13 დეკემბერი 2019 - 18:00

ბოტულიზმს და ბოტოქსს შორის კავშირი მართლაც არსებობს? ესე იგი, ბოტოქსით ინტოქსიკაცია შესაძლებელია?

ბოტოქსი

ფოტო: Shutterstock.com

რა მოხდა?

ის რომ ზამთარია და წელიწადის ამ დროისთვის მზადების ერთ-ერთი კომპონენტი სახლის პირობებში სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტის დაკონსერვებაა. საკვებისმიერი ბოტულიზმის ერთ-ერთი ძირითადი წყაროც სწორედ თერმულად დამუშავებული კონსერვებია. ინტოქსიკაციის ამ ფორმას მაღალაქტიური ნეიროტოქსინების - ბოტულოტოქსინების მიღება იწვევს. ისინი, როგორც წესი, საკვებ პროდუქტში ყალიბდა. 

სპორები, რომლებსაც Clostridium botulinum-ი გამოიმუშავებს, მაღალ ტემპერატურასაც უძლებს და გარესამყაროშიც ფართოდ არის გავრცელებული. ჟანგბადის არ არსებობის პირობებში, ეს სპორები ვითარდება და ტოქსინების გამოყოფას იწყებს. ბოტულოტოქსინის 7 სხვადასხვა ფორმა (A-დან G-მდე) არსებობს. ოთხი მათგანი (ტიპი A, B, E და იშვიათ შემთხვევში F) ბოტულიზმს ადამიანში იწვევს. C, D და E კი ამ დაავადებას ძუძუმწოვრებში, ფრინველებსა და თევზებში უწყობს ხელს.

ბოტულოტოქსინი ორგანიზმში ხვდება ისეთი პროდუქტის მიღებით, რომლებსაც შესაბამისი დამუშავების პროცესი არ გაუვლია. სწორედ ამიტომ მასში ცოცხლობენ ბაქტერიები თუ სპორები, რომლებიც ტოქსინებს გამოყოფენ. ზრდასრული ადამიანის ბოტულიზმის ძირითადი მიზეზია კვებითი ინტოქსიკაცია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს დაავადება ჭრილობაში შეჭრილი ინფექციის ან სასუნთქი გზებით ინტოქსიკაციის შედეგად ყალიბდება. ჩვილ ბავშვებში კი ბოტულიზმი შეიძლება ნაწლავურმა ინფექციამ გამოიწვიოს. ინტოქსიკაციის ეს ფორმა გადამდები არ არის.

საკვებისმიერ ბოტულიზმს რა სიმპტომები ახასიათებს? 

ბოტულოტოქსინი ნეიროტოქსიკური ნივთიერებაა, ამიტომ ის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. საკვებისმიერ ბოტულიზმს ახასიათებს დამბლა, რომელიც სუნთქვით უკმარისობასაც იწვევს. ადრეულ ეტაპზე მისთვის ნიშანდობლივია ძლიერი დაღლილობა, სისუსტე და თავბრუსხვევა. ამის შემდეგ პაციენტს დაბინდული მზერა, პირის სიმშრალე, ყლაპვის გართულება და მეტყველების უნარის დაქვეითება აღენიშნება. საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევაში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ღებინება, დიარეა, ყაბზობა და მუცლის შებერილობა. 

დაავადების პროგრესირების შემთხვევაში ადამიანს უვითარდება სისუსტე კისრისა და ხელების არეში, რის შემდეგაც სასუნთქი და წელს ქვემოთ მდებარე კუნთები დუნდება. სამაგიეროდ არ იმატებს სხეულის ტემპერატურა და პაციენტი გონს არ კარგავს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ სიმპტომებს იწვევს არა თავად ბაქტერია, არამედ მის მიერ გამომუშავებული ტოქსინი. დაავადებისთვის დამახსიათებელი თავისებურებები კი, როგორც წესი, საკვების მიღებიდან 12-36 საათის შემდეგ (სულ ცოტა - 4 საათი, ყველაზე მეტი - 8 დღე) იჩენს თავს.

ბოტულიზმით დაავადების ზოგადი მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ ფაქტები ხშირია იმ შემთხვევაში, თუ სწორი დიაგნოსტირება დროულად არ მოხდა და პაციენტს მკურნალობის შესაბამისი კურსი ოპერატიულად არ ჩაუტარდა. ეს კი ადრეულ სტადიაზე ანტიტოქსინის შეყვანასა და ფილტვების ინტენსიურ ხელოვნურ ვენტილაციას გულისხმობს. ბოტულიზმის შემთხვევების 5-10%-ი ლეტალურად სრულდება.

რა არის საკვებისმიერი ბოტულიზმი?

Clostridium botulinum-ი ანაერობული სპორებიანი ბაქტერიაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ჟანგბადის არარსებობის შემთხვევაში ვითარდება. კვებითი ბოტულიზმი ყალიბდება, თუ საკვებშია ბაქტერია C. botulinum-ი, რომელიც ტოქსინებს გამოყოფს. ეს ბაქტერია შეიცავს სპორებს, რომლებიც გარემოში ფართოდ არის გავრცელებული, მათ შორის ნიადაგში, მდინარისა და ზღვის წყალში. 

ბაქტერიები ტოქსინებს ჟანგბადის დაბალი შემცველობის მქონე პროდუქტების გარკვეულ ტემპერატურაზე შენახვისა და კონსერვაციის პირობებში გამოყოფენ. ეს ყველაზე ხშირად ხდება მარტივი კონსერვაციის საკვებსა და იმ პროდუქტებში, რომლებიც შესაბამისად დამუშავებული არ არის და სახლის პირობებშია მოხუფული. უმ პროდუქტში კი ტოქსინი არ გამოიყოფა. ინტოქსიკაციის პროცესის შესამცირებლად პროდუქტებს დაბალ ტემპერატურაზე, მარილის ან მჟავიანობის შესაბამისი შემცველობით ინახავენ.

ბოტულოტოქსინი ბევრს საკვებ პროდუქტშია აღმოჩენილი. მათ შორის არის ისეთი დაკონსერვებული ბოსტნეული, როგორიცაა ლობიო, ისპანახი და სოკო. ამავე კატეგორიაშია თევზი (დაკონსერვებული თინუსი, ფერმენტირებული ან შებოლილი თევზი), ხორც-პროდუქტები (ლორი და სოსისი). საკვები პროდუქტები დამზადების ადგილის მიხედვით განსხვავდებიან. ისინი კონსერვაციის თავისებურებებსაც ასახავენ. C. Botulinum-ის სპორები მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადია.

ჩვილ ბავშვთა ბოტულიზმიც არსებობს? 

დიახ. ბოტულიზმის ეს სახეობა ძირითადად 6 თვემდე ბავშვებში ვითარდება. საკვებისმიერი ბოტულიზმისგან განსხვავებით, რომელსაც უკვე გამომუშავებული ტოქსინები იწვევს, საბავშვო ბოტულიზმი იმ შემთხვევაში ვითარდება, როდესაც ჩვილი C. Botulinum-ის სპორებს ყლაპავს. სწორედ მათგან ვითარდება ბაქტერია, რომელიც ნაწლავებს აზიანებს და ტოქსინებს გამოყოფს. ზრდასრულებსა და 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებს ბოტულიზმის ეს სახეობა არ აღენიშნებათ, რადგან ნაწლავის ბუნებრივი დაცვის მექანიზმი მოგვიანებით ვითარდება. ის სპორებისა და ბაქტერიების განვითარებას აფერხებს. 

6 თვემდე ბავშვებში ბოტულიზმის კლინიკური სიმპტომებია უმადობა, სისუსტე, ტირილის მანერის შეცვლა და წონასწორობის დაცვის უნარის შეზღუდვა. საბავშვო ბოტულიზმით ინფიცირების რამდენიმე ალბათობა არსებობს. თუმცა ამ შემთხვევების უმრავლესობა მაინც ასოცირდება თაფლთან, რომელიც სპორებს შეიცავს. სწორედ ამიტომ, 1 წლამდე ბავშვისთვის თაფლის მიღება რეკომენდებული არ არის.

ჭრილობის ბოტულიზმი რას ნიშნავს? 

ჭრილობის ბოტულიზმი იშვიათად ვითარდება. ეს მაშინ ხდება, როდესაც სპორები ღია ჭრილობაში ხვდება და ანაერობულ სიტუაციაში მრავლდება. ამ შემთხვევაში სიმპტომები საკვებისმიერი ბოტულიზმის ნიშნებს ემთხვევა, მაგრამ ამ თავისებურებებმა თავი, შესაძლოა, მხოლოდ 2 კვირის შემდეგ იჩინოს. დაავადების ეს ფორმა ტოქსიკომანიასთან არის დაკავშირებული, კერძოდ კი, ჰეროინის ინექციასთან.

ინჰალაციური ბოტულიზმი რაღაა?

იშვიათად ვითარდება ბოტულიზმი, რომელიც ტოქსიკური ნივთიერების ჩასუნთქვის შედეგია. ასეთი რამ ბუნებრივ პირობებში არ ხდება. ის დაკავშირებულია შემთხვევით ან წინასწარ განზრახულ შემთხვევებთან (მაგალითად, ბიოტერორიზმი), რომლებიც აეროზოლიდან ტოქსინის გამოყოფას გულისხმობს. ამ შემთხვევაში კლინიკური სურათი საკვებისემიერი ბოტულიზმის ფონს ჰგავს. ადამიანისთვის საშუალო ლეტალური დოზაა 2 ნანოგრამი ბოტულოტოქსინი მისი წონის ყოველ 1 კილოგრამზე. ეს კი საკვებისმიერი ბოტულიზმის ანალოგიურ მაჩვენებლზე 3-ჯერ მეტია. 

სიმპტომები ტოქსინების ჩასუნთქვიდან 1-3 დღის შემდეგ ვლინდება. თუმცა დაბალი ინტოქსიკაციის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს პერიოდი გახანგრძლივდეს. სიმპტომები ისე ვითარდება, როგორც საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევაში, საბოლოო ეტაპზე კი კუნთების დამბლა და სუნთქვის უკმარისობა ფიქსირდება. თუ აეროზოლით ინტოქსიკაციის ეჭვი არსებობს, პაციენტმა სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან თავი უნდა შეიკავოს. მას უნდა გახადოთ ტანსაცმელი და შეინახოთ პოლიეთილენის პარკში იქამდე, სანამ კარგად არ გარეცხავთ. პაციენტმა უნდა მიიღოს შხაპი და სასწრაფო წესით დეზინფექცია ჩაიტაროს.

ბოტულიზმის სხვა ტიპებიც არსებობს? 

თეორიულად ბოტულიზმი შეიძლება გადავიდეს წყლით, რომლშიც ტოქსინებია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წყლის დამუშავების დროს (გადადუღება ან ჰიპოქლორიტის 0,1%-იანი ხსნარით დეზინფექცია) ტოქსინი ნადგურდება, ასეთი რისკი ძალიან დაბალია.

გაურკვეველი წარმომავლობის ბოტულიზმი ზრდასრულ ადამიანებში იმ შემთხვევაში ფიქსირდება, როდესაც საკვებისმიერი ან ჭრილობის ბოტულიზმის წყარო დადგენილი არ არის. ზრდასრულებში ასევე შეიმჩნევა ბოტულიზმი, რომელიც ნაწლავის ფლორის შეცვლას იწვევს, რაც ქირურგიული ჩარევით ან ანტიბიოტიკით მკურნალობით არის განპირობებული. დარეგისტრირებულია არასასურველი რეაქცია სუფთა ტოქსინზეც, რომელსაც სამედიცინო ან კოსმეტოლოგიური დანიშნულებით იყენებენ.

ბოტოქსით ინტოქსიკაცია შესაძლებელია? 

ბაქტერია C. Botulinum-ს ბოტოქსის წარმოებისთვის იყენებენ. ეს არის ფარმაცევტული პრეპარატი, რომელიც უპირატესად ინექციის სახით, კლინიკური ან კოსმეტიკური დანიშნულებით გამოიყენება. ბოტოქსისთვის იყენებენ A ტიპის ბოტულინურ ნეიროტოქსინს, რომელიც გასუფთავებული და გაზავებულია. ეს პროცედურა სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის მოთხოვნის შესაბამისად ტარდება და როგორც წესი, არც გართულება ახლავს. თუმცა იშვიათ შემთხვევაში უკუჩვენებაც ფიქსირდება.

როგორ მკურნალობენ ბოტულიზმს?

ექიმი დიაგნოზს პაციენტის ავადმყოფობის ისტორიისა და შესაბამისი ლაბორატორული კვლევების კლინიკური განხილვის საფუძველზე სვამს. ამის შემდეგ აუცილებელია, რაც შეიძლება მალე, ორგანიზმში ანტიტოქსინის შეყვანა. ეს საკმაოდ ეფექტიანია სიკვდიალიანობის მაჩვენებლის შესამცირებლად. ბოტულიზმის მძიმე ფორმის შემთხვევაში რეკომენდებულია ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირას ან თვესაც გაგრძელდეს. ანტიბიოტიკი საჭირო არ არის, თუ ჭრილობის ბოტულიზმი არ ფიქსირდება. არსებობს ბოტულიზმის საწინააღმდეგო ვაქცინაც, მაგრამ მას იშვიათად იყენებენ. მისი ეფექტიანობა სრულად არ არის შეფასებული და არასასურველი ეფექტებიც ახლავს.

ბოტულიზმის პროფილაქტიკა შესაძლებელია? 

საკვებისმიერი ბოტულიზმის პროფილაქტიკა საკვები პროდუქტების სწორ თერმულ დამუშავებაზე, სტერილიზაციასა და ჰიგიენის ნორმების დაცვაზეა დამოკიდებული. ბაქტერიის ვეგეტატიური ფორმების განადგურება შესაძლებელია დუღილის დროს, მაგრამ სპორები რანდენიმესაათიანი დუღილის შემდეგაც კი სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს. თუმცა ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ცხელი წყლით დამუშავებისას, სპორები ნადგურდება. მიუხედავად ამისა, არის ალბათობა, რომ პასტერიზაციის დროსაც კი ბაქტერიული ზრდა შენარჩუნდება, რასაც ტოქსინის გამოყოფა მოჰყვება. დაბალი ტემპერატურა და მარილი/მჟავე წყალი ამ პროცესს აფერხებს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბროშურა „უსაფრთხო კვების 5 უმნიშვნელოვანესი პრინციპი“ სასარგებლო რჩევებს შეიცავს როგორც საკვები პროდუქტების მწარმოებლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. რჩევები ასეთია:

- დაიცავით სისუფთავე;
- უმი და მზა პროდუქტები გააცალკევეთ; 
- პროდუქტი თერმულად გულდასმით დაამუშავეთ; 
- შეინახეთ პროდუქტი უსაფრთხო ტემპერატურაზე; 
- გამოიყენეთ სუფთა წყალი და სუფთა ნედლეული პროდუქტი.

სხვა თემები