27 მაისი 2019 - 23:14

როგორ შევარჩიო ფსიქოთერაპევტი?

ფსიქოთერაპევტი

ფოტო: shutterstock.com

საკუთარ ემოციებსა და განცდებთან გამკლავება არც ისე მარტივია. ამისათვის ხშირად ადამიანები სპეციალისტს მიმართავენ. ვინ არის ფსიქოთერაპევტი, რა კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ ის და კონკრეტულად რაში დაგვეხმარება?

ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგი ერთი და იგივეა?

ეს საკმაოდ რთული კითხვაა, რადგან სიტყვა „ფსიქოთერაპევტის“ გამოყენების ორი ტრადიცია არსებობს. ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ფსიქოთერაპევტებად იწოდებიან მხოლოდ ექიმი-ფსიქიატრები, რომლებმაც მედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდი გაითავისეს (მაგალითად, სამედიცინო ჰიპნოზი). სხვები კი ფიქრობენ, რომ ფსიქოთერაპიული დახმარება შეუძლიათ ფსიქოლოგებს, რომლებიც ფსიქოთერაპიის (და არა მედიცინის) ერთ-ერთი მიმართულებით არიან მომზადებულები და პაციენტებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.

და რითი განსხვავდება ფსიქოთერაპევტი ფსიქოლოგისგან?

ფსიქოთერაპევტს უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგის განათლება, მაგრამ ყველა ფსიქოლოგმა არ იცის ფსიქოთერაპევტის მუშაობის სპეციფიკა. ფსიქოლოგს შეუძლია კვლევა აწარმოოს. მაგალითად, შეისწავლოს ის, თუ როგორ არის ადამიანის ფიქრი და მეხსიერება მოწყობილი, დიდი და პატარა ჯგუფების ფსიქოლოგია რითი განსხვავდება ერთმანეთისგან და ადამიანის პიროვნებას რა თავისებურებები ახასიათებს. ფსიქოლოგს ასევე შეუძლია შეარჩიოს ამა თუ იმ ორგანიზაციისთვის საჭირო კადრი და სხვ.

რატომ უნდა წავიდე ფსიქოთერაპევტთან?

ამისთვის ბევრი საბაბი და მიზანი არსებობს. ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია ადამიანს სჭირდება, თუ გრძნობს, რომ მისი უსიამოვნო შეგრძნებები რაღაც დროის განმავლობაში გრძელდება. მაგალითად, თქვენ გაწუხებთ, რომ თანამშრომლის შემთხვევით შენიშვნას ვერ ივიწყებთ, თქვენი ურთიერთობა მეუღლესთან ვერ ლაგდება, თქვენი შვილის ნათქვამზე მძაფრი რეაქცია გაქვთ და მომენტალურად ყვირილს იწყებთ და ა.შ.

საერთოდ რა არის ფსიქოთერაპია?

სიტყვასიტყვით ეს „სულის მკურნალობას“ ნიშნავს. თანამედროვე ფსიქტოთერაპია არის სპეციალისტის საუბარი ერთ ან რამდენიმე ადამიანთან. ფსიქოთერაპევტს ისე მიჰყავს დიალოგი, რომ თქვენ პრობლემის დაძლევაში დაგეხმაროთ. მას აქვს თავისი მუშაობის ლოგიკა და პაციენტთან ურთიერთობის საკუთარი სტილი. სწორედ ამით განსხვავდება ფსიქოთერაპია მეგობრებთან დიალოგისაგან. ლოგიკისა და სტილის არჩევა კი დამოკიდებულია ფსიქოთერაპიის სახეობაზე, ფსიქოთერაპიის სკოლის იმ პრინციპებსა და მეთოდებზე, რომელსაც სპეციალისტი განეკუთვნება.

მაშასადამე, ფსიქოთერაპია მხოლოდ საუბარია?

არა. საუბრის პარალელურად ფსიქოთერაპევტები სპეციალურ ვარჯიშებს იყენებენ, სიმულაციურ სიტუაციებს ქმნიან, ხუმრობენ და პაციენტებს საშინაო დავალებებსაც კი აძლევენ. მაგალითად, ფსიქოთერაპევტმა თქვენ შეიძლება გთხოვოთ წარმოიდგინოთ, რომ ცარიელ სკამზე თქვენი ახლობელი ზის და მასთან ისაუბროთ. შესაძლოა, დაგჭირდეთ თქვენი აზრების ჩაწერა მაშინ, როდესაც გაქვთ მძიმე ემოციური ფონი, რომლისგანაც გათავისუფლება გინდათ. მთავარია, რომ ფსიქოთერაპევტმა ზუსტად იცოდეს, რისთვის გჭირდებათ თქვენ ეს ყველაფერი და თავისი განრიგიც ზედმიწევნით ჰქონდეს გაწერილი. სხვა შემთხვევაში ის პროფესიონალი არ არის.

ფსიქოთერაპია ეფექტიანია?

დიახ, ამას ბევრი კვლევის შედეგი მოწმობს. ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ დეპრესიისა და ფსიქიკური აშლილობის მკურნალობას ფსიქოთერაპიით ყველა ასაკობრივი კატეგორიისა და სოციალური ფენის წარმომადგენლებში ძალიან კარგი შედეგი აქვს. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ ფსიქოთერაპიის განსხვავებული მეთოდები სხვადასხვა შედეგზეა ორიენტირებული. მაგალითად, ქცევითი თერაპია პაციენტს კლინიკური სიმპტომებისა და ფობიის დაძლევაში ეხმარება ან შესაძლოა, ქცევის შეცვლისკენაც იყოს მიმართული. სისტემური ფსიქოთერაპია მიზნად ფუნქციურ ცვლილებას ისახავს. მაგალითად, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი იყო და მოგვარდა. თუმცა გარკვეულ მიდგომებში მიზნობრიობის ცვლილების დიდი ალბათობა არსებობს, რადგან მისი დაფიქსირება არც ისე ადვილია ან შემთხვევა არც ისეთი უნივერსალურია, თუმცა ეს მეთოდი კონკრეტული პაციენტებისთვის არანაკლებ ღირებულია.

როგორ შევარჩიო ფსიქოთერაპევტი? რაიმე კონკრეტული კრიტერიუმი არსებობს?

ერთი კრიტერიუმი არ არსებობს. ყველაზე კარგია იმ ადამიანის რეკომენდაცია, რომელთანაც ამა თუ იმ ფსიქოთერაპევტმა წარმატებით იმუშავა. აუცილებელია, სპეციალისტის განათლებისა და პროფესიული კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია. შესაძლოა, დაინტერესდეთ, ფსიქოთერაპიის რომელი მიმართულება მიაჩნია მას „თავისად“ და შემდეგ უკვე უშუალოდ იმ კონკრეტულ სფეროზე მეტი ინფორმაცია მოიძიოთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კვალიფიკაციის კუთხით, სხვადასხვა პროფესიული ორგანიზაციის წევრობაა.

საბოლოოდ, მნიშვნელოვანია ამ ადამიანს შეეძლოს თქვენთვის საინტერესო ესა თუ ის საკითხი გასაგებად აგიხსნათ და კითხვებზე ამომწურავად გიპასუხოთ. ასევე გახსოვდეთ, რომ ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციის შემდეგ მნიშვნელოვანია თქვენი პირადი შეგრძნება. სეანსის დასრულების მერე თავს უკეთ უნდა გრძნობდეთ და არა - უარესად.

შეიძლება თუ არა, რომ ფსიქოთერაპევტი კარგი იყოს, მაგრამ „არ შემეფერებოდეს“?

დიახ, ასეც ხდება. ადამიანებს შორის კონტაქტზე იმდენი ფაქტორი მოქმედებს, რომ ის შეიძლება უბრალოდ ვერ შედგეს. გარდა ამისა, თქვენ შეიძლება ამა თუ იმ ფსიქოთერაპევტის მუშაობის ლოგიკა და სტილი არ შეგესაბამებოდეთ, ვერ მოერგოთ მის ტემპერამენტს ან უბრალოდ თქვენთვის შეუფერებელ სპეციალისტს მიმართეთ. მაგალითად, თქვენ მიმართეთ ფსიქოთერაპევტს ურთიერთობების პრობლემებით, ის კი პაციენტებს ფსიქოსომატური დაავადებებისგან კურნავს. ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტმა თავად უნდა დაგაკვალიანოთ და თქვენი კონკრეტული შემთხვევისთვის შესაფერის კოლეგასთან გადაგამისამართოთ. გარდა ამისა, არის შეზღუდვები, რომლებიც მუშაობის წესებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ოჯახის ფსიქოთერაპევტი, რომელიც თქვენს ცოლთან/ქმართან ურთიერთობის მოგვარებაში გეხმარებათ, ამავდროულად თქვენს პარალელურ პარტნიორთან კავშირის გაწყვეტაში კონსულტაციას ვერ გაგიწევთ. მეორე დავალებისთვის თქვენ სხვა ფსიქოთერაპევტი დაგჭირდებათ.

და ფსიქიატრი ვინ არის?

ექიმი. ფსიქიატრები სულით სნეულ და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს წამლებით მკურნალობენ. ისინი პაციენტის მდგომარეობას სამედიცინო დაავადების კონტექსტში განიხილავენ. ფსიქოთერაპევტი ფსიქიატრისგან განსხვავებით, დიაგნოზს არ სვამს, არამედ უფრო გამოთქვამს ჰიპოთეზას არსებული პრობლემის შესახებ ან პაციენტთან ერთად აყალიბებს მისთვის და მისი ოჯახისთვის შესაძლო ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

სამედიცინო და ფსიქოთერაპიული მოდელების განსხვავების მიუხედავად, ორივე სპეციალისტი თავის პროფესიულ ჭრილში საქმიანობს და როცა საჭიროა, ეფექტიანად თანამშრომლობს კიდეც. ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციის შემდეგ, მან შეიძლება გთხოვოთ ფსიქიატრს მიმართოთ. თუ თქვენ უკვე იყავით ექიმთან, მიეცით მისი კოორდინატები თქვენს ფსიქოთერაპევტს, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაგეხმარებათ.

სიცოცხლე თუ არ მინდა ვის მივმართო?

შეიძლება ეს იყოს როგორც პროფესიონალი ფსიქოთერაპევტი, ასევე ფსიქიატრი. თითოეულმა მათგანმა თქვენ დასახმარებლად მაქსიმუმი უნდა გააკეთოს. შესაძლოა, პრეპარატებით მკურნალობის პარალელურად ფსიქოთერაპიაც ეფექტიანი იყოს ან პირიქით, მხოლოდ სამედიცინო მკურნალობა გახდეს აუცილებელი. ეს თავად სპეცილისტებმა უნდა გადაწყვიტონ.

და ბოლოს, ვინ არის ფსიქოანალიტიკოსი?

ისიც ფსიქოთერაპევტია, რომელიც ავითარებს ფსიქოანალიზს - მიმართულებას, რომელსაც მე-19 საუკუნის დასაწყისში ზიგმუნდ ფროიდმა დაუდო საფუძველი. ამ კატეგორიის სპეციალისტებს წლების განმავლობაში ამზადებენ. ისინი სწავლობენ თეორიას, აქვთ მრავალწლიანი პირადი პრაქტიკა და გამოცდილი ფსიქოანალიტიკოსების ზედამხედველობის ქვეშ პაციენტების ცალკეულ შემთხვევებს აანალიზებენ.

სხვა თემები