02 ივლისი 2019 - 21:00

გრძნობის რამდენი ორგანო აქვს ადამიანს და როგორ უკავშირდებიან ისინი ტვინს? გარჩევა

გრძნობები

ფოტო: shutterstock.com

ყველა ჩვენგანს სმენია გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამიანს გრძნობის 5 ორგანო აქვს. სინამდვილეში კი შეიძლება ის უფრო მეტი იყოს, ან - სულაც ნაკლები. გააჩნია, საკითხს როგორ მიუდგებით. ბრიტანელი მეცნიერი და ფსიქოლოგი ქრისტიან ჯარეტი თავის წიგნში „დიდებული მითები ტვინის შესახებ“ იმის შესახებ წერს, რომ ეს საკითხი არც ისე ცალსახაა და საკმაოდ პარადოქსულიც. BBC იმის გარკვევას შეეცადა, რამდენი გრძნობის ორგანო აქვს ადამიანს, რატომ ფიქრობენ, რომ მათი რაოდენობა მხოლოდ ხუთია და არის თუ არა ეს მორიგი მითი ადამიანის ტვინის შესახებ?

რა მითები არსებობს ადამიანის ტვინის შესახებ?

ადამიანის ტვინის შესწავლის შედეგად არაერთი მითი შეიქმნა. სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩვენ „ნაცრისფერი ნივთიერების“ მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ. მსგავსი ზღაპრები განსაკუთრებით ნეირობიოლოგებს აწუხებთ. ისინი ასეთი მითების განეიტრალებას მათი წარმოქმნისთანავე ცდილობენ. თუმცა არსებობს ნაკლებად თვალსაჩინო ცდომილებები, რომლებიც მითებისგან განსხვავებით სპეციალისტების ნაკლებ ყურადღებას იპყრობს. სწორედ ერთ-ერთი მათგანია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტვინს შეგრძნებების ამსახველი სიგნალები ხუთი ორგანოდან გადაეცემა. ეს შეხედულება ჩვენს ცნობიერებაში ისე ღრმად არის გამჯდარი, რომ საკითხში კარგად ჩახედული ადამიანებიც კი ამ მოსაზრებას საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტად მიიჩნევენ.

რატომ არის ეს მოსაზრება ასე ფართოდ გავრცელებული?

შესაძლოა, ეს დაკავშირებულია ამ კონცეფციის წარმომავლობასთან. ბევრს მიაჩნია, რომ გრძნობის 5 ორგანოს შესახებ კონცეფცია ფორმულირებულია არისტოტელეს ტრაქტატში „სულის შესახებ“. ამ ნაშრომში მხედველობას, სმენას, შეხებას, სუნსა და გემოს ცალკე თავები ეძღვნება. დღეს უკვე ეს მოსაზრება ჩვენი მსოფლმხედველობის განუყრელ ნაწილად იქცა. ბრიტანულ სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალ New Scientist-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი სვამს კითხვას: „რა გვაქვს მხედველობაში, როდესაც რეალობაზე ვლაპარაკობთ?“ და თვითონვე სცემს პასუხს: „ერთი შეხედვით, ეს არის ყველაფერი, რასაც ჩვენი გრძნობის 5 ორგანო აღიქვამს.“ მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ყველაფერი არც ისე მარტივად არის და ეს ციფრიც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

როგორ და რა ინფორმაცია მიეწოდება ტვინს?

სიტყვა „გრძნობის“ განსაზღვრების მცდელობასაც კი სპეციალისტები ფილოსოფიურ მსჯელობამდე მიჰყავს. ერთ-ერთი შესაძლო განმარტების მიხედვით, რომელიც საკმაოდ ბუნდოვანია, გრძნობა არის ტვინის უნიკალური შესაძლებლობა, სხეულისა და გარესამყაროს შესახებ ინფორმაცია მიიღოს. თუ ეს ასეა, მაშინ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გრძნობის ორგანოები ადამიანს ნამდვილად ხუთზე მეტი აქვს. 

დასაწყისისთვის განვიხილოთ გრძნობის ორგანოები, რომლებიც სივრცეში ჩვენი სხეულის მდებარეობაზე არიან პასუხისმგებელნი. თვალი დახუჭეთ და მარჯვენა საჩვენებელი თითით მარცხენა ხელის იდაყვს შეეხეთ. მარტივია? როგორ გააკეთეთ ეს? თქვენ თქვენი მარჯვენა თითისა და მარცხენა ხელის იდაყვის მდებარეობა საიდანღაც გაიგეთ. ამ მოვლენას ეწოდება პროპრიოცეფცია - სივრცეში საკუთარი სხეულის ყოველი ნაწილის მდებარეობის გაცნობიერება. ეს უნარი გამოწვეულია ჩვენს კუნთებში არსებული სპეციალური რეცეპტორებით, რომლებიც ტვინს გადასცემენ ინფორმაციას, მოცემული მომენტისთვის რომელი კუნთი სად მდებარეობს. 

ახლა კი წარმოიდგინეთ, თვალები გაქვთ ახვეული და ვიღაც ნელი მოძრაობით წინ გიბიძგებთ. მომენტალურად გიჩნდებათ შეგრძნება, რომ თქვენი სხეული გრავიტაციულ ველში პოზიციას იცვლის. ეს ხდება სითხით სავსე ვესტიბულარული აპარატის მეშვეობით, რომელიც შიდა ყურშია განთავსებული და წონასწარობის დაცვაზეა პასუხისმგებელი. ვესტიბულარული სისტემა სივრცეში აჩქარების შეგრძნებასაც გვაძლევს. ის თვალებთან არის დაკაშირებული და საკუთარი მოძრაობების გაწონასწრორებაში გვეხმარება. მაგალითად, თუ თქვენ კითხვის დროს თავის ქნევას დაიწყებთ, შენიშნავთ, რომ ეს კითხვის უნარზე პრაქტიკულად არ მოქმედებს და სიტყვების წაკითხვაში ხელს არ გიშლით.

რომელი ორგანოები არიან პასუხისმგებელი შიმშილზე ან წყურვილზე?

არსებობს გრძნობის სხვა ორგანოები, რომელიც ორგანიზმის შინაგან მდგომარეობაზე ტვინს მთელ რიგ ინფორმაციას აწვდიან. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა შიმშილისა და წყურვილის შეგრძნება, შინაგანი ორგანოების ტკივილი და შარდის ბუშტის დაცლის აუცილებლობა. თუმცა არის ისეთებიც, რომლებიც ნაკლებ აქტიურად ვლინდება და რთულად აღიქმება - ეს არის არტერიული წნევის შესახებ სიგნალი, ცერებროსპინალური სითხის მჟავიანობის დონე და სხვ.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ გრძნობის ორგანოები უნდა განისაზღვროს ჩვენი რეცეპტორების მიხედვით - თითოეული მათგანი თავის შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი. ასეთ შემთხვევაში კარგად ცნობილი შეგრძნებებიც კი რამდენიმე სახეობად იყოფა. მაგალითად, თუ თქვენ თვალებს დახუჭავთ და ვინმე საყელოში ყინულის ნატეხს ჩაგიგდებთ, თქვენ მკვეთრ სიცივეს იგრძნობთ - ეს შეხება პლასტმასის ნატეხის შეხებისგან განსხვავებული იქნება. ადამიანის კანში არსებობს არა მარტო რეცეპტორები, რომლებიც ტემპერატურისადმია მგრძნობიარე, არამედ ისეთი რეცეპტორებიც, რომლებიც მექანიკურ ზეწოლაზე, ტკივილსა (მათ ნოციცეპტორები ეწოდებათ) და ქავილზე აგებს პასუხს.

შეგრძნებები როგორ უნდა დავყოთ?

ამავე ლოგიკურ ხაზს თუ გავყვებით, გემოს შეგრძნება შეიძლება დაიყოს ტკბილ, მჟავე, მლაშე და მწარე შეგრძნებებად. თუმცა ასეთი დიფერენციაცია საკითხისადმი გონივრულ მიდგომად სულაც არ მიიჩნევა, რადგან ამ შემთხვევაში სუნების დაყოფა ბევრად აბსურდული იქნებოდა. ადამიანს აქვს 1000-ზე მეტი რეცეპტორი, რომლებიც სხვადასხვა სუნის მქონე მოლეკულაზეა ორიენტირებული. თითოეული მათგანი გრძნობის ცალკე ორგანოდ ხომ ვერ ჩაითვლება. 

მეორე უკიდურესობად მიიჩნევა ფიზიკური შეგრძნებებით მიღებული ინფორმაციის განსაზღვრა, რომელიც სამამდე შეიძლება დავიყვანოთ. ეს არის მექანიკური (შეხება, სმენა და პროპრიოცეფცია), ქიმიური (გემო, სუნი და შინაგანი შეგრძნებები) და სინათლის.

არსებობს თუ არა სხვა მოსაზრებები?

დიახ. არსებობს სხვა მიდგომაც, რომელიც გულისხმობს ორიენტაციას არა მიღებული ინფორმაციის კატეგორიებსა და შეგრძნებებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გამოიყენება ეს ინფორმაცია. ამის შესანიშნავი მაგალითია ადამიანის უნარის ექოლოკაციისთვის გამოყენება. აშშ-ში არსებობს უსინათლო ველოსიპედისტების ჯგუფი Team Beat-ი, რომელსაც დენიელ ქიში ხელმძღვანელობს. ეს ადამიანები ექოლოკაციის მეშვეობით მთის ველოსიპედებით დადიან. მეთოდი დაფუძნებულია გრძნობის ტრადიციულ ორგანოზე, როგორიცაა სმენის ანალიზატორი, მაგრამ შეგრძნებითა და ფუნქციით ის მხედველობის ორგანოს უახლოვდება. იმისათვის, რომ „სიბნელეში დაინახოთ“ ექოლოკაციის მეშვეობით, სულაც არ არის აუცილებელი, უსინათლო იყოთ. სწორედ ამიტომ ექოლოკაციას ზოგიერთი მეცნიერი ცალკე სენსორულ სისტემას უწოდებს.

არსებობს თუ არა გრძნობის ორგანოების საერთო განმარტება?

გრძნობის ორგანოების საერთო ლოგიკური ახსნა არ არსებობს. გარკვეულ კონტექსტში, შესაძლოა, არც ისე მნიშვნელოვანი იყოს, მათ შორის სხვაობის დადგენა. მითუმეტეს, რომ ისინი საკმარისად დაკაშირებულია ერთმანეთთან: საკვების ფერმა და გარკვეულმა ბგერებმაც კი, შესაძლოა, გემოს შეგრძნებაზე იმოქმედოს. ასეთი უკუკავშირის არსებობის ცოდნა კი საკითხის შესწავლისას ძალიან მნიშვნელოვანია. 

რა კუთხითაც უნდა შევხედოთ, წარმოდგენა გრძნობის 5 ორგანოზე არის კიდევ ერთი მითი ადამიანის ტვინის შესახებ. ჩვენს ტვინში შემავალ ყველა სახის ინფორმაციაზე რომ დავფიქრდეთ, სრულიად ახალი შეგრძნება გაგვიჩნდება - უშეცდომო მგრძნობელობა სხვადასხვა მითზე იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამს ტვინი გარესამყაროს. შეიძლებოდა ამისთვის „მეექვსე გრძნობის“ დარქმევა, მაგრამ ახლა ხომ ვიცით, რომ ის მეექვსე სულაც არ არის.

სხვა თემები