26 სექტემბერი 2019 - 16:20

როდის და როგორ გადავაჩვიო ჩემი შვილი საწოვარას? ინსტრუქცია

საწოვარა

ფოტო: Shutterstock.com

ჩვილი საწოვარას გარეშე დღეს უკვე რთული წარმოასადგენია. ეგრეთ წოდებული „მატყუარა“ პირველად აშშ-ში მე-19-მე-20 საუკუნის მიჯნაზე გაჩნდა, თუმცა ის თანამედროვე სახით 70 წლის წინ, 1949 წელს, გერმანიაში დააპატენტეს.

ვინ და რატომ გამოიგონა საწოვარა? 

ჩვილებისთვის საწოვარას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყენებდნენ. ალბრეხტ დიურერის ნახატზე „მადონა ჭივჭავით“, რომელიც 1506 წელს არის შექმნილი, ჩვილ იესოს მარცხენა ხელზე ჭივჭავი აზის, მარჯვენა ხელში კი პატარა ტომსიკა უჭირავს. ცნობილია, რომ გასულ საუკუნეებში დატკბილულ პურს, ფქვილს ან ფაფას სწორედ ასეთ ტომსიკებში დებდნენ და ისინი საწოვარას ფუნქციას ასრულებდნენ. ხანდახან ამ დანიშნულებით მცენარის დატკბილული ნაყენით გაჟღენთილ ღრუბელსაც იყენებდნენ. ამ ყველაფერს კი ბავშვის დასამშვიდებლად და მისთვის წოვის რეფლექსის განვითარებისთვის აკეთებდნენ.

გერმანელმა დანტისტმა ვილჰელმ ბალტერსმა თავის კოლეგა ადოლფ მიულერთან ერთად ჩატარებული ხანგრძლივი კვლევის საფუძველზე დაასკვნა, რომ ბავშვებს, რომლებიც ძუძუს დიდხანს წოვდნენ, კბილების დეფორმაცია და სხვა სახის პათოლოგია იშვიათად უვითარდებოდათ. განსხვავებული სიტუაცია იყო იმ პატარებში, რომლებიც პირში საფენებს ან სათამაშოებს იდებდნენ. გერმანელმა დანტისტებმა გადაწყვიტეს, ორთოდონტული ფორმის საწოვარა შეექმნათ და 1949 წელს ის დააპატენტეს კიდეც. 

1956 წელს რეზინის პროდუქციის მწარმოებელმა კომპანია MAPA-მ (სახელწოდება ორი გერმანული სიტყვიდან მომდინარეობს: დედა-Mama და მამა-Papa) პატარა საქსონიურ ქალაქ ცევენში საწოვარების წარმოება დაიწყო. მათ ახალ პროდუქტს უწოდეს NUK-ი, რომელიც სიტყვა nuckeln-იდან მოდის და გერმანულად „წოვას“ ნიშნავს. სინამდვილეში კი აბრევიატურა NUK-ის უკან პროდუქტის კონცეფცია იმალება: Natürlich und Kiefergerecht, რაც თარგმანში ნიშნავს „ბუნებრივი და სწორი ფორმა ყბისთვის“. დღეს ეს ბრენდი ბავშვებისთვის მრავალფეროვან პროდუქციას უშვებს და ის მთელ მსოფლიოშია ცნობილი. NUK-ს ფილიალები ევროპის 20-ზე მეტ ქვეყანაში აქვს, აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აშშ-სა და კანადაში კი - 23 ფილიალი.

როგორი უნდა იყოს საწოვარა?

საუკეთესო ფირმების მოდელები გათვლილია არამარტო გამძლეობაზე (მაგალითად, სილიკონი), აქ ფორმა და დიზაინიც ძალიან მნიშნელოვანია. როდესაც ბავშვი საწოვარას ინტენსიურად წოვს, მისი გარეთა ნაწილი ნესტოებს არ უნდა ედებოდეს.

დღეისათვის საწოვარას თავი ყველაზე ხშირად ლატექსის ან სილიკოსგან მზადდება. ის გამძლე უნდა იყოს, ამიტომაც მასზე სხვადასხვა დატვირთვით სპეციალურ მანქანებზე ცდებს ატარებენ. გერმანიაში ეს სიმძლავრე 90 ნიუტონს უნდა შეადგენდეს, აშშ-ში კი - ამ მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარს. „ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპელი ბავშვები ამერიკელ თანატოლებზე უფრო ძლიერად წოვენ და კბებენ საწოვარას“, - ნახევრად ხუმრობით განუცხადა ტელეკომპანია ZDF-ს ერთ-ერთმა ექსპერტმა.

რომელი საწოვარაა უკეთესი? ლატექსის თუ სილიკონის?

პედიატრ ტომას ბუკის აზრით, სილიკონის საწოვარა უკეთესია. ის ადვილად ირეცხება და სილიკონი სუნის შენარჩუნებისკენაც არ არის მიდრეკილი. გარდა ამისა, ამ მასალისგან დამზადებული საწოვარა ჰიპოალერგიულია. შესაბამისად, ალერგიის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ლატექსის საწოვარა უფრო მსუბუქი და მოქნილია, ვიდრე სილიკონის, მაგრამ ის მალე ცვდება.

საწოვარები ერთმანეთისგან განსხვავდება არამხოლოდ გარეგნული გაფორმებით, ინდივიდუალური დიზაინერული ჩანაფიქრები დღეისათვის ძალიან ტრენდულია. შესაძლებელია მაღაზიაში კონკრეტული მოდელის არჩევა და შემდეგ გადაწყვეტა, როგორ გინდათ ის გამოიყურებოდეს. შესაძლოა, შეირჩეს „მატყუარას“ იმ ნაწილის ფერი, რომელსაც ბავშვი პირში იდებს. არსებობს საწოვარას „ფრთების“ (გარეთა ნაწილი) დიზაინიც. ზოგი საწოვარაზე აკეთებს მშობლების წარწერებს, მოსაფერებელ სიტყვებს და სხვ.

როდის და როგორ გადავაჩვიო ჩემი შვილი საწოვარას?

პედიატრების რეკომენდაციით, საწოვარასგან ბავშვის გადაჩვევის ყველაზე გვიანი პერიოდი არის მაშინ, როდესაც ის ენას აიდგამს. ეს პროცესი ყოველთვის მარტივი არ არის. თუმცა არსებობს განსხვავებული ვარიანტები, თუ როგორ უნდა ჩაიაროს ამ ყველაფერმა უმტკივნეულოდ. მაგალითად, ბავშვს შესთავაზეთ, საწოვარა მის რომელიმე თანატოლს აჩუქოს. თან უნდა აუხსნათ, რომ ის უკვე დიდია, მეორე ბავშვს კი საწოვარა კიდევ შეიძლება დასჭირდეს.

აუცილებელია თუ არა საწოვარას გამოყენება?

აუცილებელი სულაც არ არის, პირიქით. პედიატრები და ორთოდონტები თვლიან, რომ უმჯობესია, ბავშვს საწოვარა საერთოდ არ მისცეთ. თუმცა მშობლების უმრავლესობა სპეციალისტების ამ სკეპტიციზს სულაც არ იზიარებს. სინამდვილეში საწოვარა კი არ ვნებს ბავშვის ჯანმრთელობას, არამედ ის მეთოდი, რომლითაც მას მოიხმარენ. მაგალითად,  თუ საწოვარა იატაკზე დავარდა, დედები ჯერ თავად იდებენ პირში და შემდეგ ბავშვს აძლევენ, თითქოს ასე უფრო სუფთა იქნება. მსგავსი ქმედება ძალიან არაჰიგიენურია, რადგან დედის პირის ღრუში არსებულ ბაქტერიას შვილის კარიესის გამოწვევა შეუძლია. მსგავს შემთხვევაში უმჯობესია, „მატყუარას“ ონკანის წყალი გადაავლოთ, თუ, რა თქმა უნდა, სტერილიზაციას ვერ აკეთებთ.

სხვა თემები