25 ოქტომბერი 2019 - 20:46

როგორია სასკოლო არდადეგების სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში?

ფოტო: Shutterstock.com

ყოველი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა უნიკალურია, რადგან მას საფუძვლად უდევს ამა თუ იმ სახელმწიფოს კულტურული ტრადიცია  და ადგილობრივი მოსახლეობის მენტალიტეტის თავისებურება. მიუხედავად ამისა სწავლებისა და დასვენების პერიოდები ამერიკასა და ევროპაში რადიკალურად განსხვავებული არ არის. გამონაკლისს წარმოადგენენ აზიური სახელმწიფოები, სადაც მოსახლეობის დიდი რაოდენობის გამო, კონკურენცია ძალიან მაღალია. იქ სწავლა, ფაქტობრივად, არასდროს სრულდება.

ამერიკელი მოსწავლეები რამდენ ხანს ისვენებენ?

აშშ-ში არდადეგების პერიოდი და ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ შტატზე, სადაც სკოლა მდებარეობს. ამ შემთხვევაში მოსწავლის ასაკი და სასწავლო დაწესებულების ტიპიც გათვალისწინებულია.

ყველაზე ხშირად ამერიკელი მოსწავლეები ისვენებენ ამა თუ იმ დღესასწაულის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ. ნოემბერში 5-დღიანი დასვენება მადლიერების დღეს ეძღვნება, დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში ორკვირიანი საშობაო არდადეგები იწყება, მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში კი მოსწავლეები სააღდგომოდ ისვენებენ. ყველაზე ხანგრძლივია ზაფხულის არდადეგები, რომელიც 10 კვირას მოიცავს. ის მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში იწყება. 

აშშ-ის ზოგიერთ შტატში დასვენების დღეებია კოლუმბის დღესთან, ხსოვნის დღესთან, პრეზიდენტების დღესთან, მარტინ ლუთერ კინგის დღესთან, მასწავლებლის დღესა და სხვა ფედერალურ დღესასწაულებთან დაკავშირებით. სასწავლო პროცესი ჩრდილოეთის შტატებში მდებარე სკოლებში ძლიერი თოვლის დროსაც წყდება.

რა ხდება ეპანეთის სკოლებში?

ესპანეთში სასწავლო წელი დაახლოებით 12 სექტემბერს იწყება და 22 ივნისამდე გრძელდება. სამი ტრიმესტრი იყოფა საშობაო, სააღდგომო და ზაფხულის არდადეგებად, რაც საბოლოო ჯამში 11 კვირას გრძელდება. ტრიმესტრის კორექტირება რეგიონული დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების შესაბამისად ხდება. ესპანეთში ასევე არსებობს 4-5- დღიანი მოკლე არდადეგები ნოემბერსა და თებერვალში, უფროსკლასელებს კი ზაფხულში რამდენიმე კვირას უმატებენ, რათა კლასელებთან ერთობლივი ლაშქრობების მოწყობა შეძლონ. 

ესპანური სკოლების დასვენების დღეების განრიგი მოქნილია, მაგრამ ისინი წინასწარ ხდება ცნობილი. ეს ინფორმაცია სასწავლო დაწესებულების ვებგვერდზე თავსდება, რათა მშობლებმა თავიანთ შვილებთან ერთად დასვენება წინასწარ დაგეგმონ. 

დასვენების დროს ბავშვები არა მხოლოდ ტრადიციულ სასკოლო და გასვლით ბანაკებს აწყობენ, არამედ პროფილირებული გასვლებიც აქვთ. მაგალითად, ესპანეთში განსაკუთრებით პოპულარულია საცეკვაო, კულინარიული და სამხატვრო ბანაკები. რაც შეეხება სპორტს, მოსწავლეები უპირატესობას ჩოგბურთს ანიჭებენ.

როგორია სასწავლო პროცესი ინგლისსა და შოტლანდიაში?

ბრიტანულ სკოლებში სასწავლო წელი 3 ტრიმესტრად არის დაყოფილი. შუალედებში კი საშობაო და სააღდგომო არდადეგებია. ამადროულად, მოქმედებს შუატრიმესტრული ერთკვირიანი დასვენებები ოქტომბერში, თებერვალსა და მაისში. სასწავლო წელი ქვეყანაში ივნისის ბოლომდე ან ივლისის დასაწყისამდე გრძელდება, სექტემბერში კი იწყება. შოტლანდიაში სწავლა უფრო ადრე, 20 აგვისტოდან იწყება.

როგორია ავსტრალიური საგანმანათლებლო სისტემა?

სასწავლო წელი ავსტრალიაში იანვრის ბოლოს იწყება და დეკემბრის დასაწყისამდე გრძელდება. სხვა ქვეყნების სკოლებისგან განსხვავებით აქ სწავლის პერიოდი დაყოფილია მეოთხედებად და არა ტრიმესტრებად. თითოეული ეტაპის ბოლოს ორკვირიანი დასვენებაა. ავსტრალიის განათლების სისტემა სხვა ქვეყნებისგან განსხვავდება. მოსწავლეებს საშინაო დავალებებს არასდროს აძლევენ, სწავლა კი 12 წელიწადს გრძელდება.

აზიელი ბავშვები მართლა არასდროს ისვენებენ?

ჩინეთში თავის დამკვიდრების ერთ-ერთი მეთოდია კარგი განათლება, რომლის წყალობითაც შესაძლებელია საინტერესო სამსახურისა და საკუთარი მოწოდების პოვნა. სწორედ ამიტომ აქ სწავლა მაშინ იწყება, როგორც კი ბავშვი ენას აიდგამს და ეს პროცესი ფაქტობრივად არასდროს სრულდება.

ჩინეთში სასკოლო არდადეგები წელიწადში ორჯერ - ზამთარსა და ზაფხულში ინიშნება. ზაფხულის არდადეგები თვეზე ცოტა მეტხანს გრძელდება, ზამთრის კი იანვრის შუა რიცხვებში იწყება და თებერვლის შუა რიცხებში სრულდება. თუმცა ამ პერიოდისთვის არდადეგების დარქმევა რთულია, რადგან მოსწავლეებს ძალიან დიდი რაოდენობით საშინაო დავალებას აძლევენ. ზოგიერთი მშობელი კი, ბავშვის აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად, შვილს სპეციალიზებულ კურსებზე გზავნის. მსგავსი ტიპის აქტივობები არადედეგების დროს ძალიან პოპულარულია.

იაპონიის ჩვეულებრივ სკოლებში ზაფხულის არდადეგები ერთ თვეს გრძელდება, ელიტურ სასწავლო დაწესებულებებში კი - მხოლოდ ორ კვირას. მათი არდადეგების რაოდენობა რომ დავაჯამოთ, წლის განმავლობაში მხოლოდ 2 თვე გამოდის.

არსებობს ქვეყნები, სადაც წელიწადში მხოლოდ 1 თვეა სასკოლო არდადეგები, ისიც იმიტომ, რომ წვიმების სეზონზე სწავლა უბრალოდ შეუძლებელია. ინდონეზიური და ინდური სკოლები ამის ნათელი მაგალითია.

სამხრეთ კორეაში კი არდადეგების პერიოდი უფრო ცოტაა - წელიწადში მხოლოდ 3 კვირას მოიცავს. თუმცა ადგილობრივ მცხოვრებლებს ეს ფაქტი დიდად არ აღელვებთ.

როგორია 2019-2020 წლის კალენდარი საქართველოს სკოლებისთვის?

საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყების თარიღი 15 სექტემბერია, დასრულების კი - 15 ივნისი. თუმცა პირველ- და მეთორმეტე კლასელები სწავლას უფრო ადრე, მაისის თვეში ასრულებენ. ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს იწყება და 14 იანვარს სრულდება, გაზაფხულის არდადეგები კი 8-დან 14 მარტამდე გაგრძელდება. სააღდგომოდ საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები17-დან 20 აპრილამდე დაისვენებენ.

გარდა ამისა, ოფიციალური დასვენების დღეებია 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა, 23 ნოემბერი - გიორგობა, 19 იანვარი - ნათლისღება, 3 მარტი - დედის დღე, 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე, 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე, 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

კერძო სკოლების განრიგში, შესაძლოა, კორექტირება იქნეს შეტანილი როგორც სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების, ასევე არდადეგების მიმართულებით.

სხვა თემები