29 ივნისი 2019 - 20:55

ოფლის სუნზე საკვები მართლაც მოქმედებს? როგორ ვებრძოლოთ ჭარბოფლიანობას

ოფლიანობა

ფოტო: shutterstock.com

ტემპერატურის მატებასთან ერთად ჭარბოფლიანობის პრობლემა მძაფრდება. როდესაც ოფლი ორთქლდება, სხეული გრილდება. სწორედ ეს გვეხმარება ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში. ადამიანი მაშინაც კი ოფლიანდება, როდესაც ამას ვერ ამჩნევს. ოფლის წვეთების შემჩნევა შეიძლება მაშინ, როდესაც ის უფრო დიდი რაოდენობით გამოიყოფა, ვიდრე - ორთქლდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ირგვლივ ცხელა და ნესტია, ფიზიკურად დატვირთული ან სტრესულ სიტუაციაში ხართ. რა არის ოფლი? მართალია თუ არა, რომ ის უსუნო სითხეა? როგორ უნდა ვებრძოლოთ ჭარბოფლიანობას?

ოფლი მარილიანი წყალია?

ოფლი წყლისა და მარილისგან შედგება. სიცხის დროს კანის ზედაპირზე სწორედ ეს სითხე გამოიყოფა და ორგანიზმს აგრილებს. იღლიაში საოფლე ჯირკვლების პარალელურად, ადამიანს აქვს აპოკრინული ჯირკვლებიც. როდესაც ადამიანი ნერვიულობს ან აღგზნებულია, ეს ჯირკვლები გამოყოფენ სუბსტანციას, რომელიც ცხიმს ჰგავს.

ოფლს რატომ აქვს უსიამოვნო სუნი?

თავისთავად ოფლს სუნი არ აქვს. იღლიაში სუნის მთავარი მიზეზია ბაქტერიები. ისინი შთანთქავენ ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც არის თავად ოფლში და კანის ზედაპირზე, შემდეგ გადაამუშავებენ მათ ისეთ ნივთიერებებად, რომელთაც სპეციფიკური სუნი აქვთ.

ყოველი ადამიანის ბაქტერიას თავისი შემადგენლობა აქვს, ამიტომ ოფლის სუნიც განსხვავებულია. სუნის ინტენსიურობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერად ოფლიანდება ადამიანი. ანუ რაც მეტია ოფლი, მით უკეთესი პირობებია შექმნილი ბაქტერიებისთვის.

რატომ ოფლიანდებიან ადამიანები, როდესაც ცხარე საჭმელს ჭამენ?

ამის მიზეზია ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ცხარე პროდუქტები შეიცავენ, მაგალითად, წითელი წიწაკაა. ისინი ენის ზედაპირზე განლაგებულ ტკივილის რეცეპტორებთან არის დაკავშირებული. ეს უკანასკნელნი „ფიქრობენ“, რომ პილპილი ცხელია და ტვინს უგზავნიან სიგნალს: „გვცხელა!“ ამის საპასუხოდ ტვინი იწყებს სხეულის გაგრილებას ისე, როგორც შეუძლია - იწყებს ოფლის გამოყოფას.

ოფლის სუნზე საკვები მართლაც მოქმედებს?

დიახ. ოფლის სუნზე მოქმედებს ალკოჰოლური სასმელი და სანელებლები: ნიორი, ხახვი და სხვადასხვა სახის ხმელი სუნელი. გარდა ამისა, აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემიის წევრთა განცხადებით, ნატრიუმის გლუტამატისა და კოფეინის შემცველი (შოკოლადი, ყავა, ჩაი) პროდუქტები, ცხარე სოუსი, ალკოჰოლი და სანელებლები ოფლის გამოყოფას ახშირებს. შესაბამისად, მსგავსი საკვებისთვის თავის არიდება ჭარბოფლიანობას აგარიდებთ.

როგორ გავუმკლავდე ოფლის სუნს?

ოფლის სუნის დამარცხებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია სხეულის სწორი ჰიგიენა. წესები კი საკმაოდ მარტივია:

- დღეში ორჯერ დაიბანეთ იღლია, საზარდული და ფეხები, რის შემდეგაც ისინი გულდასმით შეიმშრალეთ;
- რეგულარულად გაიპარსეთ იღლია;
- ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი ატარეთ. ეს შეიძლება იყოს ბამბა, აბრეშუმი და შალი.
- ატარეთ ანტიბაქტერიული სპორტული წინდები;
- არ ჭამოთ მძაფრი სუნის მქონე და ცხარე საჭმელი;
- არ დალიოთ ბევრი ყავა და ალკოჰოლი; 

უსიამოვნო სუნთან ბრძოლაში დეოდორანტებიც დაგეხმარებათ. ინგრედიენტები, რომელთაც ისინი შეიცავენ, კანის ზედაპირზე ბაქტერიებისთვის არაკომფორტულ გარემოს ქმნიან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ განსაკუთრებით მდგრადი მიკროორგანიზმები თავის საქმეს გააკეთებენ, დეოდორანტის სუნი ოფლისას გადაფარავს.

ოფლიანობის შემცირების კიდევ რა საშუალებები არსებობს?

არსებობს, თუმცა იქამდე უნდა იცოდეთ, რომ ჭარბოფლიანობას ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ის, შესაძლოა, მშობლებისგან გენეტიკურად გადმოგეცეთ. ჭარბოფლიანობა შესაძლებელია უკავშირდებოდეს მენოპაუზას, ჭარბ წონას, მუდმივ სტრესსა და გარკვეული მედიკამენტების მუდმივ მოხმარებას. ხშირად ჰიპერჰიდროზი ამა თუ იმ დაავადების სიმპტომი არ არის, მაგრამ ამის გაგება საკმაოდ რთულია. სასურველია, თერაპევტთან კონსულტაცია, თუ ოფლიანობა თქვენს განრიგს ხელს უშლის, იწვევს ემოციურ სტრესს, ადამიანებთან კონტაქტის სურვილს გაკარგვინებთ და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ღამე ოფლიანობთ.

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ძლიერ ოფლიანობას თან ახლავს თავბრუსხვევა, მკერდში ტკივილის შეგრძნება ან ღებინება. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ავადმყოფობა არაფერ შუშია, სცადეთ ანტირესპირანტები. ასეთი საშუალებები ახშობს ფორებს, საიდანაც ოფლი გამოიყოფა. მისი მიღების შემდეგ მნიშვნელოვანია, რაღაც დროის განმავლობაში არ გაოფლიანდეთ, ამიტომაც დერმატოლოგები ანტირესპირანტების მიღებას ძილის წინ გვირჩევენ. 

რაც შეეხება ოფლიანობის შემცირების სხვა საშუალებებს, მაგალითად, ჰიპერჰიდროზის მკურნალობისთვის ექიმმა, შესაძლოა, პრობლემურ ზონაში ბოტულოტოქსინის ინექცია დაგინიშნოთ. თუმცა მსგავს საშუალებებს მხოლოდ დერმატოლოგის რეკომენდაციით უნდა მიმართოთ, რადგანაც მათ გარკვეული უკუჩვენებები აქვთ.

სხვა თემები