06 მაისი 2019 - 17:25

ყველა დირიჟორი ტირანია?

დირიჟორი

ფოტო: shutterstock.com

ბევრი ადამიანისთვის გაუგებარია, კონკრეტულად რა მოვალეობას ასრულებს დირიჟორი, თუკი ორკესტრის ყველა წევრს ნოტები ისედაც აქვს. სცენაზე, შემაღლებულ ადგილზე მდგარი ადამიანის სილუეტი, რომელიც ხელის ერთი მოძრაობით ბგერების ნაკადს და მსმენელის ემოციებს მართავს, დიდ ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევს.

როდის გაჩნდა ორკესტრში დირიჟორი?

მუსიკოსთა ჯგუფები ამა თუ იმ სახის მუსიკას უძველესი დროიდან უკრავდნენ. რა თქმა უნდა, ამ ანსამბლებს ხშირად თავიანთი ფორმალური ან არაფორმალური ლიდერები ჰყავდათ. ეგვიპტურ ბარელიეფებზე ხშირად გვხვდება მსხვილი ჯოხით ხელში გამოსახული ადამიანი, რომელიც მუსიკოსებს ხელმძღვანელობს. ძველ საბერძნეთში კი მუსიკალური გუნდების ლიდერები რიტმს რკინისქუსლიანი სანდლებით არეგულირებდნენ. შუასაუკუნეებსა და აღორძინების ეპოქაში ამ მუსიკალურ ჯგუფებს კაპელებს უწოდებდნენ. ტერმინი „ორკესტრი“ კი მოგვიანებით გაჩნდა.

რაც უფრო ვითარდებოდა საორკესტრო ხელოვნება, მით უფრო აუცილებელი გახდა მუსიკოსთა ჯგუფის ხელმძღვანელი ფიგურა. ეს იყო ადამიანი, რომელიც რიტმს დაარეგულირებდა და თვალყურს მიადევნებდა, რომ თითოეულ წევრს ჰარმონიულად და დროულად დაეკრა. ადრე ამას აკეთებდნენ სპეციალური ჯოხით, რომელსაც ბატუტი ერქვა. ამ პროცესის ყველაზე ძველი გამოსახულება მე-15 საუკუნით თარიღდება. ეს არც ისე უსაფრთხო მეთოდი იყო - დიდმა ფრანგმა კომპოზიტორმა ჟან-ბატისტ ლულიმ (1632- 1687) ამ ჯოხით ფეხი დაიზიანა და განგრენისგან გარდაიცვალა.

სწორედ კომპოზიტორები იყვნენ ამავდროულად პირველი დირიჟორები, რომლებიც კაპელასთან თავიანთ მუსიკას უკრავდნენ. არც თუ ისე იშვიათად, ამ ფუნქციას კლავესინისტები და პირველი მევიოლინეები ასრულებდნენ. ხანდახან ერთდროულად რამდენიმე ადამიანი დირიჟორობდა. ხორმაისტერი მომღერლებს ხელმძღვანელობდა, კონცერტმაისტერი კი - ორკესტრს. მთავარი კი ის არის, რომ დირიჟორი ამავდროულად ყოველთვის იყო მუსიკოსიც. ის ან უკრავდა, ან მღეროდა.

როგორ და საიდან გაჩნდა სადირიჟორო ჯოხი?

სადირიჟორო ჯოხმა იქამდე ამავე ფუნქციით მქონე ხემი შეცვალა. დირიჟორებმა თანამედროვე ჯოხის გამოყენება მე-19 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს. აღწერილობის მიხედვით, ისინი თავიდან საკმაოდ მძიმე იყო. სწორედ მე-19 საუკუნეში დაიბადა დირიჟორობა, როგორც ცალკე პროფესია. დირიჟორი საბოლოოდ გამოეყო ორკესტრს, დაკავდა მხოლოდ ამ საქმით, დადგა საგანგებოდ ამაღლებულ ადგილზე და რაც ყველაზე უჩვეულო იყო, პუბლიკას ზურგი შეაქცია. იმის შესახებ, თუ ვინ გააკეთა ეს პირველად, ორი ვერსია არსებობს: ან ჰექტორ ბერლიოზმა, ან რიჰარდ ვაგნერმა. ვის ეკუთვნის პირველობა, უცნობია. მე-19 საუკუნეში, ორკესტრს, რომელიც ასობით ადამიანისგან შედგებოდა, ძალიან სჭირდებოდა სპეციალური ადამიანი-მარეგულირებელი.

დირიჟორი საჭიროა, რომ რიტმი სწორად შეარჩიოს?

სულ ცოტა, რიტმი შეარჩიოს და მუსიკოსებს მისცეს მინიშნება, რომელი როდის ჩაერთოს. მუსიკოსებს, რა თქმა უნდა, თავადაც შეუძლიათ ნოტების მიხედვით პროცესის მიმდინარეობას თვალყური ადევნონ, ტაქტები დაითვალონ და კოლეგებს მოუსმინონ, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის მარტივი. დიდ სიმფონიურ ორკესტრში კი მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ყველა პარტიის მოსმენა. თუმცა დირიჟორის მოავალეობა მხოლოდ ამით არ ამოიწურება. ის პასუხისმგებელია, რომ ყველა პარამეტრი სწორად შესრულდეს, საერთო ტემპი და განწყობა შენარჩუნდეს. დირიჟორი განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ინტერპრეტაციასაც - ერთი და იმავე ნაწარმოების შესრულება ხომ სხვადასხვაგვარად შეიძლება.

სხვადასხვა ტემპი, განსხვავებული აქცენტები, მუსიკალური ნაწარმოების თითოეული ნაწილის ცალკეული განწყობები - სწორედ ამით არის დაკავებული დირიჟორი რეპეტიციაზე. ის დეტალურად განიხილავს პარტიტურას მუსიკოსებთან ერთად, სანამ ჟღერადობითა და საერთო ჩანაფიქრით არ დაკმაყოფილდება.

ნაწარმოების ჟღერადობა დირიჟორზეა დამოკიდებული?

ნამდვილად. ორ სხვადასხვა დირიჟორს შეუძლია ერთი და იგივე სიმფონია როგორც დიდი მსგავსებით (მაგრამ იდენტურად - არასდროს), ასევე სრულიად განსხვავებულად შეასრულოს.

დირიჟორები მართლაც ტირანები არიან?

ყველა არა. მაგრამ ეს რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოა და მუსიკოსებზე გარკვეული ზეწოლისა და სიმტკიცის გარეშე, შედეგი ხშირად ვერ მიიღწევა. დირიჟორის და ორკესტრის ურთიერთობაში შეიძლება მმართველის და მასების ურთიერთობის მეტფორის დანახვა.

XX საუკუნეში საკუთარი ორკესტრების დიდქტატით და შიშით მართვის ცდუნებას ბევრმა დირიჟორმა ვერ გაუძლო. საუკუნის უდიდესი დირიჟორები ჰერბერტ ფონ კარაიანი, ვილჰელმ ფურტვენგლერი, არტურო ტოსკანინი - იყვნენ ადამიანები, რომლებთან მუშაობასაც მუსიკოსები შიშით იხსენებენ. შემორჩენილია ტოსკანინის ბრაზის ერთ-ერთი შეტევის აუდიოჩანაწერი და ასეთ მდგომარეობაში ის ხშირად ვარდებოდა. მაგრამ ძალიან კორექტულ დირიჟორებსაც კი შეუძლიათ ერთი მზერით მუსიკოსის „მოკვლა“.

როდის იქცნენ დირიჟორები ვარსკვლავებად?

უკვე XX საუკუნის დასაწყისში დირიჟორები ნამდვილი პოპ-მუსიკოსები იყვნენ, გასტროლებითა და უზარმაზარი ჰონორაებით. საავიაციო კავშირების განვითარებამ ეს პროცესი მხოლოდ გააძლიერა: ახლა დირიჟორს შეეძლო არა ერთი, არამედ რამდენიმე ორკესტრის მართვა სხვადასხვა ქვეყანაში და რეპეტიციიდან რეპეტიციაზე ფრენა.

ხელების ძლიერად ქნევა აუცილებელია, რომ ორკესტრმა დაგიჯეროს?

არა. ეს დირიჟორის ფსიქოფიზიოლოგიის საკითხია. ის შეიძლება იყოს როგორც ძალიან თავშეკავებული, ასევე ძალიან აქტიური სცენაზე. ოღონდ არცერთი ვარიანტი არ ნიშნავს კარგ ან ცუდ შესრულებას. ეს უბრალოდ განსხვავებული მანერებია.

სხვა თემები