12 მაისი 2019 - 13:48

როგორ დავაკვირდეთ ვარსკვლავებს? ინსტრუქცია

ფოტო: shutterstock.com

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად იწყება თბილი ღამეები, რომლებსაც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ამშვენებს. ეს ის დროა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ციურ მნათობებს დააკვირდეს.

რისი დანახვა შემიძლია ღამის ცაზე?

კოსმოსის მასშტაბებს თუ შევადარებთ, არც ისე ბევრი რამის. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ჩვენი გალაქტიკის ის მცირე ნაწილი, რომელიც მზესთან ახლოს არის განლაგებული.

დაკვირვება ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება?

დიახ, მაგრამ სწორედ დაკვირვების ადგილზეა დამოკიდებული ის, თუ რის დანახვას შეძლებთ. ამისათვის დიდი ქალაქები შესაფერისი ადგილი არ არის, რადგან ვიზუალურ აღქმას ხელოვნური განათებები აფერხებს. თუმცა კაშკაშა ვარსკვლავებსა (სირიუსი, ბეტელგეიზი) და ახლო პლანეტებზე (ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი) დაკვირვება ნებისმიერი მეგაპოლისიდან შეიძლება. რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალში შედის მთვარეც.

ქალაქგარეთ თუ გავალ?

ეს უკეთესია. თქვენ შეძლებთ ნაცნობი და უცნობი თანავარსკვლავედები განასხვავოთ. იმისათვის, რომ დააკვირდეთ ისეთ შორეულ ობიექტებს, როგორიც არის ანდრომედეს გალაქტიკა, რომელიც ორ-ნახევარი მილიონი სინათლის წლით არის ჩვენგან დაშორებული, მაღალ მთებში ან უდაბნოში უნდა წახვიდეთ. ეს იმიტომ, რომ იქ ხელოვნური განათებები საერთოდ არ არის და ციური ობიექტის დანახვას შეუიარაღებელი თვალითაც შეძლებთ.

შემიძლია თუ არა, ჩამოვარდნილი ვარსკვლავი დავინახო?

შესაძლებელია. ისინი ჩვენთან იმაზე ახლოს არიან, ვიდრე სხვა ობიექტები. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, სინამდვილეში ვარსკვლავი კი არა მეტეორია, რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში იწვის. როდესაც დედამიწა კვეთს რომელიმე კომეტის ორბიტას, ასევე შესაძლებელია მეტეორების წვიმაზე დაკვირვება.

კიდევ რითი შეიძლება იყოს ცა ჩემთვის საინტერესო?

ხანდახან „ჩამოვარდნილი ვარსკვლავი“ შეიძლება აგერიოთ კოსმოსურ ნაგავში, რომელიც ვარდება და იწვის. თუმცა, როგორც წესი, მისი სიჩქარე ვარსკვლავისაზე ორჯერ ნაკლებია. ცაზე შეიძლება დააკვირდეთ მფრინავ თანამგზავრებსა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურებს, ასევე ისეთ ულამაზეს მოვლენას, როგორიც არის ჩრდილოეთის ნათება.

დაახლოებით იმავე სიმაღლეზე, სადაც მეტეორებია, ზაფხულში შესაძლებელია მეზოსფერული ანუ მოვერცხლისფრო ღრუბლების დანახვა. ისინი ყინულის წვრილი კრისტალებისგან შედგება და ჩვეულებრივ ღრუბლებზე უფრო მაღლაა განლაგებული. მათ ანათებს მზე, რომელიც ღამით დედამიწიდან არ ჩანს. ასე რომ, მოვერცხლისფრო ღრუბლები ცის ჩრდილოეთ ნაწილში მანათობლებივით ჩანს.

რამდენიმე წელიწადში ერთხელ დედამიწას უახლოვდებიან კომეტები, რომელთა დაკვირვებაც ბინოკლის საშუალებით ან შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. ამ მხრივ, ბოლო წლებში განსაკუთრებით სამხრეთ ნახევარსფეროს უმართლებს.

როგორ განვასხვავო პლანეტა ვარსკვლავისგან?

ნათების სტაბილურობით. ვარსკვლავის ნათება, საკმაოდ კაშკაშაც კი, ატმოსფერული ნაკადებისგან ოდნავ მერყეობს, ციმციმებს. პლანეტა კი უფრო სტაბილურ შუქს გამოსცემს იმის ხარჯზე, რომ უფრო ახლოს მდებარეობს. ამ უკანასკნელის დანახვა განსაკუთრებით კარგად მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც დედამიწა და პლანეტა ორბიტის უახლოეს წერტილში ხვდებიან ერთმანეთს. ამ პოზიციას ეგრეთ წოდებული საპირისპირო ჰქვია, რადგან პლანეტა დედამიწიდან დაკვირვების დროს ზუსტად მზის მოპირდაპირე მხარეს დგას. თუმცა პლანეტების მაქსიმალური დაახლოება ამ საპირისპირო მდებარეობას არ ემთხვევა. მარსი ამ პოზიციაზე 2016 წლის 22  მაისს იყო, ყველაზე ახლო შეხვედრა კი 30 მაისს შედგა. ყველაზე ნათელი პლანეტა არის ვენერა. ჩვენი პლანეტების დაახლოებისას დამკვირვებლებს შეუძლიათ მისი თხელი მონახაზის დანახვა, თუმცა უმრავლესობისთვის ის იქნება როგორც ნათელი ვარსკვლავი. იუპიტერი ჩანს ძალიან კარგად საპირისპირო პოზიციის მიღებამდე და შემდეგაც, რომელიც ადრე გაზაფხულზე იყო. სატურნიც ახლა საკმაოდ კაშკაშაა.

როგორ დავაკვირდე თანამგზავრებს?

კოსმოსში მფრინავი თანამგზავრი ჩანს როგორც თეთრი ფერის, მცირე ზომის ვარსკვლავი, რომელიც არ ანათებს. თუ მოფრინავს მანათობელი ობიექტი, ეს ხშირ შემთხვევაში თვითმფრინავია. თანამგზავრების ცალკე კატეგორიაა სატელეკომუნიკაციო „ირიდიუმები“. ისინი თავიანთი ანტენების ფორმის წყალობით, უშვებენ კაშკაშა სინათლის სხივებს, რომლებიც ნელა მოძრავი ვარსკვლავებივით გამოიყურებიან. ეს უკანასკნელნი სწრაფად ჩნდებიან, მალევე იწვიან, მცირდებიან და ქრებიან.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს უფრო კაშკაშა ვიზუალი აქვს, ვიდრე სხვა პლანეტებს (ვენერას გარდა). ის არის თეთრი ან მოცისფრო ობიექტი, რომელიც ცის სამხრეთ ნაწილს კვეთს. ხანდახან საერთაშორისო კოსმოსური სადგური შეიძლება შუაგზაზე გაქრეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ის დედამიწის ჩრდილში იმალება. თუ გაგიმართლებთ, შეიძლება დაინახოთ არა მარტო სადგური, არამედ მასთან მიახლოებული სატვირთო ან უპილოტო ხომალდიც. მაშინ ის გამოიყურება როგორც ორი ვარსკვლავი, რომლებიც სიკაშკაშით განსხვავდებიან, მაგრამ ერთ კურსს მიჰყვებიან.

ცაზე ხომ მილიარობით ვარსკვლავია. როგორ უნდა ვისწავლო ეს ყველაფერი და გავიგო, საით გავიხედო?

არ შეშინდეთ, უკვე აღარ გჭირდებათ შესაბამის სახელმძღვანელოებსა და ცნობარებში ქექვა. კომპიუტერის, მობილურისა თუ პლანშეტის შესაბამისი პროგრამები თქვენ მოგცემთ შესაძლებლობას, ღამის ცაზე იოლად ორიენტირდეთ.

პირველ რიგში, კომპიუტერში დააყენეთ პროგრამა Stellarium-ი. საკმარისია მიუთითოთ თქვენი ქალაქი და ის თავად გამოთვლის ვარსკვლავების, პლანეტებისა და თანავარსკვლავედების როგორი განლაგება ჩანს ამა თუ იმ დროს ცაზე. პროგრამას შეუძლია გაჩვენოთ, რომელი თანამგზავრი როდის ჩაიფრენს, თუმცა ხანდახან შეცდომითაც.

Stellarium-ი პლანშეტებსა და სმარტფონებზეც არის გათვლილი. ანდროიდისთვის არსებობს კარგი შეთავაზება Google sky map-ი, iOS-ისთვის კი - StarWalk-ი. ისინი დაახლოებით ასეა მოწყობილი: კამერას მიმართავთ ცის ნაწილისკენ და ეკრანზე ხედავთ მას, თუმცა შემდეგი მონაცემებით - აქ მოცემულია თანავარსკვლავედებისა და პლანეტების დასახელება.

რა ტექნიკაა საჭირო, რომ კოსმოსს დავაკვირდე?

შეგიძლიათ 20-ჯერადი გადიდების მქონე ბინოკლით დაიწყოთ. ის სავსებით საკმარისია, რომ დააკვირდეთ იუპიტერის თანამგზავრს ან ერთმანეთისგან განასხვავოთ საპირისპირო მდებარეობის დროს სატურნის რკალი და საერთაშორისო კოსმოსური სადგური. ბინოკლით შეგიძლიათ ქალაქიდან დაინახოთ ანდრომედეს გალაქტიკა ან დაბურული ორიონი. მთვარე ბინოკლში ფანტასტიკურად ჩანს, განსაკუთრებით ღრუბლების ფონზე. ამ დროს შესაძლებელია მსხვილი კრატერებისა და ზედაპირის საკმაოდ რთული სტრუქტურის განსხვავება, რომელსაც თვალი აღიქვამს როგორც რამდენიმე ლაქას.

მე უფრო მეტის დანახვა მინდა. რა ვქნა?

მაშინ თქვენ დაგჭირდებათ უფრო რთული მოწყობილობა: შტატივიანი ასტრონომიული ბინოკლი ან სამოყვარულო ტელესკოპი. ტელესკოპის არჩევისას, განსაკუთრებულ აქცენტს მის ზომასა და მრავალფეროვნებაზე ნუ გააკეთებთ, თუ მის გამოყენებას ქალაქგარეთ, ბუნებაში არ აპირებთ. აივნიდან ან სახურავიდან დაკვირვებისას არსებით ხარვეზებს წარმოქმნიან ჰაერის თბილი მასები, რომლებიც დაწესებულების კედლებიდან ამოდის. ამიტომაც თუ ძლიერ ტელესკოპზე დაიხარჯებით, თქვენ მისი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილის გამოყენებას შეძლებთ.

შეიძლება თუ არა მზეს ვუყურო?

დიახ, მაგრამ ფრთხილად. მზეზე დაკვირვებისთვის საჭიროა ან მზისგან დამცავი ფირი, ან სპეციალური ტელესკოპი Coronado. ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ მხოლოდ მათი დახმარებით შეიძლება მზის ზედაპირის სტრუქტურის დანახვა. თუკი მზეს დამცავის არმქონე ტელესკოპით დააკვირდებით, შესაძლოა, დაბრმავდეთ და ამ დროს ვერც მზის შავი სათვალე გიშველით.

როგორ გავიგო, როდის ჩაივლის საერთაშორისო კოსმოსური სადგური, თანამგზავრი ან სხვა საინტერესო ობიექტი?

ისევ და ისევ სპეციალური პროგრამის საშუალებით. არსებობს აპლიკაცია, რომელიც ამ მოვლენების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. ამისათვის შეიძლება გამოგადგეთ ვებგვერდები, რომლებიც დაგეხმარებათ თვალყური ადევნოთ კოსმოსურ აპარატებს. სწორედ ამ პროგრამების მეშვეობით ზოგიერთი ვირტუოზი ორიგინალური კადრების ძიებაშია და ცდილობს, ესა თუ ის თანამგზავრი მზის ან მთვარის ფონზე დააფიქსიროს.

როგორი ტექნიკაა საჭირო, რომ კოსმოსი გადავიღო?

ასტროფოტოებისთვის გამოიყენება ნებისმიერი ფოტოაპარატი, რომელსაც ხანგრძლივი ექსპოზიციის დაყენება შეუძლია. ეს ეხება, ფაქტობრივად, ყველა სარკისებურ ნახევარპროფესიულ და პროფესიულ კამერებს. ხანგრძლივი ექსპოზიციის გარდა ეს შეუძლია აპარატს, რომელსაც ბევრი სინათლის შეგროვება შეუძლია, ვიდრე მისი ჩამკეტი გაიხსნება. როდესაც ასეთ ობიექტივს არჩევთ, უნდა ორიენტირდეთ ასო f/-ის შემდეგ ციფრებს. რაც უფრო ნაკლებია ეს მაჩვენებელი, მით უკეთესია დიაფრაგმა, მაგრამ ობიექტივიც ძვირი ღირს. არ არის აუცილებელი ობიექტივი მაინც და მაინც ბრენდული იყოს. შესაბამისი გამოცდილებითა და მონდომებით ძალიან კარგი ასტროფოტოს გადაღებაა შესაძლებელია ნაკლებ ძვირადღირებული აპარატითაც.  

ფოტოაპარატის მეორე მნიშვნელოვანი თვისებაა სინათლისადმი მგრძნობელობა (ISO). რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მეტ დეტალს ხედავს ფოტოაპარატი სიბნელეში, მაგრამ უფრო „ხმაურიანი“ (გარკვეული ხარვეზის მქონე) ფოტოები მიიღება. შესაბამისად, რაც მაღალია ISO და ნაკლებია „ხმაური“, მით უკეთესია.

დღეისათვის ISO-სა და „ხმაურის“ თანხვედრის საუეკეთესო მაგალითებია Sony-სა და Nikon-ის ობიექტივები. რა თქმა უნდა, ასტროფოტოგრაფიისთვის აუცილებელია შტატივი. გადაღების დაწყება შეიძლება ფართოკუთხიანი ობიექტივითა და პანორამული ხედით. ჩვეულებრივი შტატივი და გრძელფოკუსიანი ობიექტივები საშუალებას იძლევა მხოლოდ განათებული ობიექტები გადაიღოთ. მაგალითად, მთვარე და საპირისპირო მხარეს მყოფი პლანეტები. უფრო რთული გადაღებისთვის საჭიროა ფილტრი, ასტროკამერა, დისტანციური მართვის პულტი და სხვა ტექნიკური საშუალებები, რათა კოსმოსის უსასრულობაში აღმოჩნდეთ.

წყარო: Meduza

სხვა თემები