31 მაისი 2019 - 17:00

როგორ დავგეგმო შვებულება?

შვებულება

ფოტო: Shutterstock.com

შვებულება აუცილებელი და საჭირო რამ არის. მისი დაგეგმვა ადამიანებს სიხარულს ანიჭებს. ფსიქოლოგთა შეფასებით, შვებულებაში ყოფნა დეპრესიისა და ინფარქტის რისკს ამცირებს. შვებულებიდან დაბრუნებული ადამიანი შემოქმედებითი ენერგიის მოჭარბებას გრძნობს და ხელმძღვანელობაც მისი მუშაობით კმაყოფილია. თუმცა ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარეც. თითოეულ ჩვენგანს ჰქონია შეგრძნება, რომ შვებულებაში ყოფნისას ყველაფერი მოგვბეზრდა და სახლში გვინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე მიაღწიეთ სიამოვნების პიკს, რომელსაც ეგრეთ წოდებული „ბედნიერების წერტილი“ ეწოდება. დასვენების რამდენი დღეა ოპტიმალური, რა არის ეს „ბედნიერების წერტილი“, შვებულების დროს რა უნდა გავითვალისწინოთ? - ამ კითხვებზე BBC-მ ფსიქოლოგების მოსაზრებები გამოაქვეყნა.

რა არის „ბედნიერების წერტილი“?

ამ კონცეფციას ორი მნიშვნელობა აქვს და ორივე მათგანი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. კვების ინდუსტრიაში „ბედნიერების წერტილი“ ნიშნავს მარილის, შაქრისა და ცხიმის იდეალურ კომბინაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები ამა თუ იმ პროდუქტს იმდენად შეიყვარებენ, რომ მათი დანახვისას ყიდვის ცდუნებას ვერ გაუძლებენ. ეკონომიკაში კი ეს კონცეფცია მიეკუთვნება ისეთი ტიპის მოხმარებას, რომლის დროსაც ადამიანი სხვადასხვა სარგებლის კომბინაციით თავს მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილებულად მიიჩნევს. სარგებლის რაოდენობის შემცირება ან გაზრდა დაკმაყოფილების შეგრძნებას ან შეამცირებს, ან არანაირი ზეგავლენა არ ექნება. რაც შეეხება საკვებს, გარკვეულ არომატს შეუძლია ჩვენი ტვინის სიგნალებით სიგნალებით პროვოცირება, რომ უფრო მეტი დავლიოთ ან ვჭამოთ. გარდა ამისა, ასეთი კვებითი დანამატები სწრაფი დანაყრების შეგრძნებას იწვევს.

რა კავშირშია ამ ყველაფერთან შვებულება?

თითოეული ჩვენგანისთვის ნაცნობი შეგრძნებაა, რომ თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ სახლში გვინდა. ზღვის სანაპიროზე ნებივრობა ან ახალი და საინტერესო ადგილების მონახულება რაღაც მომენტში ადამიანს ბეზრდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სიამოვნების პიკი გავლილია.

რატომ არის დოფამინი ამდენად მნიშვნელოვანი?

ეს ბოლომდე დამტკიცებული არ არის, მაგრამ ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ დოფამინი - ტვინის მიერ გამომუშავებული მოტივაციისა და სიამოვნების ჰორმონი, აქ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ეს ჰორმონი იწვევს ცხოვრებით კმაყოფილების შეგრძნებას. დანიელი მეცნიერების განმარტებით, ახალი ადგილების, კულტურის, ტრადიციებისა და ადამიანების გაცნობა დოფამინის დონეს ამაღლებს. თუ ეს გამოცდილება სწორხაზოვანია, სწრაფად იღლებით, მაგრამ თუ ის მრავალფეროვანი და დატვირთულია, თქვენი ინტერესი უფრო ხანგრძლივია. იგივე ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ ბრუნდებით ისეთ ადგილზე, სადაც ერთ დროს თავს კარგად გრძნობდით. თუმცა ამა თუ იმ ქალაქის დეტალური ცოდნა სასარგებლო არ არის - სიტუაცია მალე მოგბეზრდებათ.

რატომ აქვს ადამიანს სიახლის მუდმივი მოთხოვნილება?

ნიდერლანდებში ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 500 ტურისტი გამოიკითხა. მათი უმრავლესობა მაქსიმუმ 17 დღით მიდიოდა დასასვენებლად და სიამოვნების კონკრეტული პიკი ვერცერთი მათგანის შემთხვევაში ვერ დაფიქსირდა. კვლევის ავტორთა აზრით, ასეთი მოკლევადიანი შვებულების დროს ადამიანები „ბედნიერების წერტილს“ ვერ აღწევენ. რაც შეეხება შვებულების დროს მოწყენას, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე თეორია არსებობს. ეს დაახლოებით ისეთივე განცდაა, როდესაც საყვარელ სიმღერას ზედიზედ რამდენჯერმე უსმენთ და ბოლოს ხვდებით, რომ მოგბეზრდათ.

ერთ-ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი შვებულების თითქმის ნახევარი სიახლის შეგრძნებაა. თუ მოგზაურობა ხანგრძლივია, ადამიანი სიახლეს ეჩვევა. ეს ეხება განსაკუთრებით კურორტებს, სადაც დამსვენებლები ერთ ადგილზე არიან და ერთსა და იმავეს აკეთებენ. თუმცა, რასაკვირველია, შვებულების გამრავალფეროვნება და დასვენების დღეებით ტკბობა რამდენიმე კვირის განმავლობაშიც სავსებით შესაძლებელია.

როგორ დავტკბე შვებულებით?

Journal of Happiness Studies-ში გამოქვეყნებული კვლევა შვებულების „ბოლომდე შერგების“ რამდენიმე საშუალებას წარმოგვიდგენს. დასვენების გარდა ამ დროს შესაძლებელია სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა და საკუთარი თავის ახალ ამპლუაში რეალიზება. ეს შეიძლება იყოს ამა თუ იმ სფეროში მოხალისედ მუშაობა. ამასთან, სხვადასხვა საქმიანობა სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს. ერთი და იგივე საქმე ერთ ადამიანს შეიძლება აბედნიერებდეს, მეორეს - არა. ფსიქოლოგების აზრით, „ბედნიერების წერტილი“ ყველა ადამიანს თავისი აქვს. მათი განმარტებით, ეს წერტილი განისაზღვრება იმით, შვებულების დროს ესა თუ ის ადამიანი რითია დაკავებული. 

დასვენების სხვადასხვა სახეობა არსებობს. მაგალითად, მთებში ლაშქრობა, რომელიც ფიზიკურად ყველას არ შეუძლია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ შვებულების დროს, როცა თქვენ მთელი ძალ-ღონე გეცლებათ, „ბედნიერების წერტილს“ მოსალოდნელზე ადრე მიაღწევთა. სპეციალისტები დასვენებისადმი ადამიანის ინდივიდუალურ მიდგომაზეც საუბრობენ. ფსიქოლოგთა განმარტებით, ზღვის სანაპიროზე ნებივრობა ზოგს ენერგიით ავსებს, სხვისთვის კი პირიქით, ძალიან დამღლელია.

როგორ შევარჩიო დასვენების ადგილი?

ძალიან ფრთხილად და ყურადღებით. შვებულების დაგეგმვისას ძალიან მნიშვნელოვანია სიტუაცია, რომელშიც თქვენ აღმოჩნდებით. დიდ ქალაქში დროის გატარება მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ ადამიანების სიმრავლე და მეგაპოლისის ხმაური თქვენ ძილის საშუალებას ნაკლებად მოგცემთ, რაც შეიძლება თქვენთვის სტრესისა და შფოთვის მიზეზი გახდეს. თუმცა აქაც ადამიანს გააჩნია. კანადელი მეცნიერების განმარტებით, ზოგს მეგაპოლისი ღლის, სხვას კი ენერგიით ავსებს.

ბედნიერების განცდის გახანგრძლივება შესაძლებელია?

ფსიქოლოგები გვაიმედებენ, რომ „ბედნიერების წერტილის“ მიღწევის გახანგრძლივება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ ზუსტად არ ვიცით, მას რა მომენტში მივაღწევთ. ემოციების მკვლევართა აზრით, შვებულების შინაარსისა თუ ხანგრძლივობის დაგეგმვისას, ყველა ადამიანი ქვეცნობიერად საკუთარ „ბედნიერების წერტილს“ ითვალისწინებს. ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დასვენებისას, შესაძლოა, „ბედნიერების წერტილი“ ისევე მალე გაქრეს, როგორც მოვიდა, რადგან ამ დროს მხოლოდ პირადი პრიორიტეტის გათვალისწინება არ გამოდის. თუმცა ამასაც თავისი უპირატესობა აქვს: ოჯახში ურთიერთობა ლაგდება, მეგობრებთან კავშირი მყარდება და ასე შემდეგ. ეს კი ბედნიერების შეგრძნებისთვის აუცილებელი კომპონენტია.

ფსიქოლოგთა შეფასებით, პრობლემა ის არის, რომ ჩვენ, ადამიანები, ცუდი პროგნოზისტები ვართ. შვებულების დროს მოსალოდნელი სიამოვნების განსაზღვრა, როგორც წესი, არ გამოგვდის, რადგან არ ვიცით, ჩვენი გადაწყვეტილებები მოსალოდნელ „ბედნიერების წერტილზე“ როგორ იმოქმედებს. ამ შემთხვევაში ყველას ბადება კითხვა: მოსალოდნელი შვებულების სიამოვნებას ეს დამღლელი ანალიზები ხომ არ გააფერმკრთალებს?

სხვა თემები