19 ივნისი 2019 - 18:28

მორცხვი ვარ. რა ვქნა?

ფოტო: shutterstock.com

თუ თქვენ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნაზე ფიქრიც კი დისკომფორტს გიქმნით, თითები გეყინებათ და ფიზიკურად ცუდად ხდებით იმის წარმოდგენაზეც კი, რომ თქვენი კოლეგების წინაშე პრეზენტაციით უნდა წარდგეთ, თქვენ მარტო არ ხართ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სიმორცხვე. რატომ არის ადამიანი მორცხვი? რა განაპირობებს ხასიათის ამ თავისებურებას და შეიძლება თუ არა მისგან განკურნება?

რა არის სიმორცხვის მიზეზი?

ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ სიმორცხვე, როგორც ხასიათის თავისებურება და ტემპერამენტის მახასიათებელი, ადამიანის პიროვნების ერთ-ერთი კომპონენტია. როდესაც ბავშვი გარშემო მყოფებთან კომუნიკაციას ამყარებს, მშობელი იოლად შეამჩნევს იმას, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს მისი შვილი თავს უცხო ადამიანებთან კონტაქტის დროს. ბრიტანელი მეცნიერების განმარტებით, სიმორცხვის მხოლოდ 30%-ია გენეტიკური, დანარჩენი კი გარესამყაროზე საპასუხო რეაქციის შედეგად ყალიბდება.

ბოლო ათწლეულში მეცნიერები სწავლობდნ დნმ-ს, რათა იქ ეპოვათ გენეტიკური ვარიანტები, რომლებიც ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და პიროვნებაზე ზემოქმედებენ. სპეციალისტთა განმარტებით, გენის ყოველი ცალკეული კომპონენტი ადამიანის პიროვნებაზე ძალიან მცირე დოზით აისახება, თუმცა თუ გადავხედავთ ათასობით ასეთ კომბინაციას, ეფექტი ბევრად შესამჩნევი იქნება.

მეცნიერთა განმარტებით, აქ საუბარია არა ათობით ან ასობით, არამედ ათასობით გენზე, რომლებიც ადამიანს მშობლებისგან გადაეცა. ასე რომ, მკვლევართა აზრით, გარესამყარო სიმორცხვის ჩამოყალიბებაში ბევრად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გენეტიკასთან მიმართებით საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ის ჩვენ იქითკენ გვიბიძგებს, საითაც გენეტიკური მიზიდულობა გვაქვს. მაგალითად, მორცხვი ბავშვი დიდი ალბათობით ეზოში და საბავშო მოედანზე მარტო ითამაშებს ან სხვების გართობას შორიდან დააკვირდება, იმის ნაცვლად, რომ თანატოლებში გაერიოს. ასეთი ბავშვები თავს მარტო უფრო კომფორტულად გრძნობენ და ამ მდგომარეობას ეჩვევიან.

გენეტიკა და გარესამყარო არის დინამიკური სისტემა, რომელიც პიროვნების ჩამოყალიბებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს, თუმცა ადამიანს მასზე ზემოქმედება თავადაც შეუძლია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თერაპია, რომელიც თქვენ სპეციალურ მიდგომას გასწავლით.

სიმორცხვე ძალიან ცუდი რამ არის?

სიმორცხვე ხასიათის საკმაოდ გავრცელებული თავისებურებაა. ის თავისთავად პრობლემა ნამდვილად არ არის, თუ არ გადაიზარდა სოციოფობიაში, რაც კომუნიკაციის ავადმყოფურ შიშს ნიშნავს. ბრიტანელი მეცნიერების თქმით, კოგნიტურ-ქცევითი თერაპია მეტ-ნაკლებად სასარგებლოა სოციოფობიის მქონე ადამიანებისთვის. ის ეხმარება პაციენტს, გააანალიზოს თავისი ნეგატიური აზრები და გაიგოს, რომ ქცევის გარკვეული ტიპი, რომელიც მისი აზრით, შიშის დაძლევაში ეხმარება, შესაძლოა, უკურეაქციას იწვევდეს. მაგალითად, საჯარო გამოსვლამდე რეპეტიციამ შესაძლოა ადამიანი უფრო დაძაბოს.

ხანდახან პრობლემა ის არის, რომ ადამანები, რომლებსაც საჯარო გამოსვლის ეშინიათ, საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნები არიან. მაგალითად, ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ მისი გამოსვლა ძალიან საინტერესო უნდა იყოს და დამსწრე საზოგადოებამ წამითაც კი ვერ უნდა შეძლოს ყურადღების მოდუნება. ამ დროს გარკვეული პაუზების გაკეთებამ, შესაძლოა, დაძაბულობა მოხსნას.

ამავდროულად, კარგი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, აუდიტორიაში კონკრეტულ ადამიანებზე კონცენტრირება, ვიდრე იმაზე ფიქრი, როდის წაბორძიკდებით. მეცნიერთა დასკვნით, რაც უფრო მეტად არის ადამიანი სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში ჩართული, მით უფრო იზრდება მისი თავდაჯერებულობა.

სპეციალისტთა განმარტებით, მნიშვნელოვანია, გააანალიზოთ საკუთარი ფობია. ჰკითხეთ თქვენს თავს: ყველაზე მეტად რისი გეშინიათ? გეშინიათ, რომ სხვებისთვის მოსაწყენი იქნებით? იქნებ გგონიათ, რომ თქვენ სათქმელი არ გაქვთ? რაც მეტი გეცოდინებათ საკუთარ ფობიებზე, მით უფრო ადვილად შეძლებთ მათთან გამკლავებას. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებიც პიროვნების ფსიქოლოგიას სწავლობენ, აღნიშნავენ, რომ მორცხვი და ინტროვერტი ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან.

ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ინტროვერტობა საკუთარ თავზე ორიენტირებულობას, საკუთარი აზრების შესწავლას ნიშნავს. ფსიქოლოგებისთვის კი ეს პიროვნების ერთგვარი საზომია, რომელიც პიროვნების გახსნილობას ასახავს.

მორცხვი ადამიანები ნამდვილად არიან ხშირად ინტროვერტები, მაგრამ ისინი შეიძლება ექსტროვერტებიც იყვნენ და მათ სწორედ სიმორცხვე უშლიდეს ხელს აქტიურ კომუნიკაციაში. ამავდროულად, არსებობენ ინტროვერტები, რომლებიც მორცხვები სულაც არ არიან, უბრალოდ მათ მხოლოდ საკუთარი თავის გარემოცვაში ყოფნა მოსწონთ. 

ინტოვერტებს არ შეუძლიათ იმავე ემოციის გამოხატვა, როგორიც ექსტრავერტებს?

ექსტრავერტები ხშირად განიცდიან ისეთ შეგრძნებებს, როგორც არის ენთუზიაზმი, სიხარული და აღფრთოვანება. ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ინტროვერტებს 1 კვირის განმავლობაში ექსტრავერტების როლი უნდა მოერგოთ. ცდის მონაწილეებს მოეთხოვებოდათ, კომუნიკაბელურები და აქტიურები ყოფილიყვნენ. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ისედაც ექსტრავერტები იყვნენ, ამ პროექტმა პოზიტიური ემოციები შესძინა. თუმცა დანარჩენებს, რომლებიც ინტროვერტობისკენ იყვნენ მიდრეკილნი, ნეგატიური ემოციები დაუგროვდათ და საბოლოო ჯამში, ძლიერ დაღლილობას გრძნობდნენ.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ინტროვერტისგან ექსტრავერტის ქცევის მოთხოვნა მთელი კვირის განმავლობაში გადამეტებულია. მათ, შესაძლოა, ამას თავი გაართვან, მაგრამ ემოციურად ეს ძალიან რთული იქნება.

უნდა ვუმკურნალო თუ არა სიმორცხვეს?

ამბობენ, რომ აშშ-ში თავდაჯერებულება ძალიან ფასდება. ამავდროულად, კვლევებმა აჩვენა, რომ აზიის ქვეყნებში (მათ შორის იაპონიასა და ჩინეთში) უფრო თავშეკავებულ და მშვიდ ადამიანებს ანიჭებენ უპირატესობას. განსხვავებულია მიდგომა იმ ადამიანებისადმიც, რომლებიც თანამოსაუბრეს თვალებში უყურებენ. დასავლეთის ქვეყნებში ეს თვისება მიღებულია, მაშინ როდესაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უპატივცემულობად და უხეშობადაც კი ითვლება.

და მაინც, კულტურული განსხვავებების მიუხედავად კვლევებმა აჩვენა, რომ ექსტრავერტები ცხოვრებით ბევრად კმაყოფილები არიან იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ინტროვერტული ქმედება უფრო მიღებულია. უნდა ითქვას, რომ ინტროვერტობა აუცილებლად ნეგატიურ კონტექსტს არ გულისხმობს. ისევე როგორც ექსტრავერტობას ყოველთვის პოზიტიური გამოცდილება არ მოაქვს.

მეცნიერთა თქმით, ინტროვერტობასა და სიმორცხვეზე ისე არ უნდა იფიქროთ, როგორც ავადმყოფობაზე, რომელსაც უნდა უმკურნალოთ. კომუნიკაციის კარგი უნარი და გახსნილობა ავტომატურად საუკეთესო იდეების გახმოვანებას არ ნიშნავს.

სხვა თემები