26 აგვისტო 2019 - 16:56

მშობიარობა, მჭიდრო ბიუსტჰალტერი და ტრავმა. რა მითები არსებობს ძუძუს კიბოს შესახებ?

ძუძუს კიბო

ფოტო: Shutterstock.com

სიმსივნური პათოლოგიების მქონე ქალების დაახლოებით 25%-ის დიაგნოზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველ მეოცე ქალს ადრე თუ გვიან ონკოლოგიური დაავადების ამ სახეობასთან უწევს ბრძოლა. ამასთან, ძუძუს ცვლილება ხშირად ბუნებრივ პროცესებთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება მოხდეს მენსტრუაციამდე ან შემდეგ, ფეხმძიმობის ან მენოპაუზის დროს. მნიშვნელობა აქვს იმასაც, იღებს თუ არა ქალი ჰორმონებს ან კონტრაცეპტივებს. ამიტომაც ეს ცვლილებები ყოველთვის არ არის კიბოსთან დაკავშირებული.

პროფილაქტიკური ზომებით ძუძუს კიბოს პრევენცია შესაძლებელია?

არა. რა თქმა უნდა, არსებობს მეთოდები, რომლებიც სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის რისკ ამცირებს, მაგრამ 100%-იანი გარანტია ნამდვილად არ არსებობს. სწორედ ამ საშუალებებს მიეკუთვნება ძირითადად მეორადი პროფილაქტიკა, რაც ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენას გულისხმობს. თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც დაავადების რისკს ამცირებენ და რომლებზეც ზემოქმედება ქალებს რაღაც დოზით შეუძლიათ.

სარძევე ჯირკვლის კიბოთი მხოლოდ რისკჯგუფში მყოფი ქალები ავადდებიან?

სულაც არა. სამწუხაროდ, ყველა ქალს აქვს გარკვეული საბაზისო რისკი, ძუძუს კიბოთი რომ დაავადდეს და ამ საფრთხეს გარეფაქტორები კიდევ უფრო უწყობს ხელს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ასაკი. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ "რაც უფრო მეტი რისკფაქტორი აქვს ქალს, მით უფრო მაღალია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ალბათობა“.

ფაქტია, რომ რისკჯგუფში მყოფი ქალები (მაგალითად, ვისაც ძუძუს კიბოთი დატვირთული მემკვიდრეობა აქვს) გაცილებით ხშირად ავადდებიან. ონკოლოგიურ პაციენტთა უმრავლესობას სწორედ ისინი წარმოადგენენ.

ძუძუს კიბოს რისკი ასაკთან ერთად იზრდება?

კი, მაგრამ ძუძუს კიბო საკმაოდ გაახალგაზრდავდა. ზოგადად, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ყველაზე ხშირად 35-დან 50 წლამდე იჩენს თავს, მაგრამ ბოლო დროს ქვედა ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე შემცირდა.

მასტოპათია ძუძუს კიბოს წინა სტადიაა?

არა. მასტოპათია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის წინა სტადია არ არის. სინამდვილეში ის დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციაშიც არ შედის, რამდენადაც ცხოვრების გარკვეულ პერიოდში მკერდის ნორმალურ მდგომარეობად მიიჩნევა. მასტოპათიის გაჩენა ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.

ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად ექოსკოპია საკმარისია?

არა. ულტრაბგერითი გამოკვლევა სარძევე ჯირკვლის უსიმპტომო სიმსივნის გამოსავლენად არც უნდა განიხილებოდეს. ის შეიძლება ჩატარდეს დიფერენცირებული დიაგნოსტიკისთვის, მაგრამ მას კიბოსადმი საკმაოდ დაბალი მგრძნობელობა აქვს.

ძუძუთი კვება და მშობიარობა სარძევე ჯირკვლის კიბოს რიკს ამცირებს?

კი, თუმცა უმნიშვნელოდ. შეიძლება ითქვას, რომ ძუძუთი კვება ერთი წლის განმავლობაში კიბოს რიკს დაახლოებით 7%-ით ამცირებს, ყოველი მშობიარობა კი - თითქმის 9%-ით. მაგალითად, ქალს, რომელმაც ორჯერ იმშობიარა და თავის შვილებს სამი წელი ძუძუთი კვებავდა, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების რისკი დაახლოებით 40%-ით უმცირდება. მაგრამ, ეს რისკი შედარებითია და არა - აბსოლუტური. თუ ზემოთ ხსენებულ მაჩვენებელს აბსოლუტური რისკის პარამეტრებით განვსაზღვრავთ, მხოლოდ 2,3%-ი შეგვრჩება. გასათვალისწინებელია, რომ ძუძუს კიბოთი დაავადების რისკი მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ დაახლოებით 5,7%-ია. გარდა ამისა, ეს ციფრები აღარ იქნება აქტუალური მათთვის, ვისაც ონკოგენური მუტაცია აქვს.

მჭიდრო ბიუსტჰალტერი ძუძუს კიბოს იწვევს?

არა. ბიუსტჰალტერი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეზე არანაირად არ მოქმედებს. არასწორად შერჩეულმა აზღუდმა შეიძლება კანი უმნიშვნელოდ დააზიანოს, მაგრამ სულ ესაა. სინამდვილეში ბიუსტჰალტერს მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია აქვს, როგორც ნებისმიერ საცვალს ან ტანსაცმელს.

აბორტი ძუძუს კიბოს იწვევს?

არა. აბორტი სარძევე ჯირკვლის სიმსივნის რისკთან არანაირად არ არის დაკავშირებული. თუმცა ფეხმძიმობისა და მშობიარობის არქონა მთელი ცხოვრების მანძილზე ამ რისკს ნამდვილად ზრდის. ეს მენსტრუალური ციკლის რაოდენობასთანაც არის დაკავშირებული: რაც მეტია ციკლი, მით მეტია ძუძუს კიბოს რისკიც და პირიქით. შესაბამისად, ყოველი ფეხმძიმობა და მშობიარობა ამ მექანიზმს სულ ცოტა ცხრა-ათი თვით აჩერებს, ეს კი გასაგები მიზეზების გამო სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის რიკს ამცირებს.

ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა მისგან განკურნების გარანტიაა?

ასეთი კატეგორიული განცხადება, არასწორია. ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა ყველა ქალისთვის პანაცეა არ არის. ზოგს ეს ეხმარება მეტ ხანს იცოცხლოს, სხვას - კიბოსგან დეფაქტო განკურნების შესაძლებლობას აძლევს, ზოგიერთს კი საერთოდ ვერაფერში ეხმარება.

ძუძუს ტრავმა კიბოს მაპროვოცირებელია?

არა. ტრავმები სარძევე ჯირკვლის კიბოზე არანაირ გავლენას არ ახდენს, თუმცა ქალები ამ ორ ფაქტს ერთმანეთს ხშირად უკავშირებენ. ძუძუს ტრავმა ძალიან მტკივნეულია, ამიტომ ქალებს ეს კარგად ამახსოვრდებათ. რაღაც დროის შემდეგ სიმსივნის კლინიკური სიმპტომები თუ გამოვლინდა, პაციენტი ამ დიაგნოზს წარსულში მიღებულ ტრავმას უკავშირებს. თუმცა ეს სიმართლე არ არის. სიმსივნის განვითარების პროცესი შეიძლება ათ წელზე მეტხანს გრძელდებოდეს და რა თქმა უნდა, ცოტა ხნის წინ მიღებული ტრავმა აქ არაფერ შუაშია.

სიგარეტის მოწევა ძუძუს კიბოს აჩენს?

არა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, მაგრამ მოწევასა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნეს შორის კავშირი არ დადასტურდა. თუმცა ეს ფაქტი კიბოს სხვა სახეობებზე სიგარეტის მაპროვიცირებელ ზემოქმედებას სულაც არ გამორიცხავს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილტვის ან კუჭის სიმსივნე.

ალკოჰოლი ძუძუს კიბოს იწვევს?

ნაწილობრივ კი. ალკოჰოლის დიდი დოზის რეგულარული მიღება ძუძუს კიბოს რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ეს მოსაზრება არაერთი მასშტაბური კვლევით დადასტურდა. თუმცა იმის მტკიცება, რომ ალკოჰოლი ძუძუს კიბოს იწვევს, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია.

სარძევე ჯირკვლის სიმსივნე მხოლოდ ქალებს აქვთ?

არა. სარძევე ჯირკვლის სიმსივნე იშვიათად, მაგრამ კაცებშიც გვხდება. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანის ორგანიზმის BRCA1/2 გენებში მუტაცია მიმდინარეობს. თუ თქვენს ნათესავ კაცს სარძევე ჯირკვლის კიბო ჰქონდა, სამედიცინო გენეტიკოსისგან კონსულტაციის მიღება დროული იქნებოდა. ამ შემთხვევაში სასურველია გენეტიკური ტესტი ჩაიტაროთ.

იმპლანტი ძუძუს კიბოს რისკს ზრდის? 

არა. იმპლანტს ძუძუს კიბოს განვითარების რისკზე არანაირი გავლენა არ აქვს. ეს ძალიან ბევრი კვლევით დადასტურდა. ერთადერთი პრობლემა, რომელიც მკერდის ზომის გაზრდის მიზნით იმპლანტის ჩადგმის შემთხვევაში წარმოიქმნება, არის ის, რომ იმპლანტი ადეკვატური მამოგრაფიის ჩატარებას ხელს უშლის. ის ქსოვილს ბლოკავს, რაც კიბოს სკრინინგს აფერხებს.

ძუძუ რაც უფრო დიდი ზომისაა, მით მეტია კიბოს რისკი?

არა. ზომას ამ დაავადებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა პატარა ზომის მკერდი სკრინინგს აადვილებს: სარძევე ჯირკვალში ვერ აღმოჩენილი კიბოს ალბათობა ძალიან დაბალია.

ძუძუს ზომის შესამცირებელი ოპერაციები კი ნამდვილად ამცირებს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ალბათობას. ეს შემდეგნაირად აიხსნება: ჯირკვლის ქსოვილის მოცილებით პლასტიკური ქირურგი პოტენციურად საშიშ უბნებსაც აშორებს. ეს კი, თავის მხრივ, კიბოს რისკს ამცირებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ძუძუს დაპატარავების პროცედურა თავისი პოპულარობითა და სიხშირით ზომაში გაზრდის ოპერაციის პირდაპირპროპორციულია. ის საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული.

ვეგეტარიანელობა ძუძუს კიბოს რისკს ამცირებს? 

არა. კვების ტიპი ძუძუს კიბოს განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. ეს შეიძლება სიმსივნის გარკვეული ფორმების შემთხვევაში იყოს აქტუალური, ოღონდ არა ამ სიტუაციაში.

სხვა თემები