30 სექტემბერი 2019 - 19:44

ზღვის უფრო სასარგებლოა თუ სუფრის? რა უნდა იცოდეთ მარილის შესახებ  

მარილი

ფოტო: Shutterstock.com

ხშირად გვსმენია იმის თაობაზე, რომ უმარილო საკვები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. კვების რაციონში სუფრის მარილის დოზის შემცირებას ემხრობიან დიეტოლოგებიც. რატომ არ უნდა ვჭამოთ მარილიანი კერძი? სასარგებლოა თუ არა მარილის აბაზანები და შესაძლებელია თუ არა მარილზე საბოლოოდ უარის თქმა?

მართალია, რომ ზღვის მარილი უფრო სასარგებლოა, ვიდრე სუფრის? 

არა. მარილის ეს ორივე სახეობა ნატრიუმის ქლორიდია. ზღვის მარილი, როგორც წესი, სუფრის მარილზე ძვირი ღირს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფრო სასარგებლოც არის. უბრალოდ, ის გაცილებით რთული მოსაპოვებელია. ზღვის მარილს ზღვის წყლის აორთქლების შედეგად იღებენ. ქვამარილს კი მოიპოვებენ სპეციალურ საბადოებში, რომლებიც უძველესი ზღვების ადგილზე წარმოქმნილ მარილის ტბებზე მდებარეობს. 

ზღვის მარილს დამატებით გემოს აძლევს შემდეგი მინარევები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და სხვ. თუმცა მათი რაოდენობა არც იმდენად დიდია, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული სარგებლის მომტანი იყოს. გარდა ამისა, ჩვენ ამ ნივთიერებებს სხვა საკვებიდანაც ვიღებთ. ფართოდ არის გავრცელებული მითი, რომ ზღვის მარილი იოდით მდიდარია. ეს ასე სულაც არ არის: იოდი აორთქლებისა და შრობის პროცესში იკარგება.  

გემოს მრავალფეროვნებამ, ტექსტურამ და დამუშავების მეთოდმა შექმნა ზღვის მარილის ბევრი გასტრონომიული სახეობა. ესენია შავი ჰავაური მარილი, ჰიმალაის ვარდისფერი მარილი და სხვ.

მარილიანი კერძები რატომ უყვართ?

იმიტომ რომ ნატრიუმი ორგანიზმის მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნატრიუმი (Na⁺) არის ელექტროლიტი, რომელსაც წყალ-მარილოვანი ბალანსის, არტერიული წნევისა და ნერვული იმპულსების გადაცემისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ქლორი (Cl⁻) კი დამხმარე როლს ასრულებს. ნატრიუმისა და ქლორის კონცენტრაცია ორგანიზმში მკაცრად რეგულირდება: ოფლის ან შარდის სახით მისი გამოყოფა გარედან უნდა შეივსოს.

სწორედ იმიტომ, რომ ნატრიუმი და ქლორი აუცილებელია შიდა რესურსების მდგრადობის შენარჩუნებისთვის, ჩვენ გვაქვს გემოვნებითი რეცეპტორები, რომლებიც მარილიანი საკვების აღქმაში გვეხმარება.

რა არის ნატრიუმის დაბალი შემცველობის მქონე მარილი?

ეს არის მარილი, რომელშიც ნატრიუმის ქლორიდი ნაწილობრივ კალიუმის ქლორიდით არის ჩანაცვლებული. სუფრის მარილი ეწოდება ნატრიუმის ქლორიდს, რომელშიც 40%-ი  ნატრიუმია, 60%-ი კი - ქლორი. კვების მრეწველობაში მარილის სხვა სახეობებიც გამოიყენება. ეს არის ნატრიუმის ნიტრიტი, ნატრიუმის გლუტამატი და სხვ.

ნატრიუმის ნიტრიტს ამატებენ გადამუშავებული ხორცისგან დამზადებულ ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ლორი, ძეხვი, ბეკონი და სხვ. ის საჭიროა არამარტო იმისთვის, რომ სოსისსა და შებოლილი ხორცის პროდუქტებს ფერი შეუნარჩუნდეთ. ნატრიუმის ნიტრიტის მთავარი დავალებაა ბოტულიზმის პროფილაქტიკა, რომელიც სასიკვდილოდ საშიში დაავადებაა. ნატრიუმის ნიტრიტი ბაქტერია Clostridium botulinum-ის ზრდას აფერხებს. თავად სახელწოდება კი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან botulus, რაც ქართულად ძეხვს ნიშნავს. სურსათის უვნებლობის ევროპული სააგენტო მიიჩნევს, რომ ხორცის პროდუქტებში ნიტრიტის დამატება მომხმარებლებისთვის უსაფრთხოა

რაც შეეხება ნატრიუმის დაბალი შემცველობის მქონე მარილს, მასში ნატრიუმის ქლორიდი, ნაწილობრივ, კალიუმის ქლორიდით არის ჩანაცვლებული. ეს მარილი რეკომენდებული არ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გარკვეული ქრონიკული დაავადებები აქვთ. ჭარბმა კალიუმმა შეიძლება პრობლემები შექმნას. თუ თქვენ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქცია გაქვთ დარღვეული, ან გულ-სისხლძარღვთა დაავადება აღგენიშნებათ და შესაბამის პრეპარატებს იღებთ, უმჯობესია, მარილის შემცვლელი მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე არ მიიღოთ. უნდა დარწმუნდეთ, რომ ის თქვენს წამლებთან რეაქციაში არ შევა. ჯანმრთელი ადამიანებისთვის კი კალიუმის ქლორიდი, ზომიერების ფარგლებში, ჩვეულებრივი სუფრის მარილის კარგი ალტერნატივაა.

შეიძლება მარილი საერთოდ არ ვჭამო? 

რთული წარმოსადგენია, რომ ეს გამოგივიდეთ. ნატურალურად გადამუშავებულ საკვებშიც კი (მაგალითად, სტაფილო, პომიდორი და მანგო) არის მცირე დოზით ნატრიუმი. ასე რომ, მარილის მთავარ კომპონენტს თქვენ ისედაც მოიხმართ. თუმცა სინამდვილეში, მისი ძირითადი წყარო სუფრის მარილია. თქვენ შეიძლება ნატრიუმს იღებთ და ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ გაქვთ. პრობლემა ის არის, რომ გადამუშავებულ საკვებში მარილი ჭარბი რაოდენობითაა. მაგალითად, საუზმის მზა ფანტელებსა და სოუსებში, ყველში, ბეკონსა და ოჯახში დამზადებულ პომიდვრის მარინადში. 

ორგანიზმში ნატრიუმის ნაკლებობა (ჰიპონატრიემია), როგორც წესი, დაკავშირებულია ისეთ მძიმე დაავადებებთან, როგორიც არის ღვიძლის ციროზი ან გულის უკმარისობა. ჯანმრთელი ადამიანი ამ კონდიციამდე იშვიათად მიდის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის იცავს დიეტას მარილის ძალიან დაბალი შემცველობით, თირკმლებით გამოიყოფა სითხე და ასე ხდება წყლოვან-ელექტროლიტური ბალანსის დაცვა. 

ჰიპონატრიემია აღენიშნებათ სპორტსმენებს, რომლებიც ძლიერი დატვირთვის (მაგალითად, მარათონი) დროს ბევრ სითხეს იღებენ. იგივე საფრთხე ემუქრებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ცოტას ჭამენ და ბევრ ლუდს სვამენ.

როგორ გავიგო ბევრ მარილს მოვიხმარ თუ ცოტას?

დიდი ალბათობით, თქვენ მარილს ჭარბი რაოდენობით მოიხმართ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში მარილის საერთო მოხმარება საშუალოდ დღე-ღამეში 8-11 გრამია, რაც რეკომენდებულ 5-გრამიან ზღვარს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ევროპულ ქვეყნებში ამ პრობლემის მოხსნას ეტიკეტირების წესით ცდილობენ: ეტიკეტზე ნატრიუმის შემცველობის კოეფიციენტს უთითებენ, მწარმოებლებს კი ურჩევენ, პროდუქტებში მათი რაოდენობა შეამცირონ. 

ნიდერლანდების სამეფოში, ბოლო რამდენიმე წელიწადში, პურში მარილის შემცველობა 2,5%-დან 1,8%-მდე შეამცირეს. მწარმოებლებმა ეს რეფორმა რამდენიმე ეტაპად დაჰყვეს. ამის მიზეზი იყო ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნება და მომხარებლის გემოვნების ჯანსაღი პროდუქტისთვის ეტაპობრივი შეჩვევა.

როგორ შევეჩვიო უმარილო საკვებს? 

ეტაპობრივად. ადამიანი ნაკლებ მარილიან საკვებს საკმაოდ სწრაფად ეჩვევა. თუ თქვენ მარილის ოდენობას ეტაპობრივად შეამცირებთ, სულ რაღაც რამდენიმე კვირის შემდეგ გემოვნებითი რეცეპტორები ადაპტირდებიან. ამიტომაც სუფრიდან სამარილე მოაშორეთ, კერძი რომ უფრო გემრიელი გამოგივიდეთ, დაამატეთ მწვანილი, ლიმონის წვენი, ხახვი და ნიორი.  

თუ მარილის მოხმარების შემცირება თქვენთვის აუცილებელია არტერიული ჰიპერტენზიის ან თირკმლის დაავადების გამო, მაშინ უბრალოდ საჭმელს მომზადებისას მარილი არ დაუმატოთ. ნატრიუმის შემცველობის მქონე პროდუქტები ნაკლებად მიიღეთ. ეს არის სოიოს ან სხვა სახის სოუსები, მზა ფანტელები საუზმისთვის, გადამუშავებული ხორცი (სოსისი, ძეხვი ან ბეკონი), შებოლილი ხორცი, დამარინადებული და დაკონსერვებული პროდუქტები. გარდა ამისა, ჭამეთ ახალი ბოსტნეული, ხილი და კენკრა.

იოდიზებული მარილი კარგია? 

არა თუ კარგი, არამედ ძალიან კარგია. მარილი იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტია, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად მოიხმარენ, ამიტომაც თითქმის 100 წლის წინ ის იოდით გაამდიდრეს, რათა ყოველ ადამიანს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს მიკროელემენტი მიეღო. ბევრ ქვეყანაში მიღებულია მარილის უწყვეტი იოდიზება, ისევე როგორც ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია ითვალისწინებს. 

თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, იოდიზებული მარილის 5 გრამის მიღებისას (შენახვისა და კულინარიული დამუშავების დროს დანაკარგის გათვალისწინებით) ადამიანი ყოველდღიურად 100-200 მიკროგრამ იოდს იღებს. ეს ფიზიოლოგიური ნორმაა. თუ ადამიანი ამის გარეშეც საჭირო რაოდენობის იოდს მოიხმარს, იოდიზებული მარილი მისთვის არანაირ საფრთხეს არ შეიცავს.

მარილის აბაზანა მართლაც სასარგებლოა? 

ამის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა მარილის აბაზანების არსებობა ყველამ იცის. ასეთი მინარევები საკმაოდ მრავალფეროვანია. მასში შეიძლება შედიოდეს ჩვეულებრივი მარილი (ნატრიუმის ქლორიდი), სოდა და მაგნიუმის სულფატი.

ზოგიერთი ექიმი კანის დაავადების სამკურნალოდ  რეკომენდაციას ზღვის მარილს უწევს. მაგალითად, აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემია მიიჩნევს, რომ ვულგარული იქთიოზის მქონე ზოგიერთ პაციენტს მდგომარეობა უმსუბუქდება, როდესაც ზღვის მარილის აბაზანებს იღებს. თუმცა ფსორიაზის შემთხვევაში ამ მეთოდის ეფექტიანობა დამტკიცებული არ არის.

ნებისმიერ შემთხვევაში ჯანმრთელი ადამიანისთვის კანის მოვლის ინსტრუქციაში მარილის აბაზანა არ შედის. ზოგადად, ეს პროცედურა, უმჯობესია, იშვიათად ჩაიტაროთ, რათა კანს დაცვითი ფუნქცია შეუნარჩუნოთ.

სხვა თემები