20 ნოემბერი 2019 - 21:50

ლიდერობა ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა თუ შეძენილი უნარი?

ლიდერი

ფოტო: Shutterstock.com

ლიდერობის თეორიამ ბევრი მეტამორფოზა განიცადა. საწყის ეტაპზე მიიჩნეოდა, რომ ეს ხასიათის თვისებაა, რომლითაც ადამიანი ან იბადება, ან - არა. გასული საუკუნის 60-იან წლებში ტენდენცია შეიცვალა. დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს არის არა თანდაყოლილი უნარი, არამედ - ქცევის სტილი. უფრო მოგვიანებით (1960-დან 1980-იან წლებამდე), პოპულარული გახდა მოსაზრება, რომ ლიდერობა სიტუაციასა და კონტექსტზეა დამოკიდებული. ამ დროს არაერთი თეორიაც შემუშავდა. თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ ქარიზმატულ ლიდერზე. გავრცელებული მოსაზრებით, მას შეუძლია აღიარების, პატივისცემისა და ნდობის მოპოვება. ქარიზმატული ლიდერი ადამიანებში იწვევს სურვილს, მის მოწოდებებს აჰყვნენ და გაჰყვნენ კიდეც. რა თვისებები უნდა ჰქონდეს ლიდერს? როდიდან და როგორ უნდა განუვითაროთ თქვენს შვილს ლიდერული თვისებები?

რას ნიშნავს, იყო ლიდერი? 

ლიდერი არის ადამიანი ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ამა თუ იმ სოციალურ ფენას, პოლიტიკურ პარტიას ან ორგანიზაციას უხელმძღვანელებს. არსებობს სხვადასხვა მასშტაბის ლიდერობა. ეს შეიძლება იყოს როგორც მცირე სოციალური ჯგუფის დონეზე, ასევე სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობის ან სულაც - სახელმწიფოს მასშტაბის.

ლიდერობის ისტორიის ფესვები ანტიკურ პერიოდშია. ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ისტორიკოსები ლიდერებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. მონარქებში, გენერლებსა და გმირებში ისინი ისტორიის შემქმნელებს ხედავდნენ, ამა თუ იმ მოვლენის აღწერა კი ლიდერის მიღწევებზე საუბარს უფრო ჰგავდა.  

ლიდერობის კვლევაში დიდი წვლილი მიუძღვის ნიკოლო მაკიაველის მიუძღვის. თავის ნაშრომში „მთავარი“ ის დეტალურად აღწერს, რა პირად ღირსებებს უნდა ატარებდეს ლიდერი. მაკიაველის მოსაზრებით, ეს არის პიროვნული სიმამაცე, გარშემომყოფთა ინსპირაცია, მოქმედებების სწორად დაგეგმვა და მოსალოდნელი შედეგის განსაზღვრა, ოპტიმიზმი და საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილების მიღების უნარი. მაკიაველის აზრით, ყველა სხვა თვისება თავად ლიდერის ძალაუფლებისა და სახელმწიფოს განმტკიცება-განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. 

ლიდერის კონცეფციის შემუშავებისას, ფრიდრიჰ ნიცშე ცდილობდა, უმაღლესი ბიოლოგიური ტიპის აუცილებლობა დაესაბუთებინა. გერმანელი ფილოსოფოსის აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ზეადამიანი (დღევანდელი გაგებით, შეიძლება მას სუპერმენიც ვუწოდოთ), რომელიც სიკეთისა და ბოროტების მიღმა იყო. ასეთი ადამიანი არ უნდა ყოფილიყო ზნეობრივი ნორმებით შეზღუდული. ნიცშეს აზრით, ის სხვებზე აღმატებული იქნებოდა. გერმანელი ფილოსოფოსის მიერ შექმნილი კულტი ფაშიზმის თეორეტიკოსებმა თავიანთ იდეოლოგიაში გამოიყენეს.

თეორიები გასაგებია, მაგრამ რეალურად ლიდერობა თანდაყოლილი უნარია? 

ამის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს. სპეციალისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლიდერად უნდა დაიბადო და ამ მიმართულებით სწავლა ან აღზრდა არანაირ როლს არ ასრულებს. ეს არის იმ მოსაზრების გაგრძელება, რომ ადამიანს 7 თანდაყოლილი ინსტინქტი აქვს: თვითგადარჩენა, გვარის გაგრძელება, ალტრუიზმი, კვლევა, დომინირება, თავისუფლება და ღირსების შენარჩუნება. ამ შეხედულების მიხედვით, ადამიანი იბადება გენეტიკური უნარებით, თავისი მოწოდებითა და ბედისწერით. პიროვნების ტიპოლოგიას კი განსაზღვრავს ის, თუ რომელი ინსტინქტია პირველ და შესაბამისად, დომინანტ პოზიციაზე.  

არსებობს მეორე მოსაზრება, რომ თანდაყოლილ უნარებსა და თვისებებზე ცხოვრებისეული პირობები და აღზრდის ტიპი ზემოქმედებს. შესაბამისად, ლიდერის თვისებების განვითარება სავსებით შესაძლებელია, თუმცა ამისთვის საჭიროა გარკვეული ფსიქოფიზიოლოგიური ხასიათის მიდრეკილებები. მაგალითად, კარგი ჯანმრთელობა, მეხსიერებისა და კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი. 

ბიჰევიორული (ქცევის) თეორიის თანახმად, ლიდერობა არის იმ უნარების ერთობლიობა, რომლის განვითარებაც შესაძლებელია სწავლების, დაკვირვების, პრაქტიკისა და გამოცდილების წყალობით. ეს პროცესი კი მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. ფსიქოლოგთა და ფილოსოფოსთა ნაწილის აზრით, ნამდვილი ლიდერი ყოველთვის ცდილობს, ახალი უნარები განავითაროს. მისთვის ლიდერობა უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება. ეს არის იმ თვისებების კრებული, რომელსაც ადამიანი მუდმივად აუმჯობესებს. ფსიქოლოგები ყურადღებას ამახვილებენ რამდენიმე თანდაყოლილ უნარსა და თვისებაზე, რომელსაც ლიდერობა ეფუძნება.

ფიზიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია? 

ჯანმრთელობა არის ორგანიზმის მდგომარეობა, რომლის დროსაც ყველა ორგანო სწორად და ნორმალურად ფუნქციონირებს. ლიდერი კი ინიციატორის, ორგანიზატორის, ამა თუ იმ იდეის სულის ჩამდგმელის ფუნქციას ასრულებს. შესაბამისად, მას აუცილებლად სჭირდება ძლიერი ნერვული სისტემა, რადგან უნდა იყოს ამტანი, ენერგიული და ფიზიკურად ძლიერი, რაც მისი მუდმივი აქტიურობისთვის აუცილებელია.

აქვს თუ არა მნიშვნელობა ტემპერამენტს? 

ტემპერამენტის ოთხივე სახეობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები  აქვს. თითოეულ მათგანს შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს. ფლეგმატიკის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს გარშემომყოფთადმი ინდიფერენტულობა და გულგრილობა, ქოლერიკის შემთხვევაში კი - თავშეუკავებლობა და სიხისტე. მელანქოლიკი შეიძლება იყოს ჩაკეტილი, მორცხვი და ნაკლებ თავდაჯერებული, სანგვინიკი კი - აღგზნებული. ნერვული სისტემის პლასტიკურობის შედეგად ტემპერამენტზე ზეგავლენა შესაძლებელია, მაგრამ ამ ზემოქმედების მეთოდების შერჩევისას უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ მეთოდით, რომელიც ტემპერამენტის ძლიერ მხარეს განავითარებს. 

მელანქოლიკსა და ფლეგმატიკთან მუშაობისას ტემპის აჩქარებაზე აქცენტის გაკეთებაა საჭირო, პარალელურად კი ორივე მათგანი გაწონასწორების, ძლიერი ნებისყოფის, კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებლის, აკურატულობისა და მოთმინების გამო უნდა შეაქოთ. ბავშვის აქტიურობის განვითარების პროცესი უნდა იყოს ეტაპობრივი, მის რეალურ შესაძლებლობებსა და ტემპზე მორგებული. მელანქოლიკები და ფლეგმატიკები მუსიკალური და მხატვრული თამაშების, კონსტრუქციების აგებისა და მცირე ჯგუფებში მუშაობის დროს თავს უკეთ ავლენენ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მათ გარემოცვაში კომუნიკაბელურობის მსგავსი დონის მქონე თანატოლები უნდა იყვნენ. 

ქოლერიკ ბავშვებთან მუშაობისას მნიშვნელოვანია, რომ მათი ენერგია სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ. ამ შემთხვევაში უნდა გამორიცხოთ ისეთი სიტუაციები, რაც მათ ნერვულ სისტემას კიდევ უფრო აღაგზნებს. მშვიდი ვარჯიშების მეშვეობით თავშეკავებას, მოწესრიგებულობასა და გარშემო მყოფთა სიმშვიდის პატივისცემას უნდა მიაღწიოთ. 

სანგვინიკური ტემპერამენტის მქონე ბავშვებს თავიანთი ინტერესებისადმი თანმიმდევრული მიდგომა უნდა ჩამოუყალიბოთ და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ასწავლოთ. ამ შემთხვევაში მნიშნელოვანია ყურადღების გამახვილება დავალების სიღრმისეულად შესწავლაზე და არა ზედაპირულ მიდგომაზე, რაც ამ ტემპერამენტის მქონე ადამიანებს ახასიათებთ. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ქცევის კონტროლი. აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქოლერიკებისა და სანგვინიკების აქტიურობის ზედმეტად შეზღუდვა სწორი მიდგომა არ არის.

როგორ მივხვდე, რომ ჩემს შვილს ლიდერის თვისებები აქვს? 

ამისათვის ბავშვს მცირე ასაკიდანვე სწორად უნდა მიუდგეთ. დადგენილია, რომ შინაგანი ავტონომიის შეგრძნება ბავშვს 2-3 წლიდან ეწყება, 4-5 წლისთვის კი უძლიერდება. სწორედ ამ ასაკში, დამოუკიდებელი მოძრაობის დაწყებისას, ის აცნობიერებს, რომ უფროსისგან განცალკევებულია და გარკვეული უნარები აქვს. შესაბამისად, მშობლებისა და მასწავლებლების ძირითადი ფუნქციაა, ბავშვისთვის აქტიურობის უსაფრთხო ველის შექმნა. ჰიპერმეურვეობის ან პირიქით, ყურადღების ნაკლებობის დროს ის ნაკლებ თავდაჯერებულია, ხშირად მიმართავს უფროსებს დახმარებისთვის, რაც მას სხვაზე დამოკიდებულ ადამიანად აყაიბებს და არა მომავალ ლიდერად. 

უკვე 3-4 წლის ბავშვები დამოუკიდებელი შედეგების მიღწევასაც ცდილობენ. ამისათვის კი უნდათ, რომ თავიანთი წარმატება გაუზიარონ უფროსებს, რომელთა მოწონების გარეშეც ეს ყველაფერი მათთვის მნიშვნელობას კარგავს. მშობლის უარყოფითი ან გულგრილი დამოკიდებულება ბავშვში აფექტურ განცდებსა და გაორებას იწვევს. თუ მან სასურველი შეფასება მიიღო, სიამაყის გრძნობა ეუფლება, მისი თავდაჯერება იზრდება და ინიციატივებსაც უფრო ხშირად იჩენს. რაც უფრო სისტემატურად იქმნება მსგავსი სიტუაცია, მით უფრო ინტენსიურია ბავშვის კონტაქტი სოციალურ სამყაროსთან და შესაბამისად, ყალიბდება მისი, როგორც ლიდერის თვისებები. 

ფსიქოლოგების აზრით, ადრეულ ასაკში დედასთან ურთიერთობით მიღებული გამოცდილება ბავშვის შემდგომ სოციალურ ცხოვრებას ბევრ რამეში განსაზღვრავს. ამ თეორიის თანახმად, თუ ურთიერთობის პირველადი ობიექტი (დედა) ბავშვის უსაფრთხოებას, საიმედოობასა და თავდაჯერებულობას უზრუნველყოფს, მომავალში სხვა ადამიანებთან მეორადი კონტაქტიც ადვილად გვარდება. ოპტიმალური ურთიერთობა და „მე“ ყალიბდება იმ ბავშვებში, რომლებიც მშობლებისგან ემოციურ მხარდაჭერას გრძნობენ, ამავდროულად, დამოუკიდებლად მოქმედებისა და შინაგანი ავტონომიის მხარდაჭერა აქვთ.

აღიარეთ თქვენი შვილი, ეს მისთვის მნიშვნელოვანია! 

მას შემდეგ რაც ბავშვს გაუჩნდება საკუთარი თავისადმი, როგორც „კარგისადმი“ ემოციური დამოკიდებულება, წარმოიქმნება ახალი მოთხოვნილება - იყოს აღიარებული. ეს ბუნებრივი და თანმიმდევრული პროცესია. ამ დროს პატარა აკვირდება, რამდენ ყურადღებას უთმობენ უფროსები პირადად მას და რამდენს - მის და-ძმას. ბავშვები ელტვიან, რომ უფროსები მათით კმაყოფილები იყვნენ. აღიარებისადმი არარეალიზებულმა მიჯაჭვულობამ შეიძლება არასასურველი ქცევა გამოიწვიოს. ამ დროს ბავშვი ტყუილს იგონებს და ტრაბახს იწყებს.  

ლიდერობისკენ მიდრეკილება სხვა არაფერია თუ არა საკუთარი პოტენციალის რეალიზება, გარშემომყოფებზე უპირატესობის მოპოვება და შემდეგ მისი შენარჩუნება. აქვე უნდა ითქვას, რომ ლიდერობის მოთხოვნილება მარტოობის შემთხვევაში ქრება, რადგან ადამიანს უპირატესობის მოსაპოვებელი ობიექტი არ ჰყავს. თუ ის ადრეული ასაკიდან ხალხმრავალ გარემოში იზრდება, სხვებზე უპირატესობის მოპოვების სურვილი მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვს. ეს სურვილი ერთგვარი მასტიმულირებელი ფაქტორია. ის ადამიანის პიროვნებას ააქტიურებს, სირთულეების გადალახვის უნარითა და შეუპოვრობით აღავსებს. 

სხვა თემები