია აწუხებს. გასულ წელს ქვეყნის მთავრობამ საპენსიო ასაკის 65-დან 70 წლამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. თუ ეს ცვლილება ამოქმედდება, იაპონელები პენსიაზე მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე გვიან გავლენ.

შობადობისა და დაბარების ასეთი დისბალანსი სხვა ქვეყნებსაც ემუქრებათ. ჩინეთში ასაკოვანი ადამიანების რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე იაპონიაში და მთელი მოსახლეობის 10.6%-ს შეადგენს. თუმცა 1970-იან წლებში ამოქმედებული შეზღუდვის გამო შობადობის კოეფიციენტიც საკმაოდ დაბალია - საშუალოდ ერთ ქალზე 1.6 ბავშვი მოდის. პატარები, რომლებსაც 5 წელი ჯერ არ შესრულებიათ, ჩინეთის მოსახლეობის 6%-ს შეადგენენ.

შობადობის მაღალი მაჩვენებელი ცხოვრების მაღალ ხარისხს ნიშნავს?

არა. სახელმწიფოებს შორის, სადაც შობადობა ძალიან მაღალია, ძირითადად აფრიკის ქვეყნები დომინირებენ. მაგალითად, ნიგერია „მსოფლიოში ყველაზე ფერტილური ქვეყანაა“. აქ 2017 წელს 1 ქალზე 7.2 ახალდაბადებული მოდიოდა. თუმცა ამავე ქვეყნებში მაღალია ბავშვების სიკვდილიანობაც. ნიგერიაში ყოველი 1000 ბავშვიდან 85 კვდება, რაც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და საგანგაშო მაჩვენებელია.

როგორია რეპროდუქციის იდეალური მაჩვენებელი?

დემოგრაფებისთვის ციფრი 2.1 მაგიურია. სპეციალისტთა განმარტებით, შობადობის ასეთი მაჩვენებელი საკმარისია იმისათვის, რომ მოსახლეობა გამრავლდეს. გაეროს ახალი მონაცემებით, მსოფლიოს ქვეყნების მხოლოდ ნახევარზე მეტი (113) პასუხობს ამ მოთხოვნას. მეცნიერები მიუთითებენ, რომ იმ სახელმწიფოებისთვის, სადაც ბავშვთა სიკვდილიანობა მაღალია და სიცოცხლის ხანგძლივობა დაბალი, აუცილებელია შობადობის კოეფიცინტი 2.3-ს შეადგენდეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ზღვარს მხოლოდ 99-მა ქვეყანამ მიაღწია. შობადობის შემცირების გამო სპეციალისტები ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრს ვარდნას ვარაუდობენ, მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა იზრდება. მეცნიერთა შეფასებით, 2024 წლისთვის დედამიწაზე 8 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს.

რა კავშირი აქვს ამას ეკონომიკასთან?

მსოფლიოს მოსახლეობა რაოდენობრივად მცირდება და ბერდება. ეს, უპირველეს ყოვლისა, სამუშაო ძალის შემცირებას გულისხმობს. საბოლოო ჯამში კი ამ ყველაფერს მივყავართ პროდუქტიულობის შემცირებამდე, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკური ზრდის შეჩერებას იწვევს. გასული წლის ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოსახლეობის დაბერების ტენდენციის გათვალისწინებით განაცხადა, რომ იაპონიის ეკონომიკა მომავალი 40 წლის განმავლობაში 25%-ზე მეტით შემცირდება. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა განცხადებით, დემოგრაფიული სიტუაცია ცხოვრების ყველა ასპექტზე აისახება.

რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ?

ამ მიმართულებით სპეციალისტებმა კონსენსუსს  მიაღწიეს: ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ქმედითი ზომები, რათა გაუვნებელყოს „დაბერების ბომბი“, რომლის წამზომიც ჩართულია. მაგალითისთვის, 2015 წელს ჩინეთმა „ერთი ბავშვის პოლიტიკას“ გადახედა და 2018 წელს განაცხადა, რომ ერთი წლის შემდეგ ეს შეზღუდვა მოიხსნება. თუმცა სპეციალისტები ამ მცდელობას პანაცეად არ მიიჩნევენ. 2018 წელს ჩინეთში 15.2 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჩინელი სწავლულები ამის მიზეზად მიიჩნევენ იმას, რომ ახალგაზრდა ოჯახები შვილის გაჩენას ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით არ ჩქარობენ.

მეცნიერთა შეფასებით, მსოფლიო მოსახლეობის დაბერების პროცესის ეფექტის შესამსუბუქებლად აუცილებელია სახელმწიფომ ასაკოვანი ადამიანების ჯანმრთელობაზეც იზრუნოს. ამის მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ ჯანმრთელი ადამიანები შრომისუნარიანობას უფრო დიდხანს ინარჩუნებენ. გარდა ამისა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტები აცხადებენ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ქალები კაცების თანაბრად მუშაობენ, ეკონომიკური ვარდნა ნაკლებია. მათი განმარტებით, რაც უფრო მეტი ქალია შრომის ბაზარზე, ეკონომიკაც უფრო მყარია.

სხვა თემები