30 აგვისტო 2019 - 16:00

ელექტრონული მუსიკის შექმნა მინდა. ეს შესაძლებელია?

ელექტრონული მუსიკა

ფოტო: Shutterstock.com

ელექტრონული მუსიკა მრავალფეროვანი მიმდინარეობაა. ის შეიძლება იყოს საცეკვაო, აკადემიური, ექსპერიმენტული, ავანგარდული, ინტელექტუალური, მსუბუქი და სხვ. თუმცა ეს ჟანრობრივი გრადაციები უკვე კარგა ხანია მოძველდა. ამბობენ, რომ აქ სრული შემოქმედებითი თავისუფლებაა და ამ მუსიკალური მიმდინარეობის ხიბლიც სწორედ ამაშია.

ელექტრონული მუსიკის შექმნის პროცესი განსხვავებულია? 

ჩვეულებრივ, მუსიკის შესაქმნელად საჭიროა, ის დაწეროთ. შემდეგ უნდა შექმნათ შემოქმედებითი ჯგუფი, გაანაწილოთ ნოტები და რეპეტიციები დაიწყოთ. ყოველი ინსტრუმენტი ცალკე მუსიკოსია, მათი მოძებნა და სინქრონიზება კი საკმაოდ რთული პროცესი და ძვირი სიამოვნებაა. 

თუ თქვენ ელექტრონული მუსიკას ქმნით, შეგიძლიათ არანჟირება ერთი საღამოს განმავლობაში საკუთარ სამზარეულოში მოიფიქროთ, შეარჩიოთ ბგერები, შეუხამოთ ერთმანეთს და მეორე დღეს ეს კომპოზიცია კლუბში დაუკრათ. დღეს ელექტრომუსიკოსი ყველაზე დამოუკიდებელი ფიგურაა, რომელსაც ყველაფრის კეთება საკუთარ ნებაზე შეუძლია: იქნება ეს პირველი აკორდების შექმნა თუ თავისი ნოუთბუქიდან ურთულესი კომპოზიციების შესრულება.

ამისათვის კი არაფრის დაზეპირება არ არის საჭირო. დასაწყისისთვის უნდა გაერკვეთ მუსიკალურ პროგრამაში და კომპოზიციების შექმნა დაიწყოთ. თქვენი ინსპირაციის წყარო შეიძლება გახდეს სკამის ჭრიალი, ქაღალდის შრიალი, ფანჯრის მიღმა ქუჩის ხმაური, კატის კნავილი და სხვ. ელექტრონული მუსიკა შედგება ყველა იმ ხმოვანი ბგერისაგან, რომელიც შეგიძლიათ კომპიუტერში შეიტანოთ. მათგან თქვენ ქმნით რიტმს, ბასის პარტიას ან მელოდიას. გარდა ამისა, სინთეზატორის ხმები და მთელი ორკესტრი კომპიუტერულ პროგრამაში ძალიან მარტივად თავსდება. 

ელექტრონული მუსიკა მხოლოდ საცეკვაო ჰიტები ან ცივი სინთეზატორის მექანიკური რიტმი არ არის. ის შეიძლება იყოს მსუბუქი, რომლის შესაქმნელადაც ეთნიკური ინსტრუმენტები ან არათანმიმდევრული რიტმები და ორკესტრის ხმები გამოიყენება. ელექტრონული მუსიკა შეიძლება იყოს სტადიონური. მას ასევე შეუძლია მთელი თაობა გააერთიანოს (მაგალითად, 90-იანი წლების ბავშვები).

არსებობს მითი, რომ ელექტრონული მუსიკა ნამდვილი არ არის, რადგან ის სრულიად არ ჰგავს ცოცხალ ვიოლონჩელოს ან ფორტეპიანოს. აქ ყველაფერი ხელოვნურია! თუმცა სინთეზატორს შეუძლია სრულიად განსხვავებული მუსიკალური ჰანგების შექმნა და მისი თავისუფლება გაცილებით ფართომასშტაბიანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა აკუსტიკური ინსტრუმენტისა. სინთეზატორზე შეგიძლიათ შექმნათ ვიოლინო ან ფლეიტა, ტრაქტორი ან ლაზერული სხივი, უცხოპლანეტელის ხმა ან გულისცემა და კიდევ უამრავი ბგერა, რომლიც ბუნებაში არ არსებობს. ამასთან, სინთეზატორზე ცოცხლად დაკვრა ისევე ეფექტიანია, როგორც სხვა ნებისმიერ ინსტრუმენტზე.

კარგი! ელექტრონული მუსიკის შექმნა მინდა. რითი დავიწყო? 

შედით ვებგვერდ Ableton-ზე და პირდაპირ ბრაუზერში სცადეთ თქვენი კომპოზიციის შექმნა. აქვე შეგიძლიათ დეტალურად გაერკვეთ რიტმში, აკორდებში, მელოდიასა და სიმღერის სტრუქტურაში. თუ ეს დავალება რთულად მოგეჩვენათ, უმალ გადაინაცვლეთ აქ, დააჭირეთ ღილაკს Play და სცადეთ ყველა ინსტრუმენტისთვის პარტია შექმნათ. თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი რიტმი დახატოთ ვებგვერდ Groove Pizza-ზე და შემდეგ სხვა პროგრამებში გამოიყენოთ.

ელემენტარული თეორია შეგიძლიათ Lightnote-ზე ისწავლოთ, პარალელურად კი ფორტეპიანოზე ან გიტარაზე კარგ პედაგოგთან ჩაეწეროთ. თუ მეგობარი მუსიკოსი გყავთ, სთხოვეთ მიმართულება მოგცეთ და კომპოზიცია შეგიფასოთ. უსმინეთ ბევრ სხვა, თქვენთვის უცნობ მუსიკას, იმასაც კი, რომელშიც ცუდად ერკვევით. მალე მიხვდებით, რომ მუსიკა შეიძლება იყოს აბსოლუტურად განსხვავებული, რადგან მუსიკის შექმნა გაცილებით იოლია, როცა იცი, რომ აქ ყველაფერი დასაშვებია. კარგი ხარისხის ახალ მუსიკას კი შეგიძლია თვალყური ადევნო Pitchfork-ზე.

ეს საკითხი უფრო სიღრმისეულად მაინტერესებს. რა ვქნა?

პირველ რიგში, თქვენ მუსიკის შექმნის პროგრამა დაგჭირდებათ. მაგალითად Ableton-ი, რომელშიც ისეთი მუსიკოსები მუშაობენ, როგორიცაა Deadmau5, Jon Hopkins-ი, Four Tet-ი, Imagine Dragons-ი და სხვ. ამ პროგრამას მოსახერხებელი და მარტივად აღსაქმელი ინტერფეისი აქვს, ის ცოცხალი შესრულების საშუალებასაც იძლევა.  30-დღიანი უფასო ვერსიის ჩამოტვირთვა ოფიციალური ვებგვერდიდან არის შესაძლებელი. თუმცა არსებობს სხვა პროგრამებიც. მათ შორის განსხვავება არც ისე დიდია, უბრალოდ მიჩვევის საკითხია. 

სმენა გაივარჯიშეთ თამაშ SoundGym-ზე ან iZotope-ზე. პოპ-ჰიტების სტრუქტურა HookTheory-ზე ისწავლეთ. ელექტრონული მუსიკის შექმნის შესაძლებლობები ძალიან დიდია და მათ შორის არცერთი არ არის სწორი ან არასწორი. უბრალოდ აირჩიეთ ის, რომელიც მოგწონთ.

ნოტებისა და მუსიკის თეორიის ცოდნა საჭიროა? 

მუსიკის თეორიის ცოდნა შესაძლებელია, მაგრამ არა აუცილებელი. პარალელს თუ გავავლებთ, მუსიკის თეორია ონლაინ-რუკას ჰგავს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ყველა ღირსშესანიშნაობა უმოკლესი გზით მოიარო. თუმცა თუ რუკას გამორთავთ და ქალაქში სასეირნოდ მის გარეშე გახვალთ, შეიძლება აქამდე უცნობ გზაჯვარედინებზე მოხვდეთ, უჩვეულო ფასადები ნახოთ, ადგილობრივ კომფორტულ კაფეში აღმოჩნდეთ და ბევრ სხვა მოულოდნელობას გადააწყდეთ. ასეა მუსიკის თეორიის შემთხვევაშიც - მასთან ერთად თქვენ ცოტა მეტი ტექნიკა გაქვთ, მაგრამ გულიდან მომავალი მელოდების შექმნას მის გარეშეც შეძლებთ.

ლამაზი აკორდების დაკვრა სოლფეჯიოს ცოდნის გარეშეც შეგიძლიათ. თუმცა უმჯობესია კლავიშების კონტროლერი გქონდეთ. ამისთვის ნებისმიერი ბიუჯეტური მოწყობილობა გამოგადგებათ. ეს შეიძლება იყოს Akai ან Arturia. სასწაული მაშინ იწყება, როდესაც კლავიშს აჭერთ, ამიტომაც ინსტრუმენტი მნიშვნელოვანია. კომპიუტერის „თაგვით“ ამის გადმოცემა რთული, მაგრამ შესაძლებელია.

კარგი მუსიკა რომ დავწერო, ძვირადღირებული აპარატურა და დიდი სტუდია მჭირდება? 

სულაც არა. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ელექტრომუსიკოსის - Four Tet-ის სტუდია ორი დინამიკის, ნოუთბუქისა და არც ისე მაღალბიუჯეტიანი კონტროლერისგან შედგება. ძვირადღირებული აპარატურა, სინთეზატორები და მსგავსი მუსიკალური სათამაშოები შთაგონების ძიების პროცესისთვის არის საჭირო.

ახალმა მუსიკალურმა მოწყობილობამ შეიძლება გიბიძგოთ და სრულიად ახალი ალბომი შეგაქმნევინოთ, ან ეს შეიძლება ვერაფერში დაგეხმაროთ. სინთეზატორის ტემბრების უმრავლესობა შეგიძლიათ სხვადასხვა პროგრამის (მაგალითად, Ableton, Reason და სხვ.) შემადგენელი უფასო ვირტუალური ანალოგებით შექმნათ. თქვენი მუსიკის მსმენელისთვის კი სულ ერთია როგორ და რაზე დაწერეთ ესა თუ ის კომპოზიცია. იმისათვის, რომ კარგი მუსიკა შექმნათ, საკმარისია კომპიუტერი, რომელშიც ახლა ამ ტექსტს კითხულობთ.

ამ ყველაფრის დამოუკიდებლად სწავლა შესაძლებელია? 

რა თქმა უნდა. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, მთავარია - დაიწყოთ. ხანდახან მკაცრი ვადები ძალიან ეფექტიანია, ზოგს კი მუსიკის ღამით შექმნა უფრო უადვილდება. შეგიძლიათ თანამოაზრე იპოვოთ და დაწყება არც ისე რთულად მოგეჩვენებათ. 

შემოქმედება არის შინაგანი კრიტიკოსის დამარცხება. ასე რომ, გვერდით გყავდეთ ადამიანები, რომლებსაც თქვენი და თქვენი კომპოზიციების შექება შეუძლიათ. ხანდახან საამისოდ ერთი ადამიანი საკმარისი არ არის. ამიტომ გყავდეთ რაც შეიძლება ბევრი მაქებარი და რაც შეიძლება ახლოს.

30 წელს გადაცილებული ვარ. აქვს აზრი სწავლის დაწყებას?  

რა თქმა უნდა. სულაც არ არის აუცილებელი პროფესიონალი გახდეთ და ამით ფული გამოიმუშავოთ. მუსიკა შეიძლება სხვადასხვა მიზნით შექმნათ. შესაძლებელია ის ეძღვნებოდეს კონკრეტულ ადამიანს ან საგანგებოდ წვეულებისთვის, ვიდეორგოლის გასახმოვანებლად და თამაშებისთვის დაწეროთ. ასევე შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ჯგუფის ქავერი გააკეთოთ, ჩაწეროთ პირველი ალბომი ან მსოფლიოს თქვენი კომპოზიციით რაღაც განსაკუთრებული უამბოთ.

მუსიკას თერაპიული ფუნქციაც აქვს - შემოქმედებით პროცესში ან სხვა მუსიკოსებთან კოლაბორაციისას თქვენ თავს უკეთ გრძნობთ. მოკლედ, მუსიკა არის მარტივი საშუალება თავი ცოტათი მაინც უკეთ იგრძნოთ.

თუ თქვენ პროფესიულ კარიერაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ ჯგუფ LCD Soundsystem-მა პოპულარობა მაშინ მოიპოვა, როდესაც მისი ფრონტმენი ჯეიმს მერფი 35 წლის იყო. ლეონარდ კოენმა კი თავისი პირველი ალბომი 33 წლისამ გამოუშვა.

მე უკვე დავიწყე მუსიკის წერა. როგორ გავიგო, გამომდის თუ არა? 

დააკვირდით საკუთარ თავს - თუ იღიმებით ან მუსიკას ფეხს აყოლებთ, ესე იგი ყველაფერი კარგადაა. მოშორდით კომპიუტერს და ისე მოუსმინეთ საკუთარ კომპოზიციას. აქცენტი გადავა სმენაზე და მალევე მიხვდებით, რა გამოდის კარგად და რა - არა. მეგობრებს თანადგომა სთხოვეთ. შეეგუეთ, რომ თავიდან ყველაფერი თუ რიგზე არ არის, ეს სავსებით ნორმალურია. მთავარია, არ გაჩერდეთ და საკუთარ თავზე მუშაობა განაგრძოთ.

როგორ მოვუყვე ადამიანებს ჩემი მუსიკის შესახებ? 

კომპოზიციის დასრულების შემდეგ ის გამოუშვით, მოყევით მის შესახებ სოციალურ ქსელებში და ადამიანებთან აქტიური კომუნიკაცია შეინარჩუნეთ. მოიფიქრეთ თქვენთვის როლი - დღეს უკვე არტისტი მხოლოდ მისი მუსიკა არ არის. ეს ადამიანებს ეხმარება მუსიკოსის ყოველ ნაბიჯს თვალი ადევნონ და მასთან ასოცირდებოდნენ.

დასრულებულ ფორმას ვერცერთ კომპოზიციას ვერ ვაძლევ. რა ვქნა? 

არ არის აუცილებელი მუსიკა „იდეალური“ იყოს. მთავარია ის თქვენს იდეას გადმოსცემდეს. გახსოვდეთ, რომ ბგერების ხარისხი ძალიან კარგი ხაფანგია პროკრასტინატორებისთვის, რადგან ამ მიზეზით საქმე მუდმივად შეგიძლიათ გადადოთ. დაისახეთ კონკრეტული ვადა, მაგალითად, 16 სექტემბერი და დროზე შეუდექით საქმეს!

წყარო: Meduza

სხვა თემები