17 მაისი 2019 - 18:00

ვენეციის წლევანდელი ბიენალეს ყველაზე საინტერესო ნამუშევრები

სპექტაკლი „ზღვა და მზე“, ლიტვური პავილიონი

სპექტაკლი „ზღვა და მზე“, ლიტვური პავილიონი

ფოტო: კადრი სპექტაკლიდან

11 მაისს ვენეციის ბიენალე გაიხსნა. ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის წლევანდელი თემაა „გეცხოვროთ საინტერესო დროს“ (May you live in interesting times). 58-ე ბიენალეს კურატორია ლონდონის თანამედროვე ხელოვნების გალერეის დირექტორი რალფ რუგოფი. გამოფენის მთავარი პრიზი „ოქროს ლომი“ საუკეთესო ეროვნული პავილიონისთვის მიიღო ლიტვამ, რომელმაც ეკოლოგიური ოპერა-სპექტაკლი „მზე და ზღვა“ წარადგინა. საუკეთესო მხატვრად ამერიკელი რეჟისორი არტურ ჯაფა ფილმისთვის „თეთრი ალბომი“ დასახელდა. ბიენალეზე წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება დაინტერესებულ პირებს ვენეციაში მიმდინარე წლის 24 ნოემბრამდე შეუძლიათ. იქამდე კი ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის გამორჩეულ და საინტერესო პავილიონებს გაგაცნობთ.

ლიტვის პავილიონი: ეკო-ოპერა „მზე და ზღვა“, რომელშიც მონაწილეობა მაყურებლებსაც შეუძლიათ

სპექტაკლი „ზღვა და მზე (მარინა)“ ლიტვურ პავილიონში/ANDREA MEROLA

„ოქროს ლომის“ მფლობელი პავილიონის მხატვარი და კომპოზიტორია ლინა ლაპელიტე, დრამატურგი - ვაივა გრაინიტე, თეატრალური რეჟისორი კი - რუგილე ბარჯუკაიტე. ექსპერიმენტული ოპერა ეკოლოგიურ თემაზეა შექმნილი. ინსტალაციაში 20 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს. ისინი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს განასახიერებენ: სწრაფად შლიან პირსახოცს, ფურცლავენ წიგნს და სოციალურ ქსელებში აქტიურობენ. მაყურებლები მათ ზემოდან დაჰყურებენ - „მზის გადმოსახედიდან,“ - როგორც ავტორები განმარტავენ.

წარმოდგენის პერსონაჟები თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან. საბოლოოდ სოლო შესრულებები ხოროში გადაიზრდება. დამსვენებლები მხოლოდ მათ პირად პრობლემებზე კი არ მღერიან, არამედ მსოფლიოში არსებული რესურსების ამოწურვაზე. მაგალითისთვის, ახალგაზრდა კაცი დიდი გულისტკივილით ჰყვება, რომ შობას თოვლის გარეშე შეხვდა, მდიდარი ქალი კი „უფერულ და ფერმკრთალ“ დიდ ბარიერულ რიფზე ლაპარაკობს. აქ პლანეტის მთავარ პრობლემად ადამიანის სიზარმაცე და უმოქმედობაა დანახული. ლიტვის პავილიონი ვენეციის ბიენალეზე 2019 წლის 31 ოქტომბრამდე იქნება წარმოდგენილი, თავად პერფორმანსი კი, რომელშიც თავად მაყურებლებსაც შეუძლიათ მონაწილეობა, მხოლოდ შაბათობით იმართება.

ბელგიის პავილიონი: „ძაღლური სამყარო“ - გასეირნება ევროპაში

ინსტალაცია „Mondo Cane“ ბელგიის პავილიონში

ჟიურის სპეციალური ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა ბელგიის პავილიონი პროექტით „Mondo Cane” („ძაღლური სამყარო“). ინსტალაციის ავტორები მხატვრები იოს დე გრიუტერი და ჰაროლდ ტისი არიან. პავილიონი ორ ნაწილად არის გაყოფილი: ცენტრში განთავსებულია ფიგურები, რომლებიც ხელოსნებს განასახიერებენ, გისოსებს მიღმა კი პარალელური ინსტალაციაა, რომელსაც „გიჟები, მარგინალები და პოეტები“ წარმოადგენენ. ეს ორი სამყარო არასდროს იკვეთება. „პავილიონი გვახსენებს ევროპას, გვთავაზობს რა გასეირნებას, რომელიც ჰგავს ტურისტულ და ანთროპოლიგიურ გამოცდილებას“, -  განმარტავენ პროექტის ავტორები.

ამერიკული ფილმი „თეთრი ალბომი“ რასიზმის შესახებ

არტურ ჯაფის ფილმის „თეთრი ალბომი“ ჩვენება/Francesco Galli / La Biennale di Venezia

წლევანდელი გამოფენის საუკეთესო მხატვარია შავკანიანი ამერიკელი კინემატოგრაფისტი არტურ ჯაფა. მან ოქროს ლომი მიიღო 50-წუთიანი ფილმისთვის „თეთრი ალბომი“ („The White Album“), რომელიც რასობრივ პრობლემებს ეხება. ეს ვიდეოსესია მუსიკალური კლიპებისა და  ტელეგადაცემების ფრაგმენტებს, ვირუსულ ვიდეორგოლებს, დოკუმენტური ფილმების ნაწყვეტებსა და რეჟისორის მიერ გადაღებულ მასალებს აერთიანებს. თავის ნამუშევარში არტურ ჯაფა თეთრკანიანთა ძალაუფლების მასშტაბს, ისტორიაში მათ როლსა და რასობრივ პრობლემებზე ამ ადამიანების ზეგავლენას ასახავს.

სხვა საინტერესო ნამუშევრები

ჩინელმა ხელოვანებმა სუნ იუანმა და პენ უიმ ცენტრალურ პავილიონში წარმოადგინეს ინსტალაცია სახელწოდებით „Can’t help myself”. ეს არის აკვარიუმში მოთავსებული რობოტი, რომელიც სისხლის უზარმაზარ გუბეს მოცულობაში გაზრდის საშუალებას არ აძლევს. ამ მექანიზმს 32 მოქმედების შესრულება შეუძლია, მაგრამ სისხლი ძალიან ბევრია და ის მაინც ჟონავს. ასე რომ, რობოტი იძულებულია თავისი სამუშაო ისევ და ისევ განაახლოს.

ტერეზა მორგოლესის ინსტალაცია „Muro Ciudad Juárez“/Mirco Toniolo/ Scanpix/LETA

მექსიკელი მხატვრის, ტერეზა მორგოლესის პროექტი „Miro Ciudad Juárez” ბეტონის ბლოკებისგან აგებულ კედელს წარმოადგენს. ადრე ის მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური ქალაქის (სიუდად-ხუარესი, მექსიკა) სკოლის ეზოში იდგა. მის მოპირდაპირე მხარეს ორგანიზაციული დანაშაულის წევრთა მიერ მოკლული 4 ადამიანის გვამი დევს. ამ ნამუშევრისთვის მორგოლესმა ჟიურის სპეციალური ნომინაციის ჯილდო მიიღო. ამავე კატეგორიაში გაიმარჯვა ნიგერიელმა მხატვარმა ოტობონგ ნკანგამ, რომელიც ანტვერპენში ცხოვრობს. მისი ნამუშევრის სახელწოდებაა „Veins Aligned". ინსტალაციაში წარმოდგენილი ვენა მარმარილოსა და მურანის შუშისგან არის დამზადებული და  26 მეტრის სიგრძისაა.

ოტობონგ ნკანგას ინსტალაცია „Veins Aligned“/Mirco Toniolo/Vida Press

შვეიცარიელ-იტალიელი მხატვარი ქრისტოფ ბიუხელი თავისი მასშტაბური ინსტალაციებით არის ცნობილი. ხელოვანმა ვენეციის ბიენალეზე წარადგინა მეთევზეების ნავი, რომელიც 2015 წელს ლიბიიდან იტალიაში მიცურავდა და გზაში ჩაიძირა. ბორტზე დაახლოებით 800 ლტოლვილი იმყოფებოდა, თუმცა ის მხოლოდ 15 ადამიანზე იყო გათვლილი. პროექტს “Barca nostra” („ჩვენი ნავი“) ეწოდება.

ქრისტოფ ბიუხელის „Barca nostra“/Mirco Toniolo/Scanpix/LETA

ქართული პავილიონი „REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“

ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანმა, ანნა კ.ე.-მ ნამუშევრით „REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“ წარადგინა. მასთან ერთად პროექტზე კურატორი მარგო ნორტონი მუშაობდა.

Anna K. E./საქართველოს კულტურის სამინისტრო 

კონცეფციის მიხედვით, სტრუქტურის ზედაპირზე უსისტემოდ მიმოფანტულია პოლირებული რკინისგან დამზადებული ონკანების მსგავსი სკულპტურული ობიექტები, რომლებშიც წყალი განუწყვეტლივ ცირკულირებს. იდეის ავტორმა ამ ელემენტებით ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ სუბსტანციაზე გააკეთა აქცენტი. წყალი ხომ მარადიულობის, განწმენდისა და ენერგიის სიმბოლოა. ვერცხლისფერი ონკანების იეროგლიფური ფორმები ქართული ასომთავრული ანბანის პროტოტიპებია.

„REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“-ისთვის ავტორი ასომთავრულით ინგლისურ სიტყვას „deranged“ მარცვლავს ისე, რომ ქართულად არ თარგმნის. ვენეციის ბიენალეს კონცეფციასთან თანხვედრაში, Anna K.E. ენის სტრუქტურასა და თარგმანს ეჭვქვეშ აყენებს. სიტყვა „deranged“ თავის მხრივ ნიშნავს რაღაცას, რაც ირაციონალური და არასტაბილურია, არასწორად თარგმნილი ან „ალტერნატიული ფაქტი“, რომელიც არღვევს კავშირს ენას, ფორმასა და პერცეფციას შორის. საქართველოს ეროვნული პავილიონისათვის 74 კვადრატული მეტრი ფართობის სივრცე ვენეციის ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში - „არსენალეზეა" გამოყოფილი. 

ვენეციის ბიენალეზე, რომელიც 1895 წელს დაარსდა და უკვე საუკუნეზე მეტია, ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ცენტრად ითვლება, საქართველომ პირველად მონაწილეობა 2007 წელს მიიღო.

სხვა თემები