23 ივლისი 2019 - 20:24

რა უნდა იცოდეთ ვიტამინების სწორად მიღებაზე?

ვიტამინები

ფოტო: Shutterstock.com

ვიტამინების ქრონიკული უკმარისობა აქტუალობას არცერთ სეზონზე არ კარგავს. სულ უფრო მეტი ადამიანი ლაპარაკობს ავიტამინოზზე და მასთან გამკლავებას საკუთარი მეთოდებით ცდილობს. რა არის ავიტამინოზი? არის თუ არა რეკომენდებული ვიტამინების თვითნებური მიღება? უნდა დალიონ თუ არა ვიტამინები სპორტსმენებმა და ფეხმძიმე ქალებმა?

როგორ მივხვდე, რომ ავიტამინოზი მაქვს? 

ავიტამინოზი არის ხანგრძლივი არასრულყოფილი კვების შედეგი, რის გამოც ორგანიზმს ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობა აქვს. სიმპტომები დამოკიდებულია იმ ვიტამინზე, რომლის დეფიციტსაც ორგანიზმი განიცდის. ყველაზე ხშირად პაციენტს ახასიათებს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და გულისრევა. ავიტამინოზის ერთ-ერთი მაგალითია სურავანდი (C ვიტამინის ნაკლებობა), რომელსაც კბილების ცვენა, ღრძილებიდან სისხლდენა, უჩვეულო სისუსტე და სახსრების ტკივილი ახასიათებს.

როგორ გავიგო, რომელი ვიტამინის დეფიციტი მაქვს?

თუ თქვენ რომელიმე ვიტამინის ნაკლებობა გაქვთ იმდენად, რომ ექიმის დახმარება გჭირდებათ, ეს სიმპტომებითან კარგად გამოჩნდება. თუ თქვენ მთლიანობაში თავს კარგად გრძნობთ, დიდი ალბათობით მკურნალობაც არ გჭირდებათ. ამა თუ იმ ვიტამინის ნორმა კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული და ჩატარებულ სამედიცინო გამოკვლევებში მითითებული „დეფიციტი“ ყოველთვის პათოლოგიას არ გულისხმობს.

როგორ უნდა მივიღო ვიტამინები? 

რა თქმა უნდა, საკვებიდან. ხილსა და ბოსტნეულში ვიტამინის გარდა ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა. „ორგანული პროდუქტებისა“ და „არაგენმოდიფიცირებული საკვების“ დევნა კი საჭირო სულაც არ არის, შეგიძლიათ ჩვეულებრივი სუპერმარკეტით შემოიფარგლოთ.

ზამთარში ვიტამინები საგანგებოდ უნდა მივიღო?

ისეთი ქვეყნების მცხოვრებლებს, სადაც შემოდგომასა და ზამთარში ნაკლები მზეა, ექიმები D ვიტამინის მიღებას ურჩევენ. ბრიტანელი მეცნიერების აზრით, სასურველია ამ ვიტამინის ოქტომბრიდან მარტამდე მიღება. რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს (მაგალითად, ასაკოვნებს) ეს მოტეხილობისგან დაიცავს. თუმცა სამეცნიერო დასკვნა, რომ ამა თუ იმ ვიტამინის დამატებით მიღება სხვა დაავადებების თავიდან არიდების გარანტია, ჯერჯერობით არ არსებობს.

მულტივიტამინების ზაფხულში მიღება?

მულტივიტამინები არის წამალი. შესაბამისად, მისი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის მიზანშეწონილი. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს მძიმე ალკოჰოლდამოკიდებულება და მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევა აქვს ან ბარიატრიულ ოპერაციას უკეთებენ. ამ დროს პაციენტი საკვებიდან საჭირო რაოდენობის ვიტამინებს ვერ იღებს.

არაერთი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მულტივიტამინების „ყოველი შემთხვევისთვის“ მიღებას არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ისინი ამ შემთხვევაში არ აფერხებენ დაავადების პროგრესს და არც სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდიან. არცერთი დასავლური სამედიცინო ორგანიზაცია არ უწევს რეკომენდაციას მულტივიტამინების მიღებას ექიმის დანიშნულების გარეშე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მულტივიტამინი შეიძლება რეაქციაში შევიდეს სხვა წამალთან, რომელსაც თქვენ სვამთ.

D ვიტამინის მისაღებად სოლარიუმში რომ წავიდე? 

არა. სოლარიუმი მავნეა. ულტრაიისფერი სხივის ზემოქმედებით ხშირად ვითარდება კანის კიბო და ნაადრევად ჩნდება ნაოჭები. არსებობს D ვიტამინის მიღების გაცილებით უსაფრთხო მეთოდი. მაგალითად, მიირთვათ ამ ვიტამინით მდიდარი საკვები (ორაგული, ყველი, საქონლის ღვიძლი), მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატი ან 10-15 წუთი შუადღეს ქუჩაში გაატაროთ. სხვათა შორის, მზისგან დამცავი კრემი D ვიტამინის მიღებას ხელს სულაც არ უშლის.

ვიტამინების დიდი რაოდენობით მიღება სასარგებლოა? 

არა, მაგრამ მავნე ნამდვილად არის. მაგალითად, თუ ფეხმძიმე ქალი A ვიტამინს დიდი ოდენობით მიიღებს, ეს შეიძლება ნაყოფის განვითარებაზე ძალიან ცუდად აისახოს ან რამე დეფექტი გამოიწვიოს. კვლევებით დასტურდება, რომ ის ადამიანები, რომლებიც E ვიტამინსა და ბეტა-კაროტინს დიდი დოზით იღებენ, ხშირად სიმსივნით ავადდებიან. ჩვეულებისამებრ, წყალში ხსნადი ვიტამინები (C და B ჯგუფის ვიტამინები) შარდთან ერთად გამოიყოფა, მაგრამ საჭირო დოზაზე 10-25-ჯერ მეტ C ვიტამინს თუ მიიღებთ, ამან შეიძლება თირკმლებში კენჭი ჩამოაყალიბოს. ცხიმში ხსნადი ვიტამინები (A, D, E, და K) კი უარესია: ისინი ორგანიზმში გროვდება და ადამიანი შეიძლება მოწამლოს.

აქტიურად ვვარჯიშობ. დამატებითი ვიტამინები მჭირდება? 

აუცილებელი სულაც არ არის. სპორტსმენები, როგორც წესი, საკვებიდან იღებენ ყველა საჭირო ვიტამინს, თუ რაციონს ზუსტად იცავენ. თუმცა თუ ადამიანი სწორად არ იკვებება, მას შეიძლება დამატებითი ვიტამინების მიღება აბების სახით დასჭირდეს.

შეიძლება თუ არა ფეხმძიმე ქალმა ვიტამინი დალიოს? 

ქალებმა, რომლებიც დაფეხმძიმებას გეგმავენ, უმჯობესია ფოლიუმის მჟავა წინასწარ დალიონ. თუ ამ პრეპარატს ორსულობამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე დაიწყებთ და ფეხმძიმობის პირველ თვეებშიც არ შეწყვეტთ, ნაყოფის განვითარებაში სერიოზული დეფექტების განვითარების რისკი შემცირდება. რაც შეეხება დანარჩენ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, კვების რაციონში შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ის პროდუქტები, რომლებიც მათ დიდი რაოდენობით შეიცავს.

სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ თქვენი განრიგი დიეტოლოგს არ შეუდგენია, შეგიძლიათ მიიღოთ მულტივიტამინები, რომლებიც რკინას, კალციუმს, ფოლიუმის მჟავას, იოდსა და ვიტამინ D-ს შეიცავს. თუმცა ეს საკმაოდ სადავო საკითხია და მულტივიტამინებისგან მიღებულ სარგებელზე მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში ლაპარაკობენ.

გაციებული ვარ. C ვიტამინი უნდა მივიღო? 

არა. ადამიანები, რომლებიც C ვიტამინს იღებენ, სხვებზე იშვიათად არ ავადმყოფობენ. თუმცა მისმა მიღებამ, შესაძლოა, თქვენი ცუდად ყოფნის ხანგრძლივობა დღით ან ნახევარი დღით შეამციროს. თუ უკვე გაციებული ხართ, C ვიტამინი თქვენი გამოჯანმრთელების პროცესს ნამდვილად არ დააჩქარებს, რადგან ამის არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს.

სხვა თემები