24 ივლისი 2019 - 10:00

იცოდით, რომ პოსტსამშობიარო დეპრესია კაცებსაც აქვთ?

პოსტსამშობიარო დეპრესია

ფოტო: Shutterstock.com

პოსტსამშობიარო დეპრესიასთან გამკლავება ბევრ ქალს უწევს. მართალია, შვილის გაჩენა სასიამოვნო მოვლენად ითვლება, მაგრამ ქალების დაახლოებით 80%-ს მშობიარობის შემდეგ ბედნიერების შეგრძნების ნაცვლად სევდიანი განწყობა, შფოთვა და აპათია ეუფლება. 2019 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ცენტრმა პირველად გასცა თანხმობა პრეპარატზე, რომელიც მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება. რას ნიშნავს პოსტსამშობიარო  დეპრესია? რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ იკურნება?

მშობიარობის შემდეგ უგუნებობა დეპრესიის ნიშანია?

ყოველთვის არა. ეს შეიძლება იყოს ნაკლებსერიოზული მდგომარეობა, რომელსაც ინგლისურად baby blues უწოდებენ. ის დაკავშირებულია ცვლილებებთან, რომლებიც ქალის ორგანიზმში მშობიარობის შემდეგ მიმდინარეობს (მაგალითად, ჰორმონების დონის ცვლილება), ასევე ძილისა და დასვენების უკმარისობა. Baby blues დიდხანს არ გრძელდება. ეს პერიოდი დაახლოებით 3-დან 10 დღეს მოიცავს და მას მკურნალობის სპეციალური კურსი არ სჭირდება. ამ მდგომარეობის გადალახვა ბევრად მარტივი იქნება, თუ მშობიარობის შემდეგ რამდენიმე დღე ქალს ეყოლება დამხმარე, რათა მას ძილისა და დასვენების საშუალება მიეცეს.

სამწუხაროდ, საქმე ყოველთვის baby blues-ში არ არის. ქალების დაახლოებით 10-15%-ს მშობიარობის შემდეგ სერიოზულ დარღვევები აქვს. ამ მდგომარეობას მშობიარობის შემდგომი დეპრესია ეწოდება. და შეიძლება დაემართოთ არამარტო ქალებს, არამედ კაცებსაც, რომლებსაც შვილი ახლახან შეეძინათ.

როგორ მივხვდე, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია მაქვს?

მიმართეთ ექიმს. baby blues-გან განსხვავებით, მშობიარობის შემდგომი დეპრესია შეიძლება მალევე არ განვითარდეს. როგორც წესი, ის წარმოიქმნება მშობიარობიდან ორ-რვა კვირაში, თუმცა შეიძლება ბავშვის დაბადებიდან 1 წლის მერეც გამოვლინდეს.

მშობიარობის შემდგომი დეპრესია გაქვთ, თუ თქვენ ვერ იძინებთ მაშინაც კი, როდესაც თქვენს პატარს ძინავს, ან იმდენად სუსტად გრძნობთ თავს, რომ ლოგინიდან წამოდგომას საათობით ვერ ახერხებთ, ან მუდმივად გეტირებათ. გარდა ამისა, მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომებს მიეკუთვნება:

- ბავშვისადმი ინტერესის დაკარგვა;
- უიმედობის განცდა;
- გადაჭარბებული შფოთვა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
- სიხარულის შეგრძნების დაკარგვა;
- დანაშაულის შეგრძნება, რადგან ფიქრობთ, რომ „ცუდი დედა ხართ“, „დედობისთვის არ ხართ გაჩენილი“, „ბავშვის გაჩენა შეცდომა იყო“ და სხვ.
- გულგრილობა ან აგრესიული განწყობა პარტნიორისადმი ან ბავშვისადმი; 
- შფოთვა და გაღიზიანებადობა;
- კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები;
- ინტერესის დაკარგვა საკვებისადმი, სექსისადმი;

კონცენტრაციასთან დაკაშირებული პრობლემები შეიძლება ჰქონდეს იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც ახალბედა მშობლები არიან. თუმცა ეს აუცილებლად უნდა განიხილოთ ექიმთან. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გადასამოწმებლად შეგიძლიათ ედინბურგის სკალა გამოიყენოთ. კითხვარის შევსება შეუძლიათ როგორც ქალებს, ასევე კაცებს. სწორედ ამის მეშვეობით შეძლებთ თქვენ განსაზღვროთ, უნდა მიმართოთ თუ არა ექიმს.

ხანდახან ვფიქრობ, რომ ბავშვს რამე დავუშავო. ეს ძალიან ცუდია?

ასეთმა აზრებმა შეიძლება ძალიან შეგაშინოთ, გაფიქრებინოთ, რომ ჭკუიდან იშლებით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს შვილს ნამდვილად რამეს დაუშავებთ. ადამიანები ხშირად ექიმს ფსიქიკური დარღვევების სტიგმატიზაციის გამო არ მიმართავენ. ეს შეიძლება იყოს ბავშვზე მეურვეობის დაკარგვის, ახლობლების მიერ პრობლემის არასწორად გაგების ან ამის გამო სამსახურში პრობლემების შექმნის შიში. თუ თქვენ გაწუხებთ ფიქრები იმის შესახებ, რომ გინდათ, თქვენს შვილს ან საკუთარ თავს რამე ავნოთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

როგორ ავუხსნა ოჯახის წევრებს, რომ ცუდად ვარ?

ახლობლები უფრო ადვილად გაგიგებენ, თუ მათ მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე გარკვეული ინფორმაცია ექნებათ. ამიტომ ურჩიეთ მათ ამ თემაზე სხვადასხვა ლიტერატურას ან პუბლიკაციას გაეცნონ. თქვენმა მდგომარეობამ შეიძლება ისინი გააღიზიანოს, რადგან პრობლემის შესახებ ბევრი არაფერი იციან. შესაძლოა თქვენი ოჯახის წევრებსაც ეშინიათ და არ იციან რა ქნან, ამიტომ დახმარება მათაც სჭირდებათ.

ექიმთან უნდა წავიდე. ის მედიკამენტებს გამომიწერს თუ საავადმყოფოში დამაწვენს?

ექიმის რეკომენდაციები თქვენს მდგომარეობაზეა დამოკიდებული, მაგრამ წამლები და მით უმეტეს ჰოსპიტალიზება, აუცილებელი სულაც არ არის. მშობიარობის შემდგომი მსუბუქი დეპრესიის მკურნალობა ფსიქოთერაპიით არის რეკომენდებული. ამასთანავე, ყველა მეთოდი სულაც არ არის გამოსადეგი. ყველაზე უკეთ შესწავლილია კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის ეფექტიანობა. ამასთან, მნიშვნელოვანია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის შერჩევა.

ექიმები მიჩნევენ, რომ თერაპიის დროს დედა-შვილი ერთად უნდა იყოს, რათა ძუძუთი კვების მეშვეობით დედამ შვილზე ზრუნვა ისწავლოს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში არის განყოფილებები, სადაც ახალნამშობიარებ ქალებს მკურნალობენ ისე, რომ მათ შვილებს არ აშორებენ. როგორც წესი, ძუძუთი კვების დროს ანტიდეპრესანტების მიღება პრობლემა არ არის.

მეორე შვლის გაჩენის შემთხვევაშიც, იგივე საფრთხე მელის?

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკი არსებობს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ ამ პრობლემის წინაშე ნამდვილად აღმოჩნდებით. ამასთან, არსებობს პროფილაქტიკური მეთოდები. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ანტიდეპრესანტები მესამე ტრიმესტრში ან მშობიარობის შემდეგ, თუ კონკრეტულ პრეპარატებს თქვენს შემთხვევაში ეფექტი უკვე ჰქონდა. გარდა ამისა, შეიძლება მხოლოდ ექიმის კონსულტაცია და სპეციალისტთან გასაუბრებაც კი საკმარისი აღმოჩნდეს.

სხვა თემები