24 სექტემბერი 2019 - 19:00

ყველა ლაპარაკობს, რომ D ვიტამინის მიღება აუცილებელია. ეს სიმართლეა?

D ვიტამინი

ფოტო: Shutterstock.com

რისთვის სჭირდება ადამიანს D ვიტამინი?

D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმს ეხმარება, კალციუმი და ფოსფორი უკეთ აითვისოს. ეს ნივთიერებები კი ჯანსაღი ძვლებისა და კბილებისთვის არის აუცილებელი. ის ასევე ანელებს პარათირეოიდული ჯირკვლის მიერ ჰორმონის გამომუშავების პროცესს, რადგან ამ უკანასკნელის ჭარბი რაოდენობა ძვლებიდან კალციუმის გამოყოფას აჩქარებს და ძვლოვანი ქსოვილის დაზიანებას იწვევს.

D ვიტამინის ნაკლებობა ხშირად დაკავშირებულია ოსტეოპოროზთან - ეს არის მდგომარეობა, როდესაც ძვლოვანი ქსოვილი ნაკლებ მკვრივია, ძვლები კი - მყიფე. შესაბამისად, იზრდება მოტეხილობის რისკი, რასაც შეუძლია ადამიანის ცხოვრების ხარისხზე არსებითად აისახოს, განსაკუთრებით კი - ზრდასრულ ასაკში.

D ვიტამინის რეცეპტორები აქვს ჩვენი ორგანიზმის ბევრ ორგანოსა და ქსოვილს (პროსტატით დაწყებული, გულ-სისხლძარღვთა სისტემით დამთავრებული). სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ამ ვიტამინს სხვა ფუნქციაც აქვს. მაგალითად, ნერვული სისტემის მუშაობაში D ვიტამინი გარკვეულ როლს ასრულებს. თუმცა ზუსტი სამეცნიერო მონაცემები იმის შესახებ, რომ D ვიტამინის დამატებით მიღება დაავადების განვითარების (მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა ან ონკოლოგიური) რისკს ამცირებს, არ არსებობს.

D ვიტამინს ორგანიზმი მზის სხივების ზემოქმედების შედეგად გამოიმუშავებს? 

დიახ, D ვიტამინი მზის სხივებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად გამომუშავდება. თუმცა შეუძლებელია იმის ზუსტად თქმა, ულტრაიისფერი სხივების ქვეშ რა დრო უნდა დაჰყოთ, რათა აღნიშნული ნივთიერება ორგანიზმში საჭირო რაოდენობით კონცენტრირდეს. ეს დამოკიდებულია ასაკზე, კანის ფერზე, მზის მდებარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. გაზაფხულსა და ზაფხულში ადამიანს შეუძლია მიიღოს საჭირო რაოდენობის D ვიტამინი უბრალოდ ქუჩაში ყოფნისას, თუმცა ზამთრის პერიოდში (ეს განსაკუთრებით ჩრდილოეთის ქვეყნებს ეხება) კანი ამ ნივთიერების გამომუშავებას, ფაქტობრივად, წყვეტს

ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ მზის სხივების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს, რაც კანის ქსოვილში არსებულ დნმ-ს აზიანებს და ავთვისებიანი სიმსივნის (მაგალითად, მელანომა) განვითარების რისკს ზრდის. ექიმები არ გვირჩევენ სოლარიუმით სარგებლობასა და დამცავი კრემის (ის D ვიტამინის გამომუშავებას ხელს არ უშლის) გარეშე მზეზე დიდხანს ყოფნას. რეკომენდებულია შესაბამისი ტანსაცმლის, მზისგან დამცავი სათვალისა და ქუდის ტარება.

D ვიტამინის მიღება საკვებითაც შეიძლება? 

შეიძლება, მაგრამ ეს არც ისე მარტივია. D ვიტამინი არის ცხიმიან თევზში (მაგალითად, ორაგულსა და სკუმბრიაში), დაკონსერვებულ თინუსში, საქონლის ღვიძლში, ყველსა (ნაკლები რაოდენობით) და კვერცხში. ბევრ ქვეყანაში D ვიტამინით ხშირად რძეს, წვენებსა და მარცვლეულ პროდუქტებს ამდიდრებენ. თუ D ვიტამინის მიღებას საკვების ან მზისგან ვერ ახერხებთ, შესაძლებელია პრეპარატების ან ბიოაქტიური დანამატების გამოყენება.

იქნებ უბრალო მულტივიტამინებიც საკმარისია?

მულტივიტამინების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე რეკომენდებული არ არის. როგორც წესი, თუ სრულყოფილად იკვებებით, თქვენ მულტივიტამინები საერთოდ არ გჭირდებათ. ბრიტანელი მეცნიერები გვირჩევენ, ცალკე აღებული D ვიტამინი მივიღოთ ოქტომბრიდან მარტამდე. მართალია, დღეს უკვე ჩნდება ახალი კვლევები, რომლებიც D ვიტამინის რეგულარული მიღების აუცილებლობას ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა კლინიკური რეკომენდაციები ბევრ ქვეყანაში ჯერჯერობით არ შეცვლილა.

D ვიტამინის მიღება პროფილაქტიკის მიზნითაც შემიძლია? 

ექიმები მიაჩნიათ, რომ ზრდასრული ადამიანების უმრავლესობისთვის აუცილებელია, პროფილაქტიკის მიზნით, D ვიტამინის დამატებით მიღება. მისი მაჩვენებლის დასადგენად სპეციალური ანალიზის ჩატარება კი იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, თუ თქვენ რისკჯგუფში ხართ. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ჭარბი წონის, ოსტეოპოროზის, თირკმლის ქრონიკული და ნაწლავების ანთებითი დაავადების მქონე პაციენტები.

ექიმმა D ვიტამინის გამოკვლევის რეკომენდაცია შეიძლება გასცეს იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტს უმნიშვნელო ტრავმის შემდეგ მოტეხილობა აღენიშნება ან გარკვეული მედიკამენტოზური (მაგალითად, გლუკოკორტიკოიდები) მკურნალობის კურსი დაასრულა.

სხვა თემები