09 დეკემბერი 2019 - 19:25

კონტრაცეფტივი ქალის ჯანმრთელობას ვნებს? ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა?

კონტრაცეფტივი

ფოტო: Shutterstock.com

თანამედროვე სამყაროში აქტიური კამპანიაა, რომელიც კულტურული, რელიგიური და სოციალური სტერეოტიპებისგან ადამიანის გათავისუფლებას გულისხმობს. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალის რეპროდუქციულ თავისუფლებას უკავშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალს აქვს უფლება საკუთარი სხეული სურვილისამებრ განკარგოს: მას უნდა ჰქონდეს ისეთი სექსუალური ცხოვრება, როგორიც თავად სურს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, დაფეხმძიმებისთვის არის თუ არა მზად ან არასასურველი ორსულობა ხელოვნურად შეწყვიტოს. ჰორმონალური კონტრაცეფციის გაჩენამ ქალებს საკუთარი ორგანიზმის კონტროლის საშუალება მისცა. სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში 15-დან 44 წლამდე ქალების 45%-ი ჰორმონალურ კონტრაცეფციას ანიჭებს უპირატესობას.

რა საჭიროა კონტრაცეფცია?

ჰორმონალური კონტრაცეფცია ქალს აძლევს საშუალებას, არასასურველი ფეხმძიმობა თავიდან აირიდოს. მისი ეფექტიანობისთვის კი გარკვეული წესების დაცვაა აუცილებელი. ყველა ჰორმონალური პრეპარატი ერთი და იმავე პრინციპით მუშაობს: ის აქვეითებს ოვულაციას ან/და არ აძლევს კვერცხუჯრედს საშვილოსნოს ლორწოვან ზედაპირზე დამაგრების საშუალებას. ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ სინთეტიკური ჰორმონების არც თუ ისე დიდი რაოდენობა ორგანიზმში მუდმივად ხვდება. ოვულაციის დათრგუნვის შედეგად საკვერცხე ხელოვნურად გამოწვეულ და კონტროლირებულ „ძილს“ მიეცემა. ის ზომაში მცირდება და კვერცხუჯრედების გამოყოფა წყდება.

როგორ დავიწყო კონტრაცეფტივების მიღება? 

ჰორმონალური კონტრაცეფტივების მიღება შესაძლებელია 16-18 წლიდან (მენსტრუაციის დაწყებიდან) მენოპაუზამდე. ჩივილების არარსებობისა და რეგულარული პროფილაქტიკური დიაგნოსტიკის შემთხვევაში კონტრაცეფციის შეწყვეტა ან შესვენება მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც ქალს დაფეხმძიმება უნდა, ორსულად არის ან ლაქტაციის პერიოდი აქვს. თუ უკუჩვენებები არ ფიქსირდება, ჰორმონალური კონტრაცეფცია ჩვეულებრივ გრძელდება. 

აუცილებელია, რომ გინეკოლოგმა და ენდოკრინოლოგმა დეტალურად შეისწავლონ თქვენი ორგანიზმის მდგომარეობა, რათა პრეპარატი ეფექტიანად შეგირჩიონ და არასასურველი რისკები თავიდან აირიდოთ. აქ იგულისხმება ანამნეზი, რაც დიაბეტის, ჰიპერანდროგენიის, თრომბოემბოლიური და სხვა გენეტიკური დაავადებების გამოკვლევას გულისხმობს. ეს პროცესი უნდა მოიცავდეს საერთო გინეკოლოგიურ დათვალიერებას, სარძევე ჯირკვლების გამოკვლევას, არტერიული წნევის გაზომვას, ნაცხისა და სისხლის ანალიზს კოაგულაციასა და შაქარზე, ასევე სხვა რისკ-ფაქტორების შეფასებას შედეგების მიხედვით.

რა სახის ჰორმონალური კონტრაცეფციები არსებობს? 

ჰორმონალური კონტრაცეფციის რამდენიმე სახეობა არსებობს. ისინი ერთმანეთისგან მოხმარების წესით, რეგულარობით, შემადგენლობითა და ჰორმონების შემცველობით განსხვავდებიან. ორალური კონტრაცეფტივი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. აშშ-ში კონტრაფეცფიის სხვა მეთოდებს შორის მას დაახლოებით 23%-ი უჭირავს. შემადგენლობის მიხედვით ორალური კონტრაცეპტივი ორი სახის არის: ერთი, რომლის შემადგენლობაშიც სინთეტიკური ჰესტაგენია (მისი მოხმარება იმ ქალებსაც შეუძლიათ, ვინც ძუძუს აწოვებს) და მეორე -კომბინირებული ორალური კონტრაცეფტივი, რომელიც სინთეტიკურ ესტროგენსა და სინთეტიკური ჰესტაგენების სახეობიდან ერთ-ერთს შეიცავს.  

არსებობს მექანიკური კონტრაცეფტივები, რომლებიც კანზე ან კანქვეშ თავსდება, ასევე - საშოში ან საშვილოსნოში. ისინი მუდმივად გამოყოფენ ჰორმონების კონცენტრაციას და პერიოდულად უნდა შეიცვალოს. არსებობს ასევე საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფცია ან სპირალი, რომელიც ექიმმა უნდა გაგიკეთოთ, სამაგიეროდ მისი მოქმედების ვადა დაახლოებით 5 წელია. ჰორმონალურ იმპლანტებს კი კანქვეშ აყენებენ და თითქმის იმავე ხანგრძლივობით გამოიყენება.

არსებობს ჰორმონალური ინექციები, რომლებიც ორგანიზმში შეჰყავთ და მათი მოქმედების ვადაც ხანგრძლივია. ეს მეთოდი ძირითადად ღარიბ ქვეყნებშია გავრცელებული. მისი ნაკლი ის არის, რომ შეცვლა არ შეიძლება. კერძოდ, თუ სპირალის გამოცვლა ან აბების მიღების შეწყვეტა შესაძლებელია, ამ ინექციის ზემოქმედების შეწყვეტა შეუძლებელია.

გადაუდებელი კონტრაცეფცია რა არის? 

გადაუდებელი კონტრაცეფცია არის მეთოდი, რომელსაც დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ იყენებენ, რათა არასასურველი ფეხმძიმობა თავიდან აიცილონ. ამ მეთოდს სქესობრივი აქტიდან 5 დღის განმავლობაში იყენებენ. პრეპარატს რაც უფრო დროზე მიიღებთ, მით უფრო ეფექტიანია. 

გადაუდებელი კონტრაცეფციის აბების მიღების შედეგად ქალი არ ორსულდება, რადგან ოვულაცია წყდება, სპერმასა და კვერცხუჯრედში კი ქიმიური ცვლილება იწყება იქამდე, სანამ ისინი ერთმანეთს შეეხებიან. გადაუდებელ კონტრაცეფციას არ შეუძლია უკვე არსებული ფეხმძიმობის შეწყვეტა ან ემბრიონის დაზიანება. 

გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენება შეუძლია რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალს, ვისაც არასაურველი ორსულობის თავიდან აცილება სურს.

ვის არ შეუძლია კონტრაცეფტივების მიღება?

        

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არსებობს უკუჩვენებების ჩამონათვალი, რომელთა უგულებელყოფაც ნამდვილად არ შეიძლება. კომბინირებული კონტრაცეფტივების მიღება არ შეიძლება:

- ფეხმძიმე ქალებისთვის; 
- მათთვის, ვინც, სულ ცოტა, 3 კვირის წინ იმშობიარა;
- ქალებისთვის, რომლებიც ძუძუს აწოვებენ და სულ ცოტა, 6 თვის წინ იმშობიარეს; 
- 30 წელს გადაცილებული მწეველებისთვის;
- ჰიპერტონიკებისთვის; 
- მათთვის, ვისაც თრომბოემბოლიური დაავადება აქვს ან ამ კატეგორიის რისკ-ჯგუფშია; 
- ქალებისთვის, რომლებსაც დიაბეტი, ძუძუს კიბო, ნაღვლის ბუშტის ან გულის იშემიური დაავადება, ჰეპატიტი ან ღვიძლის სიმსივნე აქვთ.  

პროგესტაგენური კონტრაცეფტივების დროს შეზღუდვა ნაკლებია. მათი მიღება არ შეიძლება ფეხმძიმობისა და ლაქტაციის დროს (თუ მშობიარობიდან 6 კვირა მაინც არ არის გასული), ძუძუს კიბოს, ჰეპატიტის ან ციროზის შემთხვევაში. კონტრაცეფტივების პარალელურად ანტიბიოტიკის, საძილე აბების ან ანტიკონვულანტების მიღებამ შეიძლება არასასურველი შედეგი გამოიღოს. ამიტომაც თქვენი ექიმი აუცილებლად საქმის კურსში უნდა ჩააყენოთ.

ჰორმონალური კონტრაცეფცია საშიშია? 

ჰორმონები ზემოქმედებენ არა მხოლოდ რეპროდუქციულ სისტემაზე, არამედ ზოგადად მთელ ორგანიზმზე. მათ ნივთიერებათა ცვლის გარკვეულ პროცესებზე აქვთ გავლენა. ამიტომაც ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას უკუჩვენებებიც ახლავს.

ჰორმონალური კონტრაცეფციის ყველაზე გავრცელებული უკუჩვენებაა სისხლის კოაგულაციის ზრდა, რასაც თრომბოემბოლიური დაავადების გამოწვევა შეუძლია. რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან მწეველი და ამ დაავადების გენეტიკური ფონის მქონე ქალები. მოწევა თრომბოემბოლიური დაავადების რისკს ისედაც ზრდის, ამიტომ 35 წელს გადაცილებულ მწეველ ქალებს ექიმების უმრავლესობა კონტრაცეფტივების გამოყენებაზე უარს ეუბნება.

ჰორმონების მიღების ფონზე უარყოფითი შედეგის გამოწვევა შეუძლია ალკოჰოლისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას, მათ შორის არის როგორც მარიხუანა, ისე - ამფეტამინი. მათ არტერიულ წნევასთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევა შეუძლიათ, საშიშია გულსისხძარღვთა სისტემისა და თავის ტვინისთვისაც. 

კონტარცეფტივების მიღების დროს საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკი იზრდება, თუ ქალს პაპილომავირუსი, ქლამიდია ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მაღალი რისკი აქვს (სტაბილური პარტნიორი არ ჰყავს). ფეხმძიმობის ჰორმონი პროგესტერონი იმუნურ სისტემას აქვეითებს, ამიტომ ამ რისკ-ჯგუფში შემავალ ქალებს შეუძლიათ ჰორმონალური კონტრაცეფტივების მიღება, მაგრამ ხშირი ციტოლოგიური კვლევა (ჩივილების არ ქონის შემთხვევაში 6 თვეში ერთხელ) აუცილებელია. 

არ არსებობს დამაჯერებელი მონაცემები იმის შესახებ, რომ თანამედროვე კონტრაცეფტივები ღვიძლის კიბოს რისკს ზრდის, თუმცა პირველი თაობის პრეპარატებს მსგავსი უკუჩვენება ჰქონდა. ბევრ ქალს ეშინია, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ძუძუს კიბოს გამოწვევა შეუძლია, თუმცა მსგავსი კავშირის დამადასტურებელი საიმედო კვლევა არ არსებობს.  

სტატისტიკის მიხედვით, რისკ-ჯგუფში არიან ძუძუს კიბოსა და გვიანი მენოპაუზის მქონე ქალები. ასევე ისინი, ვინც 40 წელს გადაცდნენ და ახალნამშობიარები არიან. ამავე კატეგორიაში შედიან 40 წელს გადაცილებული ქალები, რომელთაც ჯერ არ უმშობიარიათ. ჰორმონალური კონტრაცეფტივების მიღების პირველ წელს ეს რისკი იზრდება, მაგრამ დროთა განმავლობაში იკლებს.

სხვა თემები