29 ოქტომბერი 2019 - 19:25

რა აუცილებელი გამოკვლევები სჭირდებათ ასაკოვან ადამიანებს და რა - არა?

მოხუცები

ფოტო: Shutterstock.com

ასაკთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება. სწორედ ამიტომ ჩვეულებრივმა გრიპმა, რომელიც ადამიანს ადრე ვერანაირ სერიოზულ ზიანს ვერ აყენებდა და სამსახურშიც კი ჩვეულებრივ დადიოდა, 60 წელს ზემოთ ის შეიძლება რეანიმაციულ განყოფილებამდეც მიიყვანოს. ამიტომ ასაკოვანმა პირებმა დამატებითი აცრები უნდა გაიკეთონ იმ სავალდებლო ვაქცინებთან ერთად, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი იტარებს.

აცრები არ გამოგრჩეთ!

გრიპის აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წელს გადაცილებულთათვის. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება დიფტერიის, ჩუტყვავილასა და ყივანახველას აცრები, ასევე ტეტანუსი- ყოველ ათ წელიწადში ერთხელ. 

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბევრ ევროპულ ქვეყანაში სამოცდახუთ წელს ზემოთ რეკომენდებულია პნევმოკოკური აცრა, რომელიც ადამიანს 23 სეროტიპისგან იცავს. ქრონიკული დაავადებების ან სხვა რამდენიმე შემთხვევაში, შესაძლებელია, სხვა ტიპის ვაქცინა გახდეს საჭირო.

ყურადღება მიაქციეთ სააფთიაქო ყუთს!

გერიატრები ამტიცებენ, რომ მათ ყველა პაციენტს აქვს რამდენიმე კოლოფი წამალი, რომელთა ვადაც უკვე გასულია. ამიტომ აუცილებელია სააფთიაქო ყუთი, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ მაინც გადაამოწმოთ. უნდა გახსოვდეთ ორი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც წამლებს უკავშირდება. 

ადამიანი რაც უფრო მეტ წამალს იღებს, მით მეტია ალბათობა, რომ მას არასასურველი რეაქცია ექნება. თუ მედიკამენტების რაოდენობა ათზე მეტია, უკუჩვენების რისკი თითქმის 100%-ია . ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაელაპარაკოთ ექიმს და ის მხოლოდ აუცილებელ პრეპარატებს დაგიტოვებთ. ამასთან, შესაძლოა, სხვადასხვა სპეციალისტმა ერთი და იგივე წამალი გამოწეროს და პაციენტი განსხვავებული კომერციული დასახელებების გამო ამას ვერც მიხვდეს.

მოწევისთვის თავის დანებებაში დაეხმარეთ! 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი მთელი ცხოვრება ეწეოდა, სასურველია, სამოცდახუთი წლის შემდეგ მაინც მოწევას თავი დაანებოს. ამ შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობა იმატებს, სუნთქვა უმჯობესდება, ფილტვების დაავადების რისკი კი მცირდება ან სრულად აღმოიფხვრება.

მოწევის შეწყვეტა დღეს გაცილებით იოლია, რადგან ამისთვის არსებობს სპეციალური პრეპარატები, რომლებიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქვეითებენ. ამ მავნე ჩვევისთვის თავის დასანებებლად ბევრი საკმაოდ ეფექტიანი რჩევა არსებობს. მაგალითად, კონკრეტული თარიღიდან გააქრეთ ყველა ის ნივთი, რომელიც მოწევას უკავშირდება.

დაავადების სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც გამოკვლევები საჭიროა!

ასაკთან ერთად იცვლება გამოკვლევების სია, რომელთა ჩატარებაც სასურველია. სიმპტომების არარსებობის მიუხედავად, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ქალისთვის მამოლოგის კონსულტაცია აუცილებელია. დასავლეთის ქვეყნებში ამ გამოკვლევის ჩატარებას 73-75 წლამდე ურჩევენ. ამისთვის კი სპეციალური გამომთვლელი არსებობს.  

ამავე კატეგორიაშია საშვილოსნოს ყელის კიბო. საზღვარგარეთ მცხოვრები 60 წლამდე ასაკის ქალები ციტოლოგიურ კვლევას სამ წელიწადში ერთხელ იტარებენ. ამისთვის კი ნაცხის ანალიზს იკეთებენ. 65 წელს ზემოთ არსებობს ალტერნატიული მეთოდი, რომელიც პაპილომა ვირუსის გამოკვლევას გულისხმობს. 

აუცილებელი და მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტის გამოკვლევა. თუმცა ამ შემთხვევაში ასაკობრივი ზღვრის დადგენა საკმაოდ რთულია. ამერიკელი მეცნიერების რეკომენდაციით, ამ ტიპის გამოკვლევის ჩატარება 70 წლამდეა სასურველი, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტის წონა ნორმაზე მეტია.

კოლორექტალური სიმსივნის შემოწმების რამდენიმე გზა არსებობს: ა) განავლის ანალიზის ჩატარება წელიწადში ერთხელ, რათა ფარული სისხლდენა გამოირიცხოს; ბ) კოლონოსკოპიის ჩატარება ყოველ ათ წელიწადში ერთხელ; ც) სიგმოიდოსკოპიის ჩატარება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ; დ) ვირტუალური კოლონოსკოპიის ჩატარება (კომპიუტერული ტომოგრაფია) ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. 

დადგენილია, რომ 85 წელს ზემოთ ან როცა დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობა ათ წელზე ნაკლებია, მსგავსი გამოკვლევების ჩატარება არანაირ სარგებელს არ იძლევა. 75 წლამდე კი საჭიროა ამ გამოკვლევების გაგრძელების აუცილებლობის ექიმთან განხილვა

ტუბერკულოზის გამოსავლენად სისხლისა და კანის ნიმუშის ანალიზი (ე.წ მანტო) არის რეკომენდებული. თუ ადამიანი 15 წლის განმავლობაში აქტიური მწეველია, კომპიუტერული ტომოგრაფია ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროს, რათა ფილტვის კიბოს ალბათობა გამორიცხოს. დასავლეთის ქვეყნებში სიმპტომების გარეშე ელექტროკარდიოგრამის გადაღებას ეწინააღმდეგებიან. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ ნეგატიური შედეგის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე - პოზიტიურის. თუმცა 65 წელს ზემოთ მსგავსი გამოკვლევის ჩატარებას სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ.

პროსტატის კიბოს ან დემენციის პროფილაქტიკური კვლევები აუცილებელია ექიმთან შეათანხმოთ!

წლების წინ არსებობდა მოსაზრება, რომ პროსტატიტის პრევენციისთვის კვლევა ყველა კაცს უნდა ჩაეტარებინა. თუმცა დღეს ნათელია, რომ ამ პროცედურას შეიძლება უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოყვეს, ვიდრე - დადებითი. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში, აღმოჩენილი კიბო ვითარდება ნელა და სიკვდილიანობას არ იწვევს. მაშინ როცა მკურნალობამ შეიძლება ორგანიზმი საგრძნობლად დააზიანოს. ამერიკელ მეცნიერთა რეკომენდაციაა: 55-დან 69 წლამდე კაცებმა დაავადების სიმპტომების გარეშეც კონსულტაცია პირად ექიმთან გაიარონ და ასეთი კვლევის საჭიროება მასთან შეთანხმებით გადაწყვიტონ. 

რაც შეეხება დემენციას (ჭკუასუსტობა), მოკლე კითხვარს მისი საწყის ეტაპზე გამოვლენა შეუძლია. თუმცა ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების უმრავლესობა არ უწევს რეკომენდაციას ასეთი კვლევის ყველასთვის ჩატარებას და ამისთვის ბევრი მიზეზები არსებობს. მაგალითად ტესტმა შეიძლება გამოავლინოს დარღვევები, მაშინაც კი როცა საქმე არ გვაქვს ჭკუასუსტობასთან.

მიაქციეთ ყურადღება ოთახის ტემპერატურას!

ოთახში არც ძალიან უნდა ციოდეს და არც ცხელოდეს. ასაკთან ერთად 30°C -ს ზევით ტემპერატურასთან გამკლავება რთულია. მაგალითად, წყურვილის კონტროლის მექანიზმი მოშლილია და გაუწყლოვნება ადვილად შესაძლებელია. დადასტურებულია, რომ ასაკოვანი ადამიანისთვის ოთახის ტემპერატურა ზამთარში 20-21°C-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. მსგავსი რეკომენდაცია არ არსებობს ზაფხულისთვის, თუმცა ზოგადად, სასურველია, ყველა ასაკის ადამიანისთვის ტემპერატურა 27°C-ს არ აღემატებოდეს.

არსებობს ბევრი ტექნოლოგია, რომელიც საჭირო ტეპერატურის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. სასურველია, დაიმახსოვროთ, რომ ასაკოვან ადამიანებს მეტი ყურადღება და მოვლა სჭირდებათ.

დაეხმარეთ დეპრესიის არიდებაში!

ასაკოვანი ადამიანები ხშირად გრძნობენ თავს არასაჭიროდ და იზოლირებულად. მათთვის რთულია სამსახურის შოვნა, მათი სანაცნობო წრე მცირდება, დასვენებისთვის არც თუ ისე ფართო არჩევანი აქვთ.

საუკეთესო შემთხვევაში უნდა იზრუნოთ, რომ მათ დეპრესია აარიდოთ, მაგრამ ასეთის შემთხევაში, დახმარებაა საჭირო. უნივერსალური რეკომენდაცია არ არსებობს, თუმცა ერთ-ერთი საშუალებაა მათი დასაქმება, მათთან ერთად თეატრში წასვლა, მათთვის საინტერესო სასწავლო კურსის მოძებნა ან რეგულარული კომუნიკაცია შვილიშვილებთან - თუნდაც ტელეფონით ან სოციალური მედიის საშუალებით. ძალიან კარგია, თუ ასაკოვანი ადამიანი ფიზიკურად ვარჯიშობს. მაგალითად, ძალიან ეფექტიანია სკანდინავიური სიარული.

იდეალურია, თუ ეს სპორტული აქტივობა ხდება ჯგუფში, სადაც ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება იქნება. ფიზიკურად აქტიური ადამიანები შედარებით ნელა სუსტდებიან და დამოუკიდებლობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ. ვარჯიში 85 წლის ადამიანმაც რომ დაიწყოს, შედეგი აუცილებლად იქნება. რა თქმა უნდა, რა ტიპის დატვირთვაა რეკომენდებული და რა - არა, ეს ექიმის გადასაწყვეტია.

სხვა თემები