07 მაისი 2019 - 22:08

თვითმფრინავს მეხი ხშირად ეცემა. ეს საშიშია?

თვითმფრინავი

ფოტო: shutterstock.com

მაისში დასვენების სეზონი იწყება და იმავდროულად, იწყება სეზონი, როდესაც ჭექა-ქუხილი რეგულარული მოვლენაა. კვირა არ გავა, რომ არ გავრცელდეს ცნობა მსოფლიოს რომელიმე კუთხეში თვითმფრინავზე მეხის დაცემის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ თვითმფრინავზე მეხის დაცემა სახელდებოდა რუსეთში, 5 მაისს, შერემეტიევოს აეროპორტში სამგზავრო ლაინერის ავარიული დაშვების მიზეზად, რასაც 41 ადამიანი ემსხვერპლა. ამ მასალაში გიამბობთ იმის შესახებ, თუ რამდენად საშიშია ჭექა-ქუხილი თანამედროვე თვითმფრინავებისთვის და როგორ იცავენ მათ მსგავსი სიტუაციებისაგან.

თვითმფრინავს მეხი ხშირად ეცემა?

ყოველ კომერციულ თვითმფრინავს მეხი წელიწადში საშუალოდ ერთხელ მაინც ეცემა. ყოველ პილოტს კი ელვასთან შეჯახება 3 000-საათიანი ფრენის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ უწევს. შესაბამისად, კომერციულ ავიაციაში რამდენიმეწლიანი მუშაობის პერიოდში თითო მფრინავისთვის ეს მეხის დაცემის 1 შემთხვევას ნიშნავს. მგზავრები გაცილებით ნაკლებ დროს ატარებენ ჰაერში, ვიდრე პილოტები, ამიტომ ალბათობა, რომ ისინი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან, უფრო დაბალია.

როდის ხდება ყველაზე ხშირად მეხის დაცემა?

ამ შემთხვევათა უმრავლესობა ხდება თვითმფრინავის აფრენის ან დაშვების დროს. მეხის დაცემის ფაქტების 96%-ს ღრუბლებში ჭექა-ქუხილი იწვევს. თუმცა ეს მაშინაც ხდება, როდესაც თვითმფრინავი ჭექა-ქუხილის ეპიცენტრში სულაც არ არის. თვითმფრინავს მეხი შეიძლება დაეცეს იმ დროს, როდესაც ის ჭექა-ქუხილის ადგილს გვერდს უვლის, ან როდესაც ცა მოწმენდილია. მაგალითისთვის, როდესაც თვითმფრინავი ჭექა-ქუხილის შემდეგ დარჩენილ ბუმბულისებრ ღრუბლებს ჩაუფრენს, ამან, შესაძლოა, მეხის დაცემა გამოიწვიოს.

ცდილობენ თუ არა მფრინავები მეხის თავიდან არიდებას?

დიახ. მეხის დაცემა გაცილებით ხშირი მოვლენა იქნებოდა, რომ არა - მფრინავები. როგორც წესი, ისინი გვერდს უვლიან ჭექა-ქუხილის ღრუბლებს, რომელთა დანახვა სპეციალურ ამინდის რადარებზე შეიძლება. ყველა კომერციული ავიალაინერი და კერძო თვითმფრინავი ვალდებულია ფლობდეს მსგავს მოწყობილობას, რომელშიც სულ ცოტა 9 ადამიანი ეტევა.

როდესაც ჭექა-ქუხილს გვერდს უვლიან, პილოტები ფიქრობენ ძირითადად არა ელვაზე, არამედ სერიოზულ და ექსტრემალურ ტურბულენტობაზე, რომელსაც შეუძლია მათ თვითმფრინავზე კონტროლი დააკარგვინოს. ამ დროს, შესაძლებელია, თვითმფრინავი საერთოდ განადგურდეს. ინსტრუქციის მიხედვით, თვითმფრინავი ჭექა-ქუხილის ეპიცენტრს 37 კილომეტრზე ახლოს არ უნდა მიუახლოვდეს. ეს მათ სპეციალურ რადარებზე წითლად აღინიშნება. ხანდახან პილოტს უწევს დაგეგმილი მარშრუტიდან ათობით კილომეტრით გადახვევა იმისათვის, რათა ძლიერ ტურბულენტურ ზონაში არ მოხვდეს და ეს როგორც წესი, საკმარისია.

რამდენად საშიშია მეხის დაცემა მგზავრებისა და თვითმფრინავისთვის?

თითქმის არ არის საშიში. მგზავრები საიმედოდ არიან დაცულნი, ისევე როგორც თვითმფრინავი. ეს უკანასკნელი არის თითქმის იდეალური „ფარადეის გალია“, რომელიც ალუმინის ელექტროგამტარი ზედაპირით არის დაფარული. ელვის გამო ელექტროგამტარობა ბორტზე ძალიან იშვიათია. მაგალითად, 2001 წელს British Airways-ის ლაინერის მეორე პილოტმა ელექტროშოკი და ელვისგან დამწვრობა მიიღო. გვერდით მჯდომი კი მფრინავი არც დაზიანებულა და მან თვითმფრინავი დამოუკიდებლად დასვა. დაზარალებული პილოტი საქმიანობას მალევე დაუბრუნდა.

თვითმფრინავის დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია ადგილზე, რომელსაც მეხი მოხვდა და საიდანაც ელვამ „გაჟონა“. აქ მნიშვნელოვანია დარტყმის ძალაც. როგორც წესი, ელვა „შედის“ და „გამოდის“ თვითმფრინავის ცხვირის მიდამოებში, ძრავის წინა ნაწილში, ფრთის დაბოლოებებსა და ჰორიზონტალურ სტაბილიზატორში. „შესვლისა“ და „გამოსვლის“ ადგილები გარეგნულად არც ისე დიდი ჩანს (დაახლოებით 1 სმ-ის დიამეტრის). ისინი, როგორც წესი, დამდნარ ხვრელებს წარმოადგენს, თუმცა უფრო სერიოზული შემთხვევებიც ხდება.

მეხის დაცემის შემდეგ პილოტები ყველა სისტემის შრომისუნარიანობას ამოწმებენ. თუ მფრინავმა სერიოზული დაზიანება აღმოაჩინა, ის თვითმფრინავს უახლოეს აეროპორტში დასვამს. სისტემამ ნორმალურადაც რომ იმუშაოს, თვითმფრინავი, რომელსაც მეხი დაეცა, ტექნიკოსებმა დაშვების შემდეგ დეტალურად უნდა დაათვალიერონ. ამ შეფერხებით გამოწვეული ზიანი ავიაკომპანიისთვის მილიონობით ზარალს ნიშნავს.

თანამედროვე თვითმფრინავები მხოლოდ ალუმინისგან არ მზადდება. რამდენად დაცულია ისინი?

თვითმფრინავისთვის კომპოზიტური მასალების გამოყენებისთანავე, მეხის დაცემაზე კვლევები ჩატარდა. სწორედ ამ დროს საცდელი თვითმფრინავები ჭექა- ქუხილში სპეციალურად ააფრინეს. მეხისგან დასაცავად თვითმფრინავი გარე მასა და სხვა მხარდამჭერი კონსტრუქციები ელექტროგამტარი ზედაპირით იფარება. სწორედ ამის დახმარებით თანამედროვე თვითმფრინავები, ფაქტობრივად, თითქმის იდეალურ „ფარადეის გალიად“ რჩება.

იწვევს თუ არა მეხის დაცემა ხშირად ავიაკატასტროფას?

ძალიან იშვიათად. 2000 წლიდან ყველა ტიპის თვითმფრინავის 3 000-ზე მეტი ავიაკატასტროფა დაფიქსირდა. აქედან მხოლოდ 8 იყო მეტ-ნაკლებად მეხის დაცემასთან დაკავშირებული.

მეხის დაცემის შედეგად კატასტროფები ხშირი იყო ავიაციის განვითარების გარიჟრაჟზე. მაშინ თვითმფრინავები მთლიანად ლითონის არ იყო. 1963 წელს აშშ-ში ჰაერში აფეთქდა იმ დროისთვის უახლესი ლაინერი Boeing 707. ელვამ თვითმფრინავის საწვავის ავზში აფეთქება გამოიწვია. ამავე მომენტიდან ყველა ავიალაინერის კონსტრუქცია შეიცვალა. პირველ რიგში, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ელვას თვითმფრინავში არ შეეღწია და დეტონაცია არ გამოეწვია. მეორე მხრივ, თვითმფრინავებზე ერთგვარი მეხამრიდები დააყენეს.

შესაძლებელია თუ არა, სალონიდან დავინახო, რომ თვითმფრინავს მეხი ეცემა?

ეს დამოკიდებულია დარტყმის სიმძლავრესა და „შესვლის“ ადგილზე. ჩვეულებრივ, მგზავრები საერთოდ ვერაფერს ხედავენ ან ფრთაზე მძლავრ განათებას თუ შეამჩნევენ. თუმცა ხდება უფრო საშიში დარტყმებიც, რომლებსაც მკვეთრი ნათება და ძლიერი გრუხუნი ახლავს. ბევრად საშიშია, როდესაც თვითმფრინავს მეხი მიწიდან ეცემა.

სხვა თემები