03 ივლისი 2019 - 18:00

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამოქმედდა. რა უწყებაა ეს და ვის გააკონტროლებს?

ფოტო: shutterstock.com

დღეიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამოქმედდა. ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბაზაზე იმუშავებს. 11 ივნისს საქართველოს პარალამენტმა სახელმწიფო ინსპექტორად ლონდა თოლორაია აირჩია. რისთვის შეიქმნა ეს სამსახური და რა ფუნქციები ექნება მას? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო ინსპექტორი და რამდენად დამოუკიდებელია ის თავის საქმიანობაში?

რა ფუნქცია აქვს სახელმწიფო ინპექტორის სამსახურს?

ამ სამსახურის მუშაობას „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს. ის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა. მისი ფუნქციაა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა თუ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიზანია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობა საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვას ავალდებულებს. აღნიშნული ორგანო თავის საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით ხელმძღვანელობს.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო ინსპექტორი?

სახელმწიფო ინსპექტორად შეიძლება აირჩიონ ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში, ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება, მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.

სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურას არჩევს საკონკურსო კომისია, რომელიც ქვეყნის პრემიერმინისტრის ბრძანებით იქმნება. ამ ჯგუფში არიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ან მოადგილე, საქართველოს სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იმ არასამეწარმეო იურიდიული პირის წევრთაგან ღია კონკურსის წესით შერჩეული, სათანადო გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ვინ და როგორ ირჩევს სახელმწიფო ინსპექტორს?

საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სახელმწიფო ინსპექტორის სულ მცირე 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატს, რომლებსაც პრემიერმინისტრს წარუდგენს. „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, პრეტენდენტების რაოდენობის გათვალისწინებით, გენდერული ბალანსი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერმინისტრი 10 დღეში სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 2 კანდიდატს წარუდგენს. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო კი კანდიდატურების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა, სახელმწიფო ინსპექტორს რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს. თუ ეს საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა, სახელმწიფო ინსპექტორის არჩევისთვის საჭირო ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.

თითოეულ კანდიდატს კენჭი ცალკე ეყრება. არჩეულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ ეს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, საქართველოს პრემიერმინისტრი 2 კვირის ვადაში ხელახალ კონკურსს აცხადებს.

სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ამ თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა არ შეიძლება. სახელმწიფო ინსპექტორი შეირჩევა თანამდებობაზე მყოფი სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 60 დღისა და ამ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

სახელმწიფო ინსპექტორის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განუხორციელებლობის, უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას ასრულებს მისი მოადგილე (პირველი მოადგილე, მაგრამ მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი მოადგილე), რომელიც სახელმწიფო ინსპექტორისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებითა და სამართლებრივი გარანტიებით სარგებლობს.

არის თუ არა სახელმწიფო ინსპექტორი ხელშეუხებელი?

დიახ. მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, სახელმწიფო ინსპექტორის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადად მისი გაჩხრეკა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება. გამონაკლისი დაიშვება დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში, რაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული სახელმწიფო ინსპექტორი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

თუ საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე თანხმობა გასცა, მას სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება შეუჩერდება. სახელმწიფო ინსპექტორის პირად უსაფრთხოებას დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ.

რა სახის საქმიანობა არის შეუთავსებელი სახელმწიფო ინსპექტორისთვის?

სახელმწიფო ინსპექტორი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრი. მას არ აქვს უფლება საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობა ეკავოს ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობას ეწეოდეს. გამონაკლისს წარმოადგენს სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო საქმიანობა.

სახელმწიფო ინსპექტორი არ შეიძლება სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდეს. ის უშუალოდ არ უნდა ასრულებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის მოვალეობას. სახელმწიფო ინსპექტორი არ უნდა  იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი და არც  პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობდეს. სახელმწიფო ინსპექტორს ეკრძალება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო შეკრებასა თუ მანიფესტაციაში მონაწილეობა. 

სახელმწიფო ინსპექტორად არჩეული პირი ვერ შეუდგება მოვალეობის შესრულებას, ვიდრე არ შეწყვეტს თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ან არ გადადგება შეუთავსებელი თანამდებობიდან.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. წინა წლის საბიუჯეტო სახსრებთან შედარებით მიმდინარე ხარჯების შემცირება მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის წინასწარი თანხმობით არის შესაძლებელი.

სახელმწიფო ინსპექტორი დამოუკიდებელი?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არცერთ ორგანოსა და თანამდებობის პირს არ ექვემდებარება. სახელმწიფო ინსპექტორზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოსამსახურესა თუ გამომძიებელზე რაიმე ზემოქმედება ან მათ საქმიანობაში უკანონო ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება.

სახელმწიფო ინსპექტორს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას მოვალეობისას შესრულებისას გაანდეს. ეს უფლება მას უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება.

სახელმწიფო ინსპექტორი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

სხვა თემები