„მან დაამტკიცა, რომ ზნეობრივი ავტორიტეტი შეიძლება პოლიტიკოსი იყოს“. ვინ იყო ვაცლავ ჰაველი?

ვაცლავ ჰაველი
©Tomki Němec/400ASA
1989 წლის 17 ნოემბერს პრაღაში ანტიკომუნისტური გამოსვლები დაიწყო. ორ კვირაში დაემხო რეჟიმი, რომელიც ჩეხოსლოვაკიას 40 წელს მართავდა. ეს მოვლენები ისტორიაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ სახელით შევიდა, რადგან ის უსისხლოდ დასრულდა. რევოლუციის ლიდერი დრამატურგი და ფილოსოფოსი ვაცლავ ჰაველი მალე ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მის დროს ჩეხოსლოვაკია გაიყო, მაგრამ ჰაველი ჩეხებისთვის მაინც დარჩა გმირად და ზნეობრივ ორიენტირად. ასევე აფასებენ მას მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში. გთავაზობთ ფრაგმენტებს მიხაელ ჟანტოვსკის წიგნიდან „ჰაველი“. ჟანტოვსკი „სამოქალაქო პლატფორმის“ (1989) ერთ-ერთი ორგანიზატორი, პრეზიდენტ ჰაველის მრჩეველი და პრესმდივანი იყო. დღეს ის პრაღაში ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკის დირექტორია.
ვინ იყო ვაცლავ ჰაველი?
ვაცლავ ჰაველი (1936–2011) პრაღაში, მდიდარი ჩეხი მეწარმეების ოჯახში დაიბადა. მას მერე, რაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, ჰაველს მისი ოჯახის წარსულის გამო განათლების მიღების პრობლემა შეექმნა. მიუხედავად ამისა, მან ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი მაინც დაასრულა და ჯარში მსახურების შემდეგ, თეატრში დაიწყო მუშაობა. 1968 წლის „პრაღის გაზაფხულის“ შემდეგ ის ტექსტებს წერდა დამოუკიდებელი რადიოსადგურისთვის „თავისუფალი ჩეხოსლოვაკია“, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ქალაქ ლიბერციდან მაუწყებლობდა. ჰაველს თეატრში მუშაობა აუკრძალეს და ის აქტიურად ჩაება ოპოზიციურ საქმიანობაში, თუმცა ლიტერატურა არ მიუტოვებია. გახდა ავტორი „ქარტია-77“-ის - დოკუმენტის, რომელიც 1968 წლის შემდეგ პირველი საჯარო მანიფესტი გახლდათ, რომელშიც კომუნისტურ რეჟიმს აკრიტიკებდნენ და რომელიც სხვა ქვეყნებისთვის მაგალითად იქცა. ის რამდენჯერმე დააპატიმრეს, მათგან ყველაზე ხანგრძლივად 1979-დან 1983 წლამდე.
მას შემდეგ, რაც 1989 წელს ჩეხი სტუდენტების მასობრივი ანტიკომუნისტური გამოსვლები დაიწყო, ჰაველი „სამოქალაქო ფორუმის“ მთავარი ორგანიზატორი გახდა, რომელმაც ოპოზიცია გააერთიანა. კომუნისტური რეჟიმი 29 ნოემბერს დაემხო, ერთი თვის შემდეგ კი პარლამენტმა ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად აირჩია.
ჰაველი ამ ქვეყნის ბოლო პრეზიდენტიც გახდა, გადადგა რა თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც 1992 წელს ჩეხეთის და სლოვაკეთის ხელისუფლებები ქვეყნის გაყოფაზე შეთანხმდნენ. კონსტიტუციის თანახმად, ეს თანამდებობა დიდწილად წარმომადგენლობითი იყო, მაგრამ სწორედ ჰაველი რჩებოდა ახალი ჩეხეთის მთავარ სიმბოლოდ. 1998 წელს ის მეორე ვადით აირჩიეს.
2003 წელს, პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ჰაველმა ქვეყანაში პოპულარობა შეინარჩუნა და მესამე ადგილი დაიკავა სატეევიზიო კონკურსში „უდიდესი ჩეხი“. ის 2011 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა.
5 ფაქტი, რის გამოც ვაცლავ ჰაველი არამხოლოდ ჩეხეთის, არამედ მსოფლიო ისტორიაში დარჩება
„ფილოსოფოსი ტახტზე“. მოსაზრებები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სწორედ ბრძენმა ადამიანებმა უნდა მართონ სახელმწიფო, დასავლურ კულტურაში პლატონის დროიდან არის გავრცელებული. თუმცა, კარლ პოპერმა, თავად დიდმა ფილოსოფოსმა, XX საუკუნის დასაწყისის ტოტალიტარული ისტორიის გამოცდილებაზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ამ იდეიდან სულ ერთი ნაბიჯია კომუნიზმამდე და ფაშიზმამდე, რომლის წარმომადგენლებიც დარწმუნებულები არიან აბსოლუტურ ცოდნაში, რაც მათ ნებისმიერი სოციალური ექსპერიმეტის უფლებას აძლევს.
პრაქტიკაში ყველაფერი ნაკლებად საშიში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაცლავ ჰაველი არ იყო პროფესიონალი ფილოსოფოსი, ეგზისტენციალური ფიქრები მას ბევრად უფრო აწუხებდა, ვიდრე ლენინს და ჰიტლერს, ხოლო მისი ქვეყნის სათავეში ყოფნის შედეგები რადიკალური სულაც არ აღმოჩნდა. იმით, რომ „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს, სწორედ მან შექმნა „სამოქალაქო პლატფორმა“, თავს უყრიდა რა აქტივისტებს, წერდა პროკლამაციებს და სტუდენტური დემონსტრაციები საერთოეროვნულ პროტესტად გარდაქმნა, ჰაველმა სხვა, ბევრი სტერეოტიპი დაამსხვრია ინტელექტუალების შესახებ, რომლებსაც მხოლოდ ლაპარაკი შეეძლოთ, მაგრამ მოქმედება - არა.
ვერ შეინარჩუნა ქვეყანა, მაგრამ ომიც არ დაუშვა. ჩეხოსლოვაკია, როგორც ჩეხი და სლოვაკი ხალხების ერთობა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, დიდწილად იმისთვის შეიქმნა, რომ თანამედროვე ჩეხეთის ტერიტორიაზე გერმანელების დომინირება არ დაეშვათ. დროსთან ერთად, სლოვაკებს „უმცროსი ძმის“ როლი სულ უფრო ნაკლებად მოსწონდათ და 1990-იანი წლების დასაწყისში, კომუნიზმის კრახის ფონზე, სეპარატისტული განწყობები განსაკუთრებით გამძაფრდა. ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის რანგში ჰაველი თავისებურად შეეცადა სლოვაკეთის გამოყოფას შეწინააღმდეგებოდა: იქ განსაკუთრებით დიდ დროს ატარებდა, საპრეზიდენტო მიღებებს აწყობდა, სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავდა, სლოვაკები თავის გუნდში აიყვანა - მაგრამ ქვეყნის დაშლას წინ ვერ აღუდგა. მან პრეზიდენტის თანამდებობა ქვეყნის გაყოფამდე დატოვა, მარცხი აღიარა და ხელი არ შეუწყო ნაციონალისტური გრძნობების პროვოცირებას. აღმოსავლეთევროპული კონტექსტის გათვალისწინებით ეს განსაკუთრებით ღირებულია: სსრკ-ს დაშლას პოსტსაბჭოთა სივრცეში უამრავი ლოკალური კონფლიქტი მოჰყვა; იუგოსლავიის დაშლას კი - რამდენიმე დიდი ომი და ეთნიკური წმენდები. მათგან განსხვავებით, ჩეხოსლოვაკიამ თავისი ისტორია მშვიდობიანად დაასრულა.
წარსულის მოვლენების გამო პატიებას ითხოვდა. 1938 წელს, სუდეტელი გერმენელების დაცვის იდეა ადოლფ ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ჯერ მიტაცებისთვის, შემდეგ კი საბოლოო განადგურებისთვის გამოიყენა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორიდან სამ მილიონამდე გერმანელი გააძევეს ჩეხოსლოვაკიიდან - ათლწეულების განმავლობაში ჩეხ პოლიტიკოსებს მიაჩნდათ, რომ ეს ნაცისტური ოკუპაციისთვის გადახდილი სამართლიანი ფასი იყო. ჰაველმა კი 1989 წელს, ხელისუფლებაში მოსვლამდე ტელევიზიით განაცხადა, რომ სუდეტელი გერმენელებისთვის ბოდიშის მოხდის დროა, რამაც ქვეყანის მოსახლეობა სერიოზულად გააბრაზა. 1997 წელს, ჰაველის აქტიური მონაწილეობით, ჩეხეთმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც ბოდიში მოუხადეს ერთმანეთს მეორე მსოფლიო ომის დროს და ომის შემდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის. პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე, ჰაველმა კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში, თქვა რა, რომ ჩეხებს უნდა შეეძლოთ იმ ბოროტების აღიარება „რომელსაც თავად სჩადიოდნენ, თუნდაც სხვების სისასტიკის საპასუხოდ“. ის კვლავ გააკრტიკეს, მაგრამ თავისი პოზიცია მაინც არ შეცვალა.
მან დაამტკიცა, რომ რეალური პოლიტიკის წარმოება ზნეობრივ ავტორიტეტსაც შეუძლია. პრეზიდენტის პოსტი, რომელიც ჰაველმა დაიკავა, ძირითადად, ცერემონიული იყო, მაგრამ მისცა მას საგარეო პოლიტიკაში აქტიური საქმიანობის შესაძლებლობა. ის აქტიურად ლობირებდა ჩეხეთის და სხვა აღმოსავლეთევროპული ქვეყნების გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში და აშშ-ის პოლიტიკას სოლიდარობას უცხადებდა ისეთ სადავო თემებში, როგორიცაა 2003 წელს ერაყში შეჭრა. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ომს მხარი დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა ამის წინააღმდეგი იყო. პრინციპში, ამ ფაქტის განხილვა ჰაველის პოლიტიკური იდეების კონტექტსშიც შეიძლება, რომელმაც თავისი მმართველობის დასაწყისში დიქტატორული რეჟიმებისთვის იარაღის მიყიდვა აკრძალა.
თავისი პრეზიდენტობის სტილით, მან დროს გაუსწრო. ჰაველი პრეზიდენტი გახდა ბევრად ადრე, ვიდრე ბარაკ ობამა ამერიკული ეგრეთ წოდებული სტენდაფ-შოუების მუდმივი სტუმარი გახდებოდა, ან ვიდრე ჯასტინ ტრიუდო მსოფლიოს თავის ფერად წინდებზე აალაპარაკებდა. ჰაველი დალაი-ლამასთან მეგობრობდა, კულტურისა და ვაჭრობის საკითხებში განსაკუთრებულ წარმომადგენლად ფრენკ ზაპას დანიშვნას აპირებდა, თავის რეზიდენციაში მასპინძლობდა The Rolling Stones-ს, ხოლო ბილ კლინტონი, ამ უკანასკნელის პირველი ვიზიტის დროს ჩეხეთში, ლუდხანაში წაიყვანა, სადაც ცოცხალი კლასიკოსი ბოგუმილ გრაბალი გააცნო. თანამედებობის დატოვების შემდეგ ის აქტიურად უჭერდა მხარს მწვანე მოძრაობას - იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე ეს ტენდენციად გადაიქცეოდა.