30 აგვისტო 2019 - 17:10

მიკროპლასტიკა თუ ბაქტერიები და ტოქსინები? რა უფრო საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის

მიკროპლასტიკა

ფოტო: Shutterstock.com

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე პლასტიკის მიკროსკოპული ფრანგმენტების გავლენას ეხება. ბოლო დროს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ პლასტიკური ნარჩენებით გარემოს დაბინძურება გლობალური პრობლემაა. აქტულური დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ ადამიანის მიერ შექმნილი პოლიმერების ფრაგმენტების პოვნა პლანეტის ნებისმიერ ადგილზეა შესაძლებელი, მათ შორის - საკვებ პროდუქტებსა და სასმელ წყალში. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ დღეისათვის არსებული მონაცემებით, მიკროპლასტიკა ადამიანს საფრთხეს არ უქმნის.

როდის და რატომ გახდა ეს პრობლემა აქტუალური?

ტერმინს „მიკროპლასტიკა“ საყოველთაოდ აღიარებული ზუსტი განსაზღვრება არ აქვს, თუმცა ყველაზე ხშირად მასში იგულისხმება ხელოვნური პოლიმერის ნებისმიერი ფრაგმენტი, რომელიც 5 მილიმეტრს არ აღემატება. პირველად ეს სიტყვა სამეცნიერო ლიტერატურაში 2004 წელს ბრიტანელი მკვლევრის, რიჩარდ ტომპსონის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაჩნდა. თავის ნაშრომში ავტორი პლასტიკური ნაგვის გლობალურ ანგარიშზე წერდა. 2014 წლიდან ამ თემისადმი მიძღვნილი ნაშრომების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და წელიწადში ასობით პუბლიკაციას მოიცავდა. 

ამ ყველაფრის პარალელურად უხილავ დაბინძურებაზე ყურადღება გაამახვილეს მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა, ეკოაქტივისტებმა და ოფიციალურმა პირებმა, რის შედეგადაც სინთეტიკური პოლიმერების წინააღმდეგ ახალი კამპანიები დაიწყო. 

მიკროპლასტიკა ცალკე პრობლემად გამოიყო, რადგან ამ ფრაგმენტების ქიმიური ბუნების ან წყაროს განსხვავების მიუხედავად, მათი ზომა ნაწილაკების ძალიან ბევრ საერთო თავისებურებას განსაზღვრავს. მიკროპლასტიკის აღმოჩენა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ის ქარს ძალიან ადვილად გადააქვს და ფილტრაციის სისტემაში გადის. მას მიირთმევენ ცხოველები, რის შედეგადაც ხელოვნური პოლიმერები მათ ორგანიზმში გროვდება და კვებითი ჯაჭვის მეშვეობით ადამიანს გადაეცემა. გარდა ამისა, სინთეტიკური ნაგვის ნაწილაკები ბაქტერიებით ადვილად იფარება და შეიძლება მასში წყალში უხსნადი ორგანული ნივთიერებები დაგროვდეს.

პლასტიკა ყველგან არის? 

მეცნიერთა შეფასებით, დღეისათვის მთელ პლანეტაზე არსებულ ხელოვნურ მასალებს შორის პლასტიკა მოცულობით მესამეა ადგილზეა, პირველ და მეორე ადგილს კი ფოლადი და ბეტონი იკავებს. პლასტმასის საერთო მასა, რომელიც 1950-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე აწარმოეს, 8 300 მილიონ ტონად არის შეფასებული. აქედან ნახევარზე მეტი - 4 900 მილიონი ტონა უკვე ნაგვად არის ქცეული. ჩვენს პლანეტაზე ყოველწლიურად 350 მილიონი ტონა ახალი პლასტიკა იწარმოება. ეს მაჩვენებელი ყოველ წელს საშუალოდ 4%-ით იზრდება.

არსებული მონაცემებით, ყოველწლიურად გარემოში დაახლოებით 11 მილიონი ტონა მიკროპლასტიკა ხვდება. დაბინძურება ორი გზით ხდება: მსხვილი ნარჩენები მზისა და სითბოს გავლენით თავისით იშლება, ან საუბარია იმ მასალებით დაბინძურებაზე, რომლებიც ამავე ფორმით იწარმოება და მათ პირველად მიკროპლასტიკებს უწოდებენ. ამ კატეგორიას მიეკუთვნება გლიტერი, რომლის წარმოებაც რამდენიმე ქვეყანაში უკვე აკრძალულია. 

კოსმეტიკური პროდუქტები ეგრეთ წოდებული პირველადი მიკროპლასტიკების აისბერგის მხოლოდ ზედაპირია. დაბინძურების დიდ ნაწილს წარმოადგენს ქალაქის მტვერი, წყალში მოხვედრილი სინთეტიკური ქსოვილები (ეს პროცესი ყოველი რეცხვის შემდეგ მიმდინარეობს) და ავტომობილის საბურავების რეზინის აბრაზია, რის გამოც მიკროპლასტიკა ჰაერში ხვდება და მრავალი კილომეტრის მანძილზე თავისუფლად გადაადგილდება. 

მასობრივმა წარმოებამ ის შედეგი გამოიღო, რომ, ფაქტობრივად, არ დარჩა არცერთი ეკოსისტემა, სადაც დასაშვებზე მეტი ოდენობით მიკროპლასტიკის აღმოჩენა არ იყოს შესაძლებელი. ფართოდ არის გავრცელებული Greenpeace-ის ექსპედიციის შედეგები. ამ კვლევის მონაწილეებმა შეძლეს ანტარქტიდის ახლომდებარე წყლებისა და ზღვის გრუნტის ნიმუშებში სინთეტიკური ბოჭკოები აღმოეჩენა. მიკროპლასტიკები უკვე დაფიქსირებულია ზღვის ფსკერსა და დიდი ქალაქების ჰაერშიც.

მიკროპლასტიკა ცხოველებს აზიანებს? 

ცხოველებზე მიკროპლასტიკის უარყოფითი ზემოქმედება ბევრი კვლევით დადასტურდა. ძირითადში ეს ეხება ზღვის ცხოველებს - მოლუსკებს, თევზებს, კიბოსნაირებს და სხვ. მაგალითისთვის, ცნობილია, რომ პლასტიკის მაღალი კონცენტრაცია ზღვის ვარსკვლავების პოპულაციის ზრდას აფერხებს, მოლუსკებში ანთებით რეაქციას იწვევს და კიბოსნაირებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს ზრდის.

ეს ძირითადად დაკავშირებულია პლასტიკის ნარჩენების ფიზიკურ ზემოქმედებასთან: ისინი უხერხემლოებს ლაყუჩებზე ედება და მათ საჭმლის მომნელებელ სისტემას ვნებს. თუმცა რამდენად რეალურად ასახავს ამ ექსპერიმენტის შედეგები იმას, რაც გარესამყაროში სინამდვილეში ხდება, უცნობია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ნარჩენები, რომლებიც ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში გამოიყენება, როგორც წესი, უფრო კარგია, ვიდრე ისინი, რომლებიც ბუნებაში გვხვდება.

დღეისათვის ამ მიმართულებით მეტ-ნაკლებად ყველაზე სრულყოფილი კვლევიდან ერთ-ერთი ევროკომისიის ექპერტებისა და SAPEA ჯგუფის მეცნიერებისთვის 2019 წლის დასაწყისში განხორციელდა. ნაშრომი ეძღვნება პლასტიკური ნარჩებით დაბინძურების ყველა შესაძლო შედეგის ანალიზს და ეს არ ეხება მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე მის მავნე გავლენას. კომისიის საერთო დასკვნა იმაში მდგომარეობდა, რომ მიკროპლასტიკის საფრთხის შესახებ დღეს „ცოტა რამ არის ცნობილი და რაც ცნობილია, ისიც ბურუსითაა მოცული“.

ამის მიუხედავად კომისიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა მაინც გამოიტანა:

- ჩვენი პლანეტის ზოგიერთ ადგილზე კონცენტრირებული მიკროპლასტიკა აღემატება დასაშვებ დონეს, რომლის ქვედა ზღვრის შემთხვევაში მათი ზემოქმედება შეუმჩნეველი იქნებოდა.

- ასეთი ადგილები არც ისე ბევრია, თუმცა მათი რაოდენობის შეფასება, არასაკმარისი მონაცემების გამო, შეუძლებელია.

- თუ პლასტიკის დაგროვების დონე ზრდას იმავე ტემპით განაგრძობს, როგორც დღეს, ასწლეულის შემდეგ ჩვენი პლანეტის უდიდესი ნაწილი „რისკის წერტილებად“ გადაიქცევა.

მიკროპლასტიკაზე უფრო საშიში ბაქტერიები და ტოქსინებია?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიშის მთავარი ამოცანა, SAPEA-ს ჯგუფის საერთო კვლევებისგან განსხვავებით, იყო ადამიანის ჯანმრთელობაზე მიკროპლასტიკის გავლენის შესწავლა. სპეციალისტები მუშაობდნენ კონკრეტულად იმ ნაწილზე, თუ როგორ აღწევს ორგანიზმში მიკროპლასტიკა სასმელი წყლის საშუალებით. ექსპერტების შეფასებით, სასმელ წყალში პოლიმერების ფრაგმენტები, პირველ რიგში, წვიმის მეშვეობით ხვდება. 

ექიმებმა გამოჰყვეს ადამიანებისთის პოტენციურად საშიში სამი ტიპის ფაქტორი: ფრაგმენტების ფიზიკური ზემოქმედება, ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც პლასტიკა გამოჰყოფს და ორგანიზმში მოხვედრილი ბაქტერიები, რომლებიც ნარჩენების ზედაპირზე ბიოფირებს ქმნიან.

კომისიის ძირითადი დასკვნა ასეთია: შეზღუდული მონაცემების არსებობის გათვალისწინებით, ქიმიური ნივთიერებები და ბიოფირები, რომლებიც სასმელ წყალში მიკროპლასტიკის არსებობას გულისხმობს, ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის. თუმცა არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ მყარი დასკვნები გავაკეთოთ ტოქსიკურობაზე, რომელიც პლასტიკური ნარჩენების ფიზიკურ ზემოქმედებასთან არის დაკავშირებული. ეს განსაკუთრებით ნანომოცულობის ნარჩენებს ეხება. არ არსებობს სანდო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ეს სახიფათოდ შეიძლებოდა მიჩნეულიყო. 

ამრიგად, ექსპერტები აღიარებენ, რომ მიკროპლასტიკის გლობალური ზემოქმედებისა და კონკრეტულ ადგილებში მისი კონცენტრაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს. სპეციალისტები იმასაც დასძენენ, რომ შედეგების შეფასების სტანდარტული მეთოდის არ ქონის გამო, ერთი კვლევის მეორესთან შეჯერება ძალიან რთულია. 

ასეა თუ ისე, დღეისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არ არსებობს აუცილებლობა, რომელიც სასმელ წყალში მიკროპლასტიკის დონის გადაუდებელ მონიტორინგს საჭიროებდეს. წყლის მიმწოდებლებსა და მაკონტროლებელ ორგანოებს კი ურჩევენ, არ დაივიწყონ, რომ არსებობს სხვა უფრო კარგად შესწავლილი, მაგრამ ჯერ კიდევ არსებული საფრთხეები: „მიკროპლასტიკის პრობლემა არ უნდა ითვისებდეს რესურსებს, რომლებიც სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად არის საჭირო. ეს არის სასმელი წყლიდან პათოგენური მიკროორგანიზმების მოშორება, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის კვლავ ყველაზე ძლიერ საფრთხედ რჩება“.

სხვა თემები