16 ივლისი 2019 - 13:25

ვინ არის ინტერნეტის „მრევლი“ და რა კავშირი აქვს მას რელიგიასთან?

ფოტო: shutterstock.com

წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მე-8 საუკუნის ბაღდადში ან მედიჩის ფლორენციაში. ამ დროს და ამ ადგილებში რელიგია იყო ჰაერი, რომლითაც ადამიანები სუნთქავდნენ, წყალი, რომელსაც სვამდნენ და ეს იყო ნებისმიერი სოციალური კავშირის საფუძველი. ანტიკური ქალაქები საერთო სალოცავების - ეკლესიების ან მეჩეთების ირგვლივ შენდებოდა, სკოლებში კი ძირითადად რელიგია ისწავლებოდა. ასეთი ადგილები ქმნიდნენ სოციალურ კაპიტალს და უზრუნველყოფდნენ ორმხრივს ნდობას ადამიანებს შორის, მიუხედავად მათ შორის არსებული სხვაობისა. დღეს ამ როლს ინტერნეტი ასრულებს, რომელიც ყველგანაა და ხელმისაწვდომიa სმარტფონების მეშვეობითაც. მეცნიერული და აკადემიური აზროვნების განვითარებამ რელიგია ნამდვილად ვერ ჩაანაცვლა, თუმცა ინტერნეტის სახით მას დღეს უკვე ძლიერი მეტოქე ჰყავს.

ჰყავს თუ არა ინტერნეტს თავისი „მრევლი“?

ანტიკური ხანის მრევლი შეიძლება თანამედროვე ადამიანების გაერთიანებას შევადაროთ, რომელიც ამა თუ იმ სოციალურ ქსელში შეხვედრას გეგმავს ან ერთიანდება სხვადასხვა იდეის გარშემო და შესაბამისად აქტიურობს. მეცნიერთა შეფასებით, ეს „თანამედროვე მრევლი“ გაცილებით სუსტია, რადგან ეფუძნება არა რწმენას, არამედ - რეალურ ცხოვრებისეულ ურთიერთობებს. მისი წევრები სხვა გაერთიანებებსაც მიეკუთვნებიან, მაშინ როდესაც რელიგიის შემთხვევაში მრევლი მხოლოდ ერთია.

მრევლის მიზანი ყველა დროში სოლიდარობის და ქცევის საერთო ნორმების დამკვიდრებაა. ეს გამოიხატებოდა მომლოცველობაში, რაც ზებუნებრივი ძალებისადმი განსაკუთრებული პატივისცემის გამოვლინება იყო. ცხადია, ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის ამ კატეგორიის მრევლთან გაიგივება არ შეიძლება, მაგრამ Apple-ის პროდუქციის პრეზენტაციის ატმოსფერო, რომელსაც სტივ ჯობსი უძღვებოდა და რომელიც დღემდე YouTube-ზე დღემდე ხელმისაწვდომია, რელიგიურობის ელფერი ნამდვილად დაჰკარავს.

ახალი თაობის „მრევლს“ თავისი „სულიერი ლიდერიც“ ჰყავს?

როგორც ცნობილია, რელიგია იერარქიული ინსტიტუტების წარმოქმნას უზრუნველყოფს, რომლის სათავეშიც სამღვდელოებაა. სილიკონის ველიც მსგავს კვაზი-ლიდერებს გვთავაზობს. ბუდიზმის მიმდევრების მგავსად, Apple-ის თანამშრომლებიც უპირობო თაყვანისცემის იდეით არიან შთაგონებულნი. სპეციალისტებს მაგალითად მარკ ცუკერბერგი მოჰყავთ და მას უტოპიური მოძრაობის ლიდერს უწოდებენ, რომელსაც სურს, რომ მთელი კაცობრიობა თავისი სქემის ნაწილად აქციოს. 

ლუდვიგ ფოიერბახი 1841 წელს გამოქვეყნებულ თავის კრიტიკულ წერილში წერდა, რომ რელიგიამ გაუცხოება გამოიწვია, რადგან კაცობრიობა დააშორა ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო საუკეთესოა. მორწმუნე ადამიანები, რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. კარლ მაქსმა კი ფოიერბახის იდეა გაიმეორა, რელიგია ფულით შეცვალა და თქვა, რომ გაუცხოების მიზეზი კაპიტალიზმია.

მეც „მრევლის“ წევრი ვარ?

მარქსი რელიგიასთან დაკავშირებულ ფოიერბახის სკეპტიციზმს სრულად იზიარებდა. მისი ერთ-ერთი ცნობილი ფრაზაა, რომ „რელიგია ადამიანებისთვის ოპიუმია“. თუ დავაკვირდებით ოჯახის თინეიჯერ წევრს, რომელიც სოციალურ მედიაზე ლამის სრულადაა დამოკიდებული, ან თუნდაც საკუთარ თავს, გაღიზიანებულს, როდესაც სმარტფონი ხელში არ გვიჭირავს, მივხვდებით, რომ ეს მოსაზრება სიმართლისგან არც ისე შორსაა.

წყარო: BBC

სხვა თემები