ექიმმა კიბოს დიაგნოზი დამისვა. რა ვქნა?

ფოტო: Shutterstock.com
როდესაც ადამიანს კიბოს დიაგნოზს უსვამენ, შიში და დაბნეულობა ნორმალური და გასაგები მდგომარეობაა. ამ დროს პაციენტს ბევრი ორგანიზაციული საკითხის მოგვარება უწევს, განსაკუთრებით რთული კი უარყოფით ემოციებთან გამკლავებაა.
სასოწარკვეთილი ვარ. თავს როგორ მოვერიო?
ადამიანების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ კიბოს ნებისმიერი სახეობა სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს. თუმცა ეს ასე სულაც არ არის: დღეს უკვე ავთვისებიან სიმსივნეს იმაზე უკეთ მკურნალობენ, ვიდრე ოდესმე. არსებული სტატისტიკის თანახმად, კიბოს გარკვეული სახეობების მქონე პაციენტების 100%-ი გამოჯანმრთელდა. სხვა შემთხვევებში კი წარმატებული მკურნალობის ძალიან კარგი შანსი არსებობს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენი განკურნება შეუძლებელია, უნდა მოძებნოთ გზა, ამ დაავადებასთან ერთად მაქსიმალურად დიდხანს და ხარისხიანად იცხოვროთ.
შევძლებ თუ არა კიბოს დიაგნოზთან შეგუებას?
ადამიანი როდესაც იგებს დიაგნოზს სახელწოდებით „კიბო“, ვარდება შოკში, ვერ იჯერებს, რომ ეს ნამდვილად მის თავს ხდება. ის ბრაზდება გარშემომყოფებზე, რომლებიც ჯანმრთელები არიან, ვარდება სასოწარკვეთილებაში და ტირილის სურვილი უჩნდება. პაციენტს დრო სჭირდება, რომ რეალობას შეეგუოს და ეს სავსებით ნორმალური პროცესია.
თუ თქვენ კიბოს დიაგნოზი დაგისვეს, უნდა სცადოთ და ორიენტირდეთ ხვალინდელი დღის დაგეგმვაზე, მაქსიმუმ მომავალი კვირის გეგმებზე იფიქრეთ და არა იმაზე, თუ რა იქნება 1 წლის შემდეგ. ზოგიერთ ადამიანს ამ სირთულეების დაძლევაში ყოვედღიური ჩანაწერების გაკეთება ეხმარება. დღიურის საშუალებით პაციენტს უადვილდება იმის ფორმულირება, თუ რა აწუხებს და ამა თუ იმ მომენტში რა ემოციები ეუფლება.
დიაგნოზის გაგების შემდეგ, გამუდმებით ამ დაავადებაზე ვეძებ ინფორმაციას. ეს კარგია თუ ცუდი?
კიბოს შესახებ ინფორმაციის მიღება არც ისე იოლია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცოდნა ადამიანს აძლიერებს. რა თქმა უნდა, სხვადასხვა პაციენტს აღქმის განსხვავებული უნარი და რეაქცია აქვს, თუმცა უმრავლესობას ურჩევნია, ყურადღებით შეისწავლოს ის, რასთანაც დაკავშირებულია დაავადება, ვიდრე აბსტრაქტულ საფრთხეებზე იფიქროს. გაურკვევლობა შიშს თესავს, გადამოწმებული ინფორმაცია კი სწორ ორიენტირს მოგცემთ და დაგამშვიდებთ. გარდა ამისა, ცოდნა დაგეხმარებათ ექიმებთან საერთო ენა უფრო ადვილად გამონახოთ.
ამ თემაზე მრავალფეროვანი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ისეთ ინგლისურენოვან ვებგვერდებზე, როგორიცაა cancer.gov, cancer.org, cancer.net, cancerresearchuk.org, nccn.org/patients, macmillan.org.uk. თუ ენობრივი ბარიერი პრობლემას გიქმნით, დაიხმარეთ ოჯახის წევრები ან ახლობლები.
უნდა ვუამბო თუ არა ჩემი დაავადების შესახებ ოჯახის წევრებს?
ოჯახის წევრებისთვის ასეთი ინფორმაციის მიწოდება საკმაოდ რთულია. სხვადასხვა ადამიანს ეს განსხვავებულად უნდა უთხრათ. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ, ესა თუ ის ახლობელი ცუდ ამბავს როგორ აღიქვამს. ზოგს უმჯობესია წერილობით შეატყობინოთ, სხვას კი პირადად ესაუბროთ.
ის, თუ ვის უნდა უამბოთ საკუთარ დაავადებაზე, ამის შესახებ მკაცრი წესი არ არსებობს. ადამიანს შეუძლია ეს ინფორმაცია ვისაც უნდა, იმას გაანდოს. ამის შესახებ მხოლოდ ოჯახს ეცოდინება თუ ფართო სანაცნობო წრეს, პაციენტმა უნდა გადაწყვიტოს. მთავარია, მისთვის რა უფრო კომფორტულია. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი წესი: მსგავსი სიტუაცია ბავშვებს არასდროს დაუმალოთ! ისინი გრძნობენ, როდესაც რაღაც „ისე“ ვერ არის და თუ მათ დაუმალავთ ამ ინფორმაციას, მომხდარში საკუთარ თავს დაადანაშაულებენ და იფიქრებენ, რომ თქვენ ისინი აღარ გიყვართ.
მთავარია, რომ დახმარების თხოვნა არ მოგერიდოთ: დაავადებასთან ბრძოლაში უნდა გამოიყენოთ ყველა ის რესურსი, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომია. სინამდვილეში ბევრი ადამიანი ისურვებდა თქვენს დახმარებას, მაგრამ მათ არ იციან ეს როგორ გააკეთონ. მაგალითად, ისინი ხშირად მოდიან საავადმყოფოში და ტირიან. ამ ადამიანების ენერგიას სწორი მიმართულება უნდა მისცეთ: დაავალეთ რაიმე სერიოზული პრობლემის გადაჭრა!
როგორ მივხვდე, რომ ჩემი ექიმი მაღალკვალიფიციური პროფესიონალია?
რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ არის, მაგრამ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ იმ ადამიანების რეკომენდაცია, რომელთაც მკურნალობის კურსი თავად გაიარეს. კარგია, თუ ექიმის დანიშნულება საერთაშორისო რეკომენდაციებს ემთხვევა. ის კითხვებს კონკრეტულად უნდა პასუხობდეს, ლპარაკობდეს მარტივი და გასაგები ენით. ექიმი არ უნდა ბრაზდებოდეს იმაზე, თუ პაციენტს სურს, სხვა სპეციალისტის აზრის მოსმენაც.
თუ ექიმი დამოუკიდებლად ვერ წყვეტს, მკურნალობის რომელი სქემაა უმჯობესი, ეს სავსებით ნორმალურია. ხანდახან შეიძლება საჭირო გახდეს ანალიზების პასუხების გადამოწმება, თუ ისინი ეჭვს იწვევს. შეიძლება აუცილებელი იყოს კოლეგებთან თათბირი: ქირურგებთან, ქიმიოთერაპევტებსა და რადიოლოგებთან. როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, მკურნალობისადმი მიდგომა ინდივიდუალურია. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც კიბოს ამა თუ იმ სახეობას ოპერაცია სჭირდება, მაგრამ შეიძლება პაციენტს ჰქონდეს სხვა დაავადება, რომლის შემთხვევაშიც ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია. ასეთ სიტუაციაში ექიმები გამოსავალზე ერთობლივად მსჯელობენ.
ექიმთან მიღებაზე ოჯახის წევრები გავიყოლო?
ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღება რთულია. ონკოლოგიური პაციენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით კი, არც მისი დამახსოვრებაა ადვილი. ამიტომ ახლობელი ადამიანის გვერდით ყოლა ერთგვარი დაზღვევა იქნება და რა თქმა უნდა, ეს თანადგომის ეფექტიანი ფორმაც არის.
სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია, ექიმთან წინასწარ მომზადებული კითხვებით მიხვიდეთ. არ მოგერიდოთ, დაუსვათ ისეთი კითხვები, რომლებიც ერთი შეხედვით სულელურად გეჩვენებათ: თუ თქვენთვის პასუხის მიღება მნიშვნელოვანია, კითხვას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. მიღების ბოლოს ექიმს სთხოვეთ, რეზიუმეში ყველაფერი თქვენთვის გასაგებად დაწეროს.
კიბოს დიაგნოზის გამო შვილი ვეღარ მეყოლება?
მკურნალობის შემდეგ სავსებით შესაძლებელია იმშობიაროთ ან მამა გახდეთ, თუმცა ამაზე კურსის დაწყებამდე უნდა იზრუნოთ. სამწუხაროდ, ბევრმა პაციენტმა ეს არ იცის, ექიმებს კი თქმა ავიწყდებათ და მკურნალობის კურსის წარმატებით გავლის შემდეგ ადამიანი უნაყოფოდ რჩება.
მკურნალობის ყველა მეთოდი არ ართმევს პაციენტს შვილის ყოლის შესაძლებლობას. ასეთი ეფექტი მხოლოდ ქიმიოთერაპიის რამდენიმე სახეობას აქვს. მაგალითად, ასეთია ალკილირების აგენტები: ბუსულფანი, ცისპლატინი, იფოსფამიდი, მელფალანი. ანალოგიური ზემოქმედება ახასიათებს სხივურ თერაპიას სათესლე ჯირკვლებსა და საკვერცხეებზე. მათზე ჩატარებული ოპერაციაც, ბუნებრივია, შვილის ყოლის უნარზე პირდაპირ მოქმედებს.
ასეთი შედეგის თავიდან არიდება სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი. სხივური თერაპიის დროს ამ ორგანოებს იცავენ, ქალების შემთხვევაში კი სხვა საშუალებაც არსებობს: ქირურგიული გზით საკვერცხეები უსაფრთხო ზონაში გადააქვთ. ასევე შესაძლებელია მკურნალობის დაწყებამდე კვერცხუჯრედის, საკვერცხის ქსოვილის, სპერმის ან ემბრიონის (პაციენტს თუ პარტნიორი ჰყავს) გაყინვა.
ამ დროს ფსიქოლოგის ჩარევა აუცილებელია?
ნებისმიერი ემოცია, რომელსაც პაციენტი განიცდის, ნორმალურია და მისი ჩახშობისკენ ძალისხმევის მიმართვა, ცუდი იდეაა. თუ ეს ძალიან გაწუხებთ, სჯობს ფსიქოლოგს გაესაუბროთ (სასურველია, ეს იყოს სპეციალისტი, რომელიც კონკრეტულად ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან მუშაობს - ონკოფსიქოლოგი). თუმცა გახსოვდეთ, რომ ფსიქოლოგი ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის კურსის შესახებ რეკომენდაციებს არ გასცემს. თუ ეს ასეა, ფრთხილად იყავით!
თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნორმალურ კალაპოტში მოქცევა, რა თქმა უნდა, თავადაც შეგიძლიათ. ამისათვის კარგია მედიტაციით დაკავდეთ, სუნთქვითი ვარჯიშები აკეთოთ ან ისეთი რამ გააკეთოთ, რამაც ადრე დაგამშვიდათ.
თუ ადამიანი ხშირად ტირის, არაფერს ჭამს, მიაჩნია, რომ არავის სჭირდება და ეს ყველაფერი 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება, უმჯობესია, ფსიქიატრს მიმართოს. ეს უკანასკნელი, ფსიქოლოგისგან განსხვავებით, რეცეპტულ პრეპარატებს დანიშნავს. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები დეპრესიაზე მიუთითებს და სპეციალისტი დაგეხმარებათ, ამ მდგომარეობას გაუმკლავდეთ. ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ფსიქიატრი აღრიცხვაზე აგიყვანთ ან ამა თუ იმ ტაბლეტზე დამოკიდებულს გაგხდით. თუ დახმარება გჭირდებათ, არ ღირს მასზე უარის თქმა მსგავსი მოსაზრებების გამო.
თუ ერთმა ექიმმა თქვა, რომ ჩემი განკურნება შეუძლებელია, სხვა სპეციალისტთან გადამოწმება ღირს?
თუ კარგმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ კიბოს ამ სახეობის განკურნება შეუძლებელია და სიცოცხლის გახანგრძლივების შანსი მინიმალურია, პაციენტმა პალიატიური მომსახურება უნდა მიიღოს.
ასეთ სიტუაციაში თუ პაციენტი საერთო სისუსტეს არ გრძნობს, შეიძლება ფიქრი ახალ პრეპარატებზე წარმოებულ კლინიკურ ცდებში მონაწილეობაზე. წამალმა შეიძლება ადამიანს ზიანი მიაყენოს, ან პირიქით მოუხდეს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის პირადი არჩევანია. არსებობს სპეციალური ვებგვერდები, რომლებზეც მიმდინარე ცდებზე ინფორმაციაა განთავსებული.