26 ივნისი 2019 - 23:00

რა ორგანიზაციაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და რატომ დაუბრუნა მან ხმის უფლება რუსეთს?

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სტრასბურგი, საფრანგეთი

ფოტო: shutterstock.com

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება აღუდგინა. მანამდე ორგანიზაციამ მიიღო შესწორებები, რომლებიც რუსულ დელეგაციას ყველა უფლებას, მათ შორის, ხმის უფლებას უბრუნებდა, რაც მას 2014 და 2015 წლებში ჩამოართვეს. სხვა ქვეყნების დეპუტატებმა ამ პროცესის დაბლოკვა მხოლოდ რამდენიმე დღით შეძლეს. უკრაინის დელეგაცია აცხადებდა, რომ რუსეთის დაბრუნების შემთხვევაში მისი დელეგაცია დროებით დატოვებდა ორგანიზაციას; უკრაინელებთან ერთად ფაქტს აპროტესტებდა ქართული დელეგაციაც. ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა უკვე უწოდა რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“.

რა არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) და რას საქმიანობს ის?

ეს ევროპის საბჭოს (ევროკავშირის მთავარ პოლიტიკურ ორგანოში - ევროპულ საბჭოში არ აგერიოთ) ერთ-ერთი უწყებაა. ევროპის საბჭო და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (თავდაპირველად კონსულტაციური საბჭო) 1949 წელს დასავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობისთვის შეიქმნა. ვარშავის პაქტის ლიკვიდაციის შემდეგ საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც მიუერთდნენ, 1996 წელს კი - რუსეთიც. საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 41-ე ქვეყანა 1999 წლის 27 აპრილს გახდა. დღეს საბჭოში 47 ქვეყანაა გაწევრიანებული, მათ შორის ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნებიც.

ევროპის საბჭოს მთავარი ამოცანაა - საკონსტიტუციო სამართლის და ადამიანის უფლებების სფეროში მთელ კონტინენტზე „ევროპული სტანდარტების“ შექმნა და დამკვიდრება. საბჭოს წევრი-ქვეყანა ვალდებულია უფლებების და თავისუფლებების დაცვის შესახებ 1953 წელს მიღებული ევროპული კონვენცია დაიცვას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) 318 წევრისგან შედგება (და მათი ამდენივე მოადგილისაგან), რომლებსაც წევრი-ქვეყნების პარლამენტები ირჩევენ. PACE-ს წევრების რაოდენობა თითოეული ქვეყნიდან დაახლოებით ამ ქვეყნების მოსახლეობის პროპორციულია. რუსეთი იმ ქვეყნებს შორისაა (დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, თურქეთთან და იტალიასთან ერთად) რომლებსაც დიდი წარმომადგენლობა აქვთ; რუსეთს წარმოადგენს 18 ადამიანი; 11 წევრს ირჩევს რუსეთის დუმა, კიდევ 7-ს - ფედერაციის საბჭო. საქართველოს PACE-ში 5 წარმომადგენელი ჰყავს (და მათი ამდენივე მოადგილე). 

PACE, ისევე როგორც ევროპის საბჭოს ორგანოთა უმრავლესობა (საგარეო საქმეთა მინისტრების კომიტეტი, ვენეციის კომისია) დიდწილად წევრ-ქვეყნებს კონსულტაციებს უწევს, გამოსცემს რეზოლუციებს, რეკომენდაციებს და ა.შ. გარდა ამის PACE აფასებს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების ხარისხს და სხვა ორგანოებთან ერთად, მონიტორინგს ატარებს ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის სტანდარტების დაცვის მხრივ ბოლომდე ყველაფერი წესრიგში არ არის (მაგალითად, ახლა „მონიტორინგის ქვეშაა“ საბჭოს 10 წევრი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, უკრაინა, საქართველო და თურქეთი). 

PACE-ს რეზოლუციებს, ანგარიშებს და სხვა დოკუმენტებს წევრი-ქვეყნებისთვის რეკომენდაციის ხასიათი აქვს, განსხვავებით, მაგალითად ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოსგან (ECHR), რომელიც განიხილავს მოქალაქეების საჩივრებს კონვენციის ქვეყნების მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

რატომ ჩამოართვეს რუსეთს PACE-ში ხმის უფლება?

უკრაინის მოვლენების გამო. 2014 წლის აპრილში ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის დელეგაციას წლის ბოლომდე ჩამოართვეს ხმის უფლება და გარიცხეს ასამბლეის ხელმძღვანელი ორგანოებიდან. ერთი წლის შემდეგ შეზღუდვები არათუ მოიხსნა, არამედ გამკაცრდა - რუსეთს აუკრძალეს ევროპის საბჭოს კომიტეტებში მონაწილეობა. პასუხად მოსკოვმა PACE-დან თავისი დელეგაცია გაიწვია. 2017 წლიდან რუსეთი არ იხდის ორგანიზაციაში საწევროს გადასახადს; მოსკოვმა დაბრუნებისთვის პირობები წამოაყენა - PACE-მ თავის წესდებაში შესწორება უნდა შეიტანოს, რომელიც კრძალავს დამნაშავე ქვეყნების დელეგაციების მიმართ შეზღუდვების ამოქმედებას. ეს შესწორება რეზოლუციის ფარგლებში 25 ივნისს მიიღეს. 

რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობაზე ეს პირველი შეზღუდვა არის: მსგავსი აკრძალვა მოქმედებდა 2000 წელს ჩეჩნეთის ომის გამო, მაგრამ 2001 წელს მოიხსნა. მას შემდეგ რუსეთს PACE მონიტორინგს უწევს, როგორც ქვეყანას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. PACE მუდმივად უყენებდა მოსკოვს პრეტენზიების გრძელ სიებს.

რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა განიხილებოდა 2008 წელს საქართველოსთან ომის შემდეგაც. მაშინ ასამბლეამ გადაწყვეტილება რუსეთის სასარგებლოდ მიიღო, დაადგინა რა, რომ ომის გაჩაღებაში ორივე ქვეყანას მიუძღოდა წვლილი. ერთი წლის შემდეგ, PACE-ს სპეციალურმა კომისიამ 2008 წლის მოვლენების გამოძიების საკითხებზე, პასუხისმგებლობა დიდწილად საქართველოს დააკისრა.

რისთვის სჭირდება PACE-ს რუსეთის დელეგაციისთვის უფლებების აღდგენა?

რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვაზე გავლენისათვის და საწევროს თანხების მიღებისათვის. 2019 წლის ზაფხულში ორი წელი გადის მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ევროპის საბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა. საბჭოს წესდების თანახმად, ორ წელიწადში არგადამხდელი შეიძლება გაირიცხოს ორგანიზაციიდან. საბჭოს აშკარად არ სურდა რუსეთის საბოლოოდ გარიცხვა. პირველ რიგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო (ECHR) რუსეთზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტებია; რუსეთის გასვლა საბჭოდან შეიძლება დასრულდეს იმით, რომ ის უარს იტყვის ადამიანის უფლებების კონვენციის დაცვაზე (ან ნაციონალურ კანონებს საერთაშორისო შეთანხმებებზე მაღლა დააყენებს); არ არის გამორიცხული, რომ ასეთ შემთხვევაში ის გააუქმებს მორატორიუმს სიკვდილით დასჯაზე. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეებს შეუწყდებათ წვდომა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოზე (ECHR).

მეორე მხრივ, ევროპის საბჭო დაინტერესებულია რუსეთის ფინანსურ შენატანებში. თითოეული ქვეყანა იხდის თავისი წარმომადგენლობის პროპორციულ საწევროს თანხას; ამგვარად, რუსეთის წილი - ხუთი მაქსიმალურიდან ერთ-ერთია, კერძოდ, 33 მილიონი ევრო, რაც ორგანიზაციის ბიუჯეტის 7%-ია. რუსეთის უარს საწევროს გადახდაზე (და მონიტორინგის ქვეშ მყოფი თურქეთის გადაწყვეტილებას შეემცირებინა თავისი საწევრო გადასახადის მოცულობა) ორგანიზაციის ბიუჯეტის ქრონიკული დეფიციტი მოჰყვა.

საბჭოს მინისტრების კომიტეტმა, რომელიც მაისში შეიკრიბა, რუსეთის დელეგაციისთვის უფლებების დაბრუნება ფაქტობრივად საწევროს გადახდას დაუკავშირა - მინისტრები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ყველა დელეგაციას „ჰქონდეს შესაძლებლობა მინისტრთა კომიტეტის და საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის თანასწორუფლებიანობის საფუძველზე“ და დასძინეს, რომ „წევრი-სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება საწევროების გადახდაა“.

ჯერჯერობით გაურკვეველია, გადაიხდის თუ არა რუსეთი საწევროებთან დაკავშირებულ დავალიანებას სრულად დელეგაციისთვის უფლებების აღდგენის შემდეგ - რუსეთის პარლამენტმა ამ საკითხის განხილვა სხვა დროისთვის გადადო; რუსული მედიის ინფორმაციით, 2019 წლის რუსეთის ბიუჯეტში საწევროს თანხა გათვალისწინებული არ არის.

რუსეთს რისთვის უნდა PACE-ში დაბრუნება?

ევროპასთან ურთიერთობის შენარჩუნებისთვის. რუს ჩინოსნებს და პოლიტიკოსებს არაერთხელ უთქვამთ, რომ მათი ქვეყანა ევროპის საბჭოში და კერძოდ, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში წევრობის გარეშეც იცხოვრებს. ასე ცხოვრობს ბელარუსი, რომელმაც 1997 წელს უარი თქვა დაეცვა მორატორიუმი სიკვდილით დასჯის შესახებ, რის გამოც PACE-ში „სპეციალური სტუმრის“ სტატუსი დაკარგა.

თუმცა, PACE-დან გასვლა ან გარიცხვა გაართულებდა რუსეთის ურთიერთობას ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის ეკონომიკურ მოლაპარაკებებს მხარეებს შორის.

სხვა თემები