21 ივნისი 2019 - 22:07

როგორ უნდა მოემზადონ ჟურნალისტები მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის. ინსტრუქცია

საპროტესტო აქცია

ჰამბურგი, გერმანია. 2017 წელი

ფოტო: shutterstock.com

საპროტესტო აქციებს ორგანიზატორების, მონაწილეებისა და მოწინააღმდეგეების გარდა ჰყავს ადამიანები, რომლებიც მიმდინარე პროცესებს აშუქებენ. ესენი არიან ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. ადამიანები, რომლებიც ნანახსა და განცდილს მაყურებელს, მსმენელსა თუ მკითხველს უყვებიან. 20 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლისას მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. არსებობს თუ არა კონკრეტული ინსტრუქცია ქუჩის აქციების გაშუქებისთვის და როგორ უნდა მოემზადოს ჟურნალისტი, ვიდრე მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება?

საპროტესტო აქცია ხშირი მოვლენაა?

თანამედროვე მსოფლიო საპროტესტო აქციების გარეშე უკვე წარმოუდგენელია. ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გამოკითხული ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს მაინც მიუღია პოლიტიკურ დემონსტრაციაში მონაწილეობა. The World Values Survey-ის სტატისტიკური მონაცემების პარალელურად საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა შეადგინა იმ საკვანძო ფაქტორების ჩამონათვალი, რაც ადამიანებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ უბიძგებს.

ფსიქოლოგების აზრით, ჯგუფური აქტივობა იზრდება, როდესაც ადამიანები საერთო ინტერესებს იზიარებენ, არიან გაბრაზებულები, ფიქრობენ, რომ არსებულის შეცვლა შეუძლიათ, მიეკუთვნებიან რომელიმე მკაცრად გამოყოფილ სოციალურ ჯგუფს ან სხვებთან შედარებით ფინანსურად უჭირთ.

რას ნიშნავს ჟურნალისტისთვის წინასწარ მომზადება?

საპროტესტო აქციის გაშუქების დროს ჟურნალისტური საქმიანობა საკმაოდ მაღალ რისკს შეიცავს. პირდაპირ ეთერში მუშაობისა თუ საჭირო კადრებისა და რესპონდენტების ძიებაში რეპორტიორი მაქსიმალურად უახლოვდება მოვლენების ეპიცენტრს და საფრთხეს თვალებში უყურებს. ზოგჯერ თავად აქციის მონაწილეებიც ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან.

ამ და სხვა სააფრთხეებისგან დასაცავად, სხვადასხვა საერთაშორისო გაერთიანებები ჟურნალისტებისთვის ადგენენ ერთგვარ ინსტრუქციას, რომელიც მათ საქმიანობის დაწყებამდე უნდა შეასრულონ. ამ ორგანიზაცებს შორისაა ვებპორტალი ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელი და საერთაშორისო ჟურნალისტური კვლევითი ასოციაციები, რომელთაც ამ მიმართულებით სერიოზული გამოცდილება აქვთ.

რჩევებში გათვალისწინებულია იმ ადამიანების გამოცდილება, რომლებიც სხვადასხვა საპროტესტო აქციის დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მართალია, ყველა სიტუაცია ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს ზოგადი წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია.

აქციაზე გასვლამდე ჟურნალისტმა უნდა შეისწავლოს პროტესტის სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი: რა უდევს საფუძვლად საპროტეტსო აქციას? რა არის მთავარი მასტიმულირებელი მიზეზი, რამაც პროტესტი გამოიწვია? როგორია ზოგადი დამოკიდებულება მედიასაშუალებების მიმართ? რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეთ აქციის მონაწილეებს იმ სფეროს/მიმართულების მიმართ, რომელზეც ჟურნალისტი მუშაობს? ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ ჟურნალისტის რომელიმე პიროვნული ან გარეგნული მახასიათებელი დამატებით რისკს გააჩენს? ხომ არ მონაწილეობს აქციაში ადამიანთა ჯგუფი, რომელიც წარსულში ჟურნალისტებზე ძალადობაშია შემჩნეული?

ჟურნალისტმა უნდა იცოდეს აქციის ორგანიზატორთა პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური თუ კულტურული მოტივები. მან დაახლოებით უნდა განსაზღვროს აქციის მონაწილეთა რა ნაწილი შეიძლება იყოს აგრესიული და როგორი იქნება ეს აგრესია. ჟურნალისტმა თავი უნდა აარიდოს კონტაქტს იმ ჯგუფებთან, რომლებიც ძალადობის პროპაგანდას ეწევიან და ხალხის მასაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ. შესაძლებლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ასეთი მოძალადე ჯგუფებისგან 10-15 მეტრის რადიუსში ყოფნა. ჟურნალისტი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს არ მოექცეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკებაში. მას შემუშავებული უნდა ჰქონდეს სამოქმედო გეგმა თავდასხმის, დაკავების ან ნებისმიერი ძალადობრივი სიტუაციისთვის და ამის შესახებ გადამღები ჯგუფის სხვა წევრებსაც უნდა აცნობოს.

როგორ უნდა იმოქმედოს ჟურნალისტმა?

სანამ აქციაზე სამუშაოდ გავა, უნდა გადაამოწმოს საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ისეთი საკვანძო ადგილები, როგორიცაა პოლიციის უახლოესი განყოფილება, შესაძლო თავშესაფარი, მთავარი გამზირიდან გასაქცევი გზები, ადგილი, საიდანაც შესაძლებელია კარგი ფოტოების გადაღება, ჩიხები და საავადმყოფოები. წინასწარ უნდა დაიგეგმოს შეხვედრის ადგილი გადამღები ჯგუფის სხვა წევრებთან, იმ შემთხვევისთვის, თუ აქციის მიმდინარეობისას ერთმანეთს აცდებიან.

ჟურნალისტმა უნდა შეამოწმოს ამინდის პროგნოზი. საჭიროების შემთხვევაში კი თან იქონიოს წყალგაუმტარი ტანსაცმელი; სასურველია მას ჰქონდეს მეხსიერების ბარათის დამცავი სინესტისგან ან პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენებისგან; საგანგებო სიტუაციისთვის სასურველია პირდაპირი კავშირის ნომრად რამდენიმე საკონტაქტო პირის დამატება (უმჯობესია ამ ნომრებს წინ უძღოდეს ანბანის პირველი ასო, რაც უზრუნველყოფს მათ გამოჩენას სიის თავში); უნდა ჰქონდეს ენერგიის სათადარიგო წყარო ტელეფონისთვის: შეამციროს ტელეფონის განათება და დეაქტივაცია გაუკეთოს; ყველა არასაჭირო აპლიცაციას, რაც დამატებითი ენერგიის გამოყენებას მოითხოვს; უნდა ჰქონდეს ტელეფონი ორი სიმბარათით.

გადამღები ჯგუფის ერთი წევრი მთელი დროის განმავლობაში მუდმივად უნდა აკვირდებოდეს საერთო სურათს, რომ ხვდებოდეს რამდენად არის დაცული უსაფრთხოების ზომები. ეს როლები წინასწარ უნდა განაწილდეს.

თუ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესასრულებელ დავალებას არ შეესაბამება, სასურველია მან არ აიღოს საკუთარ თავზე გაშუქების პასუხისმგებლობა. მაგალითად, თუ აქვს ასთმა, არის ფეხმძიმედ, ატარებს კონტაქტურ ლინზებს ან არ აქვს სათვალე. მთავარი კითხვა რაზეც მას პასუხი უნდ ჰქონდეს არის „შეძლებს თუ არა გაქცევას?“ უნდა გამოიყენოს რაიმე განმასხვავებელი ნიშანი, რაც შესამჩნევია შორი მანძილიდან; ჰქონდეს საიდენტიფიკაციო საბუთი და შეეცადოს გაერიოს ისეთ ჯგუფში, რომლიდანაც ვერ გამოარჩევენ; სასურველია შეაფასოს პროტესტანტების განწყობა ან ამ განწყობის ცვლილება პრესის წარმომადგენლების მიმართ და გააცნოს ის თავისი ჯგუფის წევრებს; უწყვეტი კავშირი უნდა ჰქონდეს რედაქტორთან.

სატრანსპორტო საშუალება მნიშვნელოვანია?

დიახ, ერთ-ერთი გადამწყვეტი. საჭიროა მძღოლი, რომელიც კარგად ერკვევა ადგილობრივ შემოგარენში, კარგად იცის გზები, მუდმივ კომუნიკაციაშია გადამღებ ჯგუფთან და არასდროს ტოვებს მანქანას ისეთ ადგილზე, რომელიც ძნელად მისადგომი ან რთულად მოსაძებნია.

სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს წინასწარ შემოწმებული და ტექნიკურად გამართული. მძღოლი მუდმივად უნდა იყოს ინფორმირებული მიმდინარე მოვლენების შესახებ. მას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მანქანის გადაადგილების საჭიროების ან აუცილებლობის შესახებ. დისლოკაციის ახალი ადგილი უნდა იცოდეს გადამღები ჯგუფის ყველა წევრმა. სასურველია არსებობდეს მანქანის სათადარიგო გასაღები, რომელიც ჯგუფის სხვა წევრს გადაეცემა, რომელმაც მანქანის მართვა იცის. თუმცა სხვისი მოვალეობის შეთავსება, მათ შორის მძღოლისაც, მიზანშეწონილი არ არის, რადგან რისკისშემცველია.

რა უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს ჩანთაში?

ჩანთა უნდა იყოს მსუბუქი, მარტივი საკეტით. ის ხელს არ უნდა უშლიდეს პატრონს გადაადგილებაში. ჟურნალისტს თან უნდა ჰქონდეს წყალი. ასევე მან წინასწარ უნდა შეამოწმოს ტელეფონის ღამის ნათება, მაგრამ თუ ის არ აქვს, თან უნდა ჰქონდეს ჯიბის ფანარი; გადმოწერილი უნდა ჰქონდეს რუკა და შესაძლებლობის შემთხვევაში გამოიყენოს GPS, რომლის მუშაობის პრინციპში წინასწარ უნდა გაერკვეს, რომ შეამოწმოს მისი გამართული მუშაობა; რუკაზე უნდა მოინიშნოს მნიშვნელოვანი ობიექტები. ამასთანავე აპარატურა უნდა იყოს მსუბუქი, იოლად სატარებელი და ჟურნალისტი მზად უნდა იყოს, რომ  საჭიროების შემთხვევაში მას დატოვებს და სწრაფად გაეცლება მოქმედების ადგილს.

რა საერთაშორისო გამოცდილება არსებობს ამ მიმართულებით?

BBC-ის ყველა ჟურნალისტი ვალდებულია გაიაროს უსაფრთხოების დაცვის კურსი, სანამ მასობრივი არეულობისა თუ საპროტესტო აქციის გასაშუქებლად ველზე გავა. ამ კურსს ბრიტანული მაუწყებლისთვის სააგენტო Prime Media ატარებს.

კურსის ავტორები აცხადებენ, რომ არეულობის გაშუქების დაწყებამდე აუცილებელია გარკვეული გეგმის შემუშავება. ამისათვის საჭიროა რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება, შესაბამისი ტექნიკის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ თავდაცვის საშუალებების შეჩევა. ასევე აუცილებელია დემონსტრაციის ადგილისა და მიმდებარე ტერიტორიის დეტალური შესწავლა. BBC-ის აკადემია ამ კურსით მაუწყებლის ყველა თანამშრომელს უზრუნველყოფს.

რიგითი მოქალაქეებისთვის ინსტრუქცია არსებობს?

რიგითი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ერთგვარი გზამკვლევი შეადგინეს. ის მოიცავს რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც სასურველი და სავალდებულოც კი არის. 

- შექმენით ნიშანი, რომელიც ხაზს გაუსვამს იმ ფაქტს, რომ თქვენ აპროტესტებთ. გამოიყენეთ ნებისმიერი ხელმისაწვდომი მასალა, მთავარია ასოები იყოს დიდი და თვალშისაცემი;

- დალიეთ ბევრი წყალი. ეს დაგეხმარებათ ხმისა და ენერგიის შენარჩუნებაში; 

- დაგეგმეთ თქვენი მარშრუტი. მანქანა დატოვეთ მოშორებით ან დაგეგმეთ შეხვედრა მძღოლთან წინასწარ;

- გააფრთხილეთ მეგობარი, რომელიც არ მოდის აქციაზე და გააგებინეთ თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ. უთხარით მას დრო, როდის უნდა გადაამოწმოს თქვენი დაბრუნება;

- დაიწერეთ საგანგებო საკონტაქტო ნომერი სხეულზე.

- დატენეთ მობილური ტელეფონი და მოემზადეთ ისეთი შემთხვევისთვისაც, როცა ის აღარ იმუშავებს;

- გაეცანით ადგილობრივ კანონმდებლობას საპროტესტო აქციების შესახებ;

- აქციაზე წადით მეგობართან ერთად ან იქ მოძებნეთ თანამოზრეები. იზრუნეთ ერთმანეთზე დემონსტრაციის მსვლელობისას და მოინიშნეთ საჭირო საკონტაქტო ინფორმაცია დაკავების ან დაშავების შემთხვევისთვის;

- თან იქონიეთ სათადარიგო ენერგიის წყარო ტელეფონისთვის;

- ატარეთ კომფორტული ფეხსაცმელი;

- თან იქონიეთ ან ატარეთ ნიღაბი. შარფი ასეთი შემთხვევისთვის იდეალურია.

- გაზის გამოყენების შემთხვევაში, არ ატაროთ კონტაქტური ლინზა და არ გამოიყენოთ წყალი. რძე და ლიმონის წვენი უფრო ეფექტიანია.

- არ დატოვოთ აქცია მარტომ, ეცადეთ იყოთ მეგობართან ან ჯგუფთან ერთად, რათა იოლი სამიზნე არ გახდეთ. შეატყობინეთ მეგობრებს, რომ მშვიდობით დაბრუნდით.

- ითხოვეთ დახმარება, როცა ის გჭირდებათ. ნუ შეეცდებით ყველაფრის საკუთარი ძალებით მოგვარებას.

- გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება სხვებს.

სხვა თემები