19 ივლისი 2019 - 14:04

რა უნდა იცოდეთ ევროკომისიის შესახებ. გზამკვლევი

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ფოტო: Shutterstock.com

ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტი გერმანიის აწ უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრი გახდა. ბერლინიდან ბრიუსელისკენ მიმავალი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბოლო დღეებში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. რატომ არის ამდენად მნიშვნელოვანი, ვინ იქნება ევროკომისიის პრეზიდენტი და ზოგადად, რა ფუნქცია აქვს ევროკომისიას?

რა პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული ევროკომისიას? 

ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოსთან ერთად ევროპის კავშირის ერთ-ერთი ძირითადი სტრუქტურული ერთეულია. ევროკომისია ევროკავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა. ევროკომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა დააკვირდეს, როგორ სრულდება ის კანონები და წესები, რომელიც ევროპის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. ეს ეხება როგორც საკვები პროდუქტების ხარისხის მართვას, ასევე წამლების რეგისტრაციას ან გამონაბოლქვის ემისიის შეზღუდვას. 

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წევრი ქვეყანა ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს, ევროკომისიას შეუძლია მის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას ბრიუსელში პოლიტიკური მოტივებითაც ხელმძღვანელობენ. ევროკომისიას უწევს ოქროს შუალედის პოვნა კანონის აღსრულების აუცილებლობასა და სანქციების მიზანშეწონილობას შორის.

ევროკომისია შეიმუშავებს ასევე კანონპროექტებს, რომლებიც შემდეგში ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მრავალეტაპიანი პროცესის ფარგლებში უნდა დაამტკიცონ და არც თუ ისე იშვიათად ეს მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს. სწორედ ამის მაგალითი იყო იმ დირექტივის დამტკიცება, რომლის თანახმადაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საშუალო სამუშაო დრო კვირაში 48 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ამ შეზღუდვის წინააღმდეგ ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა გამოდიოდა.

რას საქმიანობს ევროკომისია? 

ევროკომისიას საკუთარი პრიორიტეტების განსაზღვრა დამოუკიდებლადაც შეუძლია. ეს შეიძლება იყოს როგორც ევროკავშირის მდიდარ და ღარიბ რეგიონებს შორის მკვეთრი სხვაობის შემცირებაზე ორიენტირება, ასევე ახალგაზრდებში უმუშევრობის პრობლემის მოგვარების მიმართულებით აქტიური მუშაობა ან მსხვილი საინვესტიციო პროგრამის დაწყება. 

ევროკომისია ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაშიც აქტიურად მონაწილეობს. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს ლტოლვილთა უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები. თუმცა იმისათვის, რომ ევროკომისიამ ხმელთაშუა ზღვაში სამაშველო ოპერაციები განაახლოს, მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების დახმარება სჭირდება. სწორედ მათ უნდა გამოჰყონ ხომალდები და შესაბამისი პერსონალი, რადგან ევროკომისიას ამის რესურსი თავად არ გააჩნია.

ევროკომისია ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტთან ერთად ევროკავშირის იმ სამ ინსტიტუტს შორისაა, რომლებიც გაერთიანების ბიუჯეტის განაწილებაზე არიან პასუხისმგებელნი.

როგორ ნაწილდება ევროკავშირის ბიუჯეტი? 

როგორც წესი, ევროკავშირის ყველაზე მეტი სუბსიდია სოფლის მეურნეობაზე გაიცემა. მეორე ადგილზეა ევროკავშირის ჩამორჩენილი რეგიონების ეკონომიკის მხარდაჭერა. 

ევროკავშირის ბიუჯეტის მოცულობასა და მის განაწილებას ბრიუსელში ტრადიციულად ცხარე კამათი ახლავს. დასავლეთ ევროპული და სკანდინავიური დონორი ქვეყნები საწევრო შენატანის შემცირებას ითხოვენ. ამას ეწინააღმდეგებიან სუბსიდიების მიმღები ისეთი ძირითადი სახელმწიფოები, როგორიც არის პოლონეთი. თუმცა საბოლოოდ მხარეები ყოველთვის კომპრომისზე თანხმდებიან.

მეორე მხრივ, ზოგიერთი წევრი ქვეყნის პრეტენზია საწევრო შენატანის მოცულობაზე ექსპერტთა ნაწილისთვის გაუგებარია, რადგან დღეისათვის გაერთიანების ბიუჯეტი ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ დაახლოებით 1%-ა.

რამდენი თანამშრომელი ჰყავს ევროკომისიას? 

ევროკომისია ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის 28 კომისარს აერთიანებს. ყოველი მათგანი ევროკავშირის საქმიანობის კონკრეტულ სფეროზეა პასუხისმგებელი. მათ შორის პორტფელებს ევროკომისიის ხელმძღვანელი ანაწილებს. მაგალითად, სწორედ ის ნიშნავს ევროკავშირის კომისარს კონკურენციის, ტრანსპორტისა და განვითარების მიმართულებით. 

ევროკომისიის მეორე ნაწილი შედგება რიგითი თანამშრომლებისგან, რომლებიც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მაღალკვალიფიციური ექსპერტები არიან. მათ ღია კონკურსის წესით ირჩევენ. აქ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები მუშაობენ. მათ შორის არიან სავაჭრო უფლებების მიმართულებით მომუშავე იურისტები, კვების უსაფრთხოების სპეციალისტები და სხვ. დღეისათვის ევროკომისიის მუდმივი შტატი 25 000 ადამიანისგან შედგება.   

ამ სტრუქტურის სათავეშია მისი ხელმძღვანელი. ის ევროკომისიას საერთაშორისო არენაზე წარმოადგენს. მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიენის წინამორბედი ჟან კლოდ იუნკერი შეეცადა აშშ-თან სავაჭრო დავა დონალდ ტრამპთან შეხვედრით მოეგვარებინა. ის ასევე მონაწილეობდა ივნისის ბოლოს ოსაკაში გამართულ G20-ის სამიტში.

ევროკომისიის ხელმძღვანელი ასევე კურირებს ურთიერთობას ქვეყნებთან, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი ან ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან.

სხვა თემები