04 მარტი 2020 - 22:40

განსხვავდება თუ არა ისლამოფობია ქსენოფობიისა და რასიზმისგან?

ფოტო:shutterstock.com

ისლამოფობიის ტენდენციის ზრდა დღეს მთელ მსოფლიოში შეინიშნება. ამის ძირითად მიზეზებზე საუბრისას სამეცნიერო ანალიტიკოსები „ცივილიზაციების შეჯახების“ პოპულარულ კონცეფციაზე, დასავლეთსა და ისლამურ სამყაროს შორის არსებული კონფლიქტის ისტორიაზე, „ტერორიზმთან ბრძოლასა“ და ტერორისტულ თავდასხმებზე ამახვილებენ ყურადღებას. თუმცა სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ გარკვეული ფაქტორებია, რომლებიც ბევრ ადამიანს „ისლამური საფრთხის“ არსებობაში არწმუნებს.

როდის გაჩნდა ტერმინი „ისლამოფობია“ 

1991 წელს ბრიტანულმა მემარცხენე ორგანიზაციამ Runnymade Trust-მა,  რომლის ძირითად მიზანს მულტიკულტურული საზოგადოების პრობლემების მოგვარება წარმოადგენს, პირველად გამოიყენა ტერმინი „ისლამოფობია“, რაც „მუსლიმებისადმი დაუსაბუთებელ მტრულ განწყობას, შიშსა და უარყოფით დამოკიდებულებას“ გულისხმობს.

უკვე 1997 წელს ამავე ორგანიზაციამ ისლამოფობიის შესახებ პირველი ანგარიშიც გამოაქვეყნა. ეს ტერმინი საერთაშორისო მედიამ მალევე აიტაცა და მსგავსი პრეცედენტების აღსაწერად აქტიურად გამოიყენებოდა. ევროსაბჭოს განმარტებით კი, „ისლამოფობია არის შიში ისლამის, მუსლიმებისა და იმ ყველაფრისადმი, რაც ამ იდეოლოგიასთან არის დაკავშირებული. ისლამოფობია ადამიანის უფლებების დარღვევაა და საზოგადოების ერთსულოვნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“. თუმცა დავა ამ ტერმინის ზუსტ განმარტებაზე დღემდე გრძელდება და უამრავი განსხვავებული მოსაზრება არსებობს.

ისლამოფობია და რასიზმი ერთი და იგივეა?

ზოგიერთი მეცნიერი ისლამოფობიას ქსენოფობიის ან რასიზმის ერთ-ერთ გამოვლინებად მიიჩნევს. 2007 წელს Journal of Sociology-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორმაც ისლამოფობია განმარტა როგორც ანტიმუსლიმური რასიზმი. თუმცა ამ მოსაზრებას ბევრი არ ეთანხმება. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ რასიზმი და ისლამოფობია ანალიტიკურად განსხვავებული ფენომენია, თუმცა ისინი ემპირიულად  დაკავშირებულები არიან.


Runnymade Trust-ის ანგარიშში გამიჯნულია ისლამის შესახებ „ღია“ და „დახურული“ შეხედულებები. აქ ნათქვამია, რომ სწორედ ეს უკანასკნელი არის ისლამოფობია და გულისხმობს შემდეგს:
-    ისლამი აღქმულია როგორც სტატიკური და უცვლელი ფენომენი;
-    ისლამი აღქმულია როგორც „სხვა“, რომელსაც არ აქვს საერთო ღირებულებები სხვა რელიგიასთან;
-    ისლამი მიჩნეულია სექსისტურ, პრიმიტიულ, არარაციონალურ და ბარბაროსულ რელიგიად;
-    ისლამი ასოცირდება აგრესიასთან, ძალადობასა და ტერორიზმთან;
-    ანტიმუსლიმური ქმედება ითვლება ბუნებრივ რეაქციად და ნორმად;


ისლამის შესახებ „ღია“ შეხედულებები აბსოლუტურად განსხვავდება ზემოთ ხსენებული მიდგომისგან. ის გულისხმობს პატივისცემას, დიალოგსა და კრიტიკულ აზროვნებას.

სად, როგორ და რატომ ვლინდება ისლამოფობია

სამეცნიერი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ისლამოფობია მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ფორმით ვლინდება: 
-    სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ჰიჯაბის აკრძალვა; 
-    მინარეთებისა და მეჩეთების მშენებლობის აკრძალვა; 
-    აზანის დროს მეგაფონის გამოყენების აკრძალვა; 
-    მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში ადგილობრივი მუსლიმი სასულიერო პირების რადიკალი ლიდერების გვერდით მოხსენიება;
-    მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში მუსლიმთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა მოციქულ მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნებით; 
-    ისლამის საწინააღმდეგო წიგნების გამოცემა და ფილმების შექმნა;
-    ყურანის საჯაროდ დაწვა; 


ისლამოფობიის მიზეზებზე ხშირად დავობენ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს დაკავშირებულია 11 სექტემბრის ტერაქტთან, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებებსა და ზოგადად, ტერორისტულ თავდასხმებთან ევროპასა და ამერიკაში. სხვები ისლამოფობიის ზრდას დასავლურ ქვეყნებში მუსლიმების რაოდენობის ზრდას უკავშირებენ. საზოგადოების ნაწილი კი ისლამოფობიის მთავარ მიზეზად გლობალური მაჰმადიანური იდენტობის აღმოცენებას მიიჩნევს.

სად ფიქსირდება ისლამოფობიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

მუსლიმების მიმართ დამოკიდებულება ევროპის ქვეყნებში განსხვავებულია. უარყოფითი დამოკიდებულება მუსლიმებისადმი ყველაზე მაღალია უნგრეთში (72 %), იტალიასა (69%) და პოლონეთში (66%). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი - საფრანგეთში(29%), გერმანიასა(29%) და დიდ ბრიტანეთში(28%) ფიქსირდება. 
მიუხედავად იმისა, რომ ისლამოფობია ამერიკაში სულ უფრო იზრდება, The Institute for Social Policy and Understanding (ISPU)- მა აღმოაჩინა, რომ ამერიკელებისთვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ეს მიდგომა რელიგიურ თავისუფლებასაც გულისხმობს. გამოკითხული ამერიკელების 86%-ს არ სურს, რომ ესა თუ ის ადამიანი რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდეს. 


ზემოაღნიშნულის მიუხედავად, FBI-ს მონაცემებზე დაყრდნობით, 2001 წლიდან ანტიისლამური კრიმინალი აშშ-ში კატასტროფულად გაიზარდა. ის შემდგომ წლებში თითქოს დასტაბილურდა, თუმცა ეს მაჩვენებელი რადიკალურად მაინც არ შეცვლილა. 2001 წლიდან ისლამოფობიის ზრდა ევროპაშიც იგრძნობა.

სხვა თემები