05 ივნისი 2019 - 19:09

ჩემი შვილი ხალხმრავალ ადგილებში ჭირვეულობს. როგორ მოვიქცე?

ჭირვეული

ფოტო: shutterstock.com

ბავშვის თანხლებით დიდ მაღაზიებში საყიდლებზე სიარული, თვითმფრინავით ან მატარებლით მგზავრობა გარკვეული სტრესია როგორც თავად პატარასთვის, ასევე თქვენთვის და გარშემომყოფთათვის. როგორც წესი, ასეთ მოვლენას, წინასწარ ვგეგმავთ. ამიტომ მოსამზადებლად დროც და ინსტრუქციაც არსებობს.

წინასწარ აუსხსენით ბავშვს, რას უნდა ელოდოს!

პირველ რიგში, მთავარია, ბავშვს აუხსნათ, რა ელის მას და რატომ არის ეს მისთვის საჭირო. შეეცადეთ, განსაკუთრებული აქცენტი ამ მოვლენის გარკვეულ თავისებურებებზე გააკეთოთ. ეს შეიძლება მისთვის დამატებით მოტივაციად იქცეს. დააინტერესეთ ბავშვი იმით, თუ როგორ არის თვითმფრინავი ან მატარებელი მოწყობილი, უამბეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ილუმინატორიდან გადახედოს ქალაქს ან სუპერმარკეტის ურიკით გაისეირნოს, უჩვეულო საკვები დააგემოვნოს და ა.შ.

დაგეგმილი მოვლენა ბავშვთან ერთად განიხილეთ. მოუყევით მას მისგან რა მომენტში რას მოითხოვთ, ყველა ერთად რას გააკეთებთ და თქვენ გარდა კიდევ ვინ იქნება. განავითარეთ სათამაშოების დახმარებით რამდენიმე შესაძლო სცენარი, აუხსენით და განიხილეთ ამ სიტუაციის ყველა შესაძლო მონაწილის გრძნობები და რეაქციები.

მოიფიქრეთ, რითი დააინტერესებთ ბავშვს!

ყველაზე რთული ბავშვის სადმე წაყვანა, როდესაც ის თავს ცუდად გრძნობს. არ არის აუცილებელი, რამე სტკიოდეს, ნებისმიერი დისკომფორტი საკმარისია. მაგალითად, თუ ბავშვი მშიერია ან სწყურია და შესაბამისად, აღგზნებულიცაა, ამავდროულად, იძულებულია შეზღუდულ სივრცეში იყოს, ის აუცილებულად დაიწყებს ჭირვეულობას და იტირებს. ამიტომ, როდესაც ბავშვთან ერთად „დღის სინათლეზე“ გასვლას გეგმავთ, ეს მის დღის რეჟიმს შეუთავსეთ, ან პირიქით, განრიგი მოსალოდნელი მოვლენის შესაბამისად შეუდგინეთ. მთავარია, რომ გადამწყვეტი მომენტისთვის ბავშვი იყოს დაწყნარებული და დასვენებული; შესაძლოა, დააძინოთ კიდეც, თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ. აუცილებლად იქონიეთ თან მისთვის ჩვეული საკვები და სასმელი. 

ნებისმიერ ბავშვს სჭირდება აქტიურობა, უფრო მეტიც, მოძრაობა და მოქმედება. სწორედ ეს არის მისი უპირველესი ფიზიოლოგიური მოთხოვნა. თუ ბავშვს შეზღუდავთ, ეს უმალ აისახება მის ქცევაზე. ასე რომ, მნიშვნელოვანია, მოიფიქროთ, დროებით რითი დააკავებთ მას, როდესაც ერთ ადგილზე ჯდომა მოუწევს. ამ დროს უმჯობესია, გართობის ალტერნატიული საშულება უკვე მოფიქრებული გქონდეთ. ბავშვს შეუქმენით მაქსიმალურად კომფორტული გარემო, მიეცით მას საშუალება ირბინოს და იხტუნაოს იქ, სადაც ამის საშუალებაა, უსაფრთხოა და ხელს არავის შეუშლის.

თავადაც კარგ ფორმაში უნდა იყოთ!

ამ მნიშვნელოვან მოვლენამდე დაისვენეთ და გამოიძინეთ. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს მატარებლით ქალაქგარეთ გასვლა თუ თვითმფრინავით მგზავრობა. მაღაზიაში არ წახვიდეთ დაღლილ ბავშვთან ერთად და მასთან საუბარს გამგზავრების წინა ღამემდე ნუ გადადებთ. ეს ორივე თქვენგანისთვის დიდი სტრესია და თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გადალახავთ მას.

ბავშვები მშობლების ემოციურ მდგომარეობას ძალიან კარგად გრძნობენ, ამიტომ თქვენი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა მას ძალიან ეხმარება, მღელვარება და დაძაბულობა კი - პირიქით. თუ თქვენ მარტო არ მიდიხართ, გაარკვიეთ, შეძლებენ თუ არა თქვენი თანამგზავრები ბავშვთან დაკავშირებით დაგეხმარონ, არიან თუ არა ამისთვის მზად - ყველაფერზე წინასწარ მოილაპარაკეთ, რომ მერე ეს მათთვის სიურპრიზი არ აღმოჩნდეს.

გახსოვდეთ, რომ თქვენ და თქვენი შვილი საზოგადოების ნაწილი ხართ!

ჩვენი საზოგადოება მხოლოდ „კომფორტული“ ზრდასრული ადამიანებისგან არ შედგება. აქ არიან ასაკოვანი ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც მეტი სივრცე სჭირდებათ, ფეხმძიმე ქალები, რომელთათვისაც ფეხზე დიდხანს დგომა ძალიან რთულია და ბავშვები, რომელთაც გაჩუმება და უმოქმედოდ ჯდომა არ შეუძლიათ. ყველა ამ ადამიანს აქვს თანაბარი უფლებები, ზოგიერთ მათგანს კი - განსაკუთრებული მოთხოვნილებები და მათ პატივი უნდა ვცეთ. ბავშვებმაც უნდა იცოდნენ, რომ გარშემომყოფებისადმი ყურადღებით იყვნენ, ესმოდეთ, რომ სხვა ადამიანებსაც აქვთ უფლება მშვიდად ისხდნენ ან დაიძინონ.

მშობლები ხანდახან უკიდურესობებში ვარდებიან. ზოგიერთი მათგანი თავისი შვილის კომფორტს ყველასა და ყველაფერზე მაღლა აყენებს. სხვა მშობლებს კი, ეშინიათ რა გარშემმყოფთა განსჯის, სჯიან შვილს და უყვირიან მას. ამ ყველაფრის მიღმა დგას სირცხვილის ავადმყოფური შეგრძნება. საკუთარი უფლებების ცოდნა და ამასთანავე, გარშემომყოფთა მიმართ ყურადღებით ყოფნა არის სწორედ ოქროს შუალედი, რომელსაც ყველა მშობელი უნდა ესწრაფვოდეს. მოკლედ, გაითვალისწინეთ თქვენი შვილის უფლებები, მოთხოვნები და თავისებურებები, მაგრამ ანგარიში გაუწიეთ გარშემომყოფთა ინტერესებს და ეს მიდგომა ბავშვსაც ასწავლეთ.

ყოველთვის გქონდეთ გეგმა „ბ“!

თუ პროცესი ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით განვითარდა და ბავშვი ისტერიკაში ჩავარდა (ან ეს წუთი-წუთზე მოხდება), ეს ნიშნავს, რომ მან თვითკონტროლი დაკარგა, ის ემოციებმა და დაღლილობამ მოიცვა. ამ დროს თქვენი უმთავრესი დავალებაა სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ის ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოთ. ბავშვს რომ დაეხმაროთ, მის გვერდით დარჩით და ესაუბრეთ მას. აჩვენეთ, რომ გესმით და იგებთ მის განცდებსა და სურვილებს: „მესმის, რომ ლოდინი მოგბეზრდა, ფეხები დაგეღალა და ალბათ ახლა სახლში ყოფნა გინდა“. ეცადეთ, რომ თანაგრძნობით და მშვიდად ესაუბროთ. ხმას არ აუწიოთ, მაგრამ მტკიცედ უმეორეთ თქვენი სიტყვები, მოეხვიეთ და მსუბუქად მოჰკიდეთ ხელი.

არავითარ შემთხვევაში დასჯით არ დაემუქროთ. მაგალითად, არ უთხრათ, რომ თუ კარგად არ მოიქცევა, დატოვებთ. თუ ბავშვი თქვენ გისმენთ და გპასუხობთ, ესე იგი ის მზად არის კომპრომისისთვის. ამ დროს უნდა უთხრათ: „ჩვენ გავივლით ამ რიგს. მერე ჩავსხდებით ავტობუსში/თვითმფრინავში/მატარებელში, სადაც შეძლებ დაჯდომას და დასვენებას, მერე კი მალე ვიქნებით სახლში, სადაც თამაშს შეძლებ“.

გარშემომყოფებს არ ეკამათოთ!

სტრესულ სიტუაციებში, განსაკუთრებით კი როდესაც ეს დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, ბევრი ადამიანი თვითკონტროლს კარგავს და მცირე დისკომფორტზეც კი ემოციურად რეაგირებს. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში ხართ არა მარტო თქვენ, არამედ გარშემომყოფებიც. თქვენმა მზადყოფნამ, სიტუაცია განმუხტოთ, შესაძლოა, მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედოს. საამისოდ არსებობს ფრაზები: „უკაცრავად, რომ ბავშვმა თქვენი სავარძელი შეარყია. მესმის, რომ ეს ძალიან არასასიამოვნოა. ის აღარ გაიმეორებს“.

თუ ბავშვი ხმაურობს და ტირის, ყოველთვის მოიძებნებიან არამკითხე მრჩეველები, რომლებმაც „უკეთ იციან“, როგორ უნდა მოექცეთ ბავშვს. მათთვის საკმარისია მშვიდი პასუხი: „დღეს ბავშვს მძიმე დღე აქვს, ის ძალიან დაიღალა, ამიტომაც ყვირის. უკაცრავად, თუ ხელი შეგიშალეთ!“ ან „გმადლობთ, დახმარება არ გვჭირდება. თავად გავუმკლავდებით!“ ამავდროულად ნუ მოგერიდებათ დახმარების მიღება, იქნება ეს წყალი ან სველი ხელსახოცი, თუ ის გჭირდებათ, რა თქმა უნდა. არასდროს დართოთ ნება გაშემომყოფებს, რომ ბავშვი შეაშინონ. შეგიძლიათ მშვიდად უპასუხოთ, რომ ეს საჭირო არ არის. თუ ეს მოხდა, თქვენ პატარას უთხარით: „ვერავინ შეძლებს შენს წაყვანას“. თუ ვინმე ეტყვის: „როგორი ცუდი გოგონაა, რადგან ტირის“, უნდა უპასუხოთ: „ის ძალიან კარგი გოგონაა, უბრალოდ ახლა თავს კარგად არ გრძნობს.“ ასეთ სიტუაციებში საუკეთესო გამოსავალია თქვენი სიმშვიდე, თავდაჯერებულობა და თავაზიანობა, მაგრამ მტკიცე პოზიცია ყოველთვის უნდა დააფიქსიროთ.

სხვა თემები