15 ოქტომბერი 2019 - 21:17

ჩემს შვილს ჩუტყვავილა აქვს. რომელი ანტისეპტიკური საშუალება გამოვიყენო?

ანტისეპტიკი

ფოტო: Shutterstock.com

ანტისეპტიკური საშუალების დანიშნულებაა ღია ჭრილობის გაღიზიანების ან ანთებითი პროცესის განვითარების შეფერხება. ეს შეიძლება იყოს ამა თუ იმ ოპერაციის ან დაზიანების შედეგი. ზოგიერთ ანტისეპტიკს ჰერმიციდული ეფექტი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მიკრობებს ანადგურებენ. მეორე მხრივ, არსებობს ანტისეპტიკური საშუალებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბაქტერიების გამრავლებას უშლის ხელს. შედარებით სუსტ ანტისეპტიკურ საშუალებად ითვლება იოდის 5%-იანი ხსნარი და ბრილიანტის მწვანე (ეგრეთ წოდებული „ზელიონკა“).

რომელ ანტისეპტიკურ საშუალებებს იყენებენ დასავლეთის ქვეყნებში?

დასავლეთში ყველაზე პოპულარული ანტისეპტიკებია ქლორჰექსიდინი, პოვიდონ-იოდი, წყალბადის ზეჟანგი, ეთანოლი, პოლიჰექსანიდი და სხვა. იოდს საზღვარგარეთ სულ უფრო იშვიათად იყენებენ, რადგან ის კანს ძალიან აღიზიანებს და მისი მუქი შეფერილობაც ხარვეზად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ დასავლეთში იყენებენ ნაერთებს, რომლებიც იოდს შეიცავს. მაგალითად, ასეთია პოვიდონ-იოდი.

რაც შეეხება ბრილიანტის მწვანეს, მას საზღვარგარეთ, ფაქტობრივად, არ იყენებენ. იშვიათად შეიძლება შეგხვდეთ ახალი კვლევა, რომელშიც ბრილიანტის მწვანე ანტისეპტიკური საშუალებების ჩამონათვალშია.

დასავლეთში ბრილიანტის მწვანეს არც ჩუტყვავილას დროს იყენებენ?

ბრილიანტის მწვანე საკმაოდ სუსტი ანტისეპტიკია. ჩუტყვავილას დროს კი მთავარია ქავილის მოხსნა, რათა პაციენტმა წყლულები ხშირი შეხებით არ დააზიანოს და ინფექცია არ განვითარდეს. ეს ყველაზე ადვილად მიიღწევა ისეთი ანტიჰისტამინური საშუალებებით, როგორიცაა ლორატადინი და დიფენჰიდრამინი.

ერთადერთი პრაქტიკული სარგებელი, რაც ბრილიანტის მწვანეს ჩუტყვავილას შემთხვევაში აქვს, არის ის, რომ შეგიძლიათ თვალ-ყური ადევნოთ, გაჩნდა თუ არა ახალი გამონაყარი. თუმცა არსებობს სხვა მეთოდიც, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გაიგოთ, არის თუ არა ადამიანი გარშემომყოფთათვის ჯერ კიდევ სახიფათო. ამ დროს ყველა გამონაყარი ქერქით უნდა იყოს დაფარული.

სახლის პირობებში ასევე არ შეიძლება კალიუმის პერმანგანატის (ეგრეთ წოდებული „მარგანცოვკა“) გამოყენება. ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალია რისკი, რომ ხსნარი არასწორად მომზადდეს და დამწვრობა განვითარდეს. დერმატოლოგები მუქი შეფერილობის მქონე ანტისეპტიკურ საშუალებებს (ბრილიანტის მწვანე ან მეთილენის ლურჯი) იმიტომ არ უწევენ რეკომენდაციას, რომ ისინი გამონაყარს ფორმას უცვლიან, ფერზე დაკვირვება კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ხელი გავიჭერი. რა ვქნა?

შეგიძლიათ ანტისეპტიკი არც გამოიყენოთ. ჯერ ჭრილობა ჩამოიბანეთ. საამისოდ კი შეგიძლიათ ონკანის წყალიც გამოიყენოთ. ექიმები პოვიდონ-იოდს (10%-იანი ხსნარი ფიზიოლოგიურ ხსნარში 1:10 უნდა შეურიოთ) გვირჩევენ, მაგრამ სახლში ამის სწრაფად მომზადება რთულია.

სხვა ანტისეპტიკური საშუალებები გაღიზიანებას იწვევს და ამიტომ ჭრილობა უფრო ნელა ხორცდება. თუ სისხლდენა გაქვთ, 20-30 წუთით სუფთა სახვევი უნდა დაიდოთ. შემდეგ კი ჭრილობაზე წაისვათ ანტიბაქტერიული კრემი ან მალამო, რათა ინფექციის რისკი მინიმუმამდე დაიყვანოთ. ამის შემდგე კი, უმჯობესია, საფენი დაიდოთ.

დამწვრობის შემთხვევაში როგორ მოვიქცე?

მზით დამწვრობის დროს ანტისეპტიკი აუცილებელი სულაც არ არის, მაგრამ საქმე თუ უფრო სერიოზულად არის, უმჯობესია, გამოიყენოთ. ამ მხრივ, რომელიმე საუკეთესო საშუალება ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ დღეისათვის ყველაზე ვარგისად მიიჩნევა ვერცხლის სულფადიააზინი (ოღონდ არა ფეხმძიმე ქალების, მეძუძური დედების ან ორ თვემდე ჩვილების შემთხვევაში, არც თვალებთან ახლოს) ან ქლორჰექსიდინი (ზედაპირული დამწვრობის დროს).

ექიმმა ანტისეპტიკის პირში გამოვლება მირჩია. ეს ნორმალურია? 

დიახ, თუ პირის ღრუში თქვენ რაიმე ინფექცია გაქვთ, ექიმს შეუძლია სავლები დაგინიშნოთ. თუმცა ანტისეპტიკის მუდმივად გამოყენება ნამდვილად ცუდი იდეაა. პირველ რიგში, არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ ის კარიესის განვითარებას აფერხებს. გარდა ამისა, ქლორჰექსიდინი ხშირი გამოყენებისას კბილებს აზიანებს. სწორედ ამიტომ აშშ-ში ასეთ სავლებებს მხოლოდ რეცეპტით გასცემენ.

ყელი მტკივა, ანტისეპტიკი საჭიროა? 

არა. არსებობს კვლევები, რომლებიც მონაწილეთა სიმცირის გამო არც თუ ისე სანდოა და რომლებმაც აჩვენა, რომ ანტისეპტიკური სპრეი ზრდასრულებში ტკივილს აყუჩებს (და არ მოქმედებს დაავადების ხანგრძლივობაზე). ამიტომაც მათი მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან ამ დროს ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელიც სავსებით საკმარისია.

არც წყალია ახლომახლო და არც საპონი. ხელი ანტისეპტიკით ხომ უნდა დავიბანო? 

კი. უმჯობესია, რომ მასში იყოს სპირტის, სულ ცოტა, 60%-იანი შემადგენლობა. რა თქმა უნდა, როდესაც ხელი ჭუჭყიანი გაქვთ, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება. ასეთ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ საპონი, წყალი და შესაძლოა, გარკვეული ძალისხმევაც. სხვა სიტუაციებში კი სწორედ ანტისეპტიკით შეგიძლიათ თავის დაცვა მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებისგან ან ნაწლავური ინფექციისგან.

სხვა თემები