13 ივლისი 2019 - 20:03

იცით თუ არა როდის ჩამოყალიბდა თქვენი ხასიათი?

ფოტო: shutterstock.com

ხასიათის ის თავისებურებები, რომლებიც ადამიანს უკვე ზრდასასრულ ასაკში აქვს, მას ჯერ კიდევ მაშინ უვლინდება, სანამ ენას აიდგამს. თუმცა ამის გაგება არც ისე ადვილია. ფსიქოლოგების განმარტებით, ადამიანი, როგორც პიროვნება სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით ყალიბდება. თქვენს ამჟამინდელ ხასიათზე აისახა თქვენი გენები, მეგობრები, სკოლა და სხვა გარე ფაქტორები. როდის იღებს ადამიანის ხასიათი მკვეთრ კონტურებს? თუ თქვენ მორცხვი ხართ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბავშვობაშიც ასეთი იყავით? ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ქცევითი ტენდენციები, რომლებიც ბავშვს დაბადებიდან რამდენიმე თვეში უვლინდება, მის მომავალ პიროვნულ თვისებებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

ადამიანის ხასიათი ჯერ კიდევ ჩვილობის დროს ყალიბდება?

ასე ცალსახად ვერ ვიტყვით. ხასიათის ძირითადი შტრიხების განსაზღვრა ბავშვის ამქვეყნად მოვლინების პირველ დღეებშიც შესაძლებელია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის პიროვნული თვისებები ასეთ ადრეულ ასაკში ყალიბდება და დროსთან ერთად არ იცვლება. აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგები, რომლებიც ბავშვების ქცევით ტენდენციებს აკვირდებიან, ჩვეულებისამებრ იყენებენ ტერმინს „ტემპერამენტს“ და არა - „პიროვნებას“.

ამ მიმართულების ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო ნაშრომი იყო კვლევა სახელწოდებით New York Longitudinal Study, რომელიც ნიუ-იორკში 1950 წელს დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში ფსიქოლოგი ცოლ-ქმარი სტელა ჩესი და ალექსანდერ ტომასი 133 ბავშვს დაბადებიდან 30 წლამდე აკვირდებოდნენ. მეცნიერები ცდის მონაწილეთა მშობლებსაც პერიოდულად ეკონტაქტებოდნენ.

მიღებული მონაცემების საფუძველზე მათ ახალშობილის ტემპერამენტის განმსაზღვრელი 9 პრინციპული ასპექტი გამოჰყვეს. მათ შორის იყო აქტიურობის დონე და განწყობა. 

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ზოგიერთი პარამეტრის კანონზომიერება დაადგინეს და ბავშვების სამი ტიპი დაასახელეს. ამასთან, მაშინ პოლიტიკურ კორექტულობას ისეთი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, როგორც დღეს. ამიტომ ამ ჯგუფებმა შემდეგი სახელწოდებები მიიღეს: ბავშვები რთული ტემპერამენტით, ბავშვები მსუბუქი ტემპერამენტითა და შენელებულად განვითარებადი ბავშვები.

რა კავშირია ბავშვის ტემპერამენტსა და ზრდასრული ადამიანის ხასიათს შორის?

იმავე კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც 3 წლამდე რთული ან მსუბუქი ტემპერამენტის მქონეთა ჯგუფში მოხვდნენ, კატეგორიას არც მოგვიანებით იცვლიდნენ. თუმცა მეცნიერებს ბავშვის ტემპერამენტსა და ზრდასრული ადამიანის ხასიათს შორის კავშირი მაშინ არ შეუსწავლიათ.

დიდი ხნის განმავლობაში ფსიქოლოგებს, რომლებიც ბავშვის ტემპერამენტს სწავლობდნენ და სპეციალისტებს, რომლებიც ზრდასრული ადამიანის პიროვნებას აკვირდებოდნენ, ერთმანეთი არ გადაუკვეთავთ. სიტუაცია მხოლოდ ბოლო ათწლეულში შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილის ტემპერამენტით მისი პიროვნების ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, ეს კატეგორიები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

ახალშობილის ტემპერამენტის შეფასების კრიტერიუმები შეიცვალა? 

დიახ. ტემპერამენტის ზემოთ ხსენებული 9 ასპექტი დღეს უკვე 3 ფართო კატეგორიად იქცა. სხვადასხვა ფსიქოლოგიური ლაბორატორიის წარმომადგენლები მათ განსხვავებულად მოიხსენიებენ.

ერთი მხრივ ეს არის „კონტროლი, რომელიც ძალისხმევას მოითხოვს“, რომელიც აღნიშნავს ახალშობილის უნარს საკუთარი თავი აკონტროლოს და ამა თუ იმ საგანზე ყურადღების კონცენტრაცია შეძლოს. მეორე მხრივ, ეს არის „ნეგატიური ეფექტიანობა“, რომელიც უარყოფით ემოციასთან, შიშსა და იმედგაცრუებასთან ასოცირდება.

ბოლოს და ბოლოს, როდის ყალიბდება ადამიანის ხასიათი? 

ფსიქოლოგთა შეფასებით, ახალშობილებს, რომლებსაც ექსტრავერსიისა და დინამიზმის მაღალი მაჩვენებელი უვლინდებათ (მაგალითად, ხშირად იღიმიან), 8 წლისას ნევროტიზმის დაბალი მაჩვენებელი აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ემოციურად უფრო გაწონასწორებულები არიან. ასე რომ, ფსიქოლოგების შეფასებით, თუ თქვენი შვილი მცირე ასაკიდანვე ყურადღებიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ის მოწესრიგებული მოზარდი იქნება. თუმცა არის შემთხვევები და არც თუ ისე იშვიათად, როდესაც საკმაოდ მხიარული ბავშვები ასაკის მატებასთან ერთად ნაკლებ ექსტრავერსიულები არიან. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ტემპერამენტი, რომელიც ჩვენ მცირე ასაკში გვაქვს, ყოველთვის არ გვინარჩუნდება.

ასეა თუ ისე, ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ტემპერამენტის თავისებურებები, რომლებიც ადამიანს თავისი ცხოვრების პირველ წლებში ახასიათებს, არის ერთგვარი ფუნდამენტი მისი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. ჩეხმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც 12-დან 30 თვემდე ბავშვების ტემპერამენტი შეისწავლეს. მათ დაასკვნეს, რომ თუ ადამიანი მცირე ასაკში აქტიური და დამოუკიდებელია, ზრდასრულობის პერიოდში მაღალი ალბათობით ექსტრავერსიული და თავდაჯერებული იქნება.

ადამიანი მუდმივად ვითარდება და შესაძლოა, ეს ხდება გარკვეული კანონზომიერებით, მაგრამ შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს ის კონკრეტული მომენტი, როდესაც ადრეულ ასაკში დამახასიათებელი თვისებები ზრდასრული ადამიანის ხასიათად იქცევა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბავშვი როდესაც 3 წლის ხდება, მშობელს აქვს დაახლოებითი წარმოდგენა, თუ როგორი იქნება მისი ტემპერამენტის თავისებურებები.

სწორედ ამაზე მეტყველებს კვლევა, რომლის ფარგლებშიც ლონდონის ფსიქიატრიის ინსტიტუტის პროფესორებმა 3 წლის ბავშვების ქცევითი პარამეტრები ამავე ადამიანების ქმედებებს 23-წლიანი ინტერვალის შემდეგ შეადარეს. ამ ცდაში სულ 1000 ადამიანი მონაწილეობდა. ფსიქოლოგებმა ისინი რამდენიმე ჯგუფად დაჰყვეს: „გაწონასწორებულები“, „კონტროლის არასაკმარისი უნარის მქონენი“, „თავდაჯერებულები“, „დაძაბულები“ და „თავშეკავებულები“. თითქმის 3 ათწლეულის შემდეგ მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაასკვნეს, რომ თავდაჯერებული ბავშვები მკვეთრად გამოხატულ ექსტრავერტებად იქცნენ. 

მეცნიერები სულ უფრო ხშირად პოულობენ იმის მტკიცებულებას, რომ ზრდასრულ ადამიანებში არსებული ფსიქოლოგიური პრობლემები პირველად მათ ადრეულ ასაკშიც უვლინდებოდათ. შესაძლოა, სწორედ ამ თავისებურებების ცოდნაა საჭირო, რომ უფროსებმა ფრთხილად იმოქმედონ და შვილებს ჯანსაღ ადამიანებად ჩამოყალიბებაში დაეხმარონ.

სხვა თემები