24 მაისი 2019 - 19:26

როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის?

ფოტო: Shutterstock.com

გამოცდების მოახლოებასთან ერთად ემოციების მოჭარბება და კონცენტრირების პრობლემები იწყება. თუმცა არსებობს სხვადასხვა გზა, რომ თქვენი მეხსიერება, კონცენტრაციის უნარი და განწყობა გაიუმჯობესოთ. ნეირობიოლოგების, ფსიქოლოგების, დიეტოლოგების, პედაგოგებისა და თავად სტუდენტების რეკომენდაციების საფუძველზე BBC-მ 12-პუნქტიანი ინსტრუქცია მოამზადა.

#1. თქვენი ტვინისთვის აუცილებელია საუზმე!

ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ენერგია. ტვინის კონცენტრაციის უნარი კი პირდაპირ არის დამოკიდებული ადეკვატურ, მდგრად რეზერვზე, რომელიც გლუკოზის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც სწავლობენ და ამავდროულად, რეგულარულად საუზმობენ, გამოცდებზე საუკეთესო შედეგს აჩვენებენ. ეს იმით აიხსნება, რომ მათთვის გაცილებით იოლია კონცენტრირება და ინფორმაციის დამახსოვრება.

ამიტომ, დღე დაიწყეთ ნახშირწყლებით, რომლებიც მთელი დილის განმავლობაში ენერგიას ნელ-ნელა გამოყოფენ. ეს არის შვრიის ფაფა, ხორბლის პური ან მიუსლი შაქრის დაბალი შემცველობით. თუმცა თქვენი რაციონი ცილითაც უნდა შეავსოთ. სასურველია მცირე ოდენობით რძე, იოგურტი ან კვერცხი. სცადეთ ტვინისთვის სასარგებლო საკვების მიღება. ეს არის კვერცხი, ცხიმიანი თევზი (სკუმბრია და ორაგული, რომლებიც ომეგა 3-ით არის მდიდარი), კომბოსტო, ბროკოლი, ისპანახი (საერთოდ მუქი მწვანე ფერის ფურცლოვანი ბოსტნეული), პომიდორი და ავოკადო.

სასმელს, რომელშიც ანტიოქსიდანტები და ანტოციანებია, თქვენს მეხსიერებას და გუნება-განწყობას მოკლე დროით გააუმჯობესებს. კვების რაციონში შეგიძლიათ ჩართოთ მოცვი, მარწყვი, თხილი,ზეთისხილი, გოგრის თესლი და შავი შოკოლადი, რომლებიც თქვენს ორგანიზმსა და გონებას კვებავენ.

#2. გამოცდისთვის მომზადება დილით ადრე დაიწყეთ!

გამოცდისთვის მზადება ტესტირების თარიღამდე დიდი ხნით ადრე დაიწყეთ - ეს დაგეხმარებათ უფრო მშვიდად იგრძნოთ თავი და მასალის ნაჩქარევად დაზეპირებაც არ მოგიწევთ. ეცადეთ, იმეცადინოთ დილაობით, როდესაც თქვენი ტვინი დასვენებული და განახლებულია. სასწავლო მასალის დიდი ნაწილი არ მოიტოვოთ დღის მეორე ნახევრისთვის, როცა დიდი ალბათობით თქვენ ძალიან დაღლილი იქნებით ან გადაწყვეტთ, გვიანობამდე იმუშაოთ. უმჯობესია, თუ თქვენი მეცადინეობის განრიგს ზუსტად გაწერთ და ეცდებით მაინც, სწავლა ერთსა და იმავე დროს დაიწყოთ და დაასრულოთ.

#3. გადაწყვიტეთ, რაზე ორიენტირდებით!

სხვადასხვა ტიპის გამოცდას განსხვავებული მიდგომა სჭირდება. პირველ რიგში, ფორმატი უნდა გაარკვიოთ და მაშინ ზუსტად გეცოდინებათ, როგორ უნდა მოემზადოთ. თუკი ესეს წერა გევალებათ, თქვენთვის აუცილებელია ამა თუ იმ საკითხის აქტუალობის შეფასება და მისი სიღრმისეულად შესწავლა. პასუხების რამდენიმე ვარიანტის მქონე ტესტი კი საგნის უფრო მასშტაბურ ცოდნას მოითხოვს.

#4. შეადგინეთ განრიგი!

ეს შეიძლება დამღლელად მოგეჩვენოთ, მაგრამ კომპლექსური გეგმის შედგენა დროს მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ. წუთსაც კი არ დაკარგავთ იმაზე ფიქრში, რა უნდა ისწავლოთ და ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენს პროგრესს თვალი ადევნოთ. შეადგინეთ რაც შეიძლება დეტალური განრიგი და მკაცრად დაიცავით. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ, გამოყოთ დრო ადამიანებთან კომუნიკაციისთვის, სპორტული აქტივობისა და შესვენების სხვა ნებისმიერი ფორმისთვის.

#5. ინტერვალი, შესაძლოა, თქვენი საუკეთესო მოკავშირე იყოს!

თქვენი მეცადინეობის დრო პერიოდებად დაყავით და დაზეპირებაზე არც კი იფიქროთ. უმჯობესია, 10 დღის განმავლობაში თითო საათს იმეცადინოთ, ვიდრე 1 დღეში 10 საათი დაიტვირთოთ. ინფორმაციის დასამახსოვრებლად დრო გჭირდებათ, თუმცა დადასტურებულია, რომ ინტერვალების მეთოდი მეტ-ნაკლებად ეფექტიანია. სეანსებს შორის შესვენებები მოგცემთ შესაძლებლობას, შესწავლილი მასალა დაივიწყოთ და ისევ გაიხსენოთ. ამ სტრატეგიას სპეციალისტები ყველაზე საიმედოდ თვლიან.

გაითვალისწინეთ, რომ ის, რაც გამოცდის ერთ ტიპს შეესაბამება, მეორის შემთხვევაში შეიძლება არც ისეთი ეფექტიანი იყოს. დამახსოვრების სხვა მეთოდებია ფლეშ-რუკები, რომლებიც პერიოდულ განმეორებას გულისხმობს, ასოციაციური რუკები, ჯგუფური მუშაობა, საკუთარი საუბრის ჩაწერა და შემდეგ მოსმენა. ამიტომ კარგია მეცდინეობის დილით დაწყება. ეს მოგცემთ შესაძლებლობას, გამოსცადოთ, რომელი მეთოდია თქვენთვის ყველაზე სასარგებლო. თქვენს დროსა და ფულს ნუ დახარჯავთ ფერად-ფერად მარკერებში. კვლევებით დასტურდება, რომ მათი როლი სწავლების პროცესში მინიმალურია.

#6. გამოსცადეთ საკუთარი თავი!

წამყვანი ნეირობიოლოგებისა და ფსიქოლოგების აზრით, საკუთარი თავის გამოცდა, შესაძლოა, ინფორმაციის გათავისების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი იყოს. ეს ტექნიკა თქვენ გეხმარებათ კონცეფციის გაგებასა და არა მხოლოდ მის დაზეპირებაში. ეს მეთოდი ეფექტიანია თქვენს ცოდნაში არსებული ხარვეზების აღმოსაჩენად. საკუთარი თავის შემოწმების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი არის საცდელ ტესტებზე პრაქტიკის გავლა ან მასალის შესწავლის შემდეგ საკონტროლო კითხვებზე პასუხის გაცემა.

#7. გახდით მასწავლებელი!

მას შემდეგ, რაც ყველაფერს ისწავლით და საკუთარი ცოდნასაც შეამოწმებთ, ეს მასალა სხვა ადამიანს ასწავლეთ! პედაგოგის პროფესიის მორგება კარგად აპრობირებული ტექნიკაა, რომელიც „პროტეჟეს ეფექტით“ არის ცნობილი. ეს თქვენს მეხსიერებასა და დამახსოვრების უნარს წაახალისებს.

#8. ტელეფონი გადამალეთ!

ტელეფონი საჭიროა, მაგრამ არა მუშაობის დროს. სოციალური ქსელების ცდუნება ძალიან მაღალია და განცდა „რამე მნიშვნელოვანი არ გამომრჩეს“ მუდმივად შეგაწუხებთ. დიდი ხნის წინ დადასტურდა, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებთ ტელეფონთან, მით უფრო დაბალია თქვენი საგამოცდო შედეგი. თავს ნუ მოიტყუებთ, რომ ტელეფონს მაგიდაზე დადებთ და არ შეეხებით. კვლევები ადასტურებს, რომ ხედვის არეალში სმარტფონის ქონა საკმარისია იმისთვის, რომ თქვენი კონცენტრაცია დაირღვეს.

#9. ნაკლები მუსიკა, მეტი სიჩუმე!

აბიტურიენტები და სტუდენტები, რომლებიც მშვიდ სიტუაციაში მეცადინეობენ, მასალას უკეთ იმახსოვრებენ, ვიდრე ისინი, ვინც სწავლის პროცესში მუსიკას უსმენენ. ეს რჩევა განსაკუთრებით რეკომენდებულია ინტროვერტებისთვის, რადგან მუსიკა მათ ყურადღებას უფრო ფანტავს, ვიდრე ექსტროვერტებისას.

#10. აუცილებელია რეგულარული შესვენებები, სუფთა ჰაერი და ფიზიკური დატვირთვა!

ეფექტიანი მეცადინეობა შესვენების გარეშე შეუძლებელია. სასწავლო სესიებს შორის ინტერვალები მასალის უკეთ დამახსოვრების შანსს გაზლევთ. ფიზიკური აქტიურობა სისხლის მიმოქცევას არეგულირებს, ტვინს მეტი ჟანგბადი მიეწოდება და მას უკეთ ფუნქციონირებაში ეხმარება. ეს არის სწორედ ის, რაც თქვენ გამოცდების პერიოდში გჭირდებათ. რეგულარული ფიზიკური დატვირთვა თქვენს ემოციურ ფონსაც დაარეგულირებს და თვითშეფასებას აგიმაღლებთ. სუფთა ჰაერზე გასეირნებაც მეტი ენერგიით აგავსებთ და მეცადინეობასაც უფრო ნაყოფიერად განაგრძობთ.

#11. დაიძინეთ!

გამოცდის წინა ღამეს კარგად უნდა გამოიძინოთ, თუმცა ეს წესი მომზადების მთელ პერიოდსაც ეხება. გონივრულ დროს დაძინება გულისხმობს, რომ თქვენ მეცადინეობის დაწყებას დილიდანვე შეძლებთ, კარგად დასვენებულები კი შედგენილ განრიგსაც ზუსტად დაიცავთ. ზოგჯერ ღამე მეცადინეობა გარდაუვალია, მაგრამ ეცადეთ, მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდე შეამციროთ. ძილის რეჟიმი დაიცავით და ღამის საათებში ტელეფონებს და კომპიუტერების ეკრანებს ერიდეთ.

#12. იყავით მშვიდად და განეწყვეთ პოზიტიურად!

თქვენ უკვე რეკომენდაციების მთელი დასტა გაქვთ, ახლა შეეცადეთ, დამშვიდდეთ, პოზიტიურად განეწყოთ და მიჰყევით ამ რჩევებს. თუ ცუდი დღე გქონდათ, შეეცადეთ არ აისახოს ის მომდევნო დღის მეცადინეობის ხარისხზე. არ დაგავიწყდეთ, გამოცდების დასრულების შემდეგ საკუთარი თავის შექება და დაჯილდოება!

სხვა თემები