03 ოქტომბერი 2019 - 16:00

ძალიან ბევრს ვნერვიულობ. რა ვქნა? 

ფოტო: shutterstock.com

თანამედროვე სამყაროში ადამიანს დარდისა და შფოთვის უამრავი მიზეზი აქვს. მუდმივი სტრესის გავლენით კი თქვენ შეიძლება გეჩვენებათ, რომ რაღაც უსიამოვნება გელით. სინამდვილეში ეს განგაშის შეგრძნებაა, რომელიც სრულიად ბუნებრივია. ადამიანს შიშის გრძნობა რომ არ ჰქონდეს და არაფერზე დარდობდეს, ის პოტენციურად საშიშ სიტუაციებსაც ვერ გაიაზრებდა და მათგან თავს ვერ დაიცავდა. სხვა საკითხია, რომ მუდმივი შფოთვა ადამიანს ფიტავს, მისი ცხოვრების ხარისხს მკვეთრად აუარესებს და ამ ყველაფრის თანამდევი უსიამოვნო სიმპტომების მიზეზი ხდება. მაგალითად, ნერვიულობის გამო შეიძლება მუცელი აგტკივდეთ ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები დაგეწყოთ.

უარყოფითი ემოციების დაძლევაში იოგა დამეხმარება? 

როდესაც უარყოფითი ემოციის მოჭარბებას იგრძნობთ, შეგიძლიათ იოგით დაკავდეთ ან უბრალოდ პარკში გაისეირნოთ. ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ადამიანები, რომლებიც ბევრს მოძრაობენ, ფორიაქის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც დღის განმავლობაში ხანგრძლივად ჯდომა უწევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა კვირაში, სულ ცოტა, 150 წუთი ფიზიკურად ივარჯიშოთ და ეს პროცესი ინტენსიურ ხასიათს უნდა ატარებდეს. მაგალითად, შეგიძლიათ მთელი კვირის განმავლობაში 5 დღე 30-წუთიან ცეკვის გაკვეთილს ან ველოსიპედით სეირნეობას დაუთმოთ. მთავარია, ფიზიკური დატვირთვისგან სიამოვნება მიიღოთ.

სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებ. ეს მიშველის? 

დიახ. სუნთქვითი ვარჯიშები ეგეთ წოდებული რელაქსაციის მეთოდებს მიეკუთვნება. მათი მიზანია ადამიანს დამშვიდებაში დაეხმაროს. მაგალითად, ღრმად ჩასუნთქვა გულისცემას ანელებს. ეს სიმპტომი ხშირია, როდესაც ადამიანი აღელვებულია. სუნთქვითი ვარჯიში კი თქვენთვის მოსახერხელ ადგილზე და პოზაში უნდა გააკეთოთ. მაგალითად,  მსუბუქად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ცხვირით ჩაისუნთქეთ (ამ პროცესში შეგიძლიათ ხუთამდე დაითვალოთ), შემდეგ კი პირით ამოისუნთქოთ (ასევე ხუთამდე დაითვალეთ). 
 

ამბობენ, რომ მედიტაცია სასარგებლოა. მართალია? 

ნამდვილად ასეა. მედიტაციაც რელაქსაციის ერთ-ერთი მეთოდია. რა თქმა უნდა, ეს არ არის უნივერსალური საშუალება, მაგრამ სტრესთან გამკლავებისთვის რეკომენდებულია. ის ასევე ეფექტიანია შფოთვითი აშლილობის მკურნალობისას (რა თქმა უნდა, როგორც დამხმარე საშუალება).

ბებიაჩემი ასეთ სიტუაციაში ვალერიანის აბებს სვამდა. იქნებ მეც მიშველოს? 

როგორც გნებავთ. მაგრამ არსებობს წინააღმდეგობრივი მონაცემები. ვალერიანის აბები უსაფრთხოდ მიიჩნევა (რეკომენდებულ დოზებში), მაგრამ ორ კვირაზე მეტხანს მისი მიღება რეკომენდებული არ არის. საქმე ის არის, რომ ვალერიანის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგი ორგანიზმზე შესწავლილი არ არის. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ვალერიანს, როგორც სხვა მცენარეულ საშუალებებს უკუჩვენებაც აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ მსგავსი პრეპარატების მიღებას დაიწყებთ, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მანამდე სხვა წამლებს სვამდით.

სტრესის დასაძლევად მუსიკას რომ მოვუსმინო?

იმის მტკიცება, რომ მუსიკა შფოთვისა და განგაშის შეგრძნებასთან გამკლავებაში დაგვეხმარება, ნაადრევია. ამ მხრივ მონაცემები ძალიან მწირია, თუმცა რამდენიმე კვლევა ნამდვილად არსებობს. ერთ-ერთი მათგანის ავტორები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქირურგიული ოპერაციისთვის მოსამზადებელ პერიოდში მუსიკის მოსმენა შიშს უფრო ამცირებს, ვიდრე რომელიმე დამამშვიდებელი პრეპარატი.

კიდევ რა შეიძლება გავაკეთო?

კარგად და საკმარისი ხანგრძლივობით უნდა დაიძინოთ და ყოველ დილით მაღვიძარას გარეშე ადგეთ. ძილის უკმარისობა სიტუაციას უფრო ამძიმებს და ისედაც ემოციურ ადამიანებს მეტად აფორიაქებს. ასევე მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება და დასვენება. არ უნდა ჩაიკეტოთ საკუთარ თავში: ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა და ხშირი სოციალური კონტაქტი დაგეხმარებათ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ. ახალი ჰობი ან რაიმე ახლის შესწავლა (ხატვის ან უცხო ენის) ცხოვრებისგან მეტ სიამოვნებას მიგაღებინებთ.

რა არ უნდა გავაკეთო?

ყავა და სიგარეტი არაფერს გიშველით, პირიქით, ეს თქვენს მდგომარეობას უფრო გაართულებს. იგივე ეხება ალკოჰოლს: განგაშის შეგრძნების დროებით შემსუბუქება მას ნამდვილად შეუძლია, მაგრამ დაძაბულობის სასმელით მოხსნა მხოლოდ და მხოლოდ ალკოჰოლდამოკიდებულებამდე მიგიყვანთ.

თუ არაფერმა მიშველა? 

ექიმს მიმართეთ. შფოთვა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გადის, შეიძლება შფოთვითი აშლილობის მაჩვენებელი იყოს. რელაქსაციის საშუალებებისა და რეგულარული ფიზიკური დატვირთვის პარალელურად, ექიმმა შეიძლება ფსიქოთერაპია შემოგთავაზოთ. ეს მეთოდი პაციენტს ეხმარება, შეცვალოს მსოფლხედველობა, რომელიც რეალობის აღქმას ხელს უშლის. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით ემოციური კონტროლის სწავლა და გაცნობიერებული ქმედება არის შესაძლებელი. ზოგიერთ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება. ეს შეიძლება ანტიდეპრესანტების მიღებას გულისხმობდეს.

სტერსის გამო შეიძლება მუცელი ამტკივდეს?

კი. ბევრ ადამიანს საპირფარეშოში შესვლა საკმაოდ უდროო დროს უნდება. ეს მომენტი შეიძლება იყოს გასაუბრება ან საჯარო გამოსვლა. ითვლება, რომ ეს ხდება იმიტომ, რომ ორგანიზმს აქვს რეაქცია - „დაარტყი ან გაიქეცი!“ სტრესის დროს საჭმლის მონელების პროცესი კუჭსა და წვრილ ნაწლავში ფერხდება, მსხვილი ნაწლავის კუნთები კი მკვეთრად იკუმშება და სწორედ ამიტომ გარბის ადამიანი საპირფარეშოში. როგორც წესი, ასეთი მდგომარეობა სწრაფად გადის და ამ დროს რელაქსაციის იგივე მეთოდებია ადეკვატური. თუმცა თუ მუცლის ღრუში ტკივილები თვეში რამდენჯერმე განმეორდა, ეს შეიძლება იყოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. თუმცა ზუსტი დიაგნოზის დასმა, რა თქმა უნდა, ექიმის პრეროგატივაა.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი რა არის? 

ასე ეწოდება მდგომარეობას, რომლის დროსაც პერიოდული ტკივილი წარმოიშობა, აღინიშნება დიარეა, ყაბზობა ან მეტეორიზმი. უსიამოვნო სიმპტომები, სულ ცოტა, 3 თვეს გრძელდება და არ არის დაკავშირებული არც საკვების ხარისხთან ან ნაწლავის სტრუქტურაში არსებულ პათოლოგიურ ცვლილებებთან. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი რთულ მდგომარეობას არ მიეკუთვნება. ის არც სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მოქმედებს და არც სხვა დაავადებებს იწვევს. თუმცა ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შესაბამისი ზომები არ მიიღოთ.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მთელი მსოფლიოს მოსახლოების დაახლოებით 20%-ს აღენიშნება. ამასთანავე, მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ხანდახან შეიძლება ექიმმა კვების რეჟიმის შესახებ დღიურის წარმოება დაგინიშნოთ, რათა შემდეგ შესაბამისი დიეტა შეადგინოს. ზოგიერთ შემთხვევაში ფსიქოთერაპიაა ეფექტიანი. მკურნალობის დროს ასევე გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუქნციონირების დარღვევით გამოწვეული სიმპტომების მოხსნაში დაგეხმარებათ.

სხვა თემები