22 ნოემბერი 2019 - 23:00

ექიმმა ფსორიაზის დიაგნოზი დამისვა. რა ვქნა? 

ფსორიაზი

ფოტო: Shutterstock.com

საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ფსორიაზი კანის დაავადებაა, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. ფსორიაზი არის ანთებითი აუტოიმუნური დაავადება, რომელიც კანს მისი უჯრედების სიცოცხლის ციკლის დაჩქარებით აზიანებს. ამ დროს „ავადმყოფობს“ არა თავად კანი, არამედ ადამიანის იმუნური სისტემა.

როგორ და რატომ უჩნდება ადამიანს ფსორიაზი?

T-ლიმფოციტები არის უჯრედების ერთ-ერთი ძირითადი ტიპი, რომელიც ორგანიზმს მიკრობებისა და ბაქტერიებისგან იცავს. ისინი კანის ჯანმრთელ უჯრედებს შეცდომით ესხმიან თავს. ამის საპასუხოდ კი ორგანიზმი კანის ახალ უჯრედებს საჭიროზე სწრაფად გამოიმუშავებს. 

როდესაც ადამიანი ჯანმრთელია, კანის უჯრედს 3-4 კვირა სჭირდება, რათა მომწიფდეს, კანის ზედაპირზე განთავსდეს, აიქერცლოს და ადგილი ახალ უჯრედებს დაუთმოს. ფსორიაზის დროს ეს პროცესი ჩქარდება და სრულად მომწიფებული უჯრედები კანის ზედაპირზე, ფაქტობრივად, 4 დღეში განთავსდებიან. თუმცა მათ თავიდან მოშორებას ორგანიზმი ამავე ტემპით ვეღარ ახერხებს. ამიტომაც სანამ ახალი უჯრედები წარმოიქმნება, ძველები ერთმანეთზე გროვდება. კანზე ჩნდება ამობურცული წითელი ლაქები, რომელთაც ქავილი ახასიათებთ. სწორედ ასე ჩნდება ფსორიაზი.

ფსორიაზის გაჩენის მიზეზი ზუსტად არავინ იცის. მიზეზები, რომელთა გამოც ზოგ ადამიანს აქვს ფსორიაზი და ზოგს - არა, მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ცნობილი. მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ფსორიაზის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს გენეტიკური ფაქტორი ასრულებს. გარდა ამისა, მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება მოწევა, ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება, კანის ტრავმები (დამწვრობა, ჭრილობა და სხვ.), ინფექციები და სტრესიც კი.

სტრესს ფსორიაზის გამოწვევა შეუძლია? 

მეცნიერებს ზუსტი პასუხი არც ამაზე აქვთ. მიიჩნევა, რომ სტრესი აიძულებს იმუნურ სისტემას გამოიმუშავოს დიდი რაოდენობით ნივთიერება, რომელსაც კანის ანთების გამოწვევა შეუძლია. სწორედ ეს იწვევს ფსორიაზის განვითარებას ან გამწვავებას. ამიტომაც ექიმები ფსორიაზის მქონე პაციენტებს სტრესის კონტროლს ასწავლიან. საამისოდ კი მედიტაციას ან სუნთქვით ვარჯიშებს უწევენ რეკომენდაციას. თუმცა სამეცნიერო კვლევების შედეგები ამ მიმართულებით წინააღმდეგობრივია, ამიტომაც სტრესისა და ფსორიაზის ურთიერთკავშირი ჯერ კიდევ ბოლომდეა შესასწავლი.

ფსორიაზი გადამდებია?

არა. შუა საუკუნეებში ფსორიაზი და კეთრი ერთმანეთში ხშირად ერეოდათ. ამ პერიოდში გამონაყარის მქონე ადამიანებს კეთროვნებად მიიჩნევდნენ. მას შემდეგ მეცნიერება საკმარისად განვითარდა. უკვე დადასტურებულია, რომ ფსორიაზი ინფექციური დაავადება არ არის. ის გადამდებიც არ არის არც კოცნით, არც სქესობრივი აქტით, არც ერთსა და იმავე აუზში ცურვით და საერთოდ, არც არაფრით.

ფსორიაზისგან განკურნება შესაძლებელია? 

არა, მაგრამ შესაძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესება და სიმპტომების კონტროლი. ფსორიაზი არის ქრონიკული დაავადება. შესაბამისად, მისი მკურნალობა, შესაძლოა, მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდეს. ამ ყველაფრის ძირითადი მიზანია კანის უჯრედებს ასე სწრაფად განვითარების საშუალება არ მიეცეთ.

ექიმები, პირველ რიგში, რეკომენდაციას უწევენ პრეპარატებს, რომელთა შემადგენლობაშიც არის გლუკოკორტიკოსტეროიდები ან D ვიტამინის ანალოგები. ისინი ანთებით პროცესს ხსნიან, ქავილს ამცირებენ და კანის უჯრედების ზრდის პროცესს აფერხებენ. 

მსუბუქი და საშუალო დონის ფსორიაზის შემთხვევაში ხშირად ეს პრეპარატებიც საკმარისია, რათა დაავადება რემისიის მდგომარეობაში დაბრუნდეს. თუ მკურნალობის კურსი უშედეგოა, მომდევნო ეტაპად შეიძლება ფოტოთერაპია იქცეს. ამ დროს პაციენტის კანს ულტრაიისფერი სხივების გარკვეულ სახეობას ასხივებენ და ეს დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ხდება. საშუალო და მძიმე დონის ფსორიაზის შემთხვევაში კი, ჩვეულებრივ, სისტემურ თერაპიას მიმართავენ. ექიმებმა პაციენტს შეიძლება დაუნიშნონ რეტინოიდები, იმუნოსუპრესიული და ბიოლოგიური პრეპარატები.

გლუკოკორტიკოსტეროიდები ხომ ჰორმონია. ეს საშიში არ არის? 

დიახ, ეს ნამდვილად ჰორმონია. თუ თვითმკურნალობის კურსს არ ჩაიტარებთ და ექიმის დანიშნულებას ზუსტად მიჰყვებით, მაშინ მათგან სარგებელს უფრო მეტს მიიღებთ, ვიდრე - ზიანს. გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების არასწორმა მიღებამ კი კანი შესაძლოა გაასქელოს. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მათი დახმარებით შესაძლებელია ანთებითი პროცესის შეჩერება და ქავილის მოხსნა. 

გლუკოკორტიკოსტეროიდების ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს D ვიტამინის ანალოგებიც, თუმცა ხშირად ექიმები რეკომენდაციას უწევენ კომბინაციურ მკურნალობას, რადგან ასეთი მიდგომა უფრო ეფექტიანად ითვლება.

ულტრაიისფერი სხივები, D ვიტამინი... იქნებ უმჯობესია ხშირად გავირუჯო?

ბუნებრივი სინათლის გავლენას შეუძლია ფსორიაზის მდგომარეობა გააუმჯობესოს. ადრე მზის რუჯი და ზღვის წყალში ბანაობა მკურნალობის კურსის შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა. ახლა კი ხშირ შემთხვევაში ფოტოთერაპიას მიმართავენ და ჩვეულებრივი რუჯი ამ დაავადებასთან გამკლავების მეთოდებს სულაც არ მიეკუთვნება. გარდა ამისა, ექიმები გარუჯვის დროს მზისგან დამცავი კრემის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ამბობენ, რომ ფსორიაზის დროს დიეტის დაცვა აუცილებელია. ეს სიმართლეა? 

არა, დიეტას ფსორიაზის სიმპტომების შემსუბუქება არ შეუძლია. თუმცა ექიმი ფსორიაზის მქონე პაციენტს ჭარბი წონის ან გაცხიმოვნების თავიდან ასარიდებლად ზოგჯერ კვების გარკვეულ რაციონს უდგენს.

ხალხური მედიცინის საშუალებები რომ გამოვიყენო?

ეს თქვენი გადასაწყვეტია. დროთა განმავლობაში გამოცდილი ერთადერთი საშუალებაა კუპრი. ის შეიძლება შეგვხვდეს შამპუნებში, მალამოებსა და საპნებში. თუმცა მასაც თავისი მინუსები აქვს: უსიამოვნო სუნი ახლავს და ტანსაცმელზე კვალს ტოვებს. სხვადასხვა მცენარეული ნაყენის მიღება ან მათგან მიღებული მალამოთი კანის დამუშავება მიღებული არ არის, თუ მისი ეფექტი არ დამტკიცებულა. გაცილებით სასარგებლოა ჰიგიენის ნორმების დაცვა და კანის დატენიანების აუცილებლობა.

ფსორიაზი მაქვს. როგორ მოვუარო კანს? 

ადამიანის კანის რქოვანა მკვდარი უჯრედებისა და ლიპიდებისგან შედგება. ის კანს ტენიანობის დაქვეითებისა და ინფექციისგან იცავს. რადგან ფსორიაზის შემთხვევაში უჯრედები ზედაპირზე უფრო სწრაფად ხვდებიან, ვიდრე მათი მოშორებაა შესაძლებელი, ეს ბარიერული ფუნქცია დარღვეულია. შესაბამისად, კანი ტენიანობას კარგავს და შრება. ამიტომ სახლის პირობებში მკურნალობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დატენიანება და ექსფოლიაცია.

სანამ დამატენიანებენ ლოსიონს, კრემს ან ბალზამს მოიხმართ, რამდენიმე ძირითადი წესი არსებობს. უპირველეს ყოვლისა, წყალში დიდი დრო არ უნდა გაატაროთ. ამერიკის დერმატოლოთა ასოციაცის რეკომენდაციით, შხაპის მიღება 5 წუთზე მეტ ხანს არ არის სასურველი. მნიშვნელოვანია წყლის ტემპერატურაც - ძალიან ცხელმა წყალმა კანის ბარიერის შესაძლოა უფრო დააზიანოს, ამიტომ წყალი თბილი უნდა იყოს. დაბანის დროს მსუბუქად დამატენიანებელი საშუალებები გამოიყენეთ და სკრაბები კატეგორიულად არ იხმაროთ. უმჯობესია, არ გამოიყენოთ ისეთი კოსმეტიკა, რომლის შემადგენლობაშიც არის პარფიუმი და ეთეროვანი ზეთები. ეს კომპონენტები ისედაც კანის პოტენციურ გამღიზიანებლებად მიიჩნევიან, ფსორიაზის შემთხვევაში კი ნეგატიური რეაქციის რისკი იმატებს.

სხვა თემები