07 ივნისი 2019 - 16:28

საზოგადოებრივ ტუალეტში უნიტაზი ყველაზე ჭუჭყიანი ადგილია? ახლავე აგიხსნით

ფოტო: shutterstock.com

ფოტო: shutterstock.com

საზოგადოებრივი ტუალეტი ერთი შეხედვით დანაღმულ ველს ჰგავს. უსიამოვნო სუნი, სველი იატაკი, დაბინძურებული კაბინები - თითქოს მთელი სამყაროს ბაქტერიებმა აქ მოიყარა თავი. ამბობენ, რომ უნიტაზის სავარძელზე დაჯდომა ნამდვილად არ ღირს, საპნითაც არ უნდა ისარგებლოთ, თუ ის თხევად მდგომარეობაში არ არის. მაშ რა ვქნათ?

ისარგებლეთ უნიტაზის სავარძლით, თუ ის სუფთად გამოიყურება!

სინამდვილეში უნიტაზი საზოგადოებრივ ტუალეტში ყველაზე ბინძური და სახიფათო ადგილი სულაც არ არის. ბაქტერიების უმრავლესობა, რომელიც მის ზედაპირზეა, ისედაც არის ჩვენს კანზე და ისინი ადამიანს ზიანს არ აყენებენ. იმის ალბათობა, რომ უნიტაზის სავარძლიდან თქვენ რაიმე ინფექციურ დაავადებას „აიკიდებთ“, ნულის ტოლია.

საქმე ის არის, რომ ჩვენი მიკრობების ნაწილს თავადაც უმკლავდება: კანი, ლორწოვანი გარსი (თუ მასზე დაზიანებები არ აღინიშნება) და იმუნური სისტემა პათოგენური ბაქტერიებისგან საიმედოდ გვიცავენ. თუ თქვენ კონკრეტულად ვენერიული დაავადებების გეშინიათ, ისინი სქესობრივი გზითა და სისხლით არის გადამდები. ამავდროულად ნაწლავური ინფექციების უმრავლესობა ფეკალურ-ორალური გზით გადადის, ეს იმას ნიშნავს, რომ მიკროორგანიზმები ადამიანის პირში უნდა მოხვდეს. 

ბევრ ადამიანს ეშინია საზოგადოებრივი ტუალეტის უნიტაზის სავარძელზე დაჯდომის და ამიტომაც ზედ „ეკიდება“. ეს კი საზიანოა. მაგალითად, კუნთების ძლიერმა დაჭიმულობამ, შესაძლოა, შარდის ბუშტის არასრული დაცლა გამოიწვიოს. უკეთეს შემთხვევაში ტუალეტში ხშირი სირბილი მოგიწევთ, უარეს შემთხვევაში კი შარდის ბუშტის ინფექციის რისკი გაიზრდება. ამიტომ, თუ უნიტაზის სავარძელი სუფთად და მშრალად გამოიყურება, შეგიძლიათ თამამად დაბრძანდეთ.

თან იქონიეთ მადეზინფიცირებელი სველი ხელსახოცი! 

თუ უნიტაზი ბინძური და სველია, შეიძლება მისი გაწმენდა. ამ დროს რეკომენდებულია მადეზინფიცირებელი სველი ხელსახოცის გამოყენება. ზოგიერთ კაბინაში, შესაძლოა, უნიტაზის სავარძლის ერთჯერადი დასაფენები დაგხვდეთ. ისინი დაბინძურებისგან უფრო ცუდად იცავენ ადამიანს, ვიდრე სველი ხელსახოცი. ამიტომ უმჯობესია, ეს უკანასკნელი გამოიყენოთ. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ერთჯერადი დასაფენები სასარგებლოა კონტაქტური დერმატიტის დროს. მაგალითად, როცა ადამიანს ალერგია აქვს სარეცხი საშუალებების ინგრედიენტებზე.

უნიტაზს თავსახური დააფარეთ, სანამ ჩარეცხავთ!

როდესაც თქვენ ჩასარეცხ ღილაკს თითს აჭერთ, უნიტაზიდან ამოიფრქვევა წყლისა და ფეკალიების უხილავი ნაწილაკების მთელი შადრევანი, რომელიც ბაქტერიებსა და ვირუსებს შეიცავს. მართალია, ჯანმრთელობას ეს ნაკლებად აზიანებს, მაგრამ სასიამოვნო სულაც არ არის. ამიტომ ჯობს, უნიტაზს თავსახური დააფაროთ ან ღილაკს დააჭერთ თუ არა ხელს, კაბინიდან მალევე გახვიდეთ. თუ ორი ღილაკია უფრო პატარას დააჭირეთ, რადგან წყლის ნაკადი უფრო მცირე იქნება.

ხელები სწორად დაიბანეთ!

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების რეკომენდაციაა, ხელების დაბანას დაახლოებით 20 წამი უნდა მოანდომოთ. ამ დროის განმავლობაში საჭიროა ხელები დაისველოთ და გულდასმით დაისაპნოთ, დაიბანოთ როგორც ხელისგულის, ასევე ზედა ნაწილი, დაიბანეთ თითებს შორის და ფრჩხილების ირგვლივ.

ხელის დაბანა თბილი წყლით აუცილებელი არ არის!

არ არის აუცილებელი. ხელის დაბანის დროს წყლის ტემპერატურას მნიშვნელობა არ აქვს: ხელების დაბანა შეგიძლიათ როგორც თბილი, ასევე ცივი წყლით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თქვენ რომელი გსიამოვნებთ. მთავარია, წყალი იყოს გამდინარე. საპონი რომც არ იყოს, ხელები მაინც დაიბანეთ: წყალი სიბინძურისგან ნაკლებად დაგიცავთ, მაგრამ მიკრობების ნაწილს მაინც მოგაშორებთ, განსაკუთრებით კი თუ ხელებს კარგად გაიმშრალებთ.

ანტიბაქტერიული საპონი ჩვეულებრივს რომ სჯობს, მითია!

არა. საპონი თქვენს კანს მიკრობებს, ცხიმსა და ჭუჭყს აშორებს. ამ დავალებას კარგად ასრულებს როგორც თხევადი, ასევე არათხევადი დასაბანი საშუალება. ამ უკანასკნელს არც თუ ისე კარგი რეპუტაცია აქვს. ბევრი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ ტუალეტში საპნის ნაჭრები ძალიან ბინძურია. მასზე ბევრი ბაქტერიაა, რომლებითაც სხვადასხვა ინფექციური დაავადება გადადის. თუმცა იმის მტკიცებულება, რომ ეს ნამდვილად ასეა, არ არსებობს.

ხელების დაბანა ანტიბაქტერიული საპნით რომ უმჯობესია, ესეც მორიგი მითია. სინამდვილეში მას არანაირი უპირატესობა არ გააჩნია. მეტიც, ანტიბაქტერიული საპნის შემადგენლობაში არსებული ტრიკლოზანი ხელს უწყობს , რომ მიკრობები ანტიბიოტიკებისადმი უფრო მდგრადები გახდნენ.

ხელები კარგად გაიმშრალეთ!

სისველე მიკრობების გამრავლებას უწყობს ხელს. ამიტომ მეორე ეტაპია ხელის გამშრალება. არ არის საჭირო ამისათვის საერთო მოხმარების ნაჭრის პირსახოცის გამოყენება, რადგან საპნისგან განსხვავებით, ის ბაქტერიების ნამდვილი რეზერვუარია. ხელების ტანსაცმელზე შემშრალებაც ცუდი იდეაა, რადგან მასზე ასევე ბევრი მიკრობია. გარდა ამისა, სპეციალისტებს არ აქვთ ერთიანი მოსაზრება, თუ რომელია უკეთესი - ქაღალდის ხელსახოცი თუ ხელის საშრობი. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრები ორივე ვარიანტს უწევენ რეკომენდაციას.

თუ ახლომახლო არც წყალი გაქვთ და არც საპონი, მადეზინფიცირებელი საშუალება გამოიყენეთ. ის შეიძლება იყოს ხელსახოცის, გელის ან სპრეის სახით. როგორც საპნის შემთხვევაში, ამ დროსაც უნდა გაიწმინდოთ ხელი ორივე მხარეს, თითებს შორის და ფრჩხილების ირგვლივ. მისი ჩამობანა აუცილებელი არ არის.

ტუალეტის კარის სახელურს ერიდეთ!

დიახ. ტუალეტით სარგებლობის შემდეგ ყველა ადამიანი არ იბანს ხელს, ამიტომ შესასვლელი კარის სახელური ძალიან ბინძური იქნება. ეს ბაქტერიები რომ თქვენს სუფთა ხელზე არ მოხვდეს, კარის გაღებას მხრის მიწოლით შეეცადეთ, ან ხელზე ტანსაცმელი აიფარეთ ან ქაღალდის ხელსახოცი.

სხვა თემები