28 ოქტომბერი 2019 - 21:00

როგორ შევქმნა ინსტაგრამისთვის საკუთარი ნიღაბი? ინსტრუქცია

ინსტაგრამის ნიღაბი

ფოტო: Instagram

აგვისტოდან ინსტაგრამის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ეგრეთ წოდებული „სთორისთვის“ თავისი ნიღაბი შექმნას და ოფიციალურ კატალოგშიც განათავსოს, რათა მისი მორგება ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს. სანამ ამას გააკეთებთ, სპეციალურ პროგრამა Spark AR Studio-ში უნდა გაერკვეთ, რაც რთული არ არის.

რა უნდა იცოდეთ, სანამ ინსტრუქციის გამოყენებას დაიწყებთ

პირველ რიგში, უნდა გახსოვდეთ, რომ Spark AR-ი და ნიღბების პლატფორმა ინსტაგრამზე ჯერ კიდევ აქტიურად ვითარდება. პროგრამა ორ კვირაში ერთხელ ახლდება, ამიტომაც, შესაძლოა, ინტერფეისი და ფუნქციებიც კი შეიცვალოს. თუ თქვენ საჭირო ღილაკს ჩვენ მიერ ნახსენებ ადგილზე ვერ აღმოაჩენთ, არ დაიბნეთ, მიიხედ-მოიხედეთ, იქნებ ის სხვაგან გადაიტანეს. 

მეორე მხრივ, ჩვენ ვერ მოგიყვებით ერთ ინსტრუქციაში Spark AR-ის ყველა ფუნქციას, რადგან ის საკმაოდ ბევრია. სამაგიეროდ გეტყვით, როგორ შექმნათ თქვენი პირველი ნიღაბი.

ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი პროექტი პერიოდულად უნდა შეინახოთ. Spark AR-ი ხანდახან არასტაბილურად მუშაობს და თუ პროგრამა შემთხვევით დაიხურება, თქვენი ნამუშევარიც გაქრება.

პირველ რიგში, ჩამოტვირთეთ Spark AR-ი!

შედით ამ გვერდზე და პროგრამა ჩამოტვირთეთ. ის ხელმისაწვდომია როგორც Windows-ისთვის, ასევე macOS-თვის. გარდა ამისა, შეგიძლიათ მობილურ ტელეფონში Spark AR Player-ის აპლიკაცია ჩამოტვირთოთ. ეს შესაძლებელია როგორც Android-ისთვის, ასევე iOS-თვის.

პირველივე ჯერზე პროგრამა  თქვენს ფეისბუკ გვერდზე შესვლას მოგთხოვთ. Spark AR Studio სწორედ ფეისბუკს ეკუთვნის, ასე რომ, თქვენი ეს ნაბიჯი უსაფრთხო უნდა იყოს.

შექმენით ახალი პროექტი და მისი ინტერფეისი შეისწავლეთ!

ღილაკით Create Project ახალი პროექტი შექმენით. გახსოვდეთ, რომ Spark AR-ის ინტერფეისი სამი ნაწილისგან შედგება. მარცხენა მხარეს არის ბლოკები სახელწოდებით Scene, Layers და Assets-ი. აქ ობიექტები გროვდება და ნიღბების „სცენები“ განიხილება. ცენტრში განთავსებულია საერთო ხედი იმავე „სცენაზე“, ასევე ის, რასაც მომხმარებელი წინა კამერით დაინახავს. ინტერფეისის მარჯვენა ნაწილში მოცემულია სხვადასხვა ობიექტი, რომელთაც თქვენ ეტაპობრივად შეისწავლით.

პროექტს დაამატეთ სახის იდენტიფიკატორი!

ნიღბისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა კადრში სახის მოძებნა და მისი ზუსტი კორდინატის დადგენა. საბედნიეროდ, ამას Spark AR-ი თვითონ უმკლავდება. აი, რა უნდა გააკეთოთ:

1. მარცხენა პანელში (Scene-ის ბლოკში) დააჭირეთ ღილაკს Add Object-ი;
2. ჩამონათვალში იპოვეთ პუნქტი Face Tracker-ი;
3. აირჩიეთ ის და დააჭირეთ Insert-ს.

პროექტში არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ სახის ცენტრალურ ნაწილში კოორდინატები გაჩნდება. ეს სავსებით ნორმალურია. ახლა Scene-ის ბლოკში დააჭირეთ ღილაკს FaceTracker, აირჩიეთ Add-ი, შემდეგ - Face Mesh-ი. ახლა თქვენ ხედავთ, პროგრამამ როგორ გამოყო კადრში სახე და შავ-თეთრი ტექსტურით შეღება.

ნიღაბი უკვე მზად არის?  

ტექნიკურად თქვენ უკვე გაქვთ უმარტივესი ნიღაბი, რომელსაც შეუძლია ადამიანის სახის პოვნა და მისი ჭადრაკის ტექსტურით დაფარვა. მისი შემოწმებაც შეგიძლიათ, თანაც ორნაირად. 

ერთი მხრივ, ამის გაკეთება შესაძლებელია Spark AR Player-ის მეშვეობით. ტელეფონი მიუერთეთ კომპიუტერს, გახსენით ჯერ მობილური აპლიკაცია, შემდეგ კი - კომპიუტერში ჩატვირთული Spark AR-ი და ეკრანის მარცხენა ნაწილში არსებულ Test on Device-ს დააჭირეთ.

მეორე მხროვ, ამის გაკეთება ფეისბუქით ან ინსტაგრამითაც შეგიძლიათ. დააჭირეთ იმავე ღილაკ Test on Device-ს Spark AR-ში, შემდეგ კი - Send-ს. როდესაც ჩატვირთვის პროცესი სერვერზე დასრულდება, ამის შესახებ ფეისბუკზე ან ინსტაგრამზე შეტყობინება მოგივათ, დააჭირეთ მას და გაიხსნება კამერა თქვენი ნიღბით.

ეს უკვე წარმატებაა, მაგრამ მიღწეულით არ დაკმაყოფილდეთ. თქვენ წინ უამრავი შესაძლებლობა გაქვთ, რათა საკუთარი უნიკალური ნიღაბი შექმნათ.

ნიღბისთვის საჭირო მასალები შექმენით! 

დაბრუნდით Spark AR-ში, დააჭირეთ პუნტქ faceMesh-ს იმავე - Scene-ის ბლოკში. პროგრამის პანელის მარჯვენა ნაწილში გამოჩნდება ობიექტის თავისებურებები, კოორდინატები და ზომები. ამ მასალებს შორის არის პუნქტი Materials-ი. დააჭირეთ მისგან მარჯვნივ მდებარე პლუსნიშნიან ღილაკს, ამით თქვენს პირველ მასალას შექმნით. 

უნდა იცოდეთ, რომ მასალები არის ობიექტები, რომლებსაც სხვადასხვა თავისებურება აქვთ. სწორედ ისინი განსაზღვრავენ, როგორი იქნება ობიექტი. ყოველ ობიექტს მხოლოდ ერთი მასალა შეიძლება შეესაბამებოდეს, მაგრამ ერთი მასალის გამოყენება რამდენიმე ობიექტისთვის არის შესაძლებელი. 

ახლა უკვე თქვენ სტანდარტული მასალა გაქვთ, ოღონდ ტექსტურის გარეშე. სწორედ ამიტომ ნიღაბი ჭადრაკულის ნაცვლად, ნაცრისფერი გახდა. ეს სავსებით ნორმალურია!

თუ მარცხენა პანელში მდებარე material-ს დააჭერთ, დიდი რაოდენობით პარამეტრი გახდება თქვენთვის ხელმისაწვდომი. მაგალითად, ბლოკში Shader Properties - Diffuse დააჭერთ მართკუთხედს, რომელიც Color-თან მდებარეობს და რომელიმე ფერს აირჩევთ, ნიღაბიც სწორედ ამ ფერში შეიღებება. 

პანელის უკიდურეს ზედა ნაწილში მდებარეობს გადამრთველი Shader Type. ის განსაზღვრავს, როგორი იქნება ნიღაბი: პარამეტრი Standard-ი უზრუნველყოფს სამგანზომილებიანი ობიექტის რეალისტურ სიმულაციას. გარდა ამისა, არსებობს სხვა ღილაკები, რომლებიც ნიღაბს თქვენს სურვილს მოარგებს. მაგალითად, Retouching-ი სახის რატუშირებისთვის გამოიყენება, Blended-ი ტექსტურისა და ფერების შეზავებისთვის, Face Paint-ი კი - სახის კანის მოხატულობისთვის.

თქვენ შეგიძლიათ ნიღაბს ემოციებიც შესძინოთ. მაგალითად, ის იყოს ცრემლმორეული ან პირიქით, გაღიმებული.

მას შემდეგ, რაც ნიღაბი თქვენთვის სასურველ შტრიხებს მიიღებს, შეგიძლიათ ის Spark AR-დან ტელეფონზე გაიგზავნოთ.

როგორ გავგზავნო ნიღაბი კატალოგში განსათავსებლად! 

თქვენი ნიღაბი რომ ინსტაგრამზე გამოჩნდეს (კატალოგსა და თქვენს პროფილზე), თანხმობისთვის ის ჯერ მოდერატორებს უნდა გაუგზავნოთ. ამისათვის Spark AR-ის მთავარ მენიუში დააჭირეთ File - Export-ს, რის შემდეგაც გამოვა ფანჯარა და ისევ - Export-ი. 
პროექტი კომპიუტერში შეინახეთ და გვერდი facebook.com/sparkarhub-ი გახსენით. დააჭირეთ ცისფერ ღილაკს Upload Effect-ი და ყველა ეტაპი გაიარეთ. ამ პროცესში თქვენ დაგჭირდებათ:

- პროექტის ექსპორტირებული ფაილი;
- ნიღბის სახელი;
- გამოსახულება (როგორ უნდა შექმნათ, აქ წაიკითხეთ);
- ეფექტის დემონსტრირებისთვის მცირე ვიდეო; 
- მოდერატორისთვის შედგენილი ინგლისურენოვანი აღწერა. 

ახლა უკვე ისღა დაგრჩენიათ, ელოდოთ თქვენს ნიღაბზე თანხმობის ან უარის მიღებას შესაბამისი ახსნა-განმარტებით. ეს პროცესი შეიძლება ერთ კვირას ან თვესაც გაგრძელდეს. გააჩნია, როგორ გაგიმართლებთ.

და მორჩა? 

პირველ რიგში, ნახეთ სავარჯიშო პროექტები, რომლებიც park AR-ის გახსნისთანავე ჩნდება. მეორე მხრივ, შეისწავლეთ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია. საბოლოოდ კი, შეიხედეთ ფეისბუკ- ჯგუფში Spark AR Community. იქ თქვენ საინტერესო რჩევებს და პროექტებს ნახავთ.

სხვა თემები