31 აგვისტო 2019 - 18:14

როგორ ტოვებდნენ რუსი სამხედროები გერმანიას 25 წლის წინ. ისტორია

საბჭოთა ჯარისკაცები გერმანიაში, 1990

საბჭოთა ჯარისკაცები გერმანიაში, 1990

ფოტო: Märkische Oderzeitung

1994 წლის 31 აგვისტოს გერმანია უკანასკნელმა რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს. წითელი არმია ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის ბოლო თვეებში შევიდა და იქ გამარჯვებული-არმიის სახელით რჩებოდა. 1990 წელს „პერესტროიკის“ პერიოდში და გერმანიის გაერთიანების შემდეგ, სსრკ-მა პოზიცია დათმო და არმიის გაყვანას დათანხმდა. მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყანა დატოვა სსრკ-ს „ჯარის დასავლეთ ნაწილების“ 337 ათასმა სამხედრომ და მათი ოჯახების კიდევ 200 ათასმა წევრმა. ეს იყო მშვიდობიან დროს ჯარების დისლოკაციის შეცვლის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა.

ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიხეილ გორბაჩოვმა მიიღო

გერმანიიდან არმიის გაყვანის აუცილებლობა საბჭოთა ეპოქის ბოლო წლებში ცხადი გახდა. შიდაპოლიტიკური პრობლემები „ჯარის დასავლეთ ნაწილების“ ხარჯებთან ერთად იზრდებოდა და სსრკ-ს ბოლო პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობდა საზღვარგარეთ დისლოცირებული დიდი კონტიგენტის შემცირებაზე, რაც მის მიერ წამოწყებული „პერესტროიკის“ სულისკვეთებას შეესაბამებოდა. 1988 წლის დეკემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გორბაჩოვმა პირობა დადო, რომ განიარაღებისთვის ცალხმრივ ზომებს მიიღებდა. ამ საეტაპო გამოსვლიდან მალევე, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან ორი საბჭოთა დივიზია გაიყვანეს.

ბერლინის კედლის დაცემასთან ერთად იდეა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ გორბაჩოვი არმიის გაყვანას დათანხმდა, რადგან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ჰელმუტ კოლი აშკარად მიისწრაფვოდა იმისკენ, რომ ერთიანი გერმანია ნატოს წევრი გამხდარიყო, რასთან დაპირისპირებაც არარეალური გახლდათ.

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ბოლო მინისტრი (მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტი) ედუარდ შევარდნაძე მოითხოვდა პრინციპს „ღირსებით წასვლა“, რაშიც იგულისხმებოდა ის, რომ სსრკ-ს, როგორც მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებულს, გაერთიანებული გერმანია „ღირსეულად უნდა დაეტოვებინა“. გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საბჭოთა არმიის გაყვანისთვის მილიარდობით გერმანული მარკის გამოყოფა საკუთარ თავზე აიღო, ისევე როგორც შემდგომში სამხედროების დაბინავების ვალდებულება. 

ჯარების გაყვანის იურიდიულ საფუძვლაც იქცა „ორს + ოთხი“ შეთანხმების მე-4 მუხლი. ეს იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და სსრკ-ს შორის გაფორმაბული ორმხრივი შეთანხმება არმიის ყოფნისა და გაყვანის პირობების შესახებ, ასევე შეთანხმება „ზოგიერთი გარდამავალი ზომის შესახებ“. გერმანიიდან არმიის სრულად გაყვანის გეგმა 1991 წლის იანვარში წარადგინეს.

გერმანიაში საბჭოთა არმიის მეთაური ჯარის გაყვანაზე უარს ამბობდა

ბორის სნეტკოვმა, რომელიც 1990-ანი წლების დასაწყისში გერმანიაში საბჭოთა არმიის დანაყოფებს ხელმძღვანელობდა, შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ ბრძანების გაცემაზე უარი თქვა. გერმანიის გაერთიანების შემდეგ საბჭოთა სამხედროების მდგომარეობა ამ ქვეყანაში მკვეთრად შეიცვალა: მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებულებიდან, რომლებსაც „ოკუპაციის უფლება“ გააჩნდათ, დაუპატიჟებელ სტუმრებად გადაიქცნენ.

საბოლოო ჯამში, სნეტკოვმა თანამდებობა დატოვა, რადგან არმიის გაყვანა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, გადაწყვეტილი საქმე იყო: 1993 წლამდე გერმანიიდან რუსეთში დაახლოებით 160 ათასი სამხედროს და სამოქალაქო პირის დაბრუნება იგეგმებოდა, დანარჩენებს ქვეყანა 1994 წელს უნდა დაეტოვებინათ. უმნიშვნელო შეფერხებების მიუხედავად, ყველაფერი დროულად შესრულდა.

ეს იყო გიგანტური კამპანია, იმის გათვალისწინებით, რომ იმავდროულად, საბჭოთა არმია გადიოდა პოლონეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან და უნგრეთიდან.

რუსეთში დაბრუნდნენ „ჯარის დასავლეთ ნაწილების“ ნახევარ მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები, დაახლოებით 120 ათასი ერთეული ტექნიკა, მათ შორის ტანკები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები და დაახლოებით 2,5 მილიონი ტონა ეგრეთ წოდებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალება, მათ შორის 650 ათასი ტონა საბრძოლო მარაგი.    

სამხედრო მოსამსახურეების უმრავლესობა წარმოშობით იყო რუსეთიდან, მეოთხედი - უკრაინიდან, ხოლო მცირე კონტიგენტი - ბელარუსიდან. მატვეი ბურლაკოვის მონაცემებით, რომელმაც მთავარსარდლის პოზიციაზე ბორის სნეტკოვი შეცვალა, მათი დიდი ნაწილი რუსეთის არმიას შეუერთდა. რუსეთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე გახდა, რომელსაც ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის და სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჯარის დასავლეთ ნაწილებზე კონტროლი გადაეცა.

რუსებისგან განსხვავებით ევროპელი სამხედროები გერმანელებმა ზეიმით გააცილეს

რუსების და გერმანელების ურთიერთობაზე საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის ბევრი მოვლენა აისახა. დასავლეთ ბერლინის ბლოკადა 1948 წელს, 1953 წლის 17 ივნისის აჯანყება, ბერლინის კედლის მშენებლობა 1961 წელს - ეს ყველაფერი აღმოსავლეთ გერმანელების მეხსიერებაში სსრკ-ს ძალის დემონსტრირების დასტურად დარჩა. ამიტომ მხარეების მცდელობა, პროცესს მეგობრულ ატმოსფეროში ჩაევლო, ბოლომდე წარმატებული ვერ აღმოჩნდა. 

საერთაშორისო სამართლის თანახმად, გაერთიანებულ გერმნიას თავად შეეძლო აერჩია ნებისმიერი თავდაცვითი ბლოკი. გადაწყვეტილება მალე მიიღეს - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თავის ახალ საზღვრებში ნატოს წევრობას განაგრძობდა.

რუსების მხრიდან იყო მცდელობა ჯარების გაყვანის საზეიმო ღონისძიებები ანტიჰიტლერული კოალიციის ამერიკელ, ბრიტანელ და ფრანგ მოკავშირეებთან ერთად ჩაეტარებინათ, რომლებიც თავის მხრივ ამცირებდნენ გერმანიაში თავიანთ კონტიგენტებს. მაგრამ გერმანელმა პოლიტიკოსებმა ამ წინდადებაზე უარი თქვეს და ცერემონიის ცალკე ჩატარებას დათანხმდნენ.

მხოლოდ რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ბორის ელცინის დაჟინებული მოთხოვნით, დამშვიდობების ერთობლივი ცერემონია კანცლერ ჰელმუტ კოლის მონაწილეობით ბერლინში 1994 წლის 31 აგვისტოს მაინც ჩატარდა.

მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ბერლინის ცენტრში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან სამხედრო ორკესტრი უკრავდა - ზეიმით ემშვიდობებოდნენ რა დასავლელ მოკავშირეებს. და ის, თუ რა თბილად ჩაიარა ამ ცერემონიამ, კიდევ ერთხელ მოწმობდა იმას, რომ რუსებისგან განსხვავებით მათ სულ სხვაგვარად, დამცველებად და მეგობრებად აღიქვამდნენ.

გერმანიამ რუსეთს ვადაზე ადრე გასვლა 550 მილიონ მარკაში გაუცვალა

ჰელმუტ კოლის მთავრობამ რუსეთის არმიის გასაყვანად და მომავალში მათ დასაბინავებლად 15,5 მილიარდი გერმანული ფრანკი (10,3 მილიარდი დოლარი) გაიღო. თითქმის 8 მილიარდი მარკა ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ბინების მშენებლობაზე მიმართეს. ამ ფულით აშენდა 46 ათასი ბინა 43 საცხოვრებელ პუნქტში ძირითადად რუსეთში, ასევე ბელარუსსა და უკრაინაში. მაგრამ სამხედროების რაოდენობა ბევრად მეტი იყო და მშენებლობაც ნელი ტემპით მიმდინარეობდა.  

თავის მხრივ, გერმანიაში ყველას აღელვებდა ეკოლოგიური მდგომარეობა ყოფილი რუსული სამხედრო ბაზების ტერიტორიებზე. ნიადაგის დაბინძურება ქიმიკატებით და ლითონის ჯართით უზარმაზარი პრობლემა აღმოჩნდა, რამაც მხარეებს შორის ვითარება დაძაბა. თავდაპირველად, ბუნებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას არმიის დასავლეთ ნაწილების გაყიდვიდან მიღებული თანხით გეგმავდნენ, მაგრამ მოლოდინის მიუხედავად, შენობების ყიდვა არავინ მოისურვა. ამიტომ 1992 წელს ელცინი და კოლი შეთანხმდნენ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ამ შენობებს გამოისყიდდა 550 მილიონ გერმანულ მარკად, რომელსაც მიმართავდნენ არა ეკოლოგიური ზიანის კომპენსაციისკენ, არამედ რუსეთში სამხედროებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობისკენ.

სწორედ ამის სანაცვლოდ მოითხოვა გერმანიის მთავრობამ რუსული ჯარების 1994 წლის 31 აგვისტოს გაყვანა, ანუ თავდაპირველ თარიღამდე ოთხი თვით ადრე, რაც თავად სამხედროებს არ მოეწონათ, რომლებიც თავდაპირველ გეგმასაც კი ძალიან ნაჩქარევად მიიჩნევდნენ.

წყარო: Meduza

სხვა თემები