03 მაისი 2019 - 18:23

ანტიბიოტიკი იმუნიტეტს აქვეითებს? რა უნდა ვიცოდეთ ამ პრეპარატის შესახებ

ფოტო: shutterstock.com

რა დანიშნულება აქვს ანტიბიოტიკებს?

ანტიბიოტიკი არის პრეპარატი, რომელიც ბაქტერიებს ებრძვის. ბაქტერიები კი მიკროორგანიზმებია, რომლებიც სხვადასხვა ინფექციას იწვევს. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს სტრეფტოკოკული ანგინა, ცისტიტი, სიფილისი და ასე შემდეგ. ის განსხვავდება ანტივირუსული პრეპარატებისგან. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ანტიბიოტიკს ვირუსზე ზემოქმედება არ შეუძლია.

თავის მხრივ, ვირუსი არის არც ისე დიდი ზომისა და მარტივი აგებულების მქონე ინფექციური აგენტი, რომელსაც გამრავლება მხოლოდ ცხოველების, მცენარეებისა და ბაქტერიების ცოცხალ უჯრედებში შეუძლია. არის თუ არა ვირუსი ცოცხალი ორგანიზმი, ამაზე საერთო მეცნიერული აზრი არ არსებობს.

ვირუსი იწვევს ისეთ მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს, როგორიც არის აივ ვირუსი, წითელა და ასე შემდეგ. მათთან საბრძოლველად კი არსებობს ანტივურუსული პრეპარატები. თუმცა იმ ანტივირუსული მედიკამენტების რიცხვი, რომელთაც თავიანთი ეფექტიანობა დაამტკიცეს, ძალიან ცოტაა. გამონაკლისია „ც ჰეპატიტის“, ჰერპესისა და აივ ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები. თუმცა არ არის გამორიცხული, ვირუსული ინფექციის ფონზე ბაქტერიული ინფექცია განვითარდეს. ამ დროს, შესაძლოა, ნამდვილად დაგჭირდეთ ანტიბიოტიკები, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით მათ ექიმები იშვიათად ნიშნავენ.

აქვეითებს თუ არა ანტიბიოტიკი იმუნიტეტს?

ჩვეულებრივი ანტიბიოკები იმუნიტეტს არ აქვეითებს, თუმცა არსებობს სპეციალური პრეპარატები, რომლებიც უჯრედების განვითარებას აფერხებს. არის ანტიბიოტიკების კატეგორია, რომელიც თავდაპირველად ციტოსტატიკებს წარმოადგენს, შემდეგ კი ანტისიმსივნური მედიკამენტის დანიშნულებით გამოიყენება. „სტანდარტული“ ანტიბიოტიკების იმუნოსუპრესიული ეფექტის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამ მოსაზრებას სპეციალისტები მითს უწოდებენ. უფრო მეტიც, არსებობს იმუნოდეფიციტის ბევრი სახეობა, რომელიც ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღებას წლების განმავლობაში ითვალისწინებს.

ვნებს თუ არა ანტიბიოტიკი ღვიძლს?

ხანდახან. ზოგიერთ ანტიბიოტიკს ნამდვილად შეუძლია ღვიძლის დაზიანება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული. სხვადასხვა შეფასების მიხედვით, წამლებს (ეს შეიძლება იყოს როგორც ანტიბიოტიკი, ასევე სხვა სახის პრეპარატები) ამ შედეგამდე 10-100 ათასი ადამიანიდან 10-15 შემთხვევაში მივყავართ. თუმცა ყველა ეს პრეცედენტი დადებითად სრულდება, თუკი დროულად მიაქცევთ ყურადღებას სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება იყოს არასპეციფიკური (ღებინება, გამონაყარი, თავის ტკივილი), ასევე უფრო სახასიათო (მუქი ფერის შარდი, სიყვითლე). ეს ნიშნები რომც არ არსებობდეს, ექიმი გარკვეული პერიოდულობით ნიშნავს შესაბამის გამოკვლევებს, რათა ცვლილებები დროულად გამოვლინდეს.

რა მოხდება, თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსს ბოლომდე არ მივიყვან?

ეს რთული საკითხია. ბოლო დრომდე ძირითადი სამედიცინო ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობის არასრული კურსი მედიკამენტისადმი რეზისტენტული ბაქტერიების წარმოშობასა და გავრცელებას უწყობს ხელს. თუმცა სპეციალისტებმა ბოლო დროს დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ექიმის მიერ დანიშნული კურსები ხშირად საჭიროზე ხანგრძლივია. რეკომენდაციები იცვლება, მაგრამ კითხვა „აუცილებელია თუ არა დანიშნული კურსის დასრულება?“ ჯერ კიდევ საკამათოა, რადგან მასზე სპეცილისტების ერთსულოვანი აზრი არ არსებობს. ამიტომაც უნდა მიმართოთ კომპეტენტურ და კვალიფიციურ ექიმს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტრიების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. უკვე არსებობს ისეთი მიკროორგანიზმებიც, რომლებიც ყველა წამლისადმი მდგრადები არიან, რაც მათ მიღებას ეფექტს უკარგავს. ერთ-ერთი მეთოდი, რომ ანტიბიოტიკების მიღება თავიდან აიცილოთ, არის ვაქცინაცია.

რომელი ანტიბიოტიკია უფრო ეფექტიანი, აბების თუ ნემსის სახით?

არ აქვს მნიშვნელობა. თუ ადამიანს შეუძლია ყოველგვარი ღებინების გარეშე მიიღოს აბი, ეს უმჯობესია, ვიდრე ინტრავენური ან ინტრაკუნთოვანი მიღება. ეს გამართლებულია არა მარტო ანტიბიოტიკების, არამედ სხვა პრეპარატების შემთხვევაშიც. ეფექტი ერთია, უბრალოდ აბის მიღებისას თავიდან არის აცილებული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა აბსცესი, ჰემატომა ან ნერვის დაზიანება. 

რა არის პრობიოტიკები და საჭიროა თუ არა მათი მიღება?

ანტიბიოტიკები კლავენ არა მხოლოდ იმ ბაქტერიებს, რომლებიც ინფექციას იწვევენ, არამედ იმათაც, რომლებიც ორგანიზმში ცხოვრობენ და მას ფუნქციონირებაში ეხმარებიან. ანტიბიოკებით მკურნალობის კურსის დროს არც თუ ისე იშვიათია დიარეა, თუმცა გართულებების ჩამონათვალი უფრო ვრცელია. ამიტომაც ექიმებისა და პაციენტების სურვილი, რომ მიკროფლორა აღდგეს, სავსებით ნორმალურია, თუმცა ამისათვის საიმედო მეთოდები ჯერ კიდევ არ არსებობს.

ანტიბიოტიკის მთავარი „კონკურენტი“ არის პრობიოტიკი - მიკროორგანიზმი, რომელიც, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ის იყიდება როგორც ბიოლოგიური დანამატების, ასევე იოგურტის სახით. თუმცა პრობიოტიკების ეფექტიანობა ჯერჯერობით მეცნიერულად დადასტურებული არ არის. მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ პრობიოტიკების მიღება მძიმე დაავადების მქონე პაციენტისთვის რეკომენდებული არ არის.

შეუძლიათ თუ არა ბაქტერიოფაგებს ანტიბიოტიკების ჩანაცვლება?

ეს ჯერჯერობით უცნობია. ბაქტერიოფაგი არის ვირუსი, რომელიც ბაქტერიებს ებრძვის. ექიმები მას მაშინ იყენებენ, როდესაც ბაქტერიები ცნობილი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული არიან. სპეციალისტთა განმარტებით, შედეგი ყოველთვის ეფექტიანი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიოფაგები ინდივიდულურად შეირჩევა.

ბოლოდროინდელი სამეცნიერო კვლევები ბაქტერიოფაგებით მკურნალობის მიმართულებით გარკვეულწილად წარმატებულია, მაგრამ ეს პრეპარატები სამედიცინო ორგანიზაციების რეკომენდაციებში ჯერჯერობით არ არის. დასავლეთში თერაპიის ეს სახე ექსპერიმენტულად ითვლება, თუმცა საქართველოში მას წლებია აქტიურად იყენებენ.

რატომ არ შეიძლება თავად შევარჩიო ანტიბიოტიკი?

იმიტომ, რომ ამ პროცესში ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ანტიბიოტიკების შერჩევის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიაგნოზი, არამედ ისიც, თუ რით მკურნალობდა პაციენტი მანამდე, სად ცხოვრობს ის, როგორია ბაქტერიების მგრძნობელობა ანტიბიოტიკებისადმი, მათი გვერდითი ჩვენებები და ა.შ. ხანდახან ბაქტერიული ინფექციის დამტკიცების შემთხვევაშიც კი ექიმს შეუძლია ანტიბიოტიკი არ დანიშნოს, რადგან, შესაძლებელია, დაკვირვებამ პოტენციურად უკეთესი შედეგი მოიტანოს, ვიდრე მედიკამენტმა, რომელსაც გარკვეული გვერდითი მოვლენები ახლავს.

სად წავიღო ვადაგასული ანტიბიოტიკი?

ანტიბიოტიკების ღია წესით გადაგდება არ შეიძლება. მედიკამენტი არ უნდა მოხვდეს გარემოში, ნიადაგში ან ცოცხალი ორგანიზმებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე. აშშ-ში ამ პრეპარატების ჩასაბარებლად სპეციალური პუნქტები არსებობს.

წყარო: Meduza

სხვა თემები