10 ნოემბერი 2019 - 22:50

ვინ არის ყველაზე გავლენიანი მონარქი? რომელი ქვეყნის მეფე ან დედოფალია ჰომოსექსუალი?

ფოტო: Shutterstock.com

თანამედროვე მეფეებზე, დედოფლებზე, სულთნებსა თუ იმპერატორებზე გავრცელებული ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ მონარქების უმრავლესობას რეალური ძალაუფლება არ აქვს. იაპონიის ახალი იმპერატორის კორონაციას მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებდა თვალს; დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის შვილიშვილმა ჰარიმ ტაბლოიდებს უჩივლა; თავად ელისაბედ მეორეს კი მუდმივად ახსენებენ Brexit-თან დაკავშირებით. რა საჭიროა თანამედროვე სამყაროში მონარქია? რას საქმიანობენ მონარქები და რა მოხდება, თუ თავს მეფედ გამოაცხადებთ?

რატომ აინტერესებთ ადამიანებს მონარქები და მათი ცხოვრება? 

ფსიქოლოგების მოსაზრებებზე დაყრდნობით ჟურნალი Time-ი წერს, რომ მეფეებითა და დედოფლებით ხალხი დაახლოებით იმავე მიზეზით ინტერესდება, რატომაც ეს ცნობილი მომღერლებისა თუ მსახიობების შემთხვევაში ხდება. ამერიკელ ფსიქოლოგთა ნაწილი სამეფო ოჯახის წევრებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს იმით ხსნის, რომ ადამიანს ბავშვობაში წაკითხული ზღაპრების გავლენა აქვს. ზღაპრების მთავარი გმირები ხომ, როგორც წესი, მეფეები, დედოფლები, მეფის ასულები თუ უფლისწულები არიან. 

ამერიკელ ფსიქოლოგთა მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ თანამედროვე მონარქების ყოველდღიურობა (ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, რაც საჯაროა) ადამიანებს სიმშვიდისა და წესრიგის შეგრძნებას უქმნის, რაც რეალურ სამყაროში მათ ასე ძალიან აკლიათ.

სულ რამდენი მონარქი ჰყავს დღეს მსოფლიოს? 

დღეისათვის მსოფლიოში არსებობს 44 ქვეყანა, რომელთა მმართველობის ფორმაც არის მონარქია. თუმცა მონარქების რაოდენობა 30-ია. რიცხობრივი შეუსაბამობა იმით ბრალია, რომ ელისაბედ მეორე არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის დედოფალია, არამედ კიდევ 15 ქვეყნის, რომლებიც ერთა თანამეგობრობის წევრები არიან. მათ შორის არის კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია.

მონარქებს შორის ქალები უფრო მეტნი არიან თუ კაცები? 

მოქმედ მონარქებს შორის მხოლოდ ორი ქალია - ბრიტანელი ელისაბედ მეორე და დანიელი მარგარეტ მეორე. დიდი ბრიტანეთის დედოფალი ყველაზე ხანგრძლივად, თითქმის 68 წელია ქვეყანას მართავს, რაც დიდი ბრიტანეთის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

მთელ მსოფლიოში ყველაზე ახალბედა მონარქია იაპონიის ახალი იმპერატორი ნარუჰიტო, რომლის კორონაციაც სულ რამდენიმე თვის წინ შედგა. სამაგიეროდ ის მთელ მსოფლიოში დღეისათვის მოქმედ სამეფო ოჯახებს შორის უძველესი დინასტიის წარმომადგენელია, რადგან საკუთარი ისტორიის ათვლას იაპონიის საიმპერატორო ოჯახი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეშვიდე საუკუნიდან იწყებს. თუმცა თანამედროვე მეცნიერების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იაპონელ მმართველებზე ჩვენამდე მოღწეული პირველი ისტორიული დოკუმენტები ჩვენი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნით არის დათარიღებული. ამასთან, ამ შემთხვევაშიც კი, მოქმედ სამეფო დინასტიებს შორის იაპონიის საიმპერატორო სახლი მსოფლიოში ყველაზე ძველია. 

თანამედროვე ნორვეგიელი და დანიელი მონარქები თავს მეცხრე-მეათე საუკუნეების ადგილობრივი მმართველების პირდაპირ შთამომავლებად მიიჩნევენ, მაგრამ ბევრი მეცნიერი ამ ნათესაურ კავშირს ეჭვის თვალით უყურებს.

სამეფო გვირგვინი მამიდან შვილზე გადადის? აქვს თუ არა სქესს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა?

დღეისათვის მსოფლიო ტახტის მემკვიდრეობითობის ყველაზე გავრცელებულ სამი ფორმას იცნობს: 

პირველი არის აბსოლუტური მაიორატი. ამ სისტემაში მდედრობითი და მამრობითი სქესის მემკვიდრეებს ერთნაირი უფლებები აქვთ. მონარქის მემკვიდრეა მისი უფროსი შვილი (არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ ვაჟი). თუ ის გარდაიცვლება და მემკვიდრე არ დარჩება, ძალაუფლება მეორე შვილისა და მისი შთამომავლების ხელში გადადის. თუ სამეფო ოჯახში მეორე შვილი არ არის, ტახტზე მონარქის ძმა ადის. დღეს ეს სისტემა მეტ-ნაკლებად გავრცელებულია ევროპულ მონარქიულ სახელმწიფოებში, მაგრამ 1980 წლამდე დაკანონებული არ იყო. პირველად ის შვედეთში დამკვიდრდა, ამიტომ მას შვედურსაც უწოდებენ. შვედეთის შემდეგ ანალოგიური კანონები მიიღეს ნიდერლანდების სამეფომ, ნორვეგიამ, ლუქსემბურგმა და დიდმა ბრიტანეთმა (ერთა თანამეგობრობასთან ერთად).

მემკვიდრეობითობის მეორე ფორმაა აგნატიკური მაიორატი, რომლის მიხედვითაც სამეფო გვირგვინი მხოლოდ მამრობითი ხაზით გადაეცემა. მონარქის მემკვიდრეა მისი უფროსი ვაჟი და ამ უკანასკნელის მამრობითი სქესის შვილები. თუ მას ბიჭი მემკვიდრე არ ჰყავს, ტახტს მომდევნო ვაჟი და მისი შვილები (მამრობითი სქესის) იკავებენ. თუ სამეფო ოჯახში არსებული სიტუაცია არც ამ ვერსიის განხორციელების საშუალებას იძლევა, ტახტის მემკვიდრე ხდება მონარქის უმცროსი ძმა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში ძალაუფლება ბიძას გადაეცემა. 
ასეთ სისტემას დინასტიური კრიზისის გამოწვევა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მამრობითი ხაზი წყდება. სწორედ ამ პრობლემის წინაშე დადგა 2000-იან წლებში იაპონია, რომლის მაშინდელ იმპერატორ აკიჰიტოს ვაჟ ნარუჰიტოს მამრობითი სქესის შვილი არ ჰყავდა. ქვეყანაში დაიწყო დისკუსია, რომ მემკვიდრეობითობა მდედრობითი ხაზითაც უნდა ყოფილიყო ნებადართული. თუმცა პრობლემა გადაიჭრა, როდესაც იმპერატორის უმცროს შვილ ფუმიჰიტოს შეეძინა ვაჟი ჰისაჰიტო, რომელიც ამჟამად იაპონიის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრეა (მამის შემდეგ). აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ იაპონელების 81%-ი მდედრობითი სქესის იმპერატორის ყოლას მხარს უჭერს.

იაპონიის გარდა სამეფო ტახტის მემკვიდრეობითობის ეს ფორმა გავრცელებულია მუსლიმურ ქვეყნებში, ევროპაში კი ამ პრინციპით მხოლოდ ლიხტენშტაინის სამეფო ოჯახი ხელმძღვანელობს.

კოგნატიკური მაიორატის დროს მდედრობითი ხაზის მემკვიდრეობითობა სრულად გამორიცხული არ არის, მაგრამ დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მამრობითი ხაზი შეწყდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ მონარქს ჰყავს უფროსი ქალი და უმცროსი ვაჟი, სწორედ ეს უკანასკნელი გახდება მისი მემკვიდრე. ასეთი რიგითობა მოქმედებს ესპანეთში, მონაკოში, ტაილანდსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.

რამდენიმე ქვეყანაში არჩევითი მონარქია არსებობს. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია ვატიკანი, რომლის მმართველსაც (შეთავსებით კათოლიკური ეკლესიის მეთაური) კარდინალების კოლეგია ირჩევს. არჩევითი მონარქია მალაიზიაშიც, სადაც ცხრა შტატის მმართველი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ქვეყნის მეფეს ირჩევს.

აქვს თუ არა მონარქს რიგით მოქალაქეზე დაქორწინების უფლება? 

მორგანული ქორწინება (მონარქისა და არამეფური სისხლის მქონე ადამიანის შეუღლება) მონარქიის ისტორიაში არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა და უმრავლეს შემთხვევაში სამეფო წესების დარღვევად სულაც არ ითვლება. ალბათ ყველაზე ცნობილი გამონაკლისი იყო ინგლისელი მეფის ედუარდ მერვის შემთხვევა. მან 1963 წელს, ტახტზე ასვლიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, განაცხადა, რომ ამერიკელ მსახიობ უოლის სიმფსონზე დაქორწინება უნდოდა. ეს იყო ქალი, რომელიც იმ დროს განქორწინების პროცესში იყო. თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ედუარდ მერვემ ტახტზე უარი თქვა, მაგრამ ეს მოხდა არა კანონის მოთხოვნის შესაბამისად, არამედ საზოგადოებრივი აზრისა და პოლიტიკოსების ზეწოლის შედეგად.

თუმცა, გარკვეული შეზღუდვები მორგანული ქორწინების შემთხვევაში მაინც ნარჩუნდება. მაგალითად, პრინც ჩარლზის მეორე ცოლი კამილა პარკერ-ბოულზი დედოფლის ტიტულს ვერ მიიღებს მაშინაც, თუ მისი ქმარი გამეფდება. 


„უბრალო“ ქალზე იყო დაქორწინებული რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო და ამას მის უფლებებზე არანაირი ზეგავლენა არ ჰქონია, თუმცა მისი მეუღლე დედოფლის სრულფასოვან ტიტულს არ ატარებდა. ამავდროულად, საიმპერატორო სახლის შესახებ კანონის თანახმად,   ოჯახიდან ოფიციალურად გარიცხეს აკიჰიტოს შვილი საიაკო და შვილიშვილი მაკო, რომელთაგან პირველი „ჩვეულებრივ ადამიანს“ გაჰყვა ცოლად, მეორე კი იმავეს გეგმავს. 


ზოგადად, მონარქიულ ოჯახებში ქორწინების უფლებები საკმაოდ შეზღუდულია. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 2011 წლამდე სამეფო ოჯახის წევრებს ქორწინების უფლება დედოფლისგან უნდა მიეღოთ.  ამ დროისთვის კი  ეს მემკვიდეობის ხაზით პირველმა ექვსმა ადამიანმა უნდა გააკეთოს. დანიის სამეფო ოჯახის წევრებმაც თავისი ქორწინება დედოფალ მარგარეტთან უნდა შეათანხმონ, თუმცა სამეფო სისხლის მქონე ადამიანზე მისი შვილებიდან არცერთი არ დაქორწინებულა.

არიან თუ არა მონარქებს შორის ჰომოსექსუალები?

წარსულში მსგავსი ჭორი არაერთ მმართველზე გავრცელებულა, მაგრამ ამჟამად მოქმედ მონარქებს შორის საკუთარი ჰომოსექსუალიზმის შესახებ ღიად არავის განუცხადებია. ყველაზე აქტიურად ამ მიმართულებით საუბრობდნენ მონაკოს ახლანდელ პრინც ალბერ მეორეზე, რომელიც 2011 წელს, 53 წლისა დაქორწინდა. მან მსგავსი მითქმა-მოთქმა არაერთხელ უარყო (პრინცს ქორწინების გარეშე, სულ ცოტა, 2 შვილი ჰყავს). 

2006 წელს დასავლეთ ინდოეთში პრინცმა მანვენდრა სინგჰ გოილმა (ახლა ეს მუნიციპალიტეტი გუჯარათის შტატს მიეკუთვნება) თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ საჯაროდ  განაცხადა. ამის შემდეგ ის გახდა პირველი ღიად გაცხადებული გეი იმ ადამიანებს შორის, რომელთაც მონარქიულ ოჯახში მაღალი სტატუსი ჰქონდათ. ის საკუთარ ორიენტაციას ოჯახისგან დიდი ხნის განმავლობაში მალავდა და ნერვულ აშლილობასაც მკურნალობდა. საბოლოოდ პრინცი ლგბტ აქტივისტი გახდა და აივ ინფექციით დაავადებულთა დახმარების პროგრამაში ჩაერთო.

2018 წელს ბრიტანეთის სამეფო ოჯახში პირველი გეი-ქორწილი შედგა: ელისაბედ მეორის ნათესავი, 55 წლის ლორდი აივარ მაუნტბატენი 56 წლის ავიატორ ჯეიმს კოილზე დაქორწინდა. იქამდე ლორდი მაუნტბატენი 16 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული და მას 3 შვილი ჰყავს. 2019 წლის თებერვალში ტელეარხმა Sky-მ  ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული ბრიტანელების 63%-ი ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ტახტზე ლგბტ თემის წარმომადგენელი ავიდეს.

რომელ მონარქს აქვს ყველაზე მეტი ძალაუფლება? 

აბსოლუტური მონარქია მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში შენარჩუნდა. ეს არის ბრუნეი, ყატარი, ომანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. მსოფლიო ეკონომიკაში ქვეყნის მნიშვნელობის, რეგიონულ პოლიტიკაში განსაკუთრებული როლისა და საკანონმდებლო შეზღუდვის ფაქტობრივი არარსებობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საუდის არაბეთის მეფე სალმანი არის თანამედროვე სამყაროს ყველაზე გავლენიანი მონარქი.

ის ერთდროულად არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და მთავრობის მეთაური. მეფე სალმანს ორი მუსლიმური სიწმინდის-მექასა და მედინას მცველის ფუნქცია აქვს. მისი ძალაუფლება მცირედით არის შეზღუდული მხოლოდ სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა და ადგილობრივი ავტორიტეტული სასულიერო პირების მოსაზრებით.

თანამედროვე კონსტიტუციური ან საპარლამენტო მონარქიები ერთმანეთს იმით ჰგავს, რომ მონარქები ცერენომიულ ფუნქციებს ასრულებენ. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, 2003 წელს ლიხტენშტაინის მოსახლეობის ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციას, რომლის თანახმადაც, მათ ჰერცოგ ჰანს-ადამს მეორეს კანონებზე ვეტოს დადებისა და ნებისმიერ მომენტში მინისტრების გათავისუფლების უფლება მისცეს.

საერთოდ რა საჭიროა თანამედოვე სამყაროში მონარქია? მითუმეტეს - კონსტიტუციური? 

დიდ ბრიტანეთში მონარქია ქვეყნის წარმატებული ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ბელგიის მეფე კი არის თითქმის ერთადერთი ფიგურა, რომელიც ორად გაყოფილ (მდიდარი ფლანდრიული ფრთა და ნაკლებ მდიდარი ფრანგულენოვანი ვალონიური ნაწილი) ქვეყანას აერთიანებს. სკანდინავიის ქვეყნებში ველოსიპედებსა და ქალაქის ქუჩებში თავისუფლად მოსეირნე მონარქები მათი კულტის რაციონალური გამოყენების თეორიას ამყარებენ. 

მონარქია ერთგვარად ეხმარება მოსახლეობას საკუთარი უნიკალურობა და ისტორიასთან მუდმივი კავშირი იგრძნოს, რაც თანამედროვე იდენტობისთვის ასე მნიშვნელოვანია. სამეფო ხელისუფლება ავლებს თითქოს ზღვარს ტრადიციასთან, რომლის გადალახვაც არ შეიძლება. ამის მაგალითია იაპონია, რომლის ყოფილმა იმპერატორმა აკიჰიტომ, კონსერვატიული ფრთის უკმაყოფილების მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომში საკუთარი ქვეყნის პასუხისმგებლობა აღიარა და ამით რევანშისტულ განწყობას წინ აღუდგა.

მიიჩნევიან თუ არა თანამედროვე მონარქები ღვთისგან მირონცხებულად? 

არა. ქრისტიანულ სახელმწიფოებში კორონაცია, ტრადიციულად, მეფედ მირონცხებას გულისხმობდა. ამ დროს ახალ მონარქს თავზე სურნელოვან ზეთს სცხებდნენ, რაც საეკლესიო ინტერპრეტაციით, მას სულიწმინდასთან აკავშირებდა. მირონცხების რიტუალი შუა საუკუნეებში იყო გავრცელებული, დღეს უკვე იშვიათად გამოიყენება. 1953 წელს, როდესაც ელისაბედ მეორე ტახტზე ავიდა, მისი მირონცხება მოხდა. ცერემონიის ეს ნაწილი იმდენად წმინდად ითვლებოდა, რომ რიტუალის სხვა კომპონენტებისგან განსხვავებით, ის ტელეეთერით არ უჩვენებიათ. 

დღეს უკვე ბევრი მეფე და დედოფალი „ღვთივ მოწყალე“ მონარქი აღარ არის. მაგალითად, შვედეთის მეფემ კარლოს მეთექვსმეტემ და ნორვეგიის მონარქმა ჰერალდ მეხუთემ თავიანთ ოფიციალურ ტიტულს ეს გამოთქმა მოაშორეს. თუმცა დანიის დედოფალმა მარგარეტ მეორემ ძველი ვრცელი ტიტულატურიდან დაიტოვა ის ნაწილი, რომელიც მიუთითებს, რომ ის არის „ღვთის წყალობით დანიის დედოფალი“. ელისაბედ მეორე კი ოფიციალურად მიიჩნევა „რწმენის დამცველად“, მეტიც, სწორედ ის არის ანგლიკანური ეკლესიის მეთაური. 

ისლამი არც მეფედ მირონცხების ტრადიციას ცნობს და არც მონარქის უშუალო კავშირს ღმერთთან. თუმცა ბევრი მუსლიმი მონარქი თავის გენეალოგიას მოციქულ მუჰამედსა და მისი ოჯახის წევრებს უკავშირებს. მაგალითად, იორდანიისა და მაროკოს მეფეები თავს სწორედ მის შთამომავლებად მიიჩნევენ.

ტაილანდი და იაპონია კი არც ისლამის კულტურულ წრეს მიეკუთვნებიან და არც რომელიმე ევროპული ქვეყნის კოლონია ყოფილან. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ აქ მონარქები საკრალურ ფუნქციას უფრო ასრულებენ. იაპონიაში ბრინჯის დათესვის სეზონს სწორედ ისინი ხსნიან და ტაილანდში მინდვრის სამუშაოებს იწყებენ, რადგან ითვლება, რომ სწორედ ამაზეა მოსავლიანობა დამოკიდებული.

რას საქმიანობენ თანამედროვე მონარქები?

კონსტიტუციურ მონარქებს აქვთ საკმაოდ ბევრი ცერემონიული ვალდებულება, რომელთა შესრულებაც ასაკთან ერთად რთულდება. მაგალითად, ელისაბედ მეორე ყოველდღიურად იღებს პირადი ხასიათის 200-300 წერილს, რომელთაგანაც რამდენიმეს არჩევს და თავად პასუხობს. ის ასევე ეცნობა სამთავრობო კორესპონდენციებს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ წითელ ყუთში ინახება. ელისაბედ მეორე ყოველდღიურად რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას მართავს, რომ არაფერი ვთქვათ ნადირობასა და საზეიმო მიღებებზე. თითქმის სხვა კონსტიტუციური მონარქებისა და მათი შთამომავლების ყოველდღიურობაც ანალოგიურია. სხვაობა ის არის, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფლისგან განსხვავებით, მსოფლიო პრესა მათით ნაკლებად ინტერესდება.

ვინ არჩენს სამეფო ოჯახს და რამდენად მდიდრები არიან მონარქები? 

ევროპული მონარქიული სახელმწიფოების ბიუჯეტში სამეფო ოჯახის წევრების შენახვის შესახებ სპეციალური სტატიაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, სახელმწიფო ფარავს თავისი მმართველების ხარჯებს, ბევრი მათგანი გათავისუფლებულია გადასახადებისგან და შემოსავალს საკუთარი სასახლეებისა თუ მიწის ნაკვეთების იჯარიდან იღებს. გარდა ამისა, მონარქების საკუთრებაშია დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა. 

2019 წლის ოქტომბერში შვედეთის მეფემ კარლოს მეთექვსმეტემ განაცხადა, რომ მისი ხუთი შვილიშვილი (უმცროსი შვილებისგან) სამეფო ოჯახს აღარ მიეკუთვნება. მათ ჩამოერთვათ ყველა სამეფო ტიტული და შესაბამისად, შეუძლიათ თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ. ამის მიზეზად ოფიციალურად ეკონომიკური ფაქტორი დასახელდა. თუმცა შვედი ჟურნალისტები იმაზეც საუბრობდნენ, რომ ეს ნაბიჯი ასახავდა შვედეთის სამეფო ოჯახის სურვილს, რომ მეფის შთამომავლებს უფრო თავისუფლად ეცხოვრათ. 

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ Business Insider-ის ცნობით, ევროპის უმდიდრესი მონარქები ცხოვრობენ არა შვედეთში, ესპანეთში ან დიდ ბრიტანეთში, არამედ ჯუჯა სახელმწიფოებში- ლუქსემბურგსა და ლიხტეშტაინში. ამ უკანასკნელი ქვეყნის სამეფო ოჯახის მმართველი 3,5 მილიარდის მფლობელია, თუმცა ჟურნალისტების მტკიცებით, უფრო მდიდარია ლუქსემბურგის ჰერცოგი. ამ ინფორმაციას სამეფო ოჯახი ოფიციალურად უარყოფს

ევროპელ მონარქებზე უფრო მდიდრები არიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მმართველები. ბევრი მათგანი თავის ქვეყანაში ნავთობკომპანიებს ფლობს, საუდის არაბეთის მეფე სალმანი კი მსხვილი მედიააქტივების მეპატრონეა. იმავე Business Insider-ის ვერსიით, მთელ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მონარქია ტაილანდის მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნი, რომლის ქონებაც დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

რა მოხდება, თუ თავს მეფეს, დედოფლად ან იმპერატორად გამოვაცხადებ? 

დიდი ალბათობით, ყურადღებას არავინ მოგაქცევთ. თეორიულად თქვენ ამაში ხელს არაფერი გიშლით, მაგრამ სულ ცოტა, სამეფო გვარს ან არისტოკრატულ ოჯახს მაინც უნდა მიეკუთვნებოდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი დინასტიებიდან არცერთი არ გაღიარებთ. თუმცა იმედს ნუ დაკარგავთ, დღემდე არავის უღიარებია, იტალიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარე სებორგის სამთავრო, რომელიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებობს. ის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სოფლის ტერიტორიას მოიცავს და ადგილობრივთა მიერ არჩეული უკვე მეორე მთავარი მართავს.

სხვა თემები