14 ოქტომბერი 2019 - 23:40

ყავა ხან სასარგებლოა, ხან - არა. რატომ არის მეცნიერთა კვლევების შედეგები წინააღმდეგობრივი?

ფოტო: Shutterstock.com

ჟურნალ Annal of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელიც უმი და გადამუშავებული წითელი ხორცის მოხმარებას ეხება. ბოლო წლებში საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ ამ კატეგორიის პროდუქცია მავნეა. ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტები საერთაშორისო ონკოლოგიურ ფონდთან ერთად ურჩევენ მომხმარებლებს, თავიანთი კვების რაციონში გადამუშავებული ხორცის რაოდენობა შეზღუდონ. თუმცა ახალი მონაცემები ამ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

ახალი კვლევის შედეგად რა გაირკვა? 

ახალი კვლევა უკვე გამოქვეყნებული პუბლიკაციების განხილვისა და შეჯამების ერთობლიობაა. ეს არის ძველი მონაცემების ერთგვარი ინტერპრეტაცია. მისმა ავტორებმა ანგარიშში ჩართეს მხოლოდ ის კვლევები, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეები ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი, მათ დიეტოლოგები რეგულარულ რჩევებს აძლევდნენ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მსგავს პროექტებს კოჰორტულ კვლევებს უწოდებენ. მეორე ტიპის კვლევაა ზედამხედველობითი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს რეკომენდაციას არ აძლევენ, მხოლოდ ფაქტობრივ დიეტაზე უსვამენ კითხვებს. ახალი კვლევის ავტორებმა ეს მონაცემები ნაკლებ საიმედოდ მიიჩნიეს. 

ახალი პუბლიკაციის ავტორებმა რამდენიმე კოჰორტული კვლევის მონაცემი შეაგროვეს და სტატისტიკურად გააანალიზეს. მიღებული შედეგები კი სპეციალურმა საბჭომ განიხილა. აქ იყო წარმოდგენილი 7 ქვეყნის დიეტოლოგი, რომლებიც განსაზღვრული პროცედურით ანალიზის შედეგებს აფასებდნენ. ამასთან, ავტორები იკვლევდნენ ხორცის მიღების მხოლოდ სამედიცინო ასპექტებს. ამავდროულად, მოცემული შედეგები ჯანმრთელ და ზრდასრულ ადამიანებს ეხება. ანგარიშის საბოლოო დასკვნა საკმაოდ მარტივია და ერთნაირად ჟღერს როგორც უმი, ასევე გადამუშავებული ხორცისთვის: „ჩვენი რეკომენდაციაა, მათი მოხმარება განაგრძოთ.“

ესე იგი, გადამუშავებული ხორცის ჭამა არც ისე ცუდია? 

ჯერჯერობით მხოლოდ ერთი რამ არის ცნობილი - ახალმა კვლევამ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და ბლოგერების დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ პუბლიკაციამ ბევრი ექსპერტისა და დიეტოლოგის მკაცრი კრიტიკაც დაიმსახურა. კერძოდ, კიბოს საწინააღმდეგო კვლევების მსოფლიო ფონდის წევრმა რამდენიმე ორგანიზაციამ (აშშ-ის ონკოლოგიური ინსტიტუტი, პრევენციული ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოება, ავსტრალიის ონკოლოგიური საბჭო და სხვ.) წერილი შეადგინა. კვლევის არასრულყოფილებას ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლამ კი ანალიტიკური სტატია მიუძღვნა. ამ დაწესებულების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ახალი რეკომენდაციები საზიანო და ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. 

სტატიის ავტორებისადმი წაყენებული პრეტენზიების მოკლე ჩამონათვალი ასეთია:

- მათ აქვთ უსაფუძვლოდ მკაცრი სტრატეგია დიეტური კვლევებისადმი, რომლებიც ვერ განხორციელდება იმავე სქემით, რითაც წამლების კლინიკურ კვლევას აწარმოებენ.

- მათი რეკომენდაციები მათსავე სტატისტიკურ დასკვნებს ეწინააღმდეგება. ამ შედეგების მიხედვით, ჯგუფებში, რომელთა მონაწილეებიც ნაკლებ ხორცს ჭამდნენ, სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის დაბალი მაჩვენებლი დაფიქსირდა. ავტორებმა ეს ფაქტი არც ისე მნიშვნელოვნად მიიჩნიეს, კრიტიკოსებმა კი - პირიქით.

- კვლევის ავტორებს ოპონენტები იმაშიც  ადანაშაულებენ, რომ მათი რეკომენდაციების შესაძლო პათეტიკაა - „ხორცის ჭამა ნებისმიერი რაოდენობით არის შესაძლებელი“. სინამდვილეში კი კვლევაში საუბარია იმაზე, რომ კვირაში სამჯერ ხორცის პროდუქტების მიღებისას, ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი დადებითი გავლენა არ დაფიქსირებულა.

და ვინ არის მართალი? 

არ ვიცით. მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ხშირად წერენ, რომ ესა თუ ის პროდუქტი ან პროცედურა კიბოს რომელიმე სახეობით დაავადების რისკს ზრდის. რაღაც დროის შემდეგ კი ჩნდება პუბლიკაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ იგივე პროდუქტი ონკოლოგიური დაავადების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.

კონკრეტულად რას ეხება ეს ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები?

მაგალითად, ყავას. ერთი მხრივ არსებობს მოსაზრება, რომ ყავა ფილტვის კიბოთი დაავადების ძალიან მაღალ რისკს შეიცავს. ამავე შეხედულების მომხრეთა მტკიცებით, ვინც უკოფეინო ყავას სვამს, ამ დაავადებასთან შეჯახების ნაკლები შანსი აქვს. მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ ყავის მოხმარება ხორხის, ღვიძლისა და პროსტატის კიბოს განვითარების დაბალ რისკთან არის დაკავშირებული. 

იგივე შეიძლება ითქვას რძეზე, რომლის აქტიურ მოხმარებაც, შესაძლოა, პროსტატის კიბოს განვითარების რიკს ზრდიდეს. ეს არის მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრება. მკვლევართა სხვა კატეგორიის თქმით, ქალებს, რომლებიც მოიხმარდნენ ცხიმის დაბალი შემცველობის მქონე რძის პროდუქტებს, სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად აღენიშნებოდათ. სწორი ნაწლავის კიბო იშვიათად აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ბევრ რძეს სვამენ და ზოგადად რძის პროდუქტებს (ყველის გარდა) ხშირად მიირთმევენ.

ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებია ჩასახვის საწინააღმდეგო აბებზეც. მეცნიერთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ქალები, რომლებიც კონტრაცეპტივებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იღებენ, საშვილოსნოს ყელის კიბოთი ხშირად ავადდებიან. ასევე შესაძლოა, მათ შემთხვევაში სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკიც ცოტათი მაღალი იყოს. მკვლევართა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ქალები, რომლებიც კონტრაცეპტივებს იღებენ, ენდომეტრიუმისა და საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნით იშვიათად ავადდებიან.

ჭარბი წონა და გაცხიმოვნებაც სადავო თემაა. ერთი მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ ორივე მათგანის შემთხვევაში კოლორექტალური კიბოსა (მსხვილი და წვრილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე) და მიელომის, კუჭის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის, საკვარცხეებისა და საშვილოსნოს კიბოს რისკი იზრდება. გაცხიმოვნების შემთხვევაში მაღალია პროსტატის კიბოს ალბათობაც, მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც. თუ ქალს პოსტმენოპაუზის პერიოდში აქვს ჭარბი წონა, დიდი ალბათობით, მას სარძევე ჯირკვლის კიბო ექნება. არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც, ჭარბი წონის ქალებს მენოპაუზამდე სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადების დაბალი რისკი აქვთ.

რატომ ეწინააღმდეგება მეცნიერთა დასკვნები ერთმანეთს? 

პირდაპირი აზრობრივი წინააღმდეგობები ყოველთვის არ ფიქსირდება, მაგრამ ეს თუ ასე ხდება, ამის მიზეზი მონაცემების ინტერპრეტაციისადმი განსხვავებული მიდგომაა. ასეთი თემების შესწავლა ნამდვილად რთული საქმეა.

მეცნიერებს არ შეუძლიათ დაადგინონ ზუსტი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი - მათ მხოლოდ კორელაციაზე საუბარი ძალუძთ. უხეშად რომ ვთქვათ, მკვლევრები ვერ დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ მოლუსკები ადამიანს შაქრიანი დიაბეტისგან იცავს. მათ მხოლოდ შეუძლიათ თქვან, რომ ადამიანები, რომლებიც მოლუსკებს ხშირად ჭამენ, შაქრიანი დიაბეტით იშვიათად ავადდებიან. შესაძლებელია, ამის მიზეზი ის არის, რომ მოლუსკების ხშირი ჭამა დასავლეთში მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს შეუძლიათ. შესაბამისად, მათ აქვთ იმის შესაძლებლობაც, რომ სწორად იკვებონ და ივარჯიშონ. აი, ეს არის დაავადების დაბალი მაჩვენებლის მიზეზიც. ამიტომაც ამ შემთხვევაში ლაპარაკია კორელაციაზე და არა მიზეზსა და შედეგზე.

ეს არის ერთადერთი პრობლემა? 

არა, არის სხვებიც. კვლევის მონაწილეები ხშირად უნებლიედ ტყუიან, რადგან ცოტას თუ ახსოვს ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რა რაოდენობის პომიდორი ჭამა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი კვლევა არსებობს იმის თაობაზე, თუ რა გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე ამა თუ იმ პროდუქტს და მათ შორის ძალიან ბევრი არაკომპეტენტური ნამუშევარია.

როგორ გავიგო, რა არის ჩემთვის სასარგებლო და რა არა? 

თუ თქვენ რომელიმე დაავადების რისკის ზონაში ხართ, შესაძლოა, ნამდვილად ღირდეს, კვების მიმართულებით ექიმების რეკომენდაციებს ყურადღება მიაქციოთ. თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს რჩევები რამდენიმე კვლევას უნდა ეყრდნობოდეს. საბოლოოდ კი უმჯობესია, ყოველი ხმაურიანი სათაურის შემდეგ თქვენი ცხოვრების წესი რადიკალურად არ შეცვალოთ, არამედ დაეყრდნოთ საერთო რეკომენდაციებს, რომლებიც კომპეტენტური და სიღრმისეული კვლევებით არის გამყარებული. ამ კატეგორიის ზოგადი რჩევების მიხედვით, თქვენი კვების რაციონის ძირითადი კომპონენტები უნდა იყოს კარტოფილი, ყავისფერი ბრინჯი, ბევრი ხილი და ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები და ნაკლები ხორცი.

სხვა თემები