21 აგვისტო 2019 - 14:47

მობილური ტელეფონის ხშირი გამოყენება კიბოს იწვევს?

მობილური ტელეფონი

ფოტო: Shutterstock.com

მობილური ტელეფონის ხშირ გამოყენებაზე უამრავი მოსაზრება არსებობს. განსაკუთრებით აქტუალურია შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს სმარტფონი ადამიანის ჯანმრთელობაზე. სინამდვილეში კი მობილური ტელეფონით გამოწვეული ყველაზე დიდი რისკი არის ავტოსაგზაო შემთხვევა, როდესაც მძღოლი საჭესთან მობილურ ტელეფონს მოიხმარს. ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მტკიცებით, უმჯობესია მძღოლი მგზავრს ელაპარაკოს თუნდაც იმიტომ, რომ ეს უკანასკნელიც ადევნებს თვალს გზაზე მიმდინარე მოვლენებს და თუ სიტუაცია დაიძაბება, სულ ცოტა, გაჩუმდება მაინც.

მობილურ ტელეფონს კიბოს გამოწვევა შეუძლია?

როგორც ჩანს, არა. ყოველ შემთხვევაში, მეცნიერებს დღემდე მსგავსი არაფერი დაუდგენიათ. ეს საკითხი სხვადასხვა მასშტაბური კვლევის საგანი იყო და ვერცერთი შესწავლით ვერ დადასტურდა, რომ მობილური ტელეფონის აქტიურ გამოყენებას ონკოლოგიური დაავადების ან თუნდაც კეთილთვისებიანი სიმსივნის გამოწვევა შეუძლია. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრები მიიჩნევენ, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ მობილური ტელეფონი ისე, რომ არც იფიქროთ ონკოლოგიური დაავადებების რისკზე. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აქამდე მეცნიერებმა შეისწავლეს სმარტფონის გამოყენების მხოლოდ 15-წლიანი ხანგრძლივობის შედეგი.

როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურ სამსახურში აცხადებენ, არ არსებობს არანაირი საიმედო მტკიცებულება იმისა, რომ ტელეფონი საერთოდ რაიმე ფორმით ვნებს ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ არ არსებობს არანაირი აუცილებლობა, რომ ღამით ტელეფონი თქვენგან 2 მეტრის მოშორებით მოათავსოთ. 

ასეა თუ ისე, ადამიანებს, რომლებსაც ყველაფრის მიუხედავად სმარტფონის გამოყენების მაინც ეშინიათ, შეუძლიათ მისი ზემოქმედება შეზღუდონ. ამისათვის საჭიროა ტელეფონზე ცოტა საუბარი და ზოგადად, მისგან თავი შორს დაჭერა. ასევე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამერიკის პედიატრიის აკადემიის მოსაზრებით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სასურველია ბავშვების კონტაქტი მობილურ ტელეფონთან მაქსიმალურად შეზღუდოთ.

დღეში რამდენ საათს შეუძლიათ ბავშვებს სმარტფონების მოხმარება?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. სმარტფონები და პლანშეტები ჩვენს ცხოვრებაში არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა და მათი გავლენა ბავშვებზე ჯერ სათანადოდ შესწავლილი არ არის. თუმცა დღეისათვის მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ პრონციპული საკითხია არა საათების რაოდენობა, არამედ ის, თუ კონკრეტულად რით არის ბავშვი დაკავებული.

ერთია, თუ ის მუსიკალურ ვიდეორგოლებს ან მულტფილმებს უყურებს და მეორე, როცა მშობლებთან ერთად რაიმე საგანმანათლებლო პროგრამას უყურებს (მაგალითად, სწავლობს სახალისო ანბანს) ან ბებიას Skype-ით ესაუბრება.

2016 წლის ბოლოს ამერიკის პედიატრიულმა აკადემიამ ამ მიმართულებით რეკომენდაციები განაახლა:

- 18 თვიდან ბავშვებისთვის გაჯეტების გამოყენება ნებადართულია, მაგრამ მშობლებმა მათი მოხმარების საათების რაოდენობა უნდა შეზღუდონ.

- 2-დან 5 წლამდე უმჯობესია დღეში სმარტფონთან ან პლანშეტთან გატარებული დრო მხოლოდ 1 საათი იყოს.

- მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რით არიან მათი შვილები დაკავებული, განსაკუთრებით 1.5-დან 2 წლამდე.

გარდა ამისა, ბავშვებმა უნდა დაიძინონ იმდენ ხანს, რამდენიც მათთვის აუცილებელია. მათ დაძინებამდე ერთი საათი გაჯეტის გარეშე უნდა გაატარონ, დღის განმავლობაში სულ ცოტა ერთი საათი ფიზიკურად დაიტვირთონ და სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატარონ.

რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება, რომ ტელეფონები და პლანშეტები  საგანმანათლებლო მიზნით გამოიყენება, მაგრამ ზოგიერთი პედიატრი ამბობს, რომ ამ მეთოდით შესაძლებელია ბავშვის გართობა. ეს კი მშობელს საშუალებას აძლევს, დაისვენოს, რადგან ამ უკანასკნელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვაც აუცილებელია.

მობულურით სარგებლობა კისრის დაავადებს იწვევს?

არა, ჯერ-ჯერობით ამის შესახებ მონაცემები არ არსებობს. მოსაზრება, რომ მობილურის აქტიური გამოყენება სერიოზულ დაავადებებს ან თუნდაც კისრის ტკივილს იწვევს, არ დასტურდება. თუმცა თუ თქვენ მობილურში ყურებისას წინ ძალიან იხრებით, ზურგის ზედა ნაწილსა და ბეჭებში დაძაბულობას ნამდვილად იგრძნობთ. სწორედ ამიტომ თქვენი ჯდომის, დგომის თუ წოლის პოზიციას სმარტფონის მოხმარებისას უნდა დააკვირდეთ და კუნთის ვარჯიშები აკეთოთ.

კაცებისთვის შარვლის ჯიბით სმარტფონის ტარება რეკომენდებულია?

არ არის ცნობილი. ამ თემაზე არც ისე ბევრი კვლევაა ჩატარებული და რაც არის, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ კაცებს შარვლის ჯიბით მობილურის ტარება აეკრძალოთ.

ზოგადად, ტემპერატურის მატება სპერმის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს, ჩართულ მობილურ ტელეფონს კი აქვს ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელსაც ქსოვილის გახურება შეუძლია. თუმცა დღემდე უცნობია, არის თუ არა საკმარისი ეს გამოსხივება, რომ სპერმის ხარისხზე იმოქმედოს.

მართალია, რომ სმარტფონები და პლანშეტები უძილობას იწვევს?

ყველა ადამიანში არა, მაგრამ ასეთი ზემოქმედება ნამდვილად შესაძლებელია. მონიტორიდან გამომავალ ცისფერ შუქს შეუძლია ჩაახშოს ჰორმონ მელატონინის გამოყოფა, რომელიც ადამიანს დაძინებაში ეხმარება. თუ ეს თქვენ გეხებათ, დაძინებამდე 1 საათით ადრე ყველანაირი გაჯეტი გადადეთ. თუმცა ეს ძილის ჰიგიენის მხოლოდ ნაწილია: სასურველია დაწვეთ და ადგეთ ერთსა და იმავე დროს, ოთახში კომფორტული ტემპერატურა შეინარჩუნოთ, სადილის შემდეგ ყავა არ დალიოთ და სხვ. ეს ყველაფერი ერთად იქნება კარგი პროფილაქტიკა და უძილობის მკურნალობაც.

ტელეფონს წარამარა ვამოწმებ. რაღაც ხდება ჩემს თავს?

ყველაფერი წესრიგშია, ეს არ არის დაკავშირებული არანაირ ფსიქიკურ დაავადებასთან. ეს მხოლოდ რეაქციაა სტრესულ სიტუაციაზე და განგაშის მოხსნის ერთ-ერთი მეთოდია.

ხშირად ადამიანები ტელეფონს სისტემატურად იმიტომ ამოწმებენ, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა დიდად არ მოსწონთ. და კიდევ: ხანდახან სმარტფონში ცქერა გაუაზრებელი ქმედება სულაც არ არის. პირველ რიგში, ეს მხოლოდ სოციალური ქსელები და თამაშები კი არა, სამუშაო ელექტრონული ფოსტა ან ახლობლებთან მიმოწერა შეიძლება იყოს. მეორე მხრივ, ტელეფონი გვეხმარება დრო გავიყვანოთ ისეთ სიტუაციაში, რომელშიც ყოფნა მაინც გვიწევს. ეს შეიძლება იყოს რიგში დგომა ან ტრანსპორტში ყოფნა.

ჩემს ტელეფონს დეზინფექცია სჭირდება? 

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვსმენია ტელეფონზე დაგროვილი ბაქტერიების შესახებ, არ არსებობს არანაირი ოფიციალური რეკომენდაცია მობილური ტელეფონის დეზინფექციის საჭიროების შესახებ. ეს წესი ვრცელდება მანამ, სანამ თქვენ საავადმყოფოში არ მუშაობთ. იქ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა: მობილური ტელეფონი, შესაძლოა, სხვადასხვა ბაქტერიის გადამტანი ნამდვილად აღმოჩნდეს. თუმცა იმისათვის, რომ არ დაავადდეთ, აუცილებელია ხელების დაბანა.

სხვა თემები